კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 აჩიკო მეფარიძე: შური თანდაყოლილი თვისებაა, ამას ვერ გადაეჩვევი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: აჩიკო.
გვარი: მეფარიძე.
პროფესია: მომღერალი, ექიმი.
– ბავშვობა...
– ბავშვობასთან, პირველ რიგში, ასოცირდება დედა, მისი ღიმილი, სიყვარული, მზრუნველობა, სილაღე. მახსენდება საბავშვო ბაღი, რომელიც ძალიან მიყვარდა. მყავდა არაჩეულებრივი ნუნუ მასწავლებელი, რომელსაც საოცრად თბილი ხმა ჰქონდა. ხუთი წლის ასაკში მომწონდა ელა ფიცჯერალის სიმღერები, მაგრამ არ ვიცი, რატომ. კომაროვის სკოლაში ვსწავლობდი, პარალელურად, მუსიკაზეც დავდიოდი, თამარ  პაიჭაძესთან. ვიყავი ზარმაცი. არ მომწონდა გამები, მაგრამ საოცრად მხიბლავდა პიესისა და სონატის დაკვრა. სპორტშიც ჩართული ვიყავი – კარგი მოედანი გვქონდა ეზოში და დიდი ბიჭები ყოველთვის კარში მაყენებდნენ, ალბათ, ფეხბურთელობით დიდად ვერ გამოვირჩეოდი...
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– თინეიჯერობის ასაკში არის რაღაც, რაც ძალიან გინდა და გიზიდავს.  მეც მინდოდა, ქირურგი ვყოფილიყავი. ეს სპეციალობა  ჩემთვის მიუწვდომელი და საინტერესო იყო. ქირურგს წარმოვიდგენდი, როგორც მძიმე სათვალეებიან, ჭაღარა, სერიოზულ ადამიანს და ალბათ, მეც ასეთი მინდოდა, ვყოფილიყავი. რადგან კომაროვის სკოლაში ვსწავლობდი, ფიზიკოსი ან მათემატიკოსი უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ სამედიცინო ავირჩიე. ჩავაბარე რუსეთის სამედიცინო უნივერსიტეტში და წავედი სასწავლებლად... რაც შეეხება მუსიკას, ფორტეპიანოზე დავდიოდი. ნოტების გარჩევა მეზარებოდა ხოლმე, ამ დროს მოვიდოდა ჩემი მასწავლებელი, დაჯდებოდა და დაუკრავდა საოცარ ნაწარმოებებს. ეს იმხელა მოტივაცია და სტიმული იყო ჩემთვის, რომ მინდოდა, მეც ასე დამეკრა. შეგნებით არც ვიცოდი, თუ ვმღეროდი. უნივერსიტეტში ჩემს პირველ კონცერტზე ოთხჯერ გამომიყვანეს ბისზე...
– მშობლების როლი...
– ჩემი მშობლები საოცარი პიროვნებები იყვნენ, ძალიან მტკივა და განვიცდი, რომ ჩემ გვერდით აღარ არიან. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს დრო დადგებოდა. ახალი გარდაცვლილი მყავს დედა, მამა – 6 წლის წინ დაიღუპა. გავიზარდე კლასიკურ ოჯახში. სადაც მამა იყო მამა და დედა – დედა. ფილმებში რომ არის, მზრუნველი და მოალერსე ბებია, სწორედ ასეთი მყავდა:  „ვაიმე, აჩიკო, ცივი არ ჭამო, ბებია“... როცა რუსეთში ვსწავლობდი, იქაც კი მაკითხავდა, თვეობით ჩამოდიოდა, თან თვითმფრინავით ბევრი ბარგი რომ ვერ მოჰქონდა, მატარებლით მგზავრობდა. ყუთებით ჩამოჰქონდა ჩემი საყვარელი ნამცხვრები და ნუგბარეულობა. ინსტიტუტის ანსამბლის სოლისტი ვიყავი, ასევე, სხვადასხვა კონკურსში ბევრი გამარჯვება მქონდა მოპოვებული და ყველა მიცნობდა. ბებიაჩემი ეპატიჟებოდა იქ მყოფ ყველა ქართველ ბავშვს და ქართულ სუფრას მონატრებულებს ათას რამეს უკეთებდა. ეს იყო უბედნიერესი პერიოდი.
– ადამიანში ვაფასებ...
– ერთგულებას და სიყვარულის ცოდნას.  მას, ვისაც ეს გრძნობა განცდილი აქვს, იცის, რა არის სიყვარული. სიყვარულში ვგულისხმობ ყველნაირს. მუდმივი და მარადიული მარტო სულია, თუმცა, როცა 40 წელი გიყვარს შენი მეუღლე, ესეც თითქმის მარადიული გამოდის. დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, ატარონ სიყვარული და გაუფრთხილდნენ მას.
– წარმატებული ადამიანი არის...
– ძალიან ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგალითად: წარმატებულია ადამიანი, რომელსაც ჰყავს ძვირფასი მანქანა, არაჩვეულებრივი სახლი, აცვია ძვირფასი სამოსი, ასევე,  ადამიანი, რომელიც საშუალოზე ნაკლებ ბინაში ცხოვრობს, მაგრამ აქვს სტაბილური სამსახური, საშუალო ხელფასით. თუმცა, წარმატებულია, რადგან თავისი მიზანი განახორციელა. გააჩნია, ვისთვის რა არის წარმატება. ჩემი ხედვით, წარმატებულია ის, ვინც არის ბედნიერი. მიხარია ბედნიერი ადამიანის დანახვა, მნიშვნელობა არ აქვს, მას ბევრი ფული აქვს, თუ ცოტა.
– მეშინია...
– ომის, რადგან „ჩემს ზურგზე გადავიტანე“ – ხუთი წელი ვიფრინე აფხაზეთში, „ჰუმანიტარულები“ ვატარე, ჩემ თვალწინ იყო ბრძოლა, აეროპორტში აფხაზეთიდან ჩამოსული დაღუპული ჯარისკაცების ცალ-ცალკე სხეულებს ვპოულობდი და ვაწყობდი... მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო შტაბში ვმუშაობდი. ხუთი ადამიანი ვიყავით, ვინც აეროპორტში ვხვდებოდით თვითმფრინავებს, სადაც დაჭრილი, დანაწევრებული სხეული, გარდაცვლილები და ყველაფერი ერთად მოდიოდა... ომი არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც არსებობს დედამიწაზე, მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში. კორონავირუსი – ეს არის ომი. დღეს არ იქნება ისეთი ომი, როგორიც ფილმებშია – ტანკებითა და ბომბებით, მორჩა, ეს ხანა წავიდა. ახლა იქნება ბაქტერიოლოგიური ომი.
ტერიტორიების დასაკავებლად საჭირო აღარ არის ხიშტი და ყუმბარა, აი, ასე, ბაქტერიებით შეგიძლია ხალხი გამუსრო... მეშინია ბოროტების. თავად არასდროს გამიკეთებია და ვერც გავაკეთებ.
– მწამს...
– ღმერთის, სიკეთის, სიყვარულის, ბედნიერების. რაც მე მინახავს, რასაც ვუყურებ, იმის მწამს.
– მაღიზიანებს...
– უსამართლობა და ტყუილი.
ბედისწერა...
– როგორც ექიმი, შემიძლია გითხრათ, ყველა ადამიანი გენეტიკური კოდის მატარებელია. ჩვენ ვართ ბიოლოგიური სხეული, რომლის გენეტიკურ კოდშიც დევს ყველაფერი: თვალის ფერი, სიმაღლე, თმის ზრდა თავზე, წვერი, ყველა ნიუანსი, ყველა წვრილი დეტალი. ბედის წერა, ანუ ის არის დაწერილი, შენი ცხოვრების გზა გაწერილია. ამ გზაზე არის საკვანძო წერტილები, რომელსაც თუ მიჰყვები, მაშინ ყველაფერი სწორად ახდება. თუ ამ გზიდან გადაუხვევ, გაფრთხილებას არ მოუსმენ,  არ იწამებ, მაშინ მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდება. მე მწამს ბედისწერის და მჯერა მისი არსებობის.
– რისკი...
– ძალიან რისკიანი ვარ. თინეიჯერობის დროს მიყვარდა ერთი გოგონა – სახელად ნანა. ზღვაში ოთხბალიანი ღელვა იყო, შესვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ თავის გამოჩენის მიზნით, მე მაინც შევედი. მოვყევი ქვების ორომტრიალში, გამიჭირდა გამოსვლა, თუმცა, ეს გავაკეთე. როცა რიგაში ჯარში ვმსახურობდი, პარაშუტიდან გადმოვხტი, ხუთი კილომეტრის სიმაღლიდან, 13 ნახტომი მაქვს გაკეთებული. შემეძლო, არ გადმოვმხტარიყავი, მაგრამ გავრისკე.  უნივერსიტეტის ანსამბლში როცა ვმღეროდი, ალპინისტებთან ერთად წავედი. 60 მეტრზე ვიყავით ასულები, მრავალსართულიანი შენობა რომ წარმოიდგინოთ, ფეხები უფსკრულში მქონდა გადაკიდებული და ეს რომ გავიაზრე, კანკალმა ამიტანა და ფეხზე ვერ დავდექი.
– შური...
– არა, არ ვარ შურიანი ადამიანი. სურვილის დონეზე რაღაც მომდომებია, მაგრამ მას რატომ აქვს, მან რატომ გააკეთა და მსგავსი რამ არ მქონია. ამით ბედნიერი ვარ. მეცოდება ის ხალხი, ვისაც შური აქვს, თუმცა ეს მათი ბრალი არ არის, ეს გენეტიკური ხაზია, თანდაყოლილი თვისებაა. ამას ვერ გადაეჩვევი.
– სამაგიეროს გადახდა...
– სურვილი მქონია, თუმცა უფრო მეტად სხვისი დაცვის. ჩემს ოჯახის წევრს როცა დაჩაგრავდნენ, აქ უფრო გამჩენია სამაგიეროს გადახდის სურვილი, ვიდრე ჩემი მისამართით, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია. სწრაფად გადამდის სიბრაზე, ვერც ვიმახსოვრებ ხოლმე წყენას. ყოფილა სიტუაცია, როცა უსვრიათ ფეხებში და ათასი რამ, მაგრამ არასოდეს მიცდია პასუხის დაბრუნება, მით უმეტეს, შემეძლო ამის გაკეთება. სამაგიეროს გადახდა არის გააზრებული ქმედება და ამას არასოდეს გავაკეთებ.
– ეჭვიანობთ...
– მე მგონი, კი. როცა მქონია რომანი და შეყვარებული ვყოფილვარ, მაშინ მივხვდი, რომ მაქვს ეს თვისება, თუმცა არა გადაჭარბებით.
– ვემალები...
– უსიამოვნებას, ბოროტებას, ხანდახან – პოპულარობასაც. ძალიან დამღლელია. თუ ცოტა არ გახვედი ისეთ ქვეყანაში, სადაც არ გიცნობენ, გიჭირს.
– ვემტერები...
– უკულტურობას. არ მიყვარს უკულტურო ადამიანები. პირველი რიგში, ამაში შედის საკუთარი ჰიგიენა. ბევრ ქვეყანაში ყოფნა მომიწია და ამაზე რომ ვსაუბრობ, ესე იგი, მნიშვნელოვანი პრობლემაა. 21-ე საუკუნეში, როცა წყლის, საპნისა და შამპუნის პრობლემა არაა, მაინც ჰიგიენის დეფიციტია, ეს იგრძნობა ყველგან: ტრანსპორტში, სპორტდარბაზში და ასე შემდეგ. გული მტკივა, რადგან ჩვენს არაჩვეულებრივ ქვეყანას, რომელიც ათასი კულტურის მატარებელია და ასეთი შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს, აქვს ჰიგიენის პრობლემა.
– სიყვარული – ეს არის...
– ყველაფერი: ცხოვრება, სიცოცხლე, არსი ყოფისა. ამდენ პლანეტებში რატომ არის დედამიწაზე სიცოცხლე და რატომ ცხოვრობს დედამიწაზე ადამიანი? იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს აქვს სიყვარულის უნარი და სწორედ ეს გრძნობა – სიყვარული, აცხოვრებთ დედამიწაზე.
– დრო და სიყვარული...
– მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვუყურებდი დედაჩემისა და მამაჩემის სიყვარულს. ეს იყო საოცრება, ყოველდღე ვხედავდი მათ გრძნობას. ამ სიყვარულში გავიზარდე და უდიდესი მადლობა უფალს, რომ მომცა საშუალება, გარკვეულ ასაკამდე მივსულიყავი მშობლების სიყვარულის შემხედვარე. დივანზე რომ ვიჯექი ხოლმე, დედა მოვიდოდა, თავზე მომეფერებოდა და მაკოცებდა, როგორ შეიძლება, ამ  შეხებასა და კოცნას დედამიწაზე რამე შეედაროს. მიუხედავად ჩვენი ოჯახის პერიპეტიებისა, შეიძლებოდა არეულიყო ყველაფერი, მაგრამ არა, ჩემმა მშობლებმა ბოლომდე ერთად ატარეს ეს სიყვარული.
– იდეალური ქალი...
– ერთი იდეალური ქალი არ არსებობს, ყველა ქალი იდეალურია. წარმოიდგინეთ, რამდენი მამაკაციც არსებობს, იმდენი იდეალური ქალია. ყველა თავისებურად ლამაზია, უბრალოდ, კაცს უნდა ჰქონდეს უნარი, დაინახოს მასში ეს სილამაზე. სხეული, სადაც ადამიანის სულია, როგორ შეიძლება იყოს ულამაზო.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– ადრე მიჭირდა. თუნდაც, მშობლების წინაშე, მაგრამ  მერე არ ვიცი, რა მოხდა, შეიძლება, ჩემი შეგნება გაიზარდა და ახლა თუ ვიცი, ცოტათი მაინც დამნაშავე ვარ, დიდ ბოდიშს ვიხდი სიამოვნებით.
– ბილწსიტყვაობთ?
– კი, ეს ჩემი კიდევ ერთი არაღმერთისეული რამაა, რასაც ვაშავებ. ხდება ხოლმე, საჭესთან როცა ვამბობ, მაგრამ იქვე ვიაზრებ და ვამატებ – „ღმერთო, შემიწყალე“.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ვთვლი, რომ მორწმუნე ვარ, თუმცა საყოველთაო მცნება, რასაც მორწმუნე ადამიანი მოიცავს, ალბათ, ყველაფერს არ ვაკეთებ. მაგალითად: ხანდახან ვეწევი სიგარეტს, ვსვამ ალკოჰოლს და ასე შემდეგ. ყოველდღე ვკითხულობ ლოცვებს. ღმერთი არის ყველაფერი: ის, რომ ვარსებობ, ის, რომ კარგი ამინდია, ის, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ, მზე ანათებს, ცა ლამაზია... გააჩნია, თავად როგორ გინდათ, დაინახოთ. თუ ღმერთის სიყვარულით გამოიხედავთ, მაშინ თქვენ მას დაინახავთ და იგრძნობთ ყოველდღე, ყოველ წუთს. მე ყოველთვის ვგრძნობ მას. ეს არის უდიდესი ბედნიერება.
– ვნანობ...
– იმ წლებს, რომლებიც უშუქობაში გავატარე. მაშინ ბევრი რამის გაკეთება შემეძლო, მაგრამ არ იყო შესაძლებლობა...
– ვზარმაცობ...
– ხშირად. ისე გვერდიდან რომ შევხედოთ, მთელი ცხოვრება ვმუშაობ, არ მქონია პერიოდი, რომ საქმე არ მქონოდეს. თან, საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობ, მაგრამ, აი, რომ მეზარება ხოლმე, ესეც ძალიან კარგი რამაა.
– ვეძებ...
– კეთილ ადამიანებს, რადგან ეს არის უდიდესი დეფიციტი.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– რაც მეტ სიკეთეს გავაკეთებთ, მით უფრო კარგად ვიქნებით. იყავი ადამიანი და აკეთე სიკეთე!

скачать dle 11.3