კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ტიროდა გიორგი ჯაჯანიძე უცნობ მიცვალებულს „გრაფიკით” და რას გადაურჩა ის მეგობრის მიუნჰაუზენობის გამო

რატომ ტიროდა გიორგი ჯაჯანიძე უცნობ მიცვალებულს „გრაფიკით” და რას გადაურჩა ის მეგობრის მიუნჰაუზენობის გამო ფსიქოლოგი, რეჟისორი და უკვე ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე იმ ადამიანთა შორისაა, ვინც არაორდინალურ ისტორიებში საკმაოდ ხშირად ხვდება, თუმცა თავისი დამყოლი ხასიათის წყალობით არც მიუნჰაუზენი მეგობრები აკლებენ ოინებს. როგორ ატირა ის მეგობარმა უცხო მიცვალებულის გასვენებაში, რა როლი მოირგო მან და ვის რისხვას გადაურჩა ის გურიაში, ამას თავად გიორგი გიამბობთ.

გიორგი ჯაჯანიძე: ერთი გურული მეგობარი მყავს და, როგორც ყველა გურულს, მასაც გასაოცარი იუმორი აქვს. მთელი ცხოვრება ისეთ ხრიკებს აწყობს, ბარონ მიუნჰაუზენს მართლაც რომ შეშურდებოდა. ათი წლის წინ ისეთ მაკვარანცხობაში გამხვია, ძლივს გამოვასწარი გურიიდან, სულ თავ-ბედი ვიწყევლე. მოკლედ, ერთ დღესაც, მოვიდა ეს ჩემი მეგობარი ჩემთან. ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა, ვიფიქრე, რაღაც უბედურება სჭირს-მეთქი. დეიდა დამეღუპაო, – შემომჩივლა. უი, ეს რა დაგმართნია-მეთქი, შევიცხადე, მაგრამ, გულში გავიფიქრე, ეს მარტო ამის სათქმელად არ მოვიდოდა-მეთქი. უნდა მიშველოო, – შემომღაღადა. ვერაფრით მივხვდი, ჩემგან რა უნდოდა. მოკლედ, ჩემს მეგობარს, რომელიც პროფესიით რეჟისორია, მაგარი სიუჟეტი ჰქონდა მოფიქრებული და მეც გამანდო: დეიდაჩემს ერთი შვილი ჰყავს, ათი წლის წინ წავიდა საქართველოდან, ახლა უცებ სად უნდა ვიპოვოთ, მისი ზუსტი ასავალ-დასავალი არავინ იცის, კი დავუკავშირდით მის მეგობრებს, მაგრამ ზუსტად არც მათ იციან მისი ადგილსამყოფელი. ისე როგორ დავმარხოთ ქალი, იმქვეყნად ერთადერთი შვილის ცრემლი რომ არ გავაყოლოთო.

საელჩოში მე არ ვმუშაობ, ინტერპოლის თანამშრომელი მე არ ვარ და ჩემგან რა გინდა, როგორ დაგეხმარო-მეთქი, ვკითხე. შენ უნდა წამომყვე სატირალში, ვითომ მისი შვილი ხარ და „დედა” დაიტირო, იმდენი ხანია, ჩემი დეიდაშვილი აქ არ ყოფილა, დეიდაჩემი უცბად რომ გაცოცხლდეს, ისიც კი ვერ გიცნობსო. სასტიკად ვიუარე ამ ავანტიურაში ჩაბმა. ყველამ იცის, მიცვალებულის ისე მეშინია, სამგლოვიარო პროცესიას რომ დავინახავ, კილომეტრზე გავრბივარ, მაგრამ, გურულების ენის ამბავი ხომ იცით? მოკლედ, ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ჩემმა მეგობარმა, როგორც იქნა, დამიყოლია, ერთ ღამეში ამათვისებინა გურული დატირების თავისებურებანი და კარგი „მასკიროვკის“ წყალობით მისი დაკარგული დეიდაშვილის სახე მივიღე.

– „მასკიროვკისთვის“ რა გამოიყენეთ?

– დიდი სათვალე. იმხელა იყო, მეშახტეებს რომ უკეთიათ (იცინის). გრიმის წყალობით სახეზე ცოტა მეტი შავი ფერი მოგვივიდა, მაგრამ, ეს გურიამდე ხანგრძლივ ფრენასა და აკლიმატიზაციას დავაბრალეთ. მოკლედ, წავედით გურიის ერთ-ერთ სოფელში, ჩემი მეგობარი მთელი გზა მიხსნიდა, როგორ უნდა შევსულიყავი ეზოში, როგორ იდგა სახლი, საიდან უნდა შევსულიყავი. მთელი ღამე ეზოსა და ჭის მდებარეობა, ახლო ნათესავების სახელები მქონდა ნაზეპირები და, გურიაში რომ ჩავედით, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს იქ ვიყავი დაბადებული და გაზრდილი. შევედით ეზოში მე და ჩემი მეგობარი, ის გზადაგზა „შპარგალკებს“ მაწვდის. დამინახეს გურულებმა და ატეხეს დიდი წიოკი: – მარგო, ბაღანე ჩამოგივიდა, დიდი ხნის უნახავი ბაღანეო. იქ მე ამბავში ჩავვარდი, მტერს რომ არ ვუსურვებ. ცოცხალი თავით სათვალეს არ ვიხსნი, ვტირი და ვქვითინებ მშობელ დედას, ათი წელი რომ არ მინახავს და ვარ ერთ ამბავში (იცინის). ხან ვინ შემომტირებს და მომისამძიმრებს, ხან – ვინ, ჩემი მეგობრის დედამ ერთი კი შემომხედა უცნაურად, თან მიცნო, თან – ვერა, მაგრამ, ჩვენდა ბედად, ხმა არ ამოუღია. მესმის, როგორ ტირიან ჩემი მეზობლები და ნათესავები: როგორ შეუცვლია ევროპას ეს ბიჭი, კიდევ კარგი, მარგოს დახუჭული თვალები მას ვერ ხედავსო. იტირებენ ასე აბა, რა იქნება, თურმე ჩემი მეგობრის დეიდაშვილი ჩემზე ათი წლით უმცროსი მაინც არის. უცებ მომვარდა ერთი ქალი, მთელი ძალით დამეჯაჯგურა და მიცვალებულს ზედ დამამხო – გაბედე, შვილო, და გულით იტირე დედაო. მიცვალებულთან ხელის შეხებამ ისე შემაშინა, ლამის მისი ადგილი მე დავიკავე, ოო, ისეთი გამწარებული ვარ ჩემს მეგობარზე, ლამისაა, შუაზე გავგლიჯო, მაგრამ, რა უნდა ვქნა? ბოლომდე უნდა ვითამაშო ჩემი როლი.

ჩემს გამოჩენასთან დაკავშირებული ემოციები ხალხში ცოტა რომ ჩაცხრა, ჩემი მეგობარი გვერდზე გავიხმე და ვუჩურჩულე: ამას ცხოვრებაში არ გაპატიებ-მეთქი. რას ამბობ, ტირილი ისე კარგად გამოგდის, უპატრონო მიცვალებულების დასატირებელი ბიურო ხომ არ გავხსნათო, – იხუმრა. ხუმრობის თავი სად მქონდა, კიდევ კარგი ის ქალი მეორე დღეს უნდა დაგვესაფლავებინა და ერთ ღამეს როგორმე გავატარებდი. „დედის“ დატირებას აღარ ვჩიოდი, ყველაზე რთული, თურმე, წინ მელოდა – ნათესავებს ვერ ვიხსენებდი და ამას ჩემი მეგობარი ამნეზიით ხსნიდა, რომელიც, თურმე, მას შემდეგ დამემართა, რაც ავტოკატასტროფაში მოვყევი. მოკლედ, გამახსენეს „ჩემი” ბავშვობა, ოინბაზობები, ორღობის ამბები და, როგორც იქნა, გავიდა ის ღამე. დროდადრო მეგობარი მახსენებს, რომ დედა უნდა დავიტირო – „გრაფიკი“ მაქვს შედგენილი. გათენდა დასაფლავების დღეც, ერთი სული მაქვს, დეიდა მარგო მიწას მივაბაროთ, რომ იქიდან გამოვიქცე, საბოლოოდ დავივიწყო გურიაც და ჩემი მეგობარიც. დილიდან ატირდნენ გურულები, ერთმანეთს ცვლიან სატირალში, სულ განრიგებით ტირიან მიცვალებულს, აქა-იქ მეც ჩემს ვალს ვიხდი. გავასვენეთ მიცვალებული სასაფლაოზე, ჩემი მეგობარი ხელკავით მომდევს, თითქოს დარდისაგან ვიქცევი. ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელის, სინდისი მქენჯნის და მკლავს, მაგრამ, რაღა დროს? უკვე სასაფლაოს გზაზე ვართ. „ცოტაც გაუძელი, ცოტაც და მალე მორჩება ყველაფერი,“ ვიმშვიდებ თავს, მაგრამ, თურმე, სულ ტყუილად (იცინის). სასაფლაოდან დავბრუნდით თუ არა სახლში, ჭიშკარს უცხო ავტომობილი მოადგა, იქაურებისთვის უცხო, თორემ, ჩემთვის ყველა და ყველაფერი უცნობი იყო ჩემი მეგობრის გარდა. ავტომობილიდან გადმოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, შემოვარდა ეზოში და, დედიო, – ისეთი დასჭექა, ლამის გული გამისკდა. შევხედე ჩემს მეგობარს – ფერი სულ დაჰკარგვია, ხან მე მიყურებს გაოგნებული სახით, ხან თავის ნამდვილ დეიდაშვილს, რომელსაც, თურმე, მეგობარმა შეატყობინა დედის გარდაცვალების ამბავი. აბა, ეს ვიღააო? – იკივლეს გურულებმა, მაგრამ, მე ამ შეკითხვაზე გაცემული პასუხების ვერსიები ვეღარ მოვისმინე – ნახევარი წუთის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი უკვე სოფლის გზაზე მივქროდით, რომ გამწარებული ხალხის რისხვისგან როგორმე დაგვეღწია თავი (იცინის).


скачать dle 11.3