კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რატომ მოითხოვეს სომეხმა „დაშნაკებმა“ არტაანში თავიანთი წილი და რატომ გადასცეს ისევ თურქეთს ქართველმა ბოლშევიკებმა საქართველოს ჯარის მიერ გათავისუფლებული და შემოერთებული არტაანის ოლქი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ამ წლის აპრილში ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთში მეტად უცნაური მოვლენა მოხდა: ქალაქ ართვინში ადგილობრივებმა და ხელისუფლებამ ქალაქის „დუშმანებისგან“ გათავისუფლების თარიღი აღნიშნეს, კერძოდ, 97-ე წლისთავი. რაკი არ უხსენებიათ, თუ ვის გულისხმობდნენ „დუშმანებში“, 97 წლის წინათ კი ართვინიდან სწორედ საქართველოს შეიარაღებული ნაწილები გამოისტუმრეს ვლადიმირ ლენინისა და ათა თურქის შეთანხმების შედეგად, ლოგიკურად, „დუშმანები“, არც მეტი, არ ნაკლები, ჩვენ ვყოფილვართ. შეფასება, თუნდაც, სტრატეგიული პარტნიორისგან, საწყენი არ არის, უფრო პირიქით, იმიტომ რომ  საქართველოს პირველ რესპუბლიკას ეყო გამბედაობა და სიშლეგე, სამხედრო გზით ეცადა წართმეულის დაბრუნება და დაებრუნებინა კიდეც.
რატომ მიიღო საქართველოს იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება, როგორ შეძლო გიორგი კვინიტაძემ მისი სისრულეში მოყვანა და ახალციხე-არტაანის საქართველოსთვის დაბრუნება, როგორ უწევდა წინააღმდეგობას ქართულ იდეას გამუსლიმანებულ ჯაყელთა ეთნიკურად ქართველი შთამომავალი, როგორ ჩაგვეზიარა ამ გამარჯვების შედეგში სომხეთი და რატომ ითხოვდა აზერბაიჯანთან ერთად ბათუმის პორტის კონტროლს? – ართვინ-არტაანის სამხედრო ოპერაციის შესახებ ქართული დიპლომატიის მკვლევარი სიმონ კილაძე გვესაუბრება.

– რატომ მოხდა, რომ ართვინ-არტაანის სამხედრო ოპერაცია უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის, მით უფრო, რომ რამდენი საუკუნეა, გამარჯვებებით არ ვართ განებივრებულები?
– საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში ჯერ კიდევ მრავალი მოვლენა რჩება, რომლებიც მკვლევრების მიერ სათანადოდ არ არის გაშუქებული. ერთ-ერთია 1919 წლის გაზაფხულზე ქართული არმიისა და გვარდიის მიერ განხორციელებული ახალციხე-არტაანის სამხედრო ოპერაცია, რომელიც იმ დროისთვის ჩვენი ქვეყნის სამხედრო წარმატების უდავო ფაქტია. ყველაფერი კი ასე დაიწყო: პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ, 1918 წლის 30 ოქტომბერს მუდროსში ანტანტის წარმომადგენლებთან ხელმოწერილი შეთანხმებისამებრ, სულთანი მეჰმედ მეექვსე  იძულებული გახდა, თავისი ჯარები გაეყვანა სამხრეთ კავკასიიდან: ბათუმისა და ყარსის ოლქებიდან, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებიდან. თუმცა ამ მხარეების მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმანი იყო და მხარს ოსმალეთს უჭერდნენ.  სწორედ მათი ინიციატივით, 1918 წლის 1 დეკემბერს ყარსში მოწვეულ ადგილობრივი ეროვნული საბჭოს პროთურქულ  სხდომაზე, ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკა“ („ყარსის მთავრობა“) გამოცხადდა, რომლის ტერიტორიებად დადგინდა ყარსისა და ბათუმის ოლქები (ართვინ-არტაანითურთ), ერევნის გუბერნიის ნაწილი, თბილისის გუბერნიის ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები. თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ეს დადგენილება ქაღალდზე დარჩა და  „მთავრობის“ უფლებამოსილება მხოლოდ საკუთრივ ყარსის ოლქით შემოიფარგლებოდა. ოსმალო ჯარისკაცების ნაცვლად სულ მალე ყარსში ინგლისური და ფრანგული სამხედრო ნაწილები შევიდნენ. ანტანტის გადაწყვეტილებით, ყარსში დაინიშნა ინგლისელი გენერალ-გუბერნატორი, გენერალი ჯეიმს დევი, რომლის უფლებამოსილება ნაწილობრივ ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებზეც ვრცელდებოდა.
იმ დროისათვის სამცხე-ჯავახეთშიც რთული ვითარება შეიქმნა. პროთურქულ ელიტას სათავეში ჩაუდგა გამაჰმადიანებულ ჯაყელთა შთამომავალი, მესხეთის მუსლიმთა პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი ოსმან სერვერ-ბეგ ათაბაგი. მათი მიზანი იყო მესხეთის საქართველოსგან ჩამოშორება და „ყარსის რესპუბლიკაში“ გაერთიანება. ოსმან სერვერ-ბეგმა ახალციხეში შესულ ქართული ჯარების მცირერიცხოვან გარნიზონს ბრძოლა გაუმართა და საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, ახალციხე დროებით პროთურქი სეპარატისტებისთვის დაეთმო. უკანდახეული ქართული ჯარისა და გვარდიის ნაწილები ბორჯომის მისადგომებთან გამაგრდნენ.
– საინტერესო ფაქტია, როგორ გარისკა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ ოსმალეთის მფარველობის ქვეშ მყოფებთან დაპირისპირება?
– 1919 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ახალციხის ფრონტის შტაბის უფროსად, მოგვიანებით კი აქ თავმოყრილი ჯარების სარდლად და გენერალ-გუბერნატორად, გენერალ-მაიორი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა სამხედრო ძალებს ფლობდა ახალციხის ფრონტის სარდალი: 4 000 ჯარისკაცი, 3 200 გვარდიელი, 16 სამთო ზარბაზანი, 5 ჯავშნიანი ავტომობილი,  თვითმფრინავი ავიადაზვერვისათვის და ზურგის უზრუნველყოფის ქვედანაყოფები, კავშირგაბმულობისა და საინჟინრო ოცეულები. მათი შეიარაღება საკმაოდ სუსტი იყო და ერთობ მცირერიცხოვანნიც იყვნენ, მაგრამ ლოკალური სამხედრო თეატრის სპეციფიკისა და მოწინააღმდეგის ძალების გათვალისწინებით,  ქართული სამხედრო დაჯგუფება საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა. ახალციხის ფრონტს საქართველოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.  არ იყო გამორიცხული, სერვერ-ბეგის „ისლამურ არმიას“ ბორჯომი დაეკავებინა და შემდეგ უკვე ხაშურთან გადაეჭრა ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო არტერია – საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ქუთაისის გზატკეცილი, ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი.
– დღეს, ფაქტობრივად, ისტორია მეორდება, ოღონდ რუსეთის შესრულებით.
– დიახ, გათურქებულ ქართველთა შთამომავლის მოქმედების უარყოფითი შედეგები მთელი საქართველოსათვის დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ 1919 წლის 5 მარტს, დილით, აწყურზე შეტევა დაიწყო. ერთსაათიანი საარტილერიო  მომზადებისა და ცხარე ბრძოლის შემდეგ სერვერ-ბეგის „ისლამური არმიის“ ქვედანაყოფებმა პირი იბრუნეს და ახალციხისკენ დაიხიეს. როგორც ავიადაზვერვის შედეგად გაირკვა, სერვერ-ბეგის ახალციხურ გარნიზონს არტაანიდან მაშველი ძალა და ქვემეხები და ტყვიამფრქვევები მოსდიოდა, ამიტომ  6 მარტს ქართულმა სამხედრო დაჯგუფებამ ახალციხისკენ შეტევა ელვისებურად გააგრძელა და 7 მარტს დილით ქალაქი ახალციხე, შეიძლება ითქვას, უბრძოლველად დაიკავა. გიორგი კვინიტაძე წერს, კავალერია რომ მყოლოდა, სერვერ-ბეგი და სხვა სამშობლოს მტრები – გათურქებული ქართველები ახალციხიდან ვერ გამასწრებდნენო. ქართული ჯარების სარდალს ახალციხის ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის მუსლიმანი ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილიც, სიხარულით შეხვდა. ახალციხის გათავისუფლების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ქალაქის ახლო-მახლო სოფლები (ქვემო ფოცხოვის ზონაში) თურქული ორიენტაციის მქონე შეიარაღებული მუსლიმანებისაგან ორიოდე დღის განმავლობაში გაწმინდეს. ახალციხიდან ჯარის ნაწილები გაიგზავნა ასპინძასა და ახალქალაქშიც, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა 21 მარტს დაიკავეს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ახალციხის ფრონტზე მიღწეული წარმატება კინაღამ დაჩრდილა საქართველოს გვარდიის ნაწილების უკან გაწვევამ და მოგვიანებით თბილისში, მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში დაწყებულმა ინტრიგებმა. როგორც ირკვევა, გვარდიის მეთაურებმა გენერალ კვინიტაძეს პარტიის ხელმძღვანელობასთან უჩივლეს და განაცხადეს, რომ თითქოსდა, იგი ბრძოლების დროს ძალიან დამოუკიდებლად მოქმედებდა და გვარდიის სარდლობას არაფერს ეკითხებოდა და რომ კვინიტაძემ  ახალციხის გარნიზონის უფროსად, თურმე, კონტრრევოლუციონერი გენერალი რატიშვილი დანიშნა... საკითხი საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე განიხილეს და კვინიტაძის დაუყოვნებლივი დაპატიმრება მოითხოვეს. სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიზნით თბილისიდან ახალციხეში სპეციალური კომისია გამოიგზავნა დეპუტატ გიზო ანჯაფარიძის ხელმძღვანელობით. მიუხედავად იმისა, რომ იგი სოციალ-დემოკრატი იყო და შეეძლო, მხარი მომჩივან-ინტრიგანებისათვის დაეჭირა, გიზო ანჯაფარიძე ფრონტზე არსებული მდგომარეობითა და ქართული არმიის სამხედრო მომზადებით კმაყოფილი დარჩა.
– როგორი სამხედრო გეგმა შეიმუშავა გენერალმა კვინიტაძემ?
– გენერალმა გიორგი კვინიტაძემ კარგად იცოდა, რომ ახალციხეს მთავარი საფრთხე კვლავ არდაჰანიდან, ანუ არტაანიდან და ყარსიდან ემუქრებოდა. ამიტომაც მან გადაწყვიტა ჯარების გადაადგილება არტაანის მიმართულებით, ზემო ფოცხოვის ზონაში. ამ ფაქტმა ერთგვარი პოლიტიკურ-დიპლომატიური გართულება გამოიწვია. საქმე ის იყო, რომ ზემო ფოცხოვი ადმინისტრაციულად ახალციხის მაზრაში, ანუ თბილისის გუბერნიაში კი არა, არამედ არტაანის ოლქში შედიოდა და ამრიგად, აღნიშნულ რაიონში ქართული ჯარების შეყვანის ფაქტმა თბილისში მყოფი ბრიტანეთის სამხედრო-დიპლომატიური მისიის შეშფოთება გამოიწვია. გიორგი კვინიტაძე ახალქალაქში ინგლისელ ოფიცერს, პოლკოვნიკ სტიუარტსა და არტაანიდან ჩამოსულ ბრიტანელ პოლკოვნიკ რედის შეხვდა, რომლებმაც არტაანის ოლქიდან და ზემო ფოცხოვის რაიონიდან ჯარების უკან გამოყვანა მოსთხოვეს, იმ  მოტივით, რომ ყარსის მთავრობას ინგლისი მფარველობდა, რაზეც კვინიტაძემ უპასუხა, გამოდის, რომ ყარსის მთავრობამ ახალციხესა და ახალქალაქს რაც ზარალი მიაყენა, ეს ყველაფერი ინგლისს უნდა დავაბრალო. თქვენ ხომ მათ მფარველობთ?! ასე იყო თუ ისე, გიორგი კვინიტაძემ არტაანზე შეტევა განაგრძო თბილისიდან თანხმობით. ფრონტის შტაბმა შეიმუშავა შეტევის გეგმა, რომელიც ორი მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო: პირველი – ახალციხიდან, ზემო ფოცხოვისა და ხანიორის უღელტეხილის გავლით და მეორე – ასპინძა-ახალქალაქიდან, ზურზუნის გავლით. ყველაზე რთული საველე პირობები პირველი მიმართულებით იყო, რომელიც ხანიორის უღელტეხილზე გადიოდა. ამ გზით არტაანამდე დაახლოებით 80-100 კილომეტრი იყო. მართალია, გზა კი არსებობდა, მაგრამ ზოგ ადგილას საშინლად დანგრეული და გაუვალიც კი იყო. არტაანის ოპერაცია 14 აპრილს დაიწყო. ქართულმა ჯარმა განსაკუთრებით დიდი ენერგია და გამძლეობა გამოიჩინა. 18 აპრილს ორივე მიმართულების ნაწილები გაერთიანდნენ, ხოლო 19 აპრილს არტაანის მისადგომებთან დაბანაკებულ მტერს პირველი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს. ცხარე ბრძოლის შემდეგ ქალაქი არტაანი საქართველოს შეაიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს. ორი დღის შემდეგ თვითონ გენერალი გიორგი კვინიტაძე, საავტომობილო კოლონასთან ერთად, ზურზუნის გავლით, არტაანში ჩავიდა და იქ მყოფ ქართულ გარნიზონს საკმაო რაოდენობით სურსათი, იარაღი და პროვიანტი ჩაუტანა. პოზიციების შემოწმების შემდეგ კვინიტაძემ მზვერავთა ჯგუფი გელის ხეობაში, არტაან-მერდენიკ-ყარსის გზატკეცილის მიმართულებით გაგზავნა, თუმცა იქ ქართველი ჯარისკაცები უკვე ინგლისელთა პიკეტს წააწყდნენ. როგორც გაირკვა, დიდი ბრიტანეთის სამხედრო წარმომადგენელებს, ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის რესპუბლიკა“ გაუუქმებიათ და მისი „მთავრობაც“ დაუშლიათ. „ჩვენ დავიწყეთ და ინგლისელებმა დაამთავრესო“, – ხუმრობდა მოგვიანებით გენერალი გიორგი კვინიტაძე. ახალციხე-არტაანის სამხედრო ოპერაციას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა – საქართველოს ჯარმა სამშობლოს უძველესი ქართული მიწა-წყალი შემოუერთა და იქ მტკიცე წესრიგი დაამყარა. მოგვიანებით აღდგა სამოქალაქო მმართველობის ორგანოები, სასამართლოები და არტაანმა, საქართველოს სხვა მხარეების მსგავსად, ჩვეულებრივი ცხოვრება დაიწყო.
– დღეს ის თურქეთის შემადგენლობაშია, სანამ ლენინი და ათა თურქი გარიგდებოდნენ, რა ხდებოდა იქ?
– „ყარსის მთავრობის“ დაშლის შემდეგ, ანტანტის წარმომადგენლების ნებართვით, ყარსის ოლქი სომხეთის რესპუბლიკის ჯარებმა დაიკავეს. რადგანაც არტაანის ოლქი ადმინისტრაციულად ყარსის  ოლქში შედიოდა, სომხებმა ქართველებს ტერიტორიის უკან დაბრუნება მოსთხოვეს, რაზედაც თბილისიდან ცივი უარი მიიღეს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ დაშნაკების მცდელობა, არტაანი გაეკონტროლებინათ, ნაწილობრივ მაინც წარმატებით დასრულდა. მათ მოთხოვნებს მხარი დაუჭირა თბილისში მყოფმა ანტანტის უმაღლესმა კომისარმა ჰასკელმა. სწორედ მისი შუამავლობით ქალაქ არტაანში 1919 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლებს შორის დაიდო შეთანხმება არტაანის ოლქში ქართული და სომხური ჯარების რაოდენობის შესახებ, რაც, ფაქტობრივად, არტაანის ოლქის ორად გაყოფას ნიშნავდა. ამგვარი ვითარება შენარჩუნდა 1920 წლის სექტემბრამდე, სომხეთ-თურქეთის ომის დაწყებამდე. დაშნაკების კატასტროფული დამარცხების შედეგად ყარსი კვლავ თურქებმა დაიკავეს და მათი ჯარები სადემარკაციო ხაზის გასწვრივ, ქართველი მეომრების პირისპირ დადგნენ. და ბოლოს, 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში რუსეთსა და თურქეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, არტაანის ოლქი, ართვინთან ერთად, თურქეთს გადაეცა. ქართულმა გარნიზონმა არტაანი დატოვა. მოგვიანებით, ყარსის 1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებამ კი, არტაანის ოლქი საბოლოოდ მოგლიჯა საქართველოს... ამრიგად, ის მიწები, რომლებიც ქართველმა მხედრებმა საკუთარი სისხლის ფასად სამშობლოს დაუბრუნეს, რუსმა და ქართველმა ბოლშევიკებმა, ინტერნაციონალიზმის პრინციპების შესაბამისად, ისევ თურქეთს გადაულოცეს.
скачать dle 11.3