კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რა უთხრა „ლა სკალას აკადემიაში“ ჩარიცხვის შემდეგ უკან დაბრუნებულ გიორგი წამალაშვილს პატრიარქმა და როგორ უწინასწარმეტყველა მან ეს წარმატება წლების წინ

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ცოტა ხნის წინ, „ლა სკალას აკადემიამ“ ორწლიანი სასწავლო კურსისთვის კონკურსი გამოაცხადა. 2018-2020 წლის სასწავლო კურსის გამარჯვებულ შვიდ სტუდენტს შორის, ჩვენდა საამაყოდ, ორი ქართველია. ურთულესი კონკურსის შედეგად შერჩეულ სტუდენტებს შორის გიორგი წამალაშვილი და ცისანა გიორგაძე აღმოჩდნენ.
გიორგი წამალაშვილი: „ლა სკალას აკადემიაში“ მოხვედრა ყველა მომღერლის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. ბოლო დღეს, სრულიად შემთხვევით, ჩემი მეგობრის, ირინკა შერაზადიშვილისგან გავიგე, რომ კონკურსი იყო და მასში მეც შემეძლო მონაწილეობის მიღება. ძალიან სპონტანურად ჩავწერე ვიდეო და გავგზავნე. სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი. შესარჩევ კონკურსში სამასმა კაცმა გააგზავნა ვიდეო. მათგან ჯერ ასი კაცი ამოგვარჩიეს, შემდეგ ეტაპზე კი, 18 გადავედით. მათგან 12 დაგვტოვეს, ბოლოს კი, შვიდი ადამიანი დავრჩით. ძალიან რთული კონკურსი იყო. უმეტეს შემთხვევაში, თითო ხმა აჰყავთ ხოლმე: ტენორი, ბარიტონი და ბანი. ამჯერად იმდენად დიდი კონკურენცია იყო, რომ სამივე ბარიტონი აგვიყვანეს. უზომოდ მოხარული ვარ, რომ ასეთი რთული კონკურსი გავიარე და ამდენ ადამიანს შორის ამომარჩიეს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა შენს ქვეყანას ამხელა კონკურსზე წარმოადგენ, კონკურსის ფინალურ ეტაპზე „ლა სკალას“ სცენაზე უნდა გვემღერა. მთელი ბავშვობა ამ სცენაზე მოხვედრაზე ვოცნებობდი და წარმოიდგინეთ ჩემი ემოციები, როცა ერთ დღეს ეს ოცნება ამიხდა. ვიდექი სცენაზე, რომელზეც ისეთ დიდ მომღერლებს უმღერიათ, როგორებიც არიან კარუზო, პავაროტი და ასე შემდეგ.
– განსაკუთრებით საამაყოა ის, რომ ამ შვიდეულში ორი ქართველი ხართ.
– მეორე ქართველი გახლავთ ცისანა გიორგაძე, რომელმაც ასევე, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. სხვათა შორის, იქ ძალიან კარგი თვალით უყურებენ ქართველებს. ქართველები ძალიან მომზადებულები, ვოკალურად გამართულები და იმდენად ხმიანები ვართ, რომ ლოგიკურია ასეთი დამოკიდებულება. მიხარია, რომ არ შევარცხვინე ჩემი წინამორბედები და მათი საქართველოსადმი დამოკიდებულებაც არ გავაფუჭე.
– რაც შეეხება მოსამზადებელ ეტაპს. სამადლობელი პოსტი წავიკითხე და პირველი, ვისაც მადლობას უხდიდი, პატრიარქი იყო.
– პატრიარქი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. უწმიდესი, დაახლოებით, 7-8 წლის წინ გავიცანი. ვუმღერე, რაც ძალიან დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული და სწორედ მაშინ მითხრა: შენ მსოფლიოს დიდ სცენებზე იმღერებო. მაშინ ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. დღეს კი დადგა დღე, როცა „ლა სკალას“ სცენაზე შევდგი ფეხი და ორი წელი მომიწევს იქ დგომა. ზოგადად, პატრიარქს ჩემზე ძალიან დიდი ამაგი აქვს. ჩემი პირველი დისკიც სწორედ უწმიდესის კურთხევით ჩაიწერა.
– ვიდეოც ვნახე, თქვენი შესრულებული სიმღერის დროს აცრემლებული პატრიარქი...
– დიახ. ამ ვიდეოს ძალიან თბილი გამოხმაურება მოჰყვა. ბედნიერი ვარ, თუ ჩემი სიმღერით პატრიარქი გავახარე.
– ფაქტობრივად, რამდენიმე წლის წინ გიწინასწარმეტყველათ ეს წარმატება. თუ შეხვდით უკან დაბრუნების შემდეგ?
– დიახ, ეს წინასწარმეტყველება საოცარი ფაქტია. რამდენიმე დღეა, რაც დავბრუნდი და პირველი, რა თქმა უნდა, უწმიდესთან მივედი. ძალიან გაუხარდა ეს წარმატება, როგორც ყოველთვის, მამაშვილურად დამლოცა და მომავალშიც ძალიან დიდი წარმატებები მისურვა.
– როგორი მოლოდინი გაქვს სწავლის დაწყების წინ?
– „ლა სკალაში“ რომ ვიმღერე, კომისიის ერთ-ერთმა ცნობილმა წევრმა ასე შეაფასა ჩემი გამოსვლა: თბილი და ამავდროულად, ძალიან ძლიერი, ულამაზესი შეფერილობის ხმა და გულიდან ამოსული ნამღერი. მაგრამ მარტო ჩაბარება არ კმარა. ორი წლის განმავლობაში ძალიან რთული შრომა მომიწევს. იქ სწავლის პერიოდში თუ კარგად არ წარმოაჩინე შენი თავი, არაფერი გამოვა. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მომავალში უკეთესი შედეგები მქონდეს.
– ასეთ წარმატებას ბევრი შრომა სჭირდება, რა გზა გაიარე აქამდე?
– ნამდვილად ძალიან დიდი შრომა დამჭირდა ამ ყველაფრის მისაღწევად. რვა წლის წინ ჩავაბარე კონსერვატორიაში და ბაკალავრიატის შემდეგ მაგისტრატურაც დავამთავრე. უკვე ორი წელია, რაც ოპერისა და ბალეტის თეატრში სტაჟიორად ამიყვანეს. მანამდე კი, აქტიურად ვმონაწილეობდი კონსერვატორიაში გამართულ ყველა ღონისძიებაში. თუ რამე სპექტაკლი იყო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში, აბსოლუტურად, ყველაფერი მაქვს ნამღერი. ოპერის თეატრშიც წამყვანი პარტიები ვიმღერე, ბოლოს ქალბატონ თამარ ივერს ვუწევდი პარტნიორობას. ამ გამოცდილებამ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. ადვილი არაა, პირდაპირ „ლა სკალას“ სცენაზე გახვიდე და იმღერო, თუ მანამდე რაღაც გზა არ გაქვს გავლილი და ჩემთვის ეს გზა ოპერისა და ბალეტის თეატრია, რისთვისაც დიდი მადლობა ბადრი მაისურაძეს. უდიდესი მადლობა დიდ მაესტროს, ბატონ ლადო ათანელს და მის მეუღლეს – მანანა ჩიქოვანს. სწორედ ბატონი ლადოს შემოქმედებამ ითამაშა ძალიან დიდი როლი ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში და დღემდე მაქვს ბედნიერება, პირადად მისგან მივიღო უდიდესი გამოცდილება. უკვე ერთი წელია, ინტენსიურად მამეცადინებს და ჩემი დღევანდელი წარმატებაც სწორედ ამის შედეგია. „ლა სკალას“ შესახებ კონსულტაციები კი ლაშა სესიტაშვილთან გავიარე, რომელმაც ეს გზა ჩემამდე განვლო.
– რაც შეეხება ოჯახს, როგორი დამოკიდებულება აქვთ მუსიკასთან?
– მომღერალი არავინ მყოლია. ჩემი გვარის წარმომადგენლები კიდეც ხუმრობენ ხოლმე, წამალაშვილებს რაც ღმერთმა დაგვაკლო, ყველაფერი შენშია თავმოყრილიო (იცინის). თუმცა, დედას აბსოლუტური სმენა აქვს, სამოყვარულო დონეზე მამაც მღეროდა და ალბათ, ეს ყველაფერი მათი დამსახურებაა.
– რწმენასთან დამოკიდებულების შესახებაც გკითხავ, მით უმეტეს, რომ პატრიარქთან ასე ახლო ურთიერთობა გაკავშირებს.
– რწმენისადმი ჩემი ასეთი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ჩვენს უბანში ლომისის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარია, რომლის მშენებლობაშიც მეც ძალიან დიდი მონაწილეობა მივიღე. რელიგიისადმი განსაკუთრებული ინტერესი დედისგან მოდის. ახლა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში ვგალობ, მამა შალვა კეკელიაა მისი წინამძღვარი და ჩემი მოძღვარი. ჩემი წარმატება დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაცაა. მამა შალვას ვუთხარი, რომ ამ კონკურსზე მივდიოდი. ის ამ დროს იერუსალიმში იყო, რადგან დროის თვალსაზრისით, კონკურსი აღდგომის წინა პერიოდს დაემთხვა. მამაომ მითხრა, ახლა შენთვის მაცხოვრის საფლავზე ვლოცულობო. ამან და უწმიდესის ლოცვა-კურთხევამ, როგორც ვხედავთ, უდიდესი შედეგი გამოიღო. გარდა ამისა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნანა წერეთელს და მის მეუღლეს – ავთო წერეთელს, რომლებიც გვერდით დამიდგნენ და ყველაფერი ფინანსურად უზრუნველყვეს. რომ არა ასეთი ადამიანები, ვერც ეს წარმატება იარსებებდა. ცოტა ხნის წინ ვინიასის კონკურსზე ვიყავი და იქაც ყველანაირი ხარჯი მათ გაიღეს. სხვათა შორის, იმ კონკურსზე ექვსასი კაციდან 65-ში გავედი, მაგრამ მეორე ტურის დროს ძალიან ცუდად გავხდი, კარგად ვეღარ ვიმღერე და სამწუხაროდ, გამოვეთიშე.
– ბოლოს, პირადი ცხოვრების შესახებაც მოგვიყევი.
– მყავს მეუღლე და ხუთი წლის ქალიშვილი. ძალიან რთულია, როცა ოჯახი გაქვს და ხშირად გიწევს ქვეყნიდან წასვლა, მით უმეტეს, ახლა, როცა ორი წლით მივდივარ. მაგრამ ეს ყველაფერი ისევ ჩემი ოჯახის კეთილდღეობისა და წარმატებისთვის ხდება. რომ იტყვიან, ადამიანი თავის ბედს გრძნობსო, ასე იყო ჩემი და ჩემი მომავალი მეუღლის შეხვედრაც. მაშინ სიონში ვგალობდი. ერთ-ერთი ლოცვის დამთავრების შემდეგ, ტაძრიდან გამოვედი და შორიდან ლამაზი გოგონა დავინახე. მაშინვე ჩემს მეგობარს ვუთხარი, ეს გოგონა ჩემი ცოლი უნდა გახდეს-მეთქი. ნინოც ამ ეკლესიის მრევლი იყო და ყველანაირად შევეცადე, მასთან ურთიერთობა ამეწყო. დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით დავაგვირგვინეთ.
скачать dle 11.3