კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უშლის ხელს ანა ალექსიშვილის სიყვარულს დისტანცია და ვინ აქცია ის ჯადოქრად

უკვე ყოველ კვირა საღამოს, 10 საათზე, GDS-ის მაყურებელს შეუძლია ისიამოვნოს ახალი ქართული პროდუქტით. სერიალის მიმდინარეობისას, სანამ გმირები პირველ ქართულ სიტყვას არ იტყვიან, რთულია, მიხვდე, რომ მაგალითად, HBO-ს სერიალს არ უყურებ... უი, მართლა, HBO-ზე გამახსენდა: GDS-მა ამერიკული მედიაგიგანტის სუპერპოპულარული სერიალები შეიძინა და, ყველაფერ იმას, რის გამოც ღამეები გვითენებია და ინტერნეტის საშინელ ხარისხში გვიყურებია, შეგვიძლია, კომფორტულად ტელევიზორში ვუყუროთ. მანამდე კი „პარადოქსს” დავუბრუნდეთ: ჟღალთმიანი ანა ალექსიშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსს ებრძვის.

 

– შენგან სატელევიზიო და კინოროლებით განებივრებული არ ვართ...

– მაყურებელი თეატრიდან მიცნობს. სხვათა შორის, ქასთინგებიდან როცა მირეკავდნენ, ყოველთვის მივდიოდი, მაგრამ, სულ რაღაც პრობლემა იყო:  ქართველს არ ჰგავხარ... ის ტიპაჟი არ ხარ, ვინც გვჭირდება... შენი თმა ძალიან ყვირის... უი, ძალიან წითელია შენი თმა... ეს ის შემთხვევა იყო, რომ პირიქით, ჯაბას ზუსტად ეს წითელი თმა მოეწონა. მესამე სერიაში შემოვდივარ. პირველი სერია რომ ვნახე, გავგიჟდი ისე მომეწონა. სანამ გმირები ქართულად ლაპარაკს დაიწყებდნენ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ არის გადაღებული. აქამდე ქართულ კინოში ფანტასტიკისა და ჰორორის ელემენტები იყო, მაგრამ, ძალიან მწირად. მოკლედ, ვუყურე და ვთქვი: „მინდა!” ძალიან გამიხარდა, რომ ამიყვანეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სერიალში თამაში ყველას უხარია. მივხვდი იმასაც, რომ ამ ყველაფრის ნაკლებობას განვიცდი. თეატრი მაინც სხვა სპეციფიკაა, სხვა რაღაცეებს ითხოვს მსახიობისგან, კინოკამერა კი მინიმალიზმს მოითხოვს, ელემენტარულად, ოდნავ ზედმეტ მიმიკასაც კი მტკივნეულად და უხეშად აღიქვამს. საშინლად ვნერვიულობდი. წყალტუბოში გვქონდა გადაღება და ისეთი სცენა მქონდა სათამაშო, რომელიც, აი, ზღვარზე უნდა გამეკეთებინა. საშინლად ვინერვიულე, არ მინდოდა, რომ რამე ზედმეტი მომსვლოდა. თან, ისეთი სერიალია, ყველა სერია რომ ცალკე, დამოუკიდებელი ფილმია, თავის კულმინაციით. როგორც ჩანს, ჯაბამაც შემატყო ეს ნერვიულობა, მოდიოდა და მეუბნებოდა, არ ინერვიულო კარგიაო (იცინის). გადამღებ ჯგუფზეც მინდა ორი სიტყვა ვთქვა. ყველა ძალიან კაი ტიპია, ჩემნაირები და, არ განვიცდი რამე დაძაბულობასა და უხერხულობას. თუ რამე ისე არ გამოგივა, როგორც გინდა, არა უშავს, ოთხმოცდამეათე დუბლს გადავიღებთ – და მე ვარ უბედნიერესი, ისეთი ბედნიერი, რომ პირველივე დუბლი გამომდის (იცინის). თან, რაღაც სხვა სტანდარტით მუშაობენ: მიკითხვა, წამოყვანა, თუნდაც ინტერვიუს შეთანხმება... შენთან ინტერვიუზეც პროდიუსერმა დამირეკა (იცინის). მოკლედ, ცოტა ვარსკვლავივით რომ გრძნობ თავს, კარგია.

– შენი გმირი ვინაა? უცხოპლანეტელი თუ ჩვენი ცივილიზაციის შვილი?

– (იცინის) არა, ჩვეულებრივი გოგო ვარ, გვანცა, ადამიანი, რომელიც გადაურჩა ვირუსს. ისიც გარბის და ეძებს გამოსავალს. თორნიკესა და ნანკას გმირებით იწყება ყველაფერი, მერე მათ სხვა გადარჩენილებიც უერთდებიან და ეძებენ ადგილს, თავშესაფარს, გამოსავალს, გადარჩენის ხერხებს. გვანცა ძალიან თავისუფალი, თანამედროვე, ჯინსიან კედებიანი გოგოა, რომელსაც უყვარს კითხვა და ბევრ რამეზე აქვს ინფორმაცია. ქართული თემების გადმოსახედიდან, საკმაოდ თამამი გოგოა, ქალიშვილობას და მსგავს რაღაცეებს არ დაეძებს. ჭკვიანი, რაციონალური ტიპია, ცივად მოქმედებს. როდესაც მის წინ ზომბი დგას, პანიკაში არ ვარდება და ფიქრობს, როგორ ჯობია, რომ მოიქცეს. მაგრამ, ეს პანიკაში არჩავარდნა გროვდება, გროვდება და მერე ემართება ის, რისი წინასწარ თქმაც არ მინდა და რის თამაშზეც ვინერვიულე (იცინის). 

– როგორ მიიღებს ამ სერიალს მაყურებელი?

– არ ვიცი, ხშირად ვფიქრობ ამაზე. ჩვენი მაყურებელი სულ სხვა ტიპის სერიალებსაა მიჩვეული, მაგრამ, ისიც მამშვიდებს, რომ ჩვენი თაობის ადამიანები ღამეებს ათენებენ კომპიუტერთან ამერიკული სერიალების ყურებაში და გიჟებივით ველოდებით ახალ სეზონებს. ყველანი სულმოუთქმელად ველით, როგორ მიიღებს ამ ყველაფერს მაყურებელი. ჩვენი შემოქმედება მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღიქვამს მას ხალხი.

– თეატრშიც პრემიერისთვის ემზადები?

– დიახ, დათო დოიაშვილი „ლურჯ ფრინველს“ დგამს. „რუსთავი 2-ზე“ რაც ნახეთ იმის თეატრალურ ვერსიას და მე და არჩილ სოლოღაშვილი ვართ ომი – ომს ვასახიერებთ და თან სიმღერა მიწევს. სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინია ეს ამბავი. ოცდამეერთე საუკუნეში თუ ხარ მსახიობი, უნდა იმღერო კიდეც, აკრობატული ილეთებიც უნდა აკეთო და ყირაზეც უნდა დადგე, სხვანაირად არ გამოდის, თამაშზე და ოსტატობაზე აღარ ვლაპარაკობ. მოკლედ, თუ გინდა, რომ იყო მაგარი მსახიობი, ჯადოქარი უნდა იყო. 

– ძალიან დატვირთული პერიოდი გაქვს.

– დიახ, ფაქტობრივად, თეატრში ვცხოვრობ.  იმ დღეს გადაღებაც გვქონდა და დოის დავუჩოქე – იქნებ, ექვსზე გამიშვა-მეთქი. შანსი არ არის, რომ პრემიერის წინ ოცდაოთხსაათიან რეჟიმს ასცდე. სახლში რომ მივდივარ, საწოლს რომ დავინახავ, ჯერ ვიძინებ და მერე ვწვები (იცინის). 

ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრება ძირითადად ასეთია. თებერვალშიც ოთხი სერიის გადაღებას ვაპირებთ და, ეჭვი მაქვს, კატასტროფული რეჟიმი მექნება. 

– ვიცი, რომ შენს პირად ცხოვრებაშიც სიახლეებია, ამასთან დაკავშირებით რას მეტყვი?

– ბევრს ვერაფერს, მაგრამ, ერთი შემიძლია, ვთქვა, რომ, ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად არის, იმაზე კარგად, ვიდრე ოდესმე შეიძლებოდა, წარმომედგინა. მინდა, მთელი ცხოვრება ისეთი ბედნიერი ვიყო, როგორიც ახლა ვარ, აუცილებლად ვიქნები და, მგონია, რომ კიდევ უფრო მეტად ბედნიერიც ვიქნები, ისეთი შესაძლებლობებია. მაგრამ, ამავდროულად, რაღაც-რაღაცეების გამო, ეს ბედნიერებაც ძალიან რთულია. მივხვდი, რომ ბედნიერებისთვის უნდა იბრძოლო – ეს მარტივი გზა ნამდვილად არ არის. როდესაც ხვდები, რომ ის „რაღაც” შენთვის ძალიან კარგია, ყველაზე მთავარია შენს ცხოვრებაში, არ უნდა შეგეშინდეს, არ უნდა წახვიდე კომპრომისზე. შიში ბედნიერებას ხელს უშლის, კომპრომისზე მიდიხარ, გეშინია რაღაცის დაკარგვის, ის შანსი, შეიძლება, ძალიან მალე გაქრეს. როდესაც გხვდება ახალი კარი, თუ ვერ აღებ, უნდა შეანგრიო. რამდენიმე დარტყმის მერე მაინც გააღებ, არ არსებობს. ამიტომ, არ უნდა დაანებო თავი.

– ამბობენ, რომ ბედნიერება შენი პროფესიის ადამიანებისთვის კიდევ უფრო რთული მისაღწევია, ფუფუნებაა.

– მხოლოდ დროის უქონლობის გამო არა, ეს არ არის მხოლოდ საქმე, რომელიც ბევრ დროს გართმევს; ეს ცხოვრების წესია, სიყვარულია, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას, ემოციებს მოითხოვს. ამიტომ, ძალიან რთულია ისეთი ადამიანის ნახვა, რომელიც თავიდან ბოლომდე დაგიდგება გვერდში, რომელიც შენ ყოველ ნაბიჯს აუწყობს ფეხს. სიმართლე რომ ვთქვა, ის რომ ჩემი ტიპი იყოს, მსახიობი და, მე – არა, ალბათ, გავგიჟდებოდი. თუნდაც ტელეფონზე რომ ელაპარაკები და რაღაცას შენთვის ძალიან მნიშვნელოვანს უხსნი და, უცებ, – „უი წავედი, მეძახიან,” – თან, ეს პერმანენტულად. თითქოს შენ საერთოდ არ გისმენს და  გონება სულ სხვაგან  აქვს. ამ დროს, ვუსმენ, მაინტერესებს მთელი გულით, მაგრამ, სულ ჩართული ვარ საქმეში, პარალელურად სულ ვფიქრობ, რა როგორ უნდა გავაკეთო, მაგალითად, როგორ განვასახიერო ომი, საიდან გამოვუშვა ცეცხლი და  როგორ ჩამოვფრინდე ეფექტურად. ჩვენს საქმეში უფრო მეტად, მაგრამ, მგონი, ყველა პროფესიაში ასეა, ვისაც უყვარს თავისი საქმე, სულ განვითარებაზე ფიქრობს და საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს. 

– დისტანციური სიყვარული თუ გამოდის?

– თუ ეს ნამდვილი სიყვარულია აუცილებლად გამოდის. დისტანცია ხელის შემშლელია მაშინ თუ ამით იღლები; და თუ იღლები და არაფერს აკეთებ, რომ სიტუაცია შეიცვალოს, ესე იგი, ეს სიყვარული არ არის. ჩემი თავიდან გამომდინარე გეტყვით, რომ საერთოდ არ ვფიქრობ, რა იქნება მომავალში. ჩვენ ორ შორის ისეთი რაღაც არსებობს, დარწმუნებული ვარ, რომ ამას მომავალი აქვს და, თან, ძალიან ბედნიერი. ყველაფერი ისე აეწყო, რომ მე თვითონ შოკში ვარ. დაუჯერებელ ამბავს ჰგავს, თუ როგორ აეწყო მოვლენები ჩემს ცხოვრებაში, არაფერს არ ველოდი და, უცებ – ბახ, ბახ, ბახ – და თითზე ბეჭედი მიკეთია. ის, რაც ჩნდება შენს ცხოვრებაში უნდა დაინახო, უფრო სწორად, აუცილებლად დაინახავ, მაგრამ, უნდა იგრძნო, რომ ეს ის არის და ხელი არ უნდა გაუშვა. ასე ადვილიც არ არის ყველაფერი. ადამიანები ვერ ხვდებიან ზუსტად, რა არის სიყვარული და რაღაც ურთიერთობაზე მიდიან მხოლოდ იმის გამო, რომ მარტო არ დარჩნენ. რეალურად კი, თურმე, სიყვარული სულ სხვა რაღაცააა (იცინის).

– და, რა არის?

– სიგიჟე. ეს შექსპირმა თქვა ყველაზე კარგად – როდესაც გიყვარს, ადეკვატური არ ხარო. როგორ შეიძლება, ადეკვატურმა ადამიანმა გააკეთოს, ის რაც მე გავაკეთე ან მან გააკეთა, ან, საერთოდ, რასაც ადამიანები აკეთებენ?! (იცინის) თავისით ხდება ყველაფერი. აი, როგორი ჯადოსნურიცაა ბავშვის დაბადება – ვერც ხვდები როგორ და, უცებ, ახალი ადამიანი ჩნდება, უცებ ვიღაც ტიპი დადის აქეთ-იქით... ასეა სიყვარულში – ჯადოსნურად ხდება ყველაფერი, თავისთავად, ისე, რომ არც ერთი წამი არ ფიქრობ. 

 

скачать dle 11.3