კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მაინც არაფერს ვნანობ
ძალიან ლამაზი გოგო ვიყავი. მომწონებელი ბევრი მყავდა, მაგრამ, ნამდვილ სიყვარულს ველოდი. მეოთხე კურსი რომ დავხურე, პრაქტიკებზე გაგვიშვეს და იქ გავიცანი იმ დაწესებულების დირექტორი, ჩემზე თორმეტი წლით უფროსი, ძალზე რესპექტაბელური კაცი, რომელმაც დანახვისთანავე დამადგა თვალი და მოსვენება აღარ მომცა. ნამდვილად არასდროს მიოცნებია ამდენი წლით უფროს მამაკაცზე, მაგრამ, თავისი დახვეწილი მანერებით, ზრუნვით, ყურადღებით და, საერთოდ, სხვა ადამიანების მიმართ დამოკიდებულებით (არაფერს ვამბობ ინტელექტსა და იუმორის გრძნობაზე), მალე მომხიბლა და დაიპყრო ჩემი გული და გონება – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ჩვენ რამდენიმე თვე ვხვდებოდით ერთმანეთს და მე ვიყავი უბედნიერესი გოგო, რადგან მისთვის ჩემი სურვილების შესრულება იყო უდიდესი სიამოვნება (და არა იძულება ან ვალდებულება). სიტყვაც რომ არ ეთქვა, ისეთი თვალებით მიყურებდა ხოლმე, რომ ამ მზერით ყველაფერი იყო ნათქვამი: ჩემით აღფრთოვანება, მოწიწება, სიყვარული, ზრუნვა... ერთი სიტყვით, ასეთად წარმომედგინა შუა საუკუნეების რაინდი, რომელიც მზად არის, საყვარელი ქალისთვის სიცოცხლეც კი არ დაიშუროს.
ერთ დღეს კი ანდრომ ხელი მთხოვა. მე ამას ველოდი, მაგრამ, მაინც დავიბენი, თუმცა, ძალიან გამიხარდა და ყოველგვარი ქალური პრანჭიაობისა და თავის გამოდების გარეშე ვუთხარი თანხმობა. ანდროს ძალიან ესიამოვნა ჩემი გულწრფელი პასუხი, ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო, მაგიდაზე დადო (რესტორანში ვისხედით) და მითხრა: პატარა ბიჭი აღარ ვარ, მაგრამ, შენსავით არავინ მყვარებია. ვაღიარებ, რომ ადვილად გასაძლები კაცი არ ვიქნები, მაგრამ, მზად ვარ, დედოფლად გაქციო, თუმცა თავიდანვე უნდა იცოდე, რომ ოჯახის უფროსი ყოველთვის მე ვიქნები. შენი უფლებები არასდროს შეიზღუდება, ეჭვიანი არ ვარ, არც ცუდი სიმთვრალე მაქვს, ოჯახსაც მე ვარჩენ. თუ მუშაობა მოგინდება, არ დაგიშლი, იმუშავე, ოღონდ, ერთი პირობა უნდა შეასრულო – მინიმუმ ხუთი წელი შვილი არ უნდა გააჩინო. არ გეგონოს, რომ ბავშვები არ მიყვარს, უბრალოდ, არ მინდა, ორსულობამ და მშობიარობამ გარეგნობა ან ხასიათი შეგიცვალოს, ეს კი, ვიცი, აუცილებლად მოხდება, რადგან ასე ემართება ქალების უმრავლესობას. თუ თანახმა ხარ, მიიღო ჩემი პირობები, გაგიკეთებ ამ ბეჭედს და დღეიდან ჩემი საცოლე იქნებიო. მე მაშინვე დავთანხმდი და მან უძვირფასესი და ულამაზესი ბეჭედი გამიკეთა თითზე. რესტორნიდან კი პირდაპირ ჩემს მშობლებთან წავედით, რომ ოფიციალურად ეთხოვა მათთვის ჩემი ხელი.
ჩემებმა იცოდნენ ანდროს არსებობის შესახებ, რა თქმა უნდა,  მოეწონათ და, შესაბამისად, თანხმობაც უთხრეს.
დაახლოებით ერთ თვეში გრანდიოზული ქორწილი გადავიხადეთ და სამოგზაუროდ იტალიასა და ესპანეთში წავედით. რომ დავბრუნდით, ანდრომ უაღრესად დახვეწილად და გემოვნებით მოწყობილ ბინაში მიმიყვანა. ორი მოსამსახურე დამახვედრა და მითხრა, ამ სახლში შენ ხარ დედოფალი და შენი ყველა სურვილი კანონი იქნება აქ მცხოვრებთათვისო.
ანდროს მშობლები არ ჰყავდა, მისი ერთადერთი და ქმართან ერთად ამერიკაში ცხოვრობდა, დიდი სანათესაოც არ ჰქონდა, ამიტომ, ჩვენი სტუმრები ძირითადად მისი მეგობრები იყვნენ.
სამმა წელმა სიზმარივით გაიფრინა. ანდრო პირნათლად ასრულებდა თავის პირობას და როგორც კერპს, ისე მივლიდა და მეთაყვანებოდა, აღტაცებული იყო ჩემი გარეგნობით, ხასიათით, თვისებებით და ყველგან თან დავყავდი, რადგან, ეამაყებოდა, რომ ასეთი ცოლი ჰყავდა.
სამი წლის შემდეგ კი თანდათან მივხვდი, რომ ჩემს სრულ ბედნიერებას რაღაც აკლდა და ეს „რაღაც“ იყო შვილი, მაგრამ, ხმას ვერ ვიღებდი, რადგან ანდროს არც თვითონ უყვარდა სიტყვის გატეხა და არც სხვას აპატიებდა ასეთ საქციელს. მე კი არ მინდოდა, მისი გრძნობა ჩემ მიმართ განელებულიყო. ამიტომ, ვითმენდი და ხმას არ ვიღებდი, თუმცა, ჩემს მხიარულ ხასიათს თანდათან შეეპარა მელანქოლია და ანდრომ ეს მაშინვე შენიშნა. სხვათა შორის, მიხვდა, რაც უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი და მითხრა, პირობა პირობაა, კიდევ ორი წელი უნდა მოითმინო და მერე ვნახოთო. მაგრამ, ეს ორი წელი უსაშველოდ გაიწელა და მე უკვე ღამღამობით ტირილით მეღვიძებოდა, ისე მინდოდა შვილი, თუმცა, ხმამაღლა არაფერს ვამბობდი. ჩემს ტანჯვას რომ ვეღარ გაუძლო, ჩემმა ქმარმა ისეთი რამ შემომთავაზა, რასაც, ალბათ, დედამიწის ზურგზე მცხოვრები არც ერთი ქმარი არ ეტყვის ცოლს: იმდენად მეშინია, ორსულობამ და მშობიარობამ არ დაგაუშნოვოს, თუ ასე ძალიან გინდა შვილი, მოდი, ახალშობილი ვიშვილოთო. იმდენად გამაოგნა ასეთმა წინადადებამ, აღარც ვიცოდი, უნდა მწყენოდა თუ უნდა გამხარებოდა. მე უარი ვუთხარი – ღმერთის წყალობით, შემიძლია, თვითონ გავაჩინო ბავშვი და სხვისი შვილი რატომ უნდა გავზარდო-მეთქი.
დიდხანს ვისაუბრეთ ამ თემაზე და ბოლოს ანდრო დამთანხმდა, ოღონდ, გამაფრთხილა, თუ მერე რამე ისე აღარ იქნება, არ გეწყინოსო.
ჩემდა სამწუხაროდ, უმძიმესი ორსულობა მქონდა, საშინელი ტოქსიკოზითა და სხვა პრობლემებით. თითქმის ცხრა თვე ლოგინიდან არ ავმდგარვარ და სულ რაღაც მჭირდა. ანდრო არც მომვლელებს მაკლებდა, არც ექიმებს, მაგრამ თვითონ იშვიათად შემოდიოდა ჩემს ოთახში.
მშობიარობაც მძიმე მქონდა, ძლივს გადამარჩინეს. სანამ ფეხზე არ დავდექი, ანდროს შვილისთვის არც კი შეუხედავს. ექიმისთვის კი უთქვამს, ჩემს ცოლს რამე რომ დაემართოს, ბავშვს ერთ დღესაც არ დავტოვებ სახლში, გავაშვილებო. საბედნიეროდ, მოვმჯობინდი და ჩემი ნანატრი შვილიც გადარჩა გაშვილებას, მაგრამ, ამდენი წოლის, მკურნალობისა და წამლების გამო ისე საშინლად გავსუქდი, ჩემი ძველი გარეგნობის ნასახიც აღარ შემრჩა. ახლა მე ვიყავი ერთი ჩასუქებულ-ჩათქვირებული დედაკაცი და ყოველი ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ისე ვიღლებოდი, ერთი საათი უნდა დავმჯდარიყავი, სული რომ მომეთქვა. გარეგნობის შეცვლასთან ერთად, დამიმძიმდა ხასიათიც და, შესაბამისად, შეიცვალა ჩემდამი ანდროს დამოკიდებულებაც. მართალია, მატერიალურად არაფერს მაკლებდა, მაგრამ, ცდილობდა, რაც შეიძლება იშვიათად ვენახე და დამლაპარაკებოდა. თუ ადრე საათობით შეეძლო, აღფრთოვანებით ეცქირა ჩემთვის, ახლა თვალის შევლების დროსაც კი ისე შეეჭმუხნებოდა სახე, თითქოს უხსენებელს უყურებსო. მე ამას არა მარტო ვგრძნობდი, არამედ, ვხედავდი კიდეც და საშინლად განვიცდიდი, მაგრამ, ხმას ვერ ვიღებდი, რადგან ეს ყველაფერი ანდროს წინასწარმეტყველივით ჰქონდა ნათქვამი. ჩემი ერთადერთი ნუგეში ჩემი შვილი იყო, რომელსაც თან ვყვებოდი, მაგრამ, ანდრო აღარც ბავშვის მიმართ იჩენდა განსაკუთრებულ სითბოს. ერთხელ მოსამსახურისთვის უთქვამს (რატომ დადგა გულახდილობის ხასიათზე, არ ვიცი, რადგან ასეთი რამ არ ახასიათებს), მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ჩემი შვილი ისე არ მიყვარს, როგორც უნდა მიყვარდეს, რადგან მან ცოლი წამართვაო.
ახლა ორივე ცალ-ცალკე ვიტანჯებით. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. მეშინია, ქმარი სამუდამოდ არ დავკარგო. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ისევ გავხდე და ძველი ფორმა აღვიდგინო, მაგრამ, ექიმმა მითხრა, ნივთიერებათა ცვლა გაქვს დარღვეული და მკურნალობაც და დიეტაც საკმაოდ ხანგრძლივი იქნებაო.
ერთ რამეს კი გულწრფელად გეტყვით: მიუხედავად ყველაფრისა, დედობის განცდა ისეთი დიდი ბედნიერებაა, მაინც არ ვნანობ, რომ შვილი გავაჩინე.
ანა, 27 წლის.

სიკეთე არავის არასდროს ახსოვს
საკმაოდ დიდი სამეგობრო მყავს (თუმცა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ მყავდა)  – შვიდი უახლოესი დაქალი ვართ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და, შემიძლია, ვთქვა, სერიოზული უსიამოვნება და უთანხმოება ერთხელაც არ მოგვსვლია. შვიდიდან ორი ქმართან გაყრილები ვართ, დანარჩენებს მყარი ქართული ოჯახები აქვთ, ანუ, შეიძლება, სულაც აღარ გიჟდებიან ერთმანეთისთვის, მაგრამ, მაინც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და ერთად ზრდიან შვილებს.
თითქმის 30 წელია, ვმეგობრობთ და, მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვიყავი ყველა ჩვენი დაგეგმილი თუ სახელდახელოდ მოწყობილი სტანდარტული თუ საზეიმო შეკრებების მოთავე და ორგანიზატორი; მე ვიყავი ყველას გაჭირვების ტალკვესი (თვითონ მიწოდეს ასე), ჭირსა თუ ლხინში ყველას თანამდგომი. ტყავიდან ვძვრებოდი და, შემეძლო, თუ არ შემეძლო, ფიზიკურად, მატერიალურად თუ მორალურად, გვერდში ვედექი თითოეულ მათგანს. თვითონაც ისე იყვნენ ამას შეჩვეული, რომ ჩემ გარეშე არაფერს წყვეტდნენ. ხუმრობით „დედის“ მეძახდნენ. ისეც მომხდარა, რომ, მათივე თხოვნით, მათ პირად საქმეშიც ჩავრეულვარ და ნაჩხუბარი ცოლ-ქმარიც შემირიგებია; როცა ჩემი ფული მქონია (იყო დრო, როცა მატერიალურად ძალიან კარგად ვიყავი), მათი საკმაოდ სოლიდური ვალებიც გამისტუმრებია და მათ გამო პროცენტიანი ვალი ამიღია ისე, რომ თან უკან აღარ მომითხოვია, არაფერს ვამბობ დაბადების დღეებსა და სხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ თარიღებზე (სხვათა შორის, თარიღების გარეშეც არ ვაკლებდი) მირთმეულ ძვირფას საჩუქრებზე (ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ ვნანობ ან ვიყვედრები, უბრალოდ, მინდა, აგიხსნათ, რა როლი და ფუნქცია მქონდა ჩემს სადაქალოში). ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ, თითოეულის  ოჯახში ყველაზე პატივსაცემი, პატივცემული, სასურველი და საყვარელი ადამიანი ვიყავი. მათი ქმრებიც კი, ორი-სამი დღე თუ არ გამოვჩნდებოდი, მირეკავდნენ –  სად დაიკარგე, გვენატრები, გამოდი, ერთად ვისადილოთ ან ვივახშმოთო.
მერე კი მოხდა ისე, რომ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა: ჯერ ქმარი გამეყარა, მერე მშობლები გარდამეცვალა, მერე ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, მერე ბანკმა წაიღო ჩემი ბინა (ქმარს ჰქონია დაგირავებული), ნაქირავებ პატარა ბინაში გადავედი შვილთან ერთად და ყველანაირად ძალიან უმწეო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, როგორც ჩემს სამეგობროში იყო მიღებული, რომ გაგვიჭირდებოდა, დაქალებს ვურეკავდით და მეც ისე მოვიქეცი, რადგან, მეგონა, რომ მეგობრობა „სადღეღამისოა“, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. მართალია, თავიდან ცოტა შეფუცხუნდნენ, შეწუხდნენ, თანამიგრძნეს, მაგრამ, როცა მათი ფიზიკური თანადგომა გახდა საჭირო (მაგალითად, როცა საავადმყოფოში დამაწვინეს) ყველას რაღაც გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა ერთის გარდა და მთელი ორი თვის განმავლობაში თითოჯერ მოვიდნენ სანახავად, სულ რაღაც თხუთმეტი წუთი დარჩნენ და მაშინვე გაიქცნენ: ზოგს კერძო გაკვეთილი ჰქონდა მოსწავლესთან, ზოგი სტუმრად მიდიოდა, ზოგი სტუმარს ელოდებოდა და ასე შემდეგ. მხოლოდ ქეთი მაკითხავდა კვირაში ორჯერ, თითო საათი რჩებოდა და ერთი-ორჯერ რაღაც წამლებიც მიყიდა.
მე ძალიან ვცდილობდი, არავინ შემეწუხებინა, არავისთვის არაფერი მეთხოვა და, რადგან უკვე აშკარად ვგრძნობდი, რომ ყველას მოვბეზრდი, ვცდილობდი, ნაკლებად მივსულიყავი მათთან. ურთიერთობის მთლიანად გაწყვეტა მაინც არ მინდოდა და, ამიტომ, მერჩივნა, თვითონ მოსულიყვნენ ჩემთან, მაგრამ, ესეც საკმაოდ იშვიათად ხდებოდა. ერთი პერიოდი კი ისე ძალიან გამიჭირდა, რომ ერთ-ერთ დაქალს, სალომეს, რომელიც ყველაზე ახლოს ცხოვრობდა ჩემგან, ორჯერ ვესესხე ფული –  ერთხელ 50 ლარი, მეორედ – 100 ლარი და ორივეჯერ ერთი კვირით. პირველად დათქმულ დღეს დავუბრუნე, მეორედ კი ხელფასი არ მომცეს დროულად და რამდენიმე დღის დაგვიანებით მომიწევდა მიცემა. წინა დღით ვუთხარი, ხელფასს კვირის ბოლომდე ვერ ავიღებ და ამ სამ დღეში რამე ხომ არ გაგიფუჭდება-მეთქი. ის ფული პაატას (თავის ქმარს) ხვალ სჭირდება აუცილებლადო, – მითხრა. ძალიან შევწუხდი და ჩავილაპარაკე, პროცენტით მაინც მაშოვნინა 100 ლარი ერთი თვით-მეთქი. მაშინვე გამოცოცხლდა – ჩემი კარის მეზობელი აპროცენტებს ფულს და, თუ გინდა, მიგყვებიო. გამიხარდა, გამოსავალი რომ ვიპოვე და, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მართლაც, გამყვა თავის მეზობელთან, 100 ლარი გამოვართვით და, რომ გამოვედით, მაშინვე მივეცი. მაშინ ძალიან მაღალ სარგებელს იღებდნენ მევახშეები – 25 პროცენტს. მეორე თუ მესამე დღეს კი სალომეს საუბარში  წამოსცდა, ის ფული ჩემს ქმარს აღარც კი ახსოვდა და მე შემრჩა. ამიტომ, სალონში წავედი, თმა და ფრჩხილები გავიკეთე და ორი ბლოკი სიგარეტი ვიყიდეო. ჩემი გაოცებული სახე რომ დაინახა, მიხვდა, რომ ზედმეტი წამოროშა და შეეცადა, გადაეკეთებინა ნათქვამი, მაგრამ, სულ გაიხლართა თავის ტყუილებში. ძალიან გულნატკენი დავრჩი. ისე გამოვიდა, რომ 25 ლარი ზედმეტი ხარჯი (იმ მევახშის პროცენტი) იმის გამო გამაწევინა, რომ თმა და ფრჩხილები გაეკეთებინა?! ვთქვათ, სამი დღის შემდეგ რომ წასულიყო სალონში და მანამდე თითო კოლოფი სიგარეტი ეყიდა და არა ორი ბლოკი, ქვეყანა დაინგრეოდა?! მე ოდესმე უკან გამომირთმევია, როცა ჩემთვის ფული უთხოვია?! მაგრამ, ეს, თურმე, ჟურნალი იყო. ერთხელ, დილით ადრე სამსახურში მივდიოდი. საშინელი ამინდი იყო, მაგრამ, რადგან არც ტაქსის და არც „მარშრუტკის“ ფული არ მქონდა, ავტობუსის გაჩერებაზე დავდექი. ამ დროს სალომემ და მისმა ქმარმა ჩამიარეს მანქანით, შემომხედეს და არ გამიჩერეს (სალომესა და ჩემი სამსახურები თითქმის გვერდიგვერდ მდებარეობს და გზა არ გაუმრუდდებოდათ). ჯერ მეგონა, ალბათ, ვერ დამინახეს-მეთქი, მაგრამ, კიდევ ორ-სამჯერ რომ განმეორდა იგივე სიტუაცია, მივხვდი, რომ ეს შემთხვევით არ ხდებოდა. ისე მეტკინა გული, რამდენიმე ღამე ტირილში გავატარე. ერთხელ კი პანაშვიდზე შევხვდით ერთმანეთს შემთხვევით და იქიდან რომ გამოვედით, სალომე და მისი ქმარი ისე ჩასხდნენ და წავიდნენ სახლში, არც კი უკითხავთ, სად მიდიხარო. იმის მერე სულ ვცდილობდი, სალომესთან არც მივსულიყავი, არც დამერეკა, მით უმეტეს, ვგრძნობდი, რომ თვითონაც თავს არიდებდა ამის გაკეთებას. ერთხელ კი, როგორღაც, შვიდივე ერთად შევიკრიბეთ მაიკოსთან (ეს ის მაიკო იყო, რომლის ქმრის კუჭის ოპერაციის ფული კრედიტით გამოვიტანე, ნახევარი მე გადავიხადე და მერე აღარ გამოვართვი). საუბრიდან მივხვდი, რომ უჩემოდ უნდოდათ შეკრება და ქეთიმ არ ქნა – უსინდისოები ვიქნებითო, უთქვამს და იძულებულები გამხდარან, ჩემთვისაც დაერეკათ. ძველებურად, ყველა ერთად ვიყავით, მაგრამ, აშკარად ზედმეტად ვგრძნობდი თავს, ამიტომ, წასვლა გადავწყვიტე. ხუთი ლარი კი მედო ჯიბეში და გადავწყვიტე, ტაქსი გამომეძახებინა, მაგრამ მობილურზე ანგარიში არ აღმომაჩნდა, ამიტომ მაიკოს ვთხოვე, თუ შეიძლება, ტაქსის გამოვიძახებ-მეთქი. მაიკომ მითხრა, ჩემი ქმარი ყველას გვიკრძალავს სახლის ტელეფონით ფასიან ნომრებზე დარეკვას. შენ ახლა არაფერს გეტყვის, მაგრამ, რომ წახვალთ, მთელ სახლს თავზე დამამხობსო. მერე ქეთიმ გამოიძახა ტაქსი თავისი ტელეფონით, თვითონაც წამოვიდა იქიდან, ჯერ მე მიმიყვანა სახლამდე (არაფრით არ გადამახდევინა ფული) და მერე თვითონ წავიდა იმავე ტაქსით. ერთ დღეს კი საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემი ზრუნვა და ამაგი ყველას დავიწყებული ჰქონდა და მე, ჩემი პრობლემებიანად, ყელში ვყავდი ამოსული ექვსივეს, უბრალოდ, ქეთის ვეცოდებოდი და ცდილობდა, ისე გამოეხატა (შიგადაშიგ) თანადგომა, რომ დროც და თანხაც მაქსიმალურად ნაკლები დახარჯვოდა. თუმცა, დანარჩენების საქციელთან შედარებით, ჩემდამი დამოკიდებულება, სიმართლე გითხრათ, არანაკლებ გულის მომკვლელი იყო, რადგან ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვეცოდებოდი და მეტი არაფერი.
იმ საღამოს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სიიდან ამომშალეს, რადგან, უბრალოდ, ვერ გაუძლეს ელემენტარულ გამოცდას, რომელიც ღმერთმა მოუწყო. ამჟამად, პრაქტიკულად, ვცხოვრობ იმ ადამიანების გარეშე, ვინც ჩემი ოჯახის წევრებივით მიყვარდა. ძალიან მიჭირს, მაგრამ, უფრო მეტად იმაზე ფიქრი მტკენს გულს, რომ, თურმე, ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ გამორჩენის გამო მეგობრობდნენ ჩემთან და, როგორც კი პრობლემები შემექმნა, მატერიალური კი არა, პრაქტიკულად, მორალური თანადგომაც არ გამოუხატავთ. მოკლედ რომ ვთქვა, ექვსივეს ყელში ამოვუვედი. ეტყობა, ასე ყოფილა ცხოვრებაში – მხოლოდ მაშინ უნდიხარ და უყვარხარ ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი, როცა ბევრი ფული გაქვს.
ტატა, 37 წლის.

скачать dle 11.3