კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღიარა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობა და რა გზავნილი გამოუგზავნა ერევანმა თბილისს

მართალია, ლარსის გამშვები პუნქტი გაიხსნა და რუსეთიდან სომხეთისკენ მიმავალი ტვირთებიც მიაღწევს ადრესატამდე და, პირიქით, თუმცა მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ერევნიდან უცნაური განცხადებები გაისმა. კერძოდ, ტრანსპორტის მინისტრმა „იუჟნაია ოსეტიას“ გავლით მოითხოვა სომხური ტვირთების გამოტარება. ეს კიდევ არაფერი, რომ არა ერთი მაგრამ: ერევნელმა ჩინოვნიკმა ბრძანა, საქართველოსა და „იუჟნაია ოსეტიას“ შორის პოლიტიკური გაუგებრობააო, რაც თბილისში ადეკვატურად აღვიქვით: ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირისთვის თბილისი და ცხინვალი ორი სუბიექტი ყოფილა. ეს სომხეთის ხელისუფლების თვითშემოქმედებაა, ერთი მინისტრის წამოცდენა თუ რუსული გზავნილია, რომ ამ ჩვენი სეპარატისტების ამღიარებლებს შესაძლოა, კიდევ ერთი დაემატოს, –  ამ საკითხს პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად გავარჩევთ.
– მხოლოდ სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის შემოქმედებაა ცხინვალის რეგიონიდან გზის გახსნა სომხეთისთვის? მხოლოდ ეკონომიკურ საკითხს უკავშირდება თუ შესაძლოა, ამ მოთხოვნაში პოლიტიკური კონტექსტიც იკითხებოდეს?
–  თავისთავად, ცხადია, სომხეთის გეოპოლიტიკური მდებარეობა და მდგომარეობა განაპირობებს გარე სამყაროსთან უმოკლესი და ალტერნატიული კავშირების ძიებას. სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთია და მასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საიმედო გზა არსებობს –  ლარსის გამშვები პუნქტის სახით. თუმცა ეს გზა სარისკოა, იმიტომ რომ, დევდორაკიდან მოწყვეტილი მასა ხშირად ხერგავს გზას და, ამდენად, ცხადია, სომხეთს სურს სხვა გზებითაც დაუკავშირდეს რუსეთს. ასევე, სომხეთშია რუსეთის სამხედრო ბაზაც, რომლის მნიშვნელობა მოცემულ ეტაპზე გაიზარდა.
– ტერორიზმის საფრთხე, თურქეთის ფაქტორი…
– დიახ და ეს უკვე იმასაც განაპირობებს, რომ არა მარტო სომხები არიან დაინტერესებული რუსეთთან სხვა დამაკავშირებელი არხების არსებობით, არამედ –  რუსებიც. მაგრამ რეალური პერსპექტივა ამ საუბრებს არ აქვს ყველასთვის გასაგები და ცხადი მიზეზით. ამიტომ არავისთვის საკვირველი არ იყო საქართველოს პოზიცია, როდესაც მან სომხეთის ბოლოდროინდელ განცხადებებზე მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამ თემაზე საუბრის დაწყებას ხელს უშლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სეპარატისტული ხელმძღვანელების შეუცვლელი პოზიცია, რომელიც მათი მხრიდან კომპრომისს გამორიცხავს, ჩვენი მხრიდან გონივრულ დათმობაზე წასვლის შემთხვევაში, თუ ჩვენ ჩვენს მეზობელ სომხეთს ანგარიშს გავუწევთ. თუმცა ეს საუბრებიც არახალია, მანამდე ლაპარაკი იყო რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენაზე. აქაც რუსეთის წარმომადგენლებმა ფანტასმაგორიული განცხადებები გააკეთეს, რომ ამ გზის აღდგენაზე უნდა ისაუბრონ აფხაზეთისა და საქართველოს ხელისუფლებებმა, რადგან, უპირველესად, ისინი უნდა იყვნენ აღდგენით დაინტერესებულებიო. ეს მოწყვეტილია ყოველგვარ ჯანსაღ აზროვნებას, რამდენადაც საყოველთაოდ ცნობილია, რომ რკინიგზის არარსებობით ყველაზე მეტად ზარალდება სომხეთი, ამის შემდეგ ინტერესი აქვს რუსეთს; რა თქმა უნდა, კომუნიკაციები რაც მეტია, უკეთესია საქართველოსთვისაც, მაგრამ ამასაც ცხადი და ცნობილი მიზეზები აბრკოლებს.
– სომხეთს განცხადებების დონეზე რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა, დამატებითი საკომუნიკაციო ხაზი გაეჭრა, მაგრამ ფორმულირებას აქვს დიდი მნიშვნელობა, როდესაც ცალკე სუბიექტად მოიხსენიებენ „იუჟნაია ოსეტიას“, ანუ ირიბად სომეხმა მინისტრმა აღიარა ცხინვალის რეგიონი?
– არანაირი არაპირდაპირი მინიშნება, საკმაოდ პირდაპირი პოზიცია გაცხადდა, რადგან მხოლოდ ჩვენ, ქართველებს, არ მოგვეთხოვება სომხების პრობლემების გაგება. მათაც მოეთხოვებათ ჩვენი პრობლემების გაგება და გულთან ახლოს მიტანა, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი მოძმე ხალხი არ აკეთებს. ამდენად, ცხადია, როდესაც გაეროში სომხეთი არ აძლევს ხმას ქართველი დევნილების მშვიდობიან და ღირსეულ დაბრუნებას თავიანთ ისტორიულ, მუდმივ და მკვიდრ საცხოვრებელ ადგილებში, აქ უკვე ცალსახა მხარდაჭერაა არსებული სტატუსკვოსი. არადა იმას, რომ საქართველო ვერ აკონტროლებს თავისი ტერიტორიის 22 პროცენტს და რომ ისინი ოკუპირებულია, ამას აღიარებს მთელი მსოფლიო რუსეთისა და მისი რამდენიმე ოდიოზური მოკავშირის გარდა.
– მგონი, რუსეთს მხოლოდ ვენესუელა და ნიკარაგუა დარჩა მხარდამჭერად ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარების საქმეში.
– ამიტომ ვთქვი, რამდენიმე; მგონი, ნაურუმაც კი გადაიფიქრა აღიარება. ანუ ჯუჯა-სახელმწიფოებადაც ვერ იქცნენ აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი. ამიტომ საღ აზრსაა მოკლებული პოზიცია, როდესაც მხარს არ უჭერ სამკვიდრო ადგილებში დევნილების დაბრუნებას, მაშინ, როდესაც ჩვენ, ქართველები, ვსაუბრობთ იმაზე, რომ მზად ვართ, ვილაპარაკოთ საქართველოდან წასული ოსების დაბრუნებაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათთვის  მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებაზე. ამით ჩვენს ძალიან ახლო პარტნიორულ ურთიერთობებს სომხეთთან ჩრდილი ადგება. ჩვენ დავივიწყეთ 1918 წელი; შეცდომები დაშვებული სომხების მიერ, ქართველების მიერ; ჩვენ დავივიწყეთ და არ ვიმჩნევთ, რომ არსებობდა ბაგრამიანის ბატალიონი და მისი „საქმენი საგმირონია“ და ამ დროს სომხეთის მხრიდან გვესმის მხოლოდ  მოთხოვნა, რომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება, გაატარონ ტვირთები. კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ასეთი თხოვნა, გავიგოთ მათი საჭიროებები და მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი, რომელთანაც სომხეთს აქვს კონფლიქტი და თურქეთი, რომელთანაც აქვთ ისტორიული კონფლიქტი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან, განვიხილოთ სომხეთისთვის ალტერნატიული გზების გახსნის საკითხი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი განცხადებები არ გაკეთდება: ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი არ იქნება მოხსენიებული საქართველოს თანასწორ მხარედ ამ მოლაპარაკებებზე და თუ გადაიდგმება სხვა, შემხვედრი ნაბიჯები სომხების მხრიდან.
– შესაძლოა, გავიგოთ სომხეთის მოტივაცია, როდესაც დევნილების დაბრუნებაში არ გვიჭერენ მხარს, იმიტომ რომ, თავად მოუწევთ მაშინ აზერბაიჯანელი ლტოლვილების დაბრუნება ყარაბაღში. მაგრამ ამ „იუჟნაია ოსეტიას“ თანასწორ სუბიექტად  გამოყოფა თვისებრივად სხვა მესიჯი იყო. მუქარისმაგვარი ხომ არ არის, ვაღიარებო?
– მუქარა არა, მაგრამ გარკვეულწილად, გაღიზიანებული ტონია, რაც დიპლომატიურ დონეზე არ უნდა ფიგურირებდეს. მით უმეტეს, რომ ჩვენ, რთული ვითარების მიუხედავად, რომელშიც ვიმყოფებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ბევრჯერ დავუდასტურეთ ჩვენი კეთილი ნება სომხეთს. მახსოვს შევარდნაძის ინიციატივა მისი ერთ-ერთი ვიზიტისას სომხეთში. მან ტერ-პეტროსიანს შესთავაზა, ვიფიქროთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთმა გაიყვანოს თავისი რკინიგზა და ჰქონდეს თავისი ტერმინალები რომელიმე პორტშიო.
– მახსოვს და არ მომეწონა დიდად ეს ინიციატივა. მერე არ თქვან, ეს მკვიდრად სომხური მიწაა, თორემ რკინიგზას ან ნავსადგომს რა უნდა სომხურსო?
– არ იტყვიან… მაგრამ ჩვენ გვახსოვს 1918-1921 წლის მოვლენები, პასეანსი, რომელიც მაშინ კავკასიაში გაიშალა გერმანიისა და ინგლისის მხრიდან მონაცვლეობით. ამგვარი ისტორიული რემინესცენციები უცხო არ არის გარკვეული წრეებისთვის სომხეთში, მაგრამ ეს გარკვეული წრეები სომხურ პოლიტიკაში ამინდს არ ქმნიან და ვერ შექმნიან. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს მზად ვართ ყველანაირი ხელშეწყობისთვის სომეხი ხალხისთვის.
– სააკაშვილის დროსაც განიხილებოდა პროექტი,  რომ სომხეთიდან პირდაპირ დაკავშირებოდნენ აჭარას საგზაო მაგისტრალით.
– დიახ, გოდერძის უღელტეხილის მეშვეობით. მგონი, ახლა შეჩერებულია ეს სამუშაოები, მაგრამ 2017 წელს აღდგება ადიგენი-ხულოს გზის მონაკვეთი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. შესაძლოა, ისევ დავუბრუნდეთ ამ პროექტს, რომ, უპირველესად, განვითარდეს ჩვენი ახალციხე, ახალქალაქი და სომხეთს ჰქონდეს კომუნიკაციის ახალი საშუალება, რათა ის ნაკრძალად და დახურულ ტერიტორიად არ გრძნობდეს თავს. სომხები იმსახურებენ, რომ ცხოვრობდნენ კარგად, განივითარონ თავიანთი დემოკრატია. რაც მთავარია, ჩვენ არასდროს გადაგვიხვევია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იმ პოზიციიდან, რომ მზად ვართ, ყარაბაღის კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკების მაგიდასთან და რომ დაუშვებლად მივიჩნევთ ომის განახლებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის გამო. ჩვენ კატეგორიულად ვუჭერთ მხარს იმას, რომ ყოველგვარი ფანტაზიები შორეულ წარსულში ტერიტორიების ფლობის შესახებ, უნდა გადაწყდეს ცივილიზებულად, იმიტომ რომ, კანიბალური ხოცვა-ჟლეტა ოცდამეერთე საუკუნეში არის რელექტური ცნობიერების გამოვლინება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ რეგიონში დომინირებას უნდა მიაღწიოს აზერბაიჯანმა და მან თავისი ენერგეტიკული რესურსების სიმრავლის გამო უნდა დაჩაგროს სომხები –  არა, ყველაფერი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად და ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი კავკასია, სადაც წამყვანი იქნება სამი სახელმწიფო: ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები და ავტონომიური წარმონაქმნების მცხოვრებლები; ასევე, ჩვენი ძმები ჩრდილო კავკასიელები რუსეთთან შეთანხმებული პოლიტიკის კონტექსტში, თურქეთი და ირანი. ამის გარეშე ჩვენ კიდევ 20-30 წელი გვექნება რესურსი, რომ ვჟლიტოთ ერთმანეთი. მაგრამ ტონი, აბა, ერთი ჩვენ გვჭირდება და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს მოელაპარაკოს საქართველოო, სცილდება დიპლომატიური ეტიკეტის ჩარჩოებს.
– ჩვენ გვესმის, რომ სომხეთს უნდა ჰქონდეს ღირსეულად ცხოვრების უფლება, გასასვლელი ზღვაზე, შეუზღუდავი კომუნიკაციები და სხვა, მაგრამ სომხეთიც იმავეს ფიქრობს საქართველოსთან მიმართებით?
– ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ, რომ სომხეთში არის ნაციონალისტურად განწყობილი ძალები, რომლებსაც, მე ვფიქრობ, სადღაც დროსა და სივრცეში აცდენილი წარმოდგენები აქვთ თავიანთ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. მაგრამ, ჩემი აზრით, ისინი სომეხ საზოგადოებაში ამინდს ვერ ქმნიან და ვერც შექმნიან. მათ უნდა ესმოდეთ, რომ მავთულხლართის გორგალის უკან დგანან ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებული ძალები; რომ ჩვენ ვერ მოვაწერთ ხელს ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს თავის შეიარაღებულ ძალებს ოკუპირებული რეგიონებიდან. მაგრამ, როგორც კი გავლენ, ჩვენ იმ დღესვე ავიღებთ ვალდებულებას, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ოსებისა და აფხაზების წინააღმდეგ. ამავე დროს ჩვენმა ძმებმა, ოსებმა და აფხაზებმა, პირობა უნდა დადონ, რომ ისინი ეტაპობრივად დააბრუნებენ დევნილებს თავიანთ სამკვიდრო ადგილებში. მხოლოდ ასეთ პირობებშია შესაძლებელი ახალი მაგისტრალების გახსნა, თორემ საქართველო არ არის თავზე ხელის წამოსარტყმელი პატარა ბიჭი. ჩვენც გვაქვს ჩვენი მექანიმზები საიმისოდ, რომ არ დავიჩაგროთ იმ ისტორიულ პროცესში, რომელმაც გვარგუნა დიდი ბედნიერება დამოუკიდებლობის სახით. და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ გაჭირვებას ვიტანთ, ამ ჩვენს დამოუკიდებლობასაც როგორმე მოვუვლით.
– საქართველოს ხელისუფლებამაც ხომ შეიძლება, შესთავაზოს შემხვედრი ინიციატივა სომხეთს, მოელაპარაკოს თავის სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთს და როკის გვირაბთან ჩააყენონ ქართველი მებაჟეები და მესაზღვრეები, რომლებიც შეამოწმებენ ტვირთს და გაატარებენ სომხეთისკენ?
– ამაზე ადრეც იყო საუბარი. თუ გახსოვთ, როდესაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრიანდებოდა, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სეპარატისტულ რეგიონებში უნდა ჩამდგარიყო შვეიცარიული კომპანია, რომელსაც უნდა შეემოწმებინა და გამოეტარებინა ტვითრები. ჩვენ ამ პირობით დავთანხმდით რუსეთის გაწევრიანებას, მაგრამ ეს დანაპირები არ შესრულდა.
– რამე ტვირთს ვატარებთ იმ შემოსასვლელებიდან?
– ვატარებთ თუ არა, რუსეთიდან ის სივრცე თავისუფალია და რაღაც პროდუქცია შედის და გადის აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში. ეს უკონტროლო სივრცეა. ანუ ის შეთანხმება არ შესრულდა და ახლაც არ მგონია, რუსეთმა პრინციპული პოზიცია დაიკავოს სეპარატისტებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სეპარატისტული ხელისუფლება რუსული ავტომატის ლულების ქვეშაა, რუსეთმა მიაღწია თავის სტრატეგიულ ამოცანას ამ ეტაპზე: 1999 წელს სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილებით საქართველოდან გატანილი თავისი სამხედრო ბაზები, ფაქტობრივად, ისევ დააბრუნა საქართველოს ტერიტორიაზე.
– და სტრატეგიულად გაცილებით მომგებიან ადგილებში.
– კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია. გადაჭარბებულია იმის თქმა, ვინც ფლობს კავკასიას, ფლობს მსოფლიოსო, მაგრამ ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში კავკასიის მნიშვნელობა დიდია. ასე რომ, ვფიქრობ, ცოტა ამერიკელების მიდგომების სისუსტე ასრულებს მნიშვნელოვან როლს იმაში, რომ ჩვენ ეფექტიანი საშინაო და საგარეო პოლიტიკა არ გვაქვს, რადგან ამერიკის მხარდაჭერა, მართალია, სოლიდურია, მაგრამ არ არის ეფექტიანი. ამდენად, რუსეთმა შეასრულა თავისი სტრატეგიული ამოცანა: მან ისევ გადმოლახა კავკასიის საზღვრები და ჩადგა თავისი სამხედრო ბაზები ცხინვალსა და აფხაზეთში. ახლა მას შეუძლია, ნებისმიერ დროს სამხედრო ძალით ჩაერთოს ნებისმიერ კონფლიქტში და ზეწოლა აწარმოოს პოლიტიკურ პროცესებზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ მხოლოდ იმას, რომ ობამას ან ამერიკის მორიგი პრეზიდენტის რუსეთის პრეზიდენტ პუტინთანთან მოლაპარკებების დღის წესრიგში ეს იყოს ერთ-ერთი პირველი საკითხი.

скачать dle 11.3