კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 იძებნება სიკვდილით მოთამაშე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #24-27(914)



მას მერე, რაც მინისტრმა სპირსი დაარწმუნა, რომ ამერიკელს კერკეტ კაკალთან ჰქონდა საქმე და არა უღირს ადამიანთან,  ამერიკელმა ბოდიში მოუხადა შეკრებილებს და ათიოდე წუთით კაბინეტიდან გავიდა. ტუალეტისკენ გაემართა, პიჯაკიდან სპეციალური სატელიტური ტელეფონი ამოაცურა და საიმონის, „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორის მოადგილის ნომერი აკრიფა.
– გისმენთ, – მოესმა სპირსს საიმონის ხმა.
– სპირსი ვარ, მისტერ საიმონ.
– სპირს, როგორც ვიცი, თქვენ ახლა საგანგებო თათბირს ატარებთ და უსაფრთხო ხაზით რატომ არ დამირეკეთ?
– იმიტომ, იმიტომ, სერ.... – ენა დაებორკა სპირსს, – იმიტომ, სერ, რომ ის ხაზი სულაც არაა  უსაფრთხო.
– რას ბოდავ, სპირს, პირველად მესმის ასეთი რამ. ჩვენი უსაფრთხო სატელეფონო კავშირების ქსელები მთელ მსოფლიოში ფუნქციონირებს.
– დიახ. ვიცი, სერ, მაგრამ აქ მასე არაა.
– აბა, როგორაა?
– ისინი გვისმენენ, სერ.
– ვინ, რუსები? – ავტომატურად წამოსცდა საიმონს.
– არა, – ქართველები.
– ხომ არაფერი გეჩვენება, სპირს?
– არა, სერ. ეს მართლაც ასეა. ჩვენი წინა საუბრის შინაარსი, რომელიც „ეშმაკის ამონასუნთქს“ ეხებოდა და თქვენ რომ გამაფრთხილეთ, ასე უთხარი, ფულს გადავიხდითო, მინისტრმა სიტყვასიტყვით მითხრა.
სპირსის სიტყვებზე საიმონს სახე წამოეჭარხლა და ცივმა ოფლმა დაასხა. ლამის ყურმილში გამოძვრა და იღრიალა:
– როგორ დაუშვით, რომ ტილიანმა ქართველებმა გაგაბითურეს და გისმენენ?
– მე რა დავუშვი, სერ. მე სულ რამდენიმე საათია, რაც აქ ჩამოვედი და რომ არ დამეშვა ინფორმაციის გაჟონვა, იმიტომაც გამოვედი გარეთ და ტუალეტიდან გელაპარაკებით.
– ტუალეტიდან?
– დიახ. სერ.
– სპირს, რაიმე სიახლე ხომ არაა?
– სიახლე ესაა, სერ, რაც გითხარით. მინისტრს ჩვენი საუბრის ჩანაწერი აქვს და ამბობს, – თუკი საქართველოს საექსპერიმენტო პოლიგონად გადავაქცევთ, ამ ჩანაწერების შინაარსს მთელ მსოფლიოს მოვდებო.
– გვაშანტაჟებს?
– მართლა იზამს, სერ და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ჯობია, რამე ვიღონოთ. უფრო სწორად, თუკი ბასილელის შეპყრობასა და „ეშმაკის ამონასუნთქის“ დაბრუნებას ვერ შევძლებთ, მას ფული უნდა გადავუხადოთ.
– სხვა  გამოსავალი არაა?
– რას გულისხმობთ, სერ, სხვა გამოსავალში? – კითხვა შეუბრუნა საიმონს სპირსმა.
– საუბრის ჩანაწერს ვერ გამოვართმევთ მინისტრს?
– ვერანაირად, სერ. გარწმუნებთ, რომ ამაზე ფიქრიც კი არ ღირს.
– კეთილი. ყველაფერს შეფს მოვახსენებ. შენ კი მართლაც შეგიძლია, გამტაცებელს შეჰპირდე ფული და თუკი ვერ დავიჭერთ, მას მართლა გადავუხდით მოთხოვნილ თანხას.
– ნამდვილად, სერ? – ჩაეკითხა საიმონს სპირსი.
– ნამდვილად, სპირს.
– სერ, აქ ისეთი სიტუაციაა, რომ თუკი ჩვენ პირობას არ შევასრულებთ, კატასტროფა მოხდება და მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ ჩვენი ბრალი იყო, – უთხრა საიმონს სპირსმა, რომელსაც ეჭვი ჰქონდა, რომ „ბიუროს“ დირექტორის მოადგილე მასაც ატყუებდა.
– სპირს, საკუთარი თავი ხელში აიყვანე, – შეუღრინა „ეფბეერის“ დირექტორის მოადგილემ ხელქვეითს და ტელეფონი გაუთიშა. შემდეგ ჩაილაპარაკა: „ესღა გვაკლდა, რომ ტილიანი ქართველები გვისმენდნენ“. ბოლოს კი, კაბინეტიდან გავიდა და „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დირექტორს ეწვია კაბინეტში.
– შემოდი, საიმონ. რამ შეგაწუხა? ალბათ, ისევ საქართველოდანაა ცხელ-ცხელი ამბები, ხომ? – უთხრა საიმონს ბრაიან დევიდსმა და თავის მოადგილეს სკამზე მიუთითა.
საიმონი არ დამჯდარა. ნერვიულად აამოძრავა ტუჩები და „ეფბეერის“ დირექტორს უთხრა:
– საქართველოში სრული გაურკვევლობაა, სერ.
– მაინც, რა გაურკვევლობა?
– პირველ რიგში, ის, რომ ჩვენმა სამსახურებმა ვერანაირად ვერ დაადგინეს სიმონ ბასილელის ადგილსამყოფელი. როგორც გაირკვა, ის სპეციალური აპარატით სარგებლობს, რომელიც ორიენტაციას უბნევს ჩვენს სათვალთვალო, სამეთვალყურეო მოწყობილობებს და შეუძლებელია მისი გამოთვლა. ასე რომ, სერ, ბასილელი შეიძლება, თბილისშიც იყოს, პეკინშიც და ვაშინგტონშიც, კი. ამიტომ, ძალიან დიდია მომავალი ტერორისტული შეტევის საშიშროება. ეს – ერთი. და მეორე, და თუ გნებავთ, სიურპრიზი. როგორც გაირკვა, ქართველები ჩვენს დახურულ სატელეფონო ხაზებს უსმენენ.
– ეგ როგორ? – წამოიძახა „ეფბეერის“ დირექტორმა, – ჩვენი ხაზები ხომ მთელს მსოფლიოში ყველაზე დაცულია?
– მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა.
– მაინც, რა ხდება, ისეთი რა მოისმინეს ქართველებმა?
– ჩემი და სპირსის საუბარი ჩაუწერიათ, სერ. მე სპირსს ვუთხარი, ქართველებს შეპირდი, რომ ას მილიონს გადავუხდით, მთავარია „ეშმაკის ამონასუნთქს“ საქართველოს ტერიტორია არ ჰქონდეს დატოვებული და ყუმბარა ჩვენთან არ აფეთქდეს-მეთქი. მათ კი ეს საუბარი ჩაწერილი აქვთ და იმუქრებიან, –  თუ ფულს არ გადაიხდით, მთელ მსოფლიოში გავავრცელებთო.
ბრაიან დევიდსი სკამიდან წამოდგა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა. შემდეგ საიმონის წინ შეჩერდა და უთხრა:
– პრეზიდენტი უკვე ყველაფრის საქმის კურსშია და ფულის გადახდის ნებართვა მოგვცა, თუკი ამას გადაუდებელი საჭიროება მოითხოვს. მთავარია, კატასტროფა ავიცილოთ თავიდან. პირველ რიგში, ჩვენს ტერიტორიაზე, შემდეგ კი – სხვაგან. ამიტომ, სპირსს დაურეკე და უთხარი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფულს აუცილებლად გადავიხდით.
– უკვე ვუთხარი, სერ, – თქვა საიმონმა.
***
სპირსმა რომ საიმონთან ლაპარაკი დაასრულა, ტუალეტიდან გამოვიდა, სოდას კაბინეტში დაბრუნდა და თქვა:
– ბოდის გიხდით, მეგობრებო, შეფერხებისთვის, მაგრამ ამის ობიექტური მიზეზი მქონდა, – შემდეგ მინისტრს შეავლო მზერა და უთხრა:
– თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს, ბატონო გურამ.
– რა ამბავი, ბატონო სპირს?
– მისტერ საიმონმა დამირეკა და დაწვრილებით გამომკითხა აქაური მდგომარეობა. მე მას ყველაფერი მოვუყევი, ჩვენი საუბრის შინაარსიც გადავეცი და პირადად თქვენთან დამაბარა, – გადაეცი, ყველაფერი რიგზე იქნება და აუცილებლობის შემთხვევაში, ფულს გადავიხდითო.
– ძალიან კარგი, მისტერ სპირს. ეს მხოლოდ მისასალმებელი ფაქტია და დიდად ბედნიერი ვარ ამით, უთხრა სპირსს გურამმა, რომელსაც არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ საიმონმა კი არ  დაურეკა სპირსს, არამედ – პირიქით.
– ესე იგი, კონფლიქტი ამოწურულია, ხომ, ბატონო გურამ? – გაუღიმა ამერიკელმა წვერიან ქართველს.
– ჩავთვალეთ, რომ არც ყოფილა ასეთი რამ, მისტერ სპირს და კეთილი ნება უნდა გამოვიჩინო და ჩვენი საიდუმლო გაგიმხილოთ.
– რა საიდუმლო, ბატონო გურამ?
– მოსმენების საიდუმლო, ბატონო სპირს, – თქვა მინისტრმა და წამოდგა. შემდეგ ამერიკელების დახურული ხაზის ტელეფონს მიუახლოვდა და მავთულს ხელი ჩაავლო. შემდეგ კედელ-კედელ გაჰყვა. უხეშად გამოქაჩა, სპირსს პარალელური გადაბმის ადგილი უჩვენა და უთხრა.
– აი, ჩვენი მოსმენის საიდუმლო, მისტერ სპირს.
– ეს რა არის? – ვერ მიხვდა ამერიკელი, რომელსაც ვერ წარმოედგინა, რომ მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი და საიმედო კავშირგაბმულობის ხაზის მოსმენა, რომელიც რამდენიმე ათეული მილიარდი ღირდა, ასეთი უბრალო ხერხით იყო შესაძლებელი.
მინისტრს გაეცინა და სპირსს უთხრა:
– ძველი საბჭოური ტექნოლოგიაა, ბატონო სპირს.
– რა ტექნოლოგია, ვერ ვხვდები, ბატონო გურამ, – მხრები აიჩეჩა ამერიკელმა.
– პარალელურ ხაზზე ჩართული ტელეფონი, ბატონო სპირს, – სიცილით თქვა გურამმა და დაამატა, – საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, ტელეფონის დადგმა ძალიან დიდი ფუფუნება იყო და საამისოდ სოლიდური ქრთამი უნდა გადაგეხადა. ვისაც ფული არ ჰქონდა და ტელეფონი ძალიან სჭირდებოდა, თავის მეზობელს სთხოვდა, რომ მისგან პარალელური ხაზი გამოეყვანა და ხშირ შემთხვევაში, თანხმობას იღებდა. ზოგიერთი  თამამი მოქალაქე კი, პარალელურ ხაზს სახლში პირდაპირ ქუჩის ტელეფონ-ავტომატიდან გადაჭიმავდა ხოლმე. ჩვენც სწორედ ეს გამოცდილება გამოვიყენეთ, ბატონო სპირს და ნუ დაგვძრახავთ. მართალია, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები ვართ, მაგრამ, როგორც თქვენ გაინტერესებთ ჩვენი მოსმენა, ასეთივე ინტერესი გვაქვს ჩვენც თქვენ მიმართ და ხომ ხედავთ, რა ძვირფასი ინფორმაცია მოვიპოვეთ?
– კარგი, გურამ, რაც იყო, იყო, როგორც უკვე გითხარით, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა თანხას გაიღებს და ახლა მთავარი ისაა, რომ ამ საქმის სრული კონტროლი ავიღოთ ხელში და ყველაფერი გავარკვიოთ, – თქვა სპირსმა. საათს დახედა და დააყოლა, – ათი წუთიც და ბასილელმა უნდა დარეკოს, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე არ შეიცვალა.
– იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი  კარგად იქნება, – თქვა გურამმა. პარალელური ხაზი დანით გადაჭრა და დააყოლა, – თავს ვერ დავდებ, რომ „ბიურო“ ჩემს მოსმენას შეწყვეტს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამას ვეღარ ვიზამთ.
გურამი რომ თავის ადგილს დაუბრუნდა, ლინდა ჯექსონმა სპირსს უთხრა:
– მისტერ სპირს, გარწმუნებთ, რომ ჩვენი მეგობარი  ქვეყნების მიმართ ასეთი მოპყრობა, ჩვენი მხრიდან, დაუშვებელია და საქართველოსთან მიმართებაში კი – ასმაგი დანაშაული.
– გეთანხმებით, – მშრალად თქვა სპირსმა, – რადგან თემის შეცვლა უნდოდა, მაგრამ ქალმა არ დაანება:
– ჯერ არ დამიმთავრებია, მისტერ სპირს და ბოლომდე მომისმინეთ.
– ბოდიში, ლინდა. ბრძანეთ, – უხალისოდ თქვა სპირსმა.
– მისტერ სპირს, პატარა საქართველო  კავკასიაში ერთადერთი მყარი დასაყრდენია ჩვენთვის და თუ შეიძლება, ასე ითქვას, – შტატებისთვის ექსკლუზიურ პარტნიორს წარმოადგენს იმ ურჩხულთან ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი ჰქვია. ამ პატარა ქვეყანამ, ამ მამაცმა, თავმოყვარე, მებრძოლმა ხალხმა, რომ იტყვიან, ყველაფერი დადო ფსონზე და რუსეთს შეუქცევადად დაუპირისპირდა. ამისთვის კი, მათ თავისი ტერიტორიის კიდევ ოცი პროცენტი ააგლიჯა რუსეთმა და სასტიკად დასაჯა. ჩვენ კი, რით ვეხმარებით ამ ხალხს, მხოლოდ ნუგეშით?
– ლინდა, თქვენ უკვე პოლიტიკაში გადახვედით. ეს კი ჩვენი საქმე არაა და გთხოვთ, ნუ გააგრძელებთ ამ საუბარს. მე ყველაფერი კარგად გავიგე, – თქვა სპირსმა.
– მისტერ სპირს, მეც, თქვენც და ჩვენი თანამემამულე სხვა კოლეგებიც სწორედ შტატების პოლიტიკას ვატარებთ ასე შორს. ამიტომ მიკვირს თქვენი ეს კომენტარი და ჩემი დადუმების მცდელობა, – თქვა ლინდა ჯექსონმა.
– ჩემგან, მაინც რას მოითხოვთ? – იკითხა სპირსმა და დააყოლა, – ჩვენ აქ ასე ექსტრემალურად კონკრეტული მიზნის გადასაჭმელად ჩამოვფრინდით და არა პოლიტიკური სიტყვების წარმოსათქმელად და გიმეორებთ – რას მოითხოვთ ჩემგან?
ქალს ირონიულად ჩაეცინა და თქვა:
– მოთხოვნით, მოვითხოვ, თუ ეს მოთხოვნაა, რომ როდესაც ვაშინგტონში დაბრუნდებით, მისტერ სპირს, ჩემი ეს სიტყვები ჩვენი უწყების ხელმძღვანელს ზუსტად გადასცეთ. ხოლო ის კი,  თავის მხრივ, თუ პრეზიდენტს აუწყებს ყველაფერს, გარწმუნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა აქ ბევრად უფრო ეფექტური გახდება.
– პრეზიდენტზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მისტერ ბრაიან დევიდსს კი ნამდვილად გადავცემ ყველაფერს, – თქვა სპირსმა.
ქალმა სპირსს უხმოდ დაუკრა თავი. ამ დროს მინისტრის მობილურმა დარეკა და გურამმა უპასუხა:
– გამარჯობა, ბატონო  გურამ, კიდევ ერთხელ.
– გისმენთ, ბატონო სიმონ. თუ არ ვცდები, ბასილელი ბრძანდებით, – თქვა მინისტრმა.
– დიახ. მე გახლავართ და ალბათ, კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ რადგან გელაპარაკებით, ჩემი მოხელთება შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საუკეთესო ამერიკული ტექნიკა ამ სამი საათის განმავლობაში ინტენსიურად მეძებდა და ხომ ნახეთ, რომ ვერაფერი მომიხერხეს.
– გისმენთ, ბატონო სიმონ, ბრძანეთ, რა გნებავთ.
– ამ ეტაპზე – ფული, ბატონო გურამ და როგორც უკვე გითხარით, საიმედოობის შესამოწმებლად ათი მილიონი დოლარი უნდა გადმოირიცხოს ხუთი წუთის განმავლობაში იმ ანგარიშზე, რომელსაც დაგისახელებთ. მზად ხართ?
– დიახ. მზად ვართ. ბრძანეთ, – მშვიდად მიუგო მინისტრმა სიმონ ბასილელს.
– ბატონო გურამ, გაფრთხილებთ, როგორც კი ანგარიშის ნომერს გიკარნახებთ, მაშინვე წამზომს ჩავრთავ  და თუკი ერთი წამითაც გადასცდება დრო, გარწმუნებთ, რომ „ეშმაკის ამონასუნთქი“ სულ მალე ვაშინგტონში აფეთქდება. გასაგებია?
– გასაგებია.
– გიკარნახოთ ანგარიშის ნომერი?
– ჯერ არა, ბატონო სიმონ. ყველაფერი უნდა დავაზუსტო სპონსორებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თქვენ ამბობთ, კატასტროფას მოახდენთ. ეს კი  არ გვაწყობს.
– თხუთმეტი წუთი გეყოფათ ყველაფრის მოსაგვარებლად, უფრო სწორად, დასაზუსტებლად? – ჰკითხა ბასილელმა.
– მოდი, ასე ვქნათ, ბატონო სიმონ, როგორც კი ყველაფერს დავაზუსტებ, მე თვითონ გადმოგირეკავთ. ამისთვის კი, თქვენი კოორდინატები მჭირდება. ტელეფონის ნომერი მაინც, – ირონიით თქვა მინისტრმა.
– ხუმრობის დრო არაა, ბატონო გურამ. ნახევარ საათში დაგირეკავთ და ყველაფერი მზად იყოს. თუ გგონიათ ვხუმრობ, ცდებით, – თქვა ბასილელმა და ტელეფონი გათიშა.
ტელეფონი გათიშა მინისტრმაც.
ამ დროს სოდას კაბინეტში მდგომმა წითელმა ტელეფონმა დარეკა. მას სპირსმა უპასუხა. შემდეგ ყურმილი გურამს გადასცა და უთხრა:
– მისტერ საიმონია. დირექტორის მოადგილე.
– დიახ. გისმენთ, – უპასუხა გურამმა ინგლისურად „ბიუროს“ დირექტორის მოადგილეს, რომელსაც მეორედ ელაპარაკებოდა ტელეფონით.
– ბატონო მინისტრო, ახლა ბოდიშებისა და რევერანსების დრო არაა და ალბათ, მიხვდით, თუ რატომ დაგირეკეთ ასე სწრაფად.
– დაახლოებით მივხვდი, ბატონო საიმონ, მაგრამ თუ დააკონკრეტებთ, ცუდი არ იქნება, – მიუგო გურამმა.
– თქვენი საუბარი მოვისმინეთ, – თქვა საიმონმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3