კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა 10 სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება ექნებათ, ახალი კანონპროექტით, ხელბორკილის, დამაწყნარებელი პერანგისა და ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, პატიმრების მიმართ

22 იანვარს საქართველოს პარლამენტში განსახილველად კანონპროექტი შევიდა, რომლის ავტორიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა და, ამდენად, მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას პატიმრობის კოდექსში. ცვლილებები არცთუ მცირეა, თუმცა, საზოგადოების ვნებათაღელვა კანონპროექტის იმ ნაწილმა გამოიწვია, რომელიც პატიმრების მიმართ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების რაოდენობას ზრდის; მეორე მხრივ, ცვლილებების პაკეტი საკმაოდ მოცულობითია და ის, მათ შორის, ეხება პატიმრების პირობების გაუმჯობესებას.

ასე, მაგალითად, „საცხოვრებელი ფართობის ნორმა ერთ მსჯავრდებულზე ყველა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა პატიმრობის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. აგრეთვე, უნდა იყოს უზრუნველყოფილი გათბობით და ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციით.“

„ადმინისტრაციას ეკრძალება, შეაჩეროს ან შეამოწმოს კორესპონდენცია, რომლის ადრესტი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი.“

ფართოვდება იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებთან შეხვედრის უფლებაც ენიჭება მსჯავრდებულს ან ბრალდებულს წერილობითი თხოვნის საფუძველზე. ასევე, დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით, შეიძლება, ხანმოკლე პაემანი მიეცეს იმ პირებთანაც, რომლებიც არ არიან ნახსენებნი ჩამონათვალში. 

„ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გამოყენების შესაძლებლობა. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია, გარდა რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა; ასევე, პატიმრებისთვის შესაძლებელია ინტერნეტით სარგებლობა.“

გარდა სამარტოო საკანში მოთავსებულისა, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, შესაძლებელია, მიეცეს რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება სამუშაოსგან თავისუფალ დროს. ადმინისტრაციის თანხმობით, შესაძლებელია, ჰქონდეს პირადი რადიომიმღები ან ტელევიზორი. ტექნიკა შეუძლია, შეიძინოს საკუთარი ხარჯით ან მიიღოს ამანათის სახით.  

როგორც მოგახსენეთ, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება სპეციალურ საშუალებათა ჩამონათვალის გაზრდამ მიიპყრო,  ამ თემაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიციას საიას საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა გაგვაცნობს.

– როგორ აფასებთ ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც პატიმრების მიმართ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების გამრავალფეროვნებას ეხება და აქამდე რა ტიპის და რამდენი სპეციალური საშუალების გამოყენება იყო დაშვებული კანონით?

– სპეციალური საშულებების გამოყენება პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების ღონისძიებების ნაწილია, რომლებიც მიმართულია მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მიერ წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისკენ. პატიმრობის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, მხოლოდ სამი საშუალების გამოყენებაა ნებადართული. ესენია: ხელბორკილი, დამაწყნარებელი პერანგი და ცეცხლსასროლი იარაღი. კანონპროექტით, მათი რაოდენობა 13-მდე იზრდება და ემატება: დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი. კანონპროექტის მიხედვით, თითოეული ამ საშუალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

–  მკაფიოდაა განსაზღვრული კონკრეტული სიტუაციები, როდესაც ნებადართული იქნება ამ საშუალებების გამოყენება?

–  აღნიშნული შემთხვევები დიფერენცირებულია კონკრეტული სპეციალური საშუალების საშიშროების გათვალისწინებით. მაგალითად, სასამსახურო ძაღლის გამოყენება შესაძლებელია პატიმრის გაქცევისას, აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად, გაყვანა-გადაყვანისას და თავდასხმის მოსაგერიებლად. ცრემლსადენი გაზის, აკუსტიკური საშუალებისა და არალეტალური იარაღის გამოყენება შესაძლებელია პატიმრის მიერ გარშემო მყოფთა მიმართ, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, წესრიგის მასობრივი არეულობის, ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, იმ დაკავებული ობიექტის დატოვების მიზნით, სადაც თავს აფარებს პატიმარი.

– მინისტრმა სუბარმა ოპონენტებისთვის განმარტა, რომ სპეციალურ საშუალებათა ეს კონკრეტული ჩამონათვალი მათ აიღეს ევროკავშირის ქვეყნების შესაბამისი კანონმდებლობისგან, ანუ, ევროკავშირის ნორმებთან წინააღმდეგობაში არ მოდის ეს ცვლილება?

– სპეციალური საშუალებების წარმოდგენილი ჩამონათვალი არ მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასეთი რეგულირება უცხო არ არის საქართველოს სინამდვილეშიც. მაგალითად, „პოლიციის შესახებ კანონით“ დღეს პოლიციისათვის უფრო მეტი სპეციალური საშუალებაა განსაზღვრული, ვიდრე ზემოთ მითითებული კანონპროექტი ითვალისწინებს პატიმრების მიმართ. ამდენად, თუკი საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობა არ ფიქსირდება, სახელმწიფოს დისკრეციაა, განსაზღვროს, თუ რომელი ტიპის საშუალებები დასჭირდება ციხეში წარმოქმნილ სხვადახვა კრიზისულ სიტუაციასთან გასამკლავებლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ჩამონათვალი სხვადასხვა სიტუაციის მიხედვით  სპეციალურ საშუალებათა პროპორციული შერჩევის შესაძლებლობას იძლეოდეს და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ძალის გადაჭარბებულად გამოყენების რისკი.

– კონკრეტულად თქვენს ორგანიზაციას რა შენიშვნები აქვს ამ მიმართულებით?

– საიას მოსაზრებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალის გვერდით, საკანონმდებლო დონეზე ჩაიდინოს გარანტიათა მთელი კომპლექსი, რათა პრაქტიკაში მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი მათი სწორი გამოყენება. ამ ეტაპზე ჩვენი ყურადღება სწორედ ამგვარი მექანიზმების შექმნისკენაა მიმართული. სპეციალური საშუალებების გამოყენება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მართალია, არ მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგრამ, ეს სტანდარტები აწესებს მთელ რიგ  დათქმებსა და შეზღუდვებს, რასაც სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა დაექვემდებაროს. ამ დროისათვის, კანონპროექტით გათვალისწინებულია გარკვეული სახის ბერკეტები თვითნებობისაგან დასაცავად, მაგრამ, საიას მოსაზრებით, აღნიშნული გარანტიები არ არის სრულყოფილი და საჭიროებს დახვეწას. კანონპროექტში, უკვე არსებულ მექანიზმებთან ერთად, რომლებიც მიზნად ისახავს სპეციალური საშუალებების ბოროტად და თვითნებურად გამოყენების პრევენციას, უნდა დაემატოს სხვა გარანტიებიც, კერძოდ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, კანონში პირდაპირ მიეთითოს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენება წინასწარ შეთანხმდეს მაღალი დონის პასუხისმგებელ პირებთან, სადაც ეს შესაძლებელია; მათ გამოყენებას წინ უძღოდეს პატიმართა გაფრთხილება მათი გამოყენების შესახებ; ნათლად უნდა განისაზღვროს, თუ ვინ არიან სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე უფლებამოსილი პირები; მნიშვნელოვანია, სპეციალური საშუალებების ზუსტი ტექნიკური მახასიათებლები წინასწარ იყოს განსაზღვრული მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით; კანონპროექტის მიხედვით, სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებული დამატების ამოქმედება  მისი გამოქვეყნებისთანავეა გათვალისწინებული. მიგვაჩნია, რომ ამ მიდგომაზე უარი უნდა ითქვას. მნიშვნელოვანია, რომ მის ამოქმედებამდე, პირველ ყოვლისა, შემუშავდეს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, მაგალითად, მინისტრის ბრძანება სპეციალურ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესისა და პირობების შესახებ, რომლის მისაღებადაც კანონის ამოქმედებიდან  სამთვიანი ვადაა განსაზღვრული.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებული ახალი  ნორმების ამოქმედებამდე მაღალი ხარისხის ტრენინგები იქნეს უზრუნველყოფილი სისტემის თანამშრომლებისათვის, სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების სისტემის პრობლემურობისა და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ახალი ნორმების შემოღებამ, შესაძლოა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სერიოზული რისკები შექმნას.

– ისედაც დასაშვები ყოფილა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში პატიმრების მიმართ და ეს ნიშნავს ლეტალურ შედეგს დიდი ალბათობით. წიწაკის გაზი, ვითომ, უფრო მავნებელია, ვიდრე სიკვდილი?

–  ჩვენ ზოგადად არ ვაკრიტიკებთ სპეციალურ საშუალებათა ჩამონათვალის ასეთი სახით განსაზღვრას, ვინაიდან, ეს ჩამონათვალი არ მოიცავს არც ერთ ისეთ სპეციალურ საშუალებას, რაც აკრძალულია საერთაშორისო სტანდარტებით, თუმცა, გვაქვს მოსაზრებები მათი გამოყენების წესებთან დაკავშირებით, რათა ეს წესები დაზუსტდეს მაქსიმალურად, რომ მათი რეალურად გამოყენებისას ზიანი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. მეტიც, უკვე მოგახსენეთ, რომ ეს ჩამონათვალი ქართული რეალობისთვის არ არის უცხო და, პოლიციის შესახებ კანონით, უფრო მეტი სპეციალური საშუალებაა განსაზღვრული თვითონ პოლიციისთვის –  პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს ასეთი ტიპის საშუალებები, როდესაც ამის აუცილებლობა დგება და სხვანაირად დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა არ არის შესაძლებელი. ჩვენი მოსაზრებით, ციხეში შესაძლებელია წარმოიქმნას სხვადასხვა კრიზისული სიტუაცია და სახელმწიფოს აქვს ჩარევის უფლება.

– ხომ არის მითითებული, როდის და რა ვითარებაშია შესაძლებელი ამა თუ იმ სპეციალური საშუალების გამოყენება?

– რა თქმა უნდა, მითითებულია კონკრეტული სიტუაციები, როდესაც შესაძლებელია სპეციალურ საშუალებათა გამოყენება, რომლებიც უნდა იყოს წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული, რომ მათი გამოყენება უნდა შეწყდეს საფრთხის აღმოფხვრისთანავე. ქალებთან და არასრულწლოვანებთან მიმართებაში არის დათქმები და მათ წინააღმდეგ ყველა სპეციალური საშუალების გამოყენება არ არის შესაძლებელი. ასევე, გათვალისწინებულია, რომ ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ დაწესებულების ხელმძღვანელობამ სამედიცინო პერსონალთან ერთად უნდა შეამოწმოს პატიმრები და შეადგინოს შესაბამისი აქტი მათთვის მიყენებული დაზიანების შესახებ; ასევე, აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება და ასე შემდეგ. ასეთი დათქმები არის, თუმცა, მიგვაჩნია, რომ მათი გაძლიერება აუცილებელია.

– ცვლილებები გულისხმობს პატიმრების პირობების გაუმჯობესებასაც: თითო მსჯავრდებულისთვის არანაკლებ 4 კვადრატული მეტრისა, თითო ბრალდებულისთვის –  3 კვადრატული მეტრი, ფანჯარა, ვენტილაცია, გათბობა.

– ჯერ კანონპროქტი ბოლომდე არ შეგვისწავლია. რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვას საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით, მართლაც, განსაზღვრულია მსჯავრდებულისთვის არანაკლებ 4 კვადრატული მეტრი ფართობი, რასაც, დიდი ხანია, ვითხოვდით და კარგი ჩანაწერია, მაგრამ, ბრალდებულებთან მიმართებაში მხოლოდ 3 კვადრატული მეტრია მითითებული; ჩვენი მოთხოვნაა, გაიზარდოს 4 კვადრატულ მეტრამდე და, შესაბამისად, დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

– არის ამის საშუალება? ანუ, ამდენი ფართობია ციხეში?

–  როდესაც სხვადასხვა უფლების საჭიროებაზე მივუთითებთ შესაბამის ორგანოებს, ძალიან ხშირად გვესმის პასუხად, რომ სახელმწიფოს ამის საშუალება ამ წუთას არ გააჩნია, თუმცა, ამას ჩვენ არ აღვიქვამთ ძალიან მნიშვნელოვან არგუმენტად, ვინაიდან, თუ სახელმწიფო აღიარებს, რომ ამ კონკრეტული მომენტისთვის მას არ შეუძლია ამ პირობების შექმნა, მას უნდა ჰქონდეს გარკვეული გეგმა, თუ რას გააკეთებს გრძელვადიან პერსპექტივაში საიმისოდ, რომ სიტუაცია გააუმჯობესოს და გამოასწოროს. არსებობს გარდამავალი დებულებების მექანიზმი, რომლებშიც შესაძლებელია იმის მითითება, რომ ეს კონკრეტული ნორმა ძალაში შევა რამდენიმე თვის თუ წლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ასეთი ტიპის ჩანაწერი არ არის კანონპროექტში, რაც არ მიგვაჩნია სწორ მიდგომად და, ვფიქრობთ, სახელმწიფომ თავისი დამოკიდებულება უნდა გამოხატოს, რომ იმუშავებს იმისთვის, რათა შესაბამისი ინფრასტრუქტურა გამართოს.

– ახალი ციხეები უნდა აშენდეს?

– სახელმწიფომ უნდა გააკეთოს დემონსტრირება, რომ მისთვის ეს პრიორიტეტულია და გარკვეული გრძელვადიანი გეგმებიც აქვს ამასთან დაკავშირებით.

– ჩვენ ვიცით, რომ პატიმრების სარეკორდო რაოდენობა გვყავდა; პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ვერ უძლებდა კრიტიკას, პატიმრების უფლებების დაცვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ისეთ ისტორიებს ყვებიან ყოფილი პატიმრები. ამ ფონზე ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენა საჭიროების შემთხვევაში წიწაკის გაზზე ასეთი რეაქცია. თქვენ რას უკავშირებთ, ძველი შიში აქვს გამოყოლილი საზოგადოებას?

– ცოტა დროა გასული და, ამიტომ, თავიდან, შესაძლებელია, უფრო მწვავე რეაქცია ჰქონდეს საზოგადოებას, თუმცა, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისა და სხვადასხვა აზრის გაცნობის შემდეგ, ეს რეაქცია, შესაძლოა, შეიცვალოს. ამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ჩვენს საზოგადოებას ძალიან აღელვებს, თუ რა ხდება ციხეებში და როგორ უმჯობესდება ვითარება. რა თქმა უნდა, პრინციპულად უყურებს ყველა საეჭვო ნაბიჯს და წარსული გამოცდილებაც განაპირობებს ასეთ იჭვნეულ დამოკიდებულებას. ამდენად, ასეთი რეაქცია არ იყო მოულოდნელი.

 

скачать dle 11.3