კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის მიბმას ურჩევდნენ ბუბა კიკაბიძეს უცხოეთში და როგორ გადაურჩა ის „სუკის“ აგენტის „დაკლადში“ მოხვედრას

ლეგენდა წლების წინ გახდა, მაგრამ ახლა, როცა ამ ლეგენდის ეკრანზე გაცოცხლება შესთავაზეს, ამ სტატუსზე საკუთარი ნებით თქვა უარი. თუმცა, გადასაღებ მოედანს საკუთარი ცხოვრების სათამაშოდ დიდი სიამოვნებით დაუბრუნდა და ყველაზე რთული როლიც მოირგო. ეს ყველაფერი იმ ფილმში მოხვდა, რომელიც კიევში ბუბა კიკაბიძის შესახებ გადაიღეს – ათი სიმღერა, ათი ისტორია და ბუბა კიკაბიძის გზა სოლოლაკიდან დღემდე...

ბუბა კიკაბიძე: ახლახან ჩამოვედი კიევიდან, სადაც ჩემზე დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი გადაიღეს. ძალიან საინტერესო პროექტია, ჩემი თაობის კინოს და ესტრადის მსახიობებს იღებენ. სულ ათი ფილმი უნდა გადაიღონ. თვე-ნახევრის წინ უკრაინაში მქონდა კონცერტები. ცნობილი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი მოვიდა ჩემთან და მითხრა: ფილმის გადაღება უნდათ, ახალგაზრდები არიან, ერიდებათ მოსვლა და ამის თქმაო. მე ვუთხარი: მოვიდნენ, კაცო, მითხრან, რა უნდათ-მეთქი. შევხვდით, მითხრეს საათ-ნახევრიანი ფილმი იქნება, „მე – ლეგენდა“ ეწოდებაო, სათაური არ მომეწონა, საკუთარ თავზე ვერ იტყვი, ლეგენდა ვარო. ვუთხარი, მოდი, „მე“ მოაცილეთ-მეთქი. დამეთანხმნენ. ფილმი ათ სიმღერაზე აქვთ აგებული, სიმღერიდან სიმღერაზე გადადის ჩემი ცხოვრებისეული ისტორიები. ძალიან დიდი ჯგუფი მუშაობდა გადაღებებზე, საუკეთესო ტექნიკით, ორი დიდი პავილიონი ჰქონდათ აღებული კინოსტუდიაში. მარტო ორი ბრიგადა ხელოსნები მუშაობდნენ. როგორც კი მოვილაპარაკეთ, თბილისში ჩამოვიდნენ – მაგათი რედაქტორი და მხატვარი. რედაქტორს რაღაცეებს ვუყვებოდი, ის მაგნიტოფონზე იწერდა და ამის მიხედვით შექმნეს სცენარი. მხატვარმა გადაიღო ის ეზო და სახლი, სადაც გავიზარდე. კიევში რომ ჩავედი, ზუსტად ისეთი სახლი დამხვდა პავილიონში აშენებული. რომ დავინახე, ფეხები მომეკვეთა. ნაღდი თბილისური სახლი იყო ძველი, ბევრი „ბალკონითა“ და გადმოფენილი სარეცხით. ის კი არა, ქართველებიც კი მოძებნეს და მოიყვანეს, ჩემი მეზობლებისა და თბილისური „მასოვკების“ გადასაღებად. იქ პატარა, გამხდარი ბიჭი ნახეს, ჩემნაირი კბილებით – ჰგავდა ჩემს ბავშვობას.

– რომელი სიმღერები მოარგეს თქვენს ცხოვრებისეული ისტორიებს? როგორია ფილმის სიუჟეტი?

– ფილმში ყველაფერია ჩემი ბავშვობიდან დღემდე, მამაჩემის ჯარში წასვლაც კი. მე ვყვები, როგორ გაჰყვა დედაჩემი, ბაგრატიონის ქალი ცოლად კიკაბიძეს. ეს ისტორიები ფილმში ძალიან ლამაზად თამაშდება. ერთი სიმღერა მაქვს – „იქ, სადღაც შორს”, ამაზეც ძალიან ლამაზი ამბავი იყო მორგებული. ძერჟინსკის ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობდი, სახლის „ჩერდაკზე” ბიჭებს შტაბი გვქონდა გაკეთებული. შტაბი მეზობლის ნინა გიორგევნას ბინის თავზე გადიოდა. პატარები ვიყავით, წარმოიდგინეთ, 15-20 ბავშვი რომ შევგროვდებოდით შტაბში, რა ხდებოდა ნინა გიორგევნას სახლში. ერთხელ კრება გავმართეთ და ვბჭობთ, როგორ დავიცვათ თბილისი გერმანელები თუ შემოვლენ. გადავწყვიტეთ, მოგვეგროვებინა ცარიელი ბოთლები, რაც მაშინ იოლი საშოვნელი არ იყო, შიგ ჩაგვესხა ნავთი და გაგვეკეთებინა ასაფეთქებლები. ბოთლში ნაჭერი იდებოდა, მოვუკიდებდით ცეცხლს და რომ გასკდებოდა, ტანკსაც კი ავაფეთქებდით. ამ ამბავში ვართ და უცბად დაბნელდა შტაბის შემოსასვლელში. გავიხედეთ, კართან დეიდა ნინა დგას ჯოხით. გული გაგვისკდა, ისე შეგვეშინდა. იმან იცით, რა გვითხრა? თქვენი ლაპარაკი მოვისმინე, კარგია თბილისის დაცვა რომ გინდათ, სამი ცარიელი ბოთლი მაქვს და მოგცემთო.

– თქვენი პირადი ცხოვრება შევიდა ამ ფილმში?

– ცოტ-ცოტას ყველაფერზე ვსაუბრობთ. 10 დღეში გადავიღეთ ყველაფერი. დილიდან საღამომდე ვმუშაობდით. იქ ისე მივლიდნენ, როგორც ახლობელ ადამიანს. მე სუპები მიყვარს. გადამღები ჯგუფის წევრებისთვის საჭმელი ხომ კეთდებოდა და ერთი ქალი სულ მე დამდევდა: აბა, სუპი გინდათ, თუ ბორშჩიო? ძალიან თბილი, შინაურული გარემო იყო. აეროპორტამდე გამომაცილეს, ჩემამდე, გურჩენკო გადაიღეს. მასთან მეც ძალიან ახლოს ვარ, ძალიან ნიჭიერი ქალია, მაგრამ რთული. გადაღებებზეც ქვასავით დადიოდაო, მითხრეს. როგორც ვიცი, კობზონის, ალა პუგაჩოვას, სოფია როტარუს გადაღებაც უნდათ, მაგრამ არ ვიცი, როგორ შეთანხმდებიან. ისიც არ ვიცი, რა უნდა გადაუღონ. კობზონი ავადაა, ამას გარდა, სულ მარშებს მღერის, რა ისტორია უნდა მოარგონ მის სიმღერებს? ისინი „ზვიოზდებივით” იქცევიან, თვითონაც კი არ ლაპარაკობენ რეჟისორთან, ვიღაცეები არკვევენ დეტალებს. ჩემთან ეს არ სჭირდებოდათ. მე ვურჩიე, ედიტა პიეხაც გადაეღოთ. მას ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ჩემი აზრით, ალასთანაც გაუჭირდებათ მოლაპარაკება. დიდ ჰონორარს ითხოვს, ამას გარდა, ქალებს, როგორც ჩანს, ასაკის გამო აღარ უნდათ გამოჩენა. მე უპრეტენზიო ადამიანი ვარ, თვითონაც კი ვეხმარებოდი გადამღებ ჯგუფს, რომ შეცდომები არ მოსვლოდათ.

– საკუთარი თავის თამაში ძნელი არ იყო? წლების შემდეგ გადასაღებ მოედანზე დგომა არ გაგიჭირდათ?

– საკუთარი თავის თამაში უფრო რთულია, ვიდრე სხვისი. იქ მაინც თამაშობ, საკუთარ თავთან ეს არ გამოდის. შენ ხომ კარგად იცი, ვინ ხარ და, როგორი, თავს ხომ ვერ მოატყუებ? ცოტა ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, მაგრამ არა უშავს. ეს გადასაღებ მოედანზე არ შემტყობია, ფილმი დუბლის გარეშე გადავიღეთ. როცა თბილისიდან მივდიოდი, ვიკითხე: ტანსაცმელი რა წამოვიღო-მეთქი, არაფერიო – მითხრეს. სამი კარგი მაღაზიიდან მოჰქონდათ ახალ-ახალი ტანსაცმელი. მერე მითხრეს: რაც გინდათ, წაიღეთ თბილისშიო.

– ჰონორარზე იოლად შეთანხმდით?

– მე არა ვარ ის კაცი, იქ ვაჭრობა დამეწყო, ვიცი, რაც მეკუთვნის კინოგადაღებაში. ყველას საშუალოზე ნაკლებ თანხას ვეუბნები ხოლმე, არავის ვაგდებ უხერხულ მდგომარეობაში. უცხოეთში სხვა შესაძლებლობებია, ჩვენთან სხვა. ჩვენ არც ადრე გვქონდა დიდი შემოსავლები, დადგენილი ფასები არსებობდა. ფირფიტას რომ ვწერდით, წუთი სამი მანეთი და სამოცი კაპიკი ღირდა. ერთი სიმღერა 17 მანეთი გამოდიოდა. ცნობილი ანსამბლების ჰონორარის ყველაზე მაღალი განაკვეთი თუმანი და ათი შაური იყო. ოდესის სპორტის სასახლე ათი ათას კაცს იტევდა. „ორერა” სამ კონცერტს ატარებდა დღეში, სრული ანშლაგი იყო. ოცდაშვიდი კონცერტი ჩავატარეთ და ოცდაშვიდჯერ თუმანი და ათი შაური ავიღეთ. ცოტა უფრო მეტი ფული გამოდიოდა ფილმებიდან. მაშინ უცხოეთში ვინმეს ჩვენი შემოსავლები რომ გაეგო, იტყოდნენ, ხუმრობენო. ვეებერთელა ოჯახი მქონდა. იმ ფულით ვერც სახლს იყიდიდი და ვერც მანქანას. მაგრამ, კარგად კი შეჭამდი. 30 წლის ვიყავი, როცა პირველად მაგნიტოფონი ვიყიდე, რომ სიმღერებისთვის მომესმინა. ისეთი გახარებული ვიყავი, სულ „პაეზდკებში“ დამქონდა. უცხოეთში რომ მივდიოდით, აქედან საჭმელი ჩემოდნებით მიგვქონდა. თან, რამე უნდა გეშოვა, საჭმელი ასე კი არ იყო, ახლა რომ არის. აბა, დღიური ფულით მარტო სიგარეტს თუ იყიდიდი.

– სამაგიეროდ, საინტერესო ცხოვრება გქონდათ და იმ დახურული რეჟიმის მიუხედავად მთელი მსოფლიო მოიარეთ.

– მართლა ბედნიერები ვიყავით მაინც, მაგრამ ძალიან მკაცრი წესები მოქმედებდა. უცხოეთში ვინმე რამეს თუ გაჩუქებდა, ზემდგომი ორგანოსთვის უნდა ჩაგებარებინა. მახსოვს, ერთხელ ნანის მაროკოს მეფემ ოქროს ძაფებით შეკერილი კაბა აჩუქა, ძალიან ნერვიულობდა ნანი, კაბა როგორ უნდა ჩამოეტანა, მაგრამ საჩუქარი იყო, რა უნდა ექნა? ერთი ასეთი ისტორია ვიცი, ერთი ძალიან მაგარი მუსიკოსი იაპონიაში დაპატიჟეს პრემიერ-მინისტრის სასახლეში. მთელი დიპლომატიური კორპუსი იქ ყოფილა. უთქვამთ, რამეს ხომ არ შეგვისრულებთო, მანაც თურმე ვიოლინოზე დაუკრა. ჯერ ფულის მიცემა სდომებიათ, მუსიკოსს ძალიან გაუპროტესტებია ეს. მაშინ ლარნაკს გაჩუქებთ მისი უმაღლესობის სახელითო და მეთოთხმეტე საუკუნის, ანტიკვარული ლარნაკი უჩუქებიათ მისთვის. საღამოს „იქიდან“ დაურეკეს: აბა, ლარნაკი მოიტანეო. იმან ხელი რომ გაუწოდა ლარნაკის გამოსართმევად, მუსიკოსმა ლარნაკს ხელი გაუშვა – ვაი, გამივარდა და გატყდაო. ასე გამოსულა მდგომარეობიდან. მე რომ ეგ გამეკეთებინა, საბჭოთა კავშირიდან ვეღარსად გავიდოდი, მაგრამ მას ვერ გაუბედეს. სულ იმას გვიდებდნენ თავში, რომ ვინმეს შეიძლებოდა რაღაც მოეწყო. იმასაც კი გვეუბნებოდნენ: პასპორტები „ბულავკით“ მიიბით, არავინ მოგპაროთო.

როცა სადმე მივდიოდით, ყოველთვის დაგვყვებოდნენ „კაგებეს“ თანამშრომლები. ეგრევე ვშიფრავდით მათ. აფრიკაში ვიყავით სამი თვე, ხუთი ქვეყანა მოვიარეთ კონცერტებით. ერთი რუსი გვახლდა, ნიკალაი ვასილიჩი. პატარა ბლოკნოტი ჰქონდა – იმასაც კი იწერდა, ტუალეტში ვინ რამდენჯერ გადიოდა და რამდენი ხნით, რომ მერე „დაკლადი“ გაეკეთებინა. ძალიან ვბრაზობდით ამ კაცზე. ერთი თამაში მოვიგონეთ, დილაობით კარზე დავუკაკუნებდით ხოლმე და ვეუბნებოდით: ნიკალაი ვასილიჩ, როგორ ხარ, შენი დედა – ვაგინებდით. „სპასიბა რებიატაო“, – გვეუბნებოდა. მოკლედ, წამოვედით აფრიკიდან, ჩამოვედით მოსკოვში. ჩვენ დაგვხვდა ავტობუსი, ნიკალაის კი მოაკითხა შავმა ვოლგამ და გაქრა ჩვენი ნიკალაი. წავედით ავტობუსით. უცებ ავტობუსს გზა შავმა ვოლგამ გადაუღობა. ამოვიდა ნიკალაი ავტობუსში, გაჩერდა კიბეებზე და დაიწყო და რა დაიწყო, სუფთა ქართულით სულ „სამსართულიანები” გვაგინა – თქვენი დედა, თქვენი მამა, სამი თვეა თქვენს გინებას ვისმენ და ვითმენ, ახლა თქვენ მომისმინეთო. თურმე თბილისში ყოფილა დაბადებული და ქართული კარგად იცოდა (იცინის).

– მოხვდა თქვენი გინება ნიკალაის „დაკლადში”?

– არა, დაგვინდო ნიკალაიმ, მაინც ქართველი ყოფილა წარმოშობით. ახლა ეგეც კარგად მახსენდება. დრო იყო ისეთი, თორემ რას ვერჩოდით ნიკალაის (იცინის). ჩემთან ყველა კარგად იყო, მაგრამ მიღებებზე სიარული დიდად არ მომწონდა. ქეიფი კი მიყვარდა, მაგრამ ქვეყნის ძმაკაცები მყავდა, რაღა იმათთან ვმჯდარიყავი, ბარემ ძმაკაცებთან მექეიფა?! გლამურულ მიღებებზე ერთ ადგილს ათამაშებდნენ, იმას უყურებდნენ. ვის რა ეცვა. იქ სიმართლე არ იყო, ამიტომაც ვერ ვძლებდი. ერთხელ ლუჟნიკებზე, დიდ კონცერტზე ვიღებდით მონაწილეობას. მე კონცერტის ბოლოს გამოვდიოდი. კაფეში ვიჯექი, საჭმელს ვჭამდი, უცებ შემოვიდა გენიალური მსახიობი ნონა მარდიუკოვა და ისე ცუდად გახდა, ძირს დავარდა. ირგვლივ ბევრი ხალხი იყო, მე ვთქვი: ხალხო, რამე უშველეთ-მეთქი. მივვარდი ნონას და მე თვითონ ჩავასხი 50 გრამი კონიაკი, ერთი წლის მერე გაზეთში დაწერა: „მენია სპას კავკასკი სატანა ჩორნიმი გლაზამიო” (იცინის). ასეა, ეს ცხოვრება. კაცს ზედ არ უნდა გადაახტე, მის გვერდით უნდა იყო.


скачать dle 11.3