კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აიძულებდნენ ია ფარულავას უფროსი დის გამო და რა ტკივილს გაუძლო მან დასთან ერთად

ოპერის მომღერალ მარინა ფარულავას შემოქმედებას თუ გადავხედავთ, ის წარმატებული ადამიანია და შემოქმედებითი თუ პირადული კუთხით, ნამდვილად გაუმართლა. ბავშვობიდან, ის ცნობილი და საყვარელი ხელოვანი ადამიანების გვერდით იზრდებოდა.  წლებია, საქართველოს ქალაქებისა და უცხოეთის ქვეყნების ოპერის სცენაზე დგას და დღესაც უამრავი შემოთავაზება აქვს. ბევრ საერთაშორისო კონკურსზე აქვს მონაწილეობა მიღებული, რამაც არაერთი წარმატება და აღიარება მოუტანა. მიუხედავად ამისა, მას არ უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა. ჩვენ მის დაზე, მსახიობ ია ფარულავაზეც ბევრი ვისაუბრეთ.

მარინა ფარულავა: ხელოვანთა ოჯახში დავიბადე. ბებია, ნადეჟდა ცომაია საქართველოს სახალხო არტისტი და საოპერო მომღერალი გახლდათ – უნიჭიერესი მეცო-სოპრანო; ბაბუა, ჩემი კერპი – პეტრე ამირანაშვილი, ვფიქრობ, განუმეორებელია სცენაზე. მას რომ ვუსმენდი, ასე მეგონა 220 ვოლტზე ვიყავი ჩართული (იცინის). მამა, ოთარ ფარულავა მოქანდაკე იყო და უამრავი მის მიერ შესრულებული ქანდაკება დგას დღეს თბილისში. ძალიან მიყვარდა და მაკლია.  დედა – ოპერის მომღერალი, მედეა ამირანაშვილი, რომელსაც ყველა კარგად იცნობს და აფასებს. ვხუმრობ ხოლმე, დედაჩემი მარადმწვანე, მუდამ „გაფურჩქნილი”, ყველაზე მიზანდასახული, ენერგიული და სამაგალითოდ მოწესრიგებული, კეთილი, მოსიყვარულე და დისციპლინირებულია-მეთქი (იცინის). წარმოიდგინეთ, როცა მათი მეგობრები, ახლობლები და კოლეგები მოვიდოდნენ ჩვენთან სახლში, როგორი ზეიმი იქნებოდა ეს ჩემთვის. მე დედისერთა ვარ, მაგრამ, მამის მხრიდან და-ძმა მყავდა, დათო და ია ფარულავები. ყველაზე დიდი ტკივილი ჩვენი ოჯახისთვის, მამის შემდეგ, ჩემი ძმის, დათოს დაღუპვა იყო. არ დამავიწყდება, იმ პერიოდში, მე და ია გაოგნებულები ვიჯექით და საათობით ხმას არ ვიღებდით. დღესაც არ გვიყვარს და ვერიდებით ამ თემაზე საუბარს, იმ წუთების გახსენებას. მამა რომ გარდაიცვალა, მე და ია სულ ერთად ვიყავით. ერთად ვწვებოდით და ხმას არ ვიღებდით. ია მაგარი გოგოა, გამოცდილებაც აქვს და იცის როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. არ მიყვარს, როცა მასზე ჭორებს ვიგებ. ბევრი ტყუილია და მაღიზიანებს. არ მინდა, ცუდი გავიგო და მინდა კარგად იყოს ჩემი და. მე და ია აბსოლუტურად განვსხვავდებით ცხოვრებისეული შეხედულებებით. ის მეტად მიზანდასახულია და პირველობაც უყვარს. ახალგაზრდაა, ჭკვიანი, ლამაზი, მოსიყვარულე, თბილი და მინდა, ჩემს დას წრფელი სიყვარული ვუსურვო მომავალში.
– ბავშვობაში და-ძმასთან ერთად იზრდებოდით?
– ხშირად ვიყავით ერთად. მახსოვს, მე რომ მუსიკაში ვმეცადინეობდი, ია და დათო ჩუმად ისხდნენ და მისმენდნენ. ძალიან კარგი დაძმობა გვქონდა. უცხოეთში რომ დავდიოდი, იასთვის სულ ჩამომქონდა ლამაზი კაბები. მე იასთვის მაგალითი ვიყავი და დონარას, იას დედას უნდოდა, რასაც მე გავაკეთებდი, იასაც ის გაეკეთებინა. ამის გამო, მართალია, არ უნდოდა, მაგრამ  მუსიკაზე მაინც შეიყვანეს (იცინის). სპექტაკლში ვმღეროდი „ლუჩიას” ურთულეს პარტიას.  სიგიჟის სცენა რომ დამთავრდა, რომელიც ოცი წუთი გრძელდებოდა, დავინახე როგორ წამოხტა ია ფეხზე და ტაშს მიკრავდა. მერე სცენაზე ყვავილებით ამოვარდა და აჟიტირებული მეუბნებოდა, მარინა, შენ ნამდვილი გენიოსი ხარ, ეს რა გააკეთეო (იცინის).
– თქვენზე ამბობენ, დისგან განსხვავებით ძალიან რომანტიკული და იმავდროულად, რევოლუციური ბუნების ადამიანიაო.
– ასე ამბობენ და მეც ვეთანხმები. ყველა ხელოვანი ადამიანი რომანტიკულია და მათ შორის მეც. ასე რომ, ჩემში რომანტიზმი ნამდვილად  არის, მაგრამ სხვას რომ ეს დავანახვო, არ მიყვარს. თუმცა, იაც ძალიან რომანტიკული, მოსიყვარულე და თბილი ადამიანია. უბრალოდ, ვინც მას ახლოს არ იცნობს, ამას ვერ დაინახავს. რაც შეეხება რევოლუციურ ბუნებას, თუ ეს არ გაქვს, ბევრი რამის მიღწევა გაგიჭირდება.
– ვიცი, რომ ძალიან გიყვართ მარია კალასისა და მონსერატ კაბალიეს შემოქმედება და მათ ჩანაწერებს ხშირად უსმენთ. როდესაც მონსერატ კაბალიე თბილისში იმყოფებოდა, თუ შეხვდით მას?
– მართალია, ეს ორი ადამიანი ჩემი კერპები არიან და მათ ჩანაწერებზე ვიზრდებოდი.  როდესაც მონსერატ კაბალიე თბილისში იმყოფებოდა პაატა ბურჭულაძის მოწვევით, საპატრიარქოში დაიგეგმა შეხვედრა უწმინდესთან და მეც მიმიწვიეს. გვერდი-გვერდ აღმოვჩნდით მე და ქალბატონი მონსერატი და ვფიქრობ, ეს ღვთის ნება იყო. მისი ქალიშვილიც გავიცანი, მონსერატ მარტი და ისიც, დედასავით არაჩვეულებრივია. ის შეხვედრა არასდროს დამავიწყდება.
– მართალია, რომ, როდესაც ია ფარულავას განმარტოება და ყველასგან დამალვა უნდოდა, თქვენს სახლში იმალებოდა?
– (იცინის). დიახ, ასე იყო. მოვიდოდა ჩემთან და რომ დაურეკავდნენ, ატყუებდა, თბილისში არ ვარო. იცოდა, აქ არავინ გადაამოწმებდა და მშვიდად ისვენებდა. ჩვენ ერთმანეთის მესაიდუმლეები ვიყავით. არაჩვეულებრივი დობა გვაქვს დღესაც. ია ჩემი შვილებისთვის ძალიან კარგი და ყურადღებიანი დეიდაა, ისევე, როგორც ძმიშვილებისთვისაა საუკეთესო მამიდა. ბევრი საერთო მეგობარიც გვყავს.
–  ის თუა მართალი, რომ ამბობენ, იას მსახიობობა მარინას დამსახურებააო?
– მთლად ასეც არ არის. სიონის ეკლესიაში ერთად დავდიოდით, მისი მრევლი ვიყავით. ია ამ ტაძარში მე წავიყვანე და მერე სულ ერთად დავდიოდით. მაშინ ია 15-16 წლის იყო – ულამაზესი გოგო. რეჟისორმა, ნანა ხატისკაცმა, შეამჩნია მისი სილამაზე და ფილმ „ძნელ დასაწყისში” ათამაშა. კინოსტუდიაში სინჯებზე მე წავყევი. რომ მივედით, ია დამფრთხალი იყო, ფერი დაკარგა ნერვიულობისგან, მე კიდევ ისეთი გაბადრული ვიდექი,  ყველას მე ვეგონე სინჯებზე მისული (იცინის).
– როგორ გგონიათ, მსახიობობა რომ არა ია თქვენს კვალს გაჰყვებოდა?
– არა, არც მომღერალი იქნებოდა და არც პიანისტი. ის იქ არის, სადაც უნდა იყოს. ამერიკაში ვიყავი მიწვეული და იამ იქ ჩამომაკითხა. სწორედ, მაშინ მიიღო იამ ამერიკის მოქალაქეობა. ყველგან ერთად დავდიოდით. საათობით დავბოდიალობდით მაღაზიებში და ძვირფასეულობებს ვათვალიერებდით. თან, იმდენი ფულიც არ გვქონდა ძვირად ღირებული ბრილიანტები გვეყიდა, მაინც საათობით ვუყურებდით სამკაულებს. ია გიჟდებოდა ჩემზე, მიყვიროდა, ან იყიდე, ან წამოდი, გოგო, დაგვაღამდაო (იცინის). ერთი ბრილიანტის ბეჭედი კი ვიყიდე. სხვათა შორის, ია ჩემს იმიჯზეც ზრუნავდა. არ დამავიწყდება, ამერიკაში რომ ჩამოვიდა, გადამეკიდა, წითლად შეღებილი თმა მოგიხდებაო. იმდენი მელაპარაკა, დამაჯერა და შემიღება. არადა, აუდიენცია მქონდა და ჩემი მასპინძელი, პედრო გადაირია, ასეთი თმით მოსმენაზე ვერ წაგიყვან, ეს რა გიქნია, ახლავე გადაიღებეო (იცინის). ახალი დაწყებული ჰქონდა წარბების ბიზნესიც და მგონი, პირველი მისი კლიენტი მე ვიყავი. ჩემზე გაიარა პრაქტიკა (იცინის). თუმცა, წარბები გამოუვიდა და ძალიან მომიხდა.
– ერთმანეთის პირად ცხოვრებაში ერევით?
– ადრე უფრო ვლაპარაკობდით ამაზე. დღეს კი, პირადულზე არც კი ვსაუბრობთ, ჩარევაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
– დები რაში ჰგავხართ ერთმანეთს?
– ასე, კონკრეტულად, ვერ გეტყვით. თუმცა, საერთოც ბევრი გვაქვს. უფრო ჩემს ქალიშვილს ვამსგავსებ იას. მასავით რაციონალურია და ამასთანავე, სათუთი გული აქვს. მედეა, ჩემი ქალიშვილი ძალიან ჭკვიანი გოგოა და მის რჩევებს, ია ხშირად ითვალისწინებს. ახლა ამერიკაში ცხოვრობს და იქიდან ხშირად ესაუბრება იას. თუ რაიმე რჩევა დასჭირდა დეიდამისს, ამაზე უარს არასდროს ამბობს.
– თქვენი შვილები თუ გაჰყვნენ წინაპრების კვალს?
– სამწუხაროდ, არა. ვაჟს, პეტრეს არაჩვეულებრივი, უნიკალური ბარიტონი აქვს, მაგრამ რატომღაც არ ისურვა წინაპრების კვალს გაჰყოლოდა და საოპერო მომღერალი გამხდარიყო. მედეამ კი უცხო ენების სწავლა ამჯობინა და ახლა ამერიკაში მუშაობს. ასე რომ, ორივე შვილი ამერიკაში მყავს და თავ-თავიანთ გზას, დამოუკიდებლად იკვლევენ. ამაყი ვარ, რომ ასეთი კარგი შვილები მყავს. იაც ხშირად მეუბნება, მეამაყება, ასეთი კარგი დისა და ძმის შვილები რომ მყავსო.

скачать dle 11.3