კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გმირობა ჩაიდინა რეალურ ცხოვრებაში ზურა ინგოროყვამ და რატომ გამოდის მისი შვილი ჭოლას შვილიშვილი

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” კატოს ახალი პარტნიორი გამოუჩნდა – გმირი ჯარისკაცი კოტე. სიტყვაძუნწი, დინჯი და თავშეკავებული გმირის როლს, მსახიობი ზურა ინგოროყვა ასრულებს. მას მაყურებელი კარგად იცნობს რუსთაველის თეატრში განსახიერებული არაერთი შესანიშნავი როლითა და სხვადასხვა სატელევიზიო პროექტით. განსაკუთრებით კი ფილმში – „გასეირნება ყარაბაღში“ შესრულებული სპარტაკის როლით დაამახსოვრა თავი ფართო მაყურებელს. 

 მსახიობს საკუთარ ცხოვრებასა და საქმიანობაზე სასაუბროდ ვეწვიეთ. საბედნიეროდ, ზურა კოტესავით სიტყვაძუნწი რესპონდენტი არ აღმოჩნდა. 

– ზურა, რეალურად, არაფრით გგავთ თქვენი გმირი?

– ის ძალიან გაწონასწორებული და დინჯია. შინაგანად მეც დაახლოებით ასეთი ვარ, მაგრამ, მაინც უფრო ემოციური ადამიანი ვარ. 

– გმირებზე დაკვირვება ხომ არ დაიწყეთ მის გამო?

– სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, 90-იანი წლებიდან დაწყებული – დღემდე, ბევრი ცუდი რამ მოხდა. საომარ სიტუაციაში არ ვართ, მაგრამ ტერიტორიები დაკარგული გვაქვს. ბევრი ომი გამოვიარეთ და ჩემ ირგვლივ ბევრი ასეთი გმირი იყო. სამწუხაროდ, იქ ჩემი მეგობრებიც დაიღუპნენ. თუმცა, მერჩივნა, ისინი ცოცხლები ყოფილიყვნენ და არ ყოფილიყვნენ გმირები. ცოცხალი მეგობარიც მყავს, რომელიც მართლა გმირია. რუსთაველის თეატრის მსახიობია. აფხაზეთში იბრძოდა, მაგრამ ეს თვითონ არ უთქვამს, სხვისგან გავიგეთ მოგვიანებით. ერთხელ სუფრაზე მოვხვდით აფხაზეთში მებრძოლ ქართველებთან ერთად. რომ გაიგეს, მსახიობები ვიყავით, გვკითხეს, ამას თუ იცნობთო. რომ ვუთხარით, ვიცნობთო, იმდენი საოცარი გმირობა გვიამბეს, რომელიც მას ჩაუდენია, გავოცდით. თავად არასდროს მოუყოლია ამის შესახებ ჩვენთვის.  

– თქვენ თუ ჩაგიდენიათ რეალურ ცხოვრებაში გმირობა?

– იყო ასეთი შემთხვევა. ბავშვობაში მე და ჩემი მეგობარი მტკვარში ვცურაობდით. ჰესები „შლაგბაუმით“ იყო გადაკეტილი, უცბად გაუშვეს და წყალმა მოიმატა. მაშინ თვითონაც ბავშვი ვიყავი, მაგრამ, ჩემზე უფრო პატარა სამი ბიჭი დარჩა შუაში, წყალი კი იმატებდა და იმატებდა, ვერ გამოდიოდნენ და ჩვენ გამოვიყვანეთ. რაღაცეები კიდევ ყოფილა, მაგრამ ეს გმირობა არ არის, ეს არის ადამიანის ჩვეულებრივი ინსტინქტი. როგორ შეიძლება, ადამიანმა ცურვა იცოდე, იქვე იყო და სხვა არ გადაარჩინო?! ასევეა ჩემი პერსონაჟიც – მეომარია და მისი საქმე ესაა. ამიტომ არ მიაჩნია, რომ გმირობა ჩაიდინა. 

– ახლა თქვენც კოტესავით ლაპარაკობთ. კატოსნაირ ქალბატონებზე რას ფიქრობთ?

– კოტე ისეთი ტიპია, რადგან მას მოეწონა ეს გოგო, ალბათ, კარგი გოგოა. ალბათ, კი არა, ასეა. უბრალოდ, კატოს უნდა კომფორტი. არ უნდა მარტო ყოფნა, გვერდით სჭირდება მამაკაცი, რომელიც მასზე იზრუნებს და ამის მისაღწევად ყველანაირ საშუალებას მიმართავს. გვერდით კარგი მამაკაცი რომ ჰყავდეს, უფრო კარგი გოგო იქნებოდა, ვიდრე ახლა არის. ეს პერსონაჟი საინტერესოა იმითაც, რომ, საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, ძალიან ბევრია კატოსნაირი ქალი, ბევრი ამოიცნობს მასში თავს და შეიძლება დაფიქრდნენ. 

– თქვენ თუ მოგწონთ ასეთი ქალბატონები?

– მე მომწონს რაფინირებული და ინტელექტუალური ქალბატონები, რომლებსაც შეუძლიათ, ყველაფერზე ისაუბრონ. შინაგანი ინტელექტი რომ აქვთ, ისეთები – განსხვავებით კატოსგან. 

– კატოსავით აქტიური ქალბატონები?

– რატომაც არა. როცა კაცი აქტიურობს, ქალმა რატომ არ უნდა იაქტიუროს, თუკი მას რამე მოსწონს კაცში, რა არის ამაში ცუდი?! ცხოვრებაში ბევრჯერ მინახავს, როცა ვინმე ჰყვარებიათ ან მოსწონებიათ, მაგრამ ვერ გაუმხელიათ. ჩემს შემთხვევაშიც ყოფილა, რომ ადრე ვიღაცას მოვწონდი და მე ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ გამიგია. თავის დროზე რომ ეთქვა ჩემთვის, ხომ შეიძლებოდა სხვაგვარად წარმართულიყო ყველაფერი?! ადამიანმა გრძნობები არ უნდა დამალო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ზომიერების ფარგლებშია საჭირო. 

– თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

– მყავს ერთი მეუღლე (იცინის), ერთი შვილი და ერთი ძაღლი – ენჯიკო. მე და ჩემი მეუღლე, შორენა კახიანი, ოც წელზე მეტია, ერთად ვართ. ჩემი ბავშვობის მეგობრისგან გავიცანი. ჩემი ცოლი მისი მამიდაა – ასაკით პატარაა, მაგრამ მამიდად ეკუთვნის. მაშინ პატარები ვიყავით, ის სამი წლით უმცროსია ჩემზე. მე მეორე კურსზე ვსწავლობდი, ის – პირველზე. პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა, არაბისტი. ახლა „რუსთავი 2-ში” მუშაობს, „კურიერის“ ტექნიკური პროდიუსერია. ჩვეულებრივი ქართული ოჯახი გვაქვს. ინსტიტუტს ვამთავრებდი, როცა დავქორწინდით და მას შემდეგ ერთად ვართ.

– ქალბატონებში რომ პოპულარული ხართ, ამას როგორ ეგუება მეუღლე?

– არ აქვს არანაირი პრობლემა. ცოლქმრობა, პირველ ყოვლისა, სიყვარულის შედეგია, მაგრამ, ეს ყველაფერი მერე თუ ურთიერთპატივისცემასა და გაგებაში არ გადავიდა, წყვილმა თავიდან ბოლომდე არ შეიცნო ერთმანეთი, ხდება გარკვეული განხეთქილებები. თუ ნდობა არ არის, ოჯახი ინგრევა. ჩვენ იმიტომ ვართ და კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად, რომ ერთმანეთს თვალდახუჭული ვენდობით. საერთოდ, ეჭვიანი ადამიანი, ვფიქრობ, ძალიან ცოდოა, რადგან ეს დიდი ავადმყოფობაა. 

– კოტე საკმაოდ მკაცრია. კატოს მასზე ლაპარაკიც კი აუკრძალა. თქვენ როგორი მეუღლე ხართ?

– მე ვფიქრობ, რომ ასეთი არ ვარ. ალბათ, ჩემი მეუღლეც ასე ფიქრობს, რადგან, ამდენი ხანია, ერთად ვართ. ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ. როცა ვინმეს ნდობა გაქვს, რატომ უნდა აუკრძალო რამე, ეჩხუბო ან დასაჯო?! ოჯახში კონფლიქტი ყოველთვის ხდება სხვადასხვა წვრილმანზე და ჩვენთანაც ასეა, სხვაგვარად არც იქნება საინტერესო; მაგრამ, ზოგადად, ვფიქრობ, რომ კარგი მეუღლე ვარ.

– შვილი, როგორც ვიცი, თქვენს გზას გაჰყვა. გაგიხარდათ მისი არჩევანი?

– ყველა პროფესია რთულია, მაგრამ ამას განსაკუთრებით რთულს იმიტომ ვეძახით, რომ, სწავლისა და ნიჭის გარდა, კიდევ სხვა რაღაც არის საჭირო. არ ვიცი, ბედნიერ ვარსკვლავზე უნდა იყო დაბადებული თუ იღბალი უნდა გქონდეს, რომ გაგიმართლოს. შეიძლება, გადააკვდე, ძალიან ბევრი იშრომო, მაგრამ ის „რაღაც“ არ გქონდეს და, ნიჭის მიუხედავად, ვერ მიაღწიო იმას, რასაც შეიძლება შენზე ცოტა უნიჭომ მიაღწიოს, რადგან მას ის „რაღაც“ აქვს, რაც საჭიროა. ეს ვის აქვს, მერე და მერე გამოჩნდება. რომ უყვარს, უნდა და შრომობს, ვიცი, მაგრამ, ექნება თუ არა ის, რაზეც მე ვლაპარაკობ, არ ვიცი და, ამიტომ არ მინდოდა მსახიობობა აერჩია. მაგრამ მან ასე გადაწყვიტა. თან, ჩემი პედაგოგის –  ჭოლას მოსწავლეა. ჭოლას პირველი სტუდენტი მე ვიყავი, ახლა პირველი შემთხვევაა, როცა მისი სტუდენტის პირველი შვილი ჰყავს მოსწავლედ. ფაქტობრივად, ჭოლას შვილიშვილია (იცინის).

– „გასერნება ყარაბაღშიც“ მეომრის როლი გაქვთ. იქაც სიტყვაძუნწი და დინჯი ადამიანის როლს თამაშობთ. ეტყობა, მართლა დევს თქვენში მსგავსი თვისებები?

– არ ვიცი, ეს რეჟისორებს უნდა ჰკითხოთ. კოტეს როლს რომ დავთანხმდი, პირველი ის ვიფიქრე: კოტე სპარტაკი არ იყოს-მეთქი. ამითაც ძალიან დავინტერესდი. ფაქტობრივად, იდენტურები არიან, მაგრამ შინაგანად ძალიან განსხვავდებიან. ამ შემთხვევაში მსახიობი დილემის წინაშე დგება. თუ განმეორდი, ეს ძალიან ცუდია. გავრისკე და, ჯერ არავის უთქვამს, რომ კოტე და სპარტაკი ერთმანეთს ჰგავსო. ერთადერთი, ჩემმა მეგობარმა პაატა გულიაშვილმა მითხრა, ხომ არო? მას არც ჰქონდა სერიალი ნანახი, უბრალოდ, მკითხა. უცხოეთში არიან მსახიობები, რომლებიც სულ ერთი ჟანრის ფილმებში თამაშობენ. ძალიან მაგარი უნდა იყო, რომ ყველაფერში ითამაშო. ამ როლზე, ალბათ, სპარტაკიდან გამომდინარე დამიძახეს. რადგან ის შედგა. ამის შიშიც არ ექნებოდათ, მაგრამ მათ ინტერესებშიც იყო, რომ სპარტაკი და კოტე არ ყოფილიყვნენ ერთნაირები. მესამეჯერაც თუ შემომთავაზეს მსგავსი როლი, გამოდის, რომ კინორეჟისორები მხოლოდ ჯარისკაცად მხედავენ და აღარ დავთანხმდები (იცინის). 

скачать dle 11.3