კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აიტაცეს რუსმა ჰუსარებმა თბილისელი ყარაჩოხელების ტრადიცია – სასურველი ქალის ფეხსაცმლიდან შამპანურის შესმა

ერთ-ერთი ძველი ირანელი ისტორიკოსი წერდა: „კინტომ რომ არ მოიტყუოს, ალბათ, მოკვდება. მაგათ ტყუილი და აფერისტობა ისე აქვთ გვამში გამჯდარი, რომ ერთმანეთსაც ხშირად ატყუებენ და ეს არც კი უკვირთ”. კერძოდ, თბილისში კინტოები სპარსეთის ბატონობის პერიოდიდან არსებობდნენ. მიჩნეულია, რომ ისინი როსტომ-ხანმა ჩამოათესლა ქართლის ზნეობრივად გახრწნის მიზნით, რომ ირანს გაადვილებოდა ჩვენი ქვეყნის საკუთარში ინტეგრირება. თუკი ირანში კინტოების ორი კატეგორია არსებობდა, თბილისელმა კინტოებმა ორივეს თვისებები გააერთიანეს, ანუ ჩვენებური კინტო ვაჭარიც იყო, თაღლითიც და ხელზე მოსამსახურეც. დავით ორბელიანი წერდა: „რაც თურქებმა ვერ ქნეს, იმას კინტოები გვიშვრებიან! ქალაქელებს რყვნას ასწავლიან, ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ”. იაკობ გოგებაშვილი გაზეთ „კვალში“ შენიშნავდა: „ტფილისში დღეს იმდენი სასირცხვო ხალხი ცხოვრობს, სათვალავი, რო აერევა კაცსა. ქალაქში კინტო-მატრაბაზები ყველას ყვლეფენ და შავზე თეთრს იმტკიცებიან”. სულ ახლახან საქართველოში მცხოვრებმა ჟურნალისტმა ოლეგ პანფილოვმა კინტოების თემა კვლავ წამოსწია და ამ საკითხის საკუთარი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა, რომელიც არცთუ განსხვავდება ჩვენში კინტოების შესახებ არსებული მოსაზრებისგან. როგორც გაირკვა, მან დიდი მსგავსება აღმოაჩინა ჩვენებურ „კინტაურსა“ და ირან-ავღანეთში გავრცელებულ ცეკვებს შორის.

– ოლეგ, როდესაც ჩამოხვედით, მაშინ შეამჩნიეთ მსგავსება ჩვენებურ კინტოებსა და მათ აღმოსავლელ კოლეგებს შორის თუ მანამდეც გქონდათ შემჩნეული?
– ვიცოდი, რომ არსებობდა ცეკვა „კინტაური“, მაგრამ ამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება. საქართველოში პირველად ათიოდე წლის წინათ მოვხვდი, მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, მაგრამ საქართველო რაღაცნაირად გვერდზე დამრჩა. ალბათ, ეს მსგავსება ცხადი გახდა, როდესაც საცხოვრებლად გადმოვედი საქართველოში. აღმოსავლეთმცოდნე ვარ და დიდი ხნის განმავლობაში ვეწეოდი სამეცნიერო მუშაობას. ჟურნალისტი იძულებით გავხდი.
– არა დალხენილი ცხოვრების გამო?
– როგორც ექიმი ჩეხოვი, რომელიც მწერალი გახდა, რადგან ფული სჭირდებოდა. ნებისმიერ ქვეყანაში ყოველთვის შეგიძლია, ნახო რაღაც ახალი, საინტერესო. როდესაც „იუთუბიზე“ დავათვალიერე „კინტაურის“ სხვადასხვანაირი დადგმები, უცბად აღმოვაჩინე, რომ მათ შორის მსგავსებაა. საქმე ის არის, რომ 1995 წელს ვმუშაობდი ავღანეთში და საკუთარი თვალით მინახავს ცეკვა „ბაჩა ბაზი“. დავიწყე მასალების შეგროვება.
– და რა აღმოაჩინეთ?
– იმ პერიოდში, მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში, განსაკუთრებით, როდესაც საქართველო არათუ ირანის გავლენის ქვეშ იყო, ფაქტობრივად, სპარსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა, იყვნენ ისეთი მეფეები, რომლებიც იღებდნენ ისლამს.
–  წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ტახტზე ვერ ავიდოდნენ.
– რა თქმა უნდა, სხვანაირად ისინი ვერც გადარჩებოდნენ და ვერც საქართველოში იცხოვრებდნენ. მე ვფიქრობ, ზოგიერთ მათგანს, კერძოდ, დადასტურებულია, რომ ერთ-ერთი იყო მეფე როსტომი.
– ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეფე ჩვენს ისტორიაში!
– მათ სპარსეთის იმპერიის სიღრმიდან ჩამოჰყავდათ ადამიანები, რომელთა საქმიანობა იყო მამაკაცების გართობა. ეს არ არის სიახლე, იმიტომ რომ ასეთი ფენა არსებობდა, მაგალითად, ინდოეთში. ეს იყო მოცეკვავეთა და მომღერალთა კასტა, რომლებიც ართობდნენ ადამიანებს. მაგრამ მათ შემდეგ, რაღაც მიზეზების გამო, დატოვეს ინდოეთი და მოედვნენ მთელ მსოფლიოს. დღეს ჩვენ მათ ბოშების სახელით ვიცნობთ. ასე რომ, კინტოებთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა. ისინი, როგორც ირანის კულტურის ნაწილი, შემოვიდნენ საქართველოში. თუმცა, როგორც ჩანს, მათ ვერ შეძლეს ქართული ცხოვრების ორგანულ ნაწილად ქცევა, როგორც ეს იყო და არის ირანსა თუ ავღანეთში. თუმცა ირანში უფრო რთულადაა საქმე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ირანში ეგრეთ წოდებული პედერასტის კულტი მაინც არსებობს. როდესაც ირანში ვცხოვრობდი 5 წლის განმავლობაში, მე შევხვედრივარ ასეთ ადამიანებს ქუჩაში. ესენი არიან მამაკაცები, რომლებიც დადიან ქალურ სამოსში.
– ცნობილმა და საუკეთესო ქართველმა სპარსოლოგმა მითხრა, რომ მის გაოცებას იწვევს, როდესაც ირანში მამაკაცები ერთმანეთს ჰკოცნიან და ეს არავის აღელვებს, მაგრამ ქალმა და კაცმა თუ აკოცეს ერთმანეთს, რაღაც საოცრებები ხდებაო?
– ეს გასაგებია, იმიტომ რომ მამაკაცების კოცნა არ არის დაფარული რამ, ზუსტად ისევე, როგორც ქართველი მამაკაცები კოცნიან ერთმანეთს.
– და პირადად მე, ეს საშინლად არ მომწონს, თუმცა მათი ნებაა, ვის აკოცებენ.
– არის ტრადიცია, როდესაც მამაკაცები ერთმანეთს ცხვირებით ეხებიან. მაგალითად, ცენტრალურ აზიაში მამაკაცი მამაკაცს მხარზე ეხუტება შეხვედრისას.
– საქართველოშიც იყო მისალმების ასეთი ტრადიცია: თავის მხარზე მიბჯენა.
– ეს დარჩა კიდეც საქართველოს მთიანეთში. მე ვფიქრობ, გადაკოცნაც სპარსეთის კულტურის ნაწილია. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ ვნახე სპარსული საქართველოში. სპარსელებმა მოახერხეს თავიანთი ძალიან ბევრი რამის ჩანერგვა ქართულ კულტურაში. მათ შორის, ენაშიც, თან ძალიან მოულოდნელია, რომ ქართველებმა, ძალიან ძველი კულტურის წარმომადგენლებმა, სპარსულიდან მიიღეს ყოფითი სიტყვები: ქუჩა, ფული, ფანჯარა.
–  ჩანგალი, ოჯახი... მაგრამ ჩვენმა გრამატიკამ გადაამუშავა, გადახარშა და ქართული ფორმა მისცა.
– რა თქმა უნდა. ასე რომ, ჩემი აზრით, სპარსეთის კულტურის ეს ნაწილი: „ბაჩა ბაზი“ საქართველოში ვერ განვითარდა. სავარაუდოდ, ეკლესიის გავლენით, რომელმაც არ მიიღო გართობის ასეთი ფორმა. ამიტომაც ეს სახელწოდება „ბაჩა ბაზი“, რომელიც კარგადაა ცნობილი ავღანეთში, იქცა „კუნცედ“. „კუნ“ ნიშნავს „უკანალს“, „ცე“  –  „უკანალის მიმცემს“ და, ვფიქრობ, აქედან წარმოიქმნა სიტყვა „კინტო“. ძალიან მხცოვანმა ქართველებმა მითხრეს, რომ ადრე ეს სიტყვა წარმოითქმებოდა, როგორც „კუნტო“, ანუ „კუნ“ მაინც იყო შენარჩუნებული. შემდეგ ტრანსფორმაცია განიცადა და იქცა კინტოდ. კინტოებთან დაკავშირებული ისტორია ძალიან ბევრია და მე ყველა არ გამომიქვეყნებია.
– ძალიან უხერხული ისტორიებია?
– დიახ. მე არ ვიცი, საიდან ავიღო დადასტურება იმ ლეგენდის, რომ, როდესაც ჩაიკოვსკი თბილისში ცხოვრობდა, თითქმის ყოველდღე მიდიოდა მეიდანზე, სადაც იკრიბებოდნენ კინტოები. ცნობილია, რომ ჩაიკოვსკი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი იყო.
– ის ჩაიკოვსკი იყო და მასთან ორიენტაცია რა მოსატანია.
–  ამას გარდა, არსებობს ვერსია, თუ რატომ შექმნეს საბჭოთა დროს კინტოებისგან ნორმალური ადამიანები.
– ქორეოგრაფია გაქვთ მხედველობაში?
– არა მხოლოდ, თავდაპირველად, ლაპარაკი იყო თვითონ კინტოს სახის გაკეთილშობილებაზე. კინტო არის ადამიანი, რომელიც ცეკვავს გაუგებარ ცეკვებს, ართობს მამაკაცებს აბანოთუბანში. ისინი, ძირითადად, არიან თაღლითები და უცბად, საბჭოთა დროს ხდებიან მხიარული ვაჭრები. მე ვიპოვე დადასტურება იმისა, რომ ერთხელ ლევ ტროცკიმ სტალინს უწოდა ლოთი და უსაქმური კინტო. შესაძლოა, ეს მათ შორის განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზიც იყო, მაგრამ იმ დროიდან კინტოები უცბად იქცნენ უვნებელ არსებებად და ლამის თბილისის მთავარ სიმბოლოდ.
– ჩვენს „კინტაურსა“ და სპარსულს შორის ბევრი საერთოა?
– სპარსული ცეკვების მთავარი ელემენტია ქალური მოძრაობა, „კინტაურის“ აი, ის ცნობილი მოძრაობა ხელით სახესთან. მეორეც, არის მოძრაობები, რომლებიც უკანალს აჩენს. ამდენად, მე მაინც მივედი დასკვნამდე, რომ კინტოს ისტორია ასეთია და ჯერჯერობით არ მიმიღია კრიტიკული შენიშვნა.
– ჩვენთან ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ კინტოები არცთუ საპატივსაცემო ფენა იყო საზოგადოების და იყვნენ ყარაჩოხელების ანტიპოდები. სწორედ ყარაჩოხელია თბილისის სიმბოლო და არა კინტო?
– ეს მართლაც ფენა იყო, რადგან ისინი ეწეოდნენ საეჭვო საქმიანობას. კინტოებად თაობიდან თაობაში ხდებოდნენ და არმენ ჯიგარხანიანი, რომელიც წარმოშობით თბილისიდანაა, ამაყობს, რომ ბაბუამისი კინტო იყო.
–  გაქვთ ცნობები, როდესაც ეს კინტოები თუ „ბაჩა ბაზები“ გამოჩნდნენ როსტომ-ხანის დროს, მათი საქმიანობა მამაკაცების ცეკვით გართობის დონეზე რჩებოდა თუ უფრო შორსაც მიდიოდა საქმე?
– იცით, ავღანეთშიც ეს თითქმის მხოლოდ ცეკვა და გართობაა. იმის თქმა, რომ ეწყობოდა რაღაც სექსუალური ორგიები, არასწორია. ძალიან საინტერესოა, რომ თვითონ სიტყვა „ბაჩა ბაზი“ პირდაპირი მნიშვნელობით ტრანსფორმირდა ქართულად: „ბოზი“ გასაგებია, რასაც ნიშნავს, აი, „ბაჩა“ კი, არის ბიჭი. გავიხსენოთ კინტოების სიმღერები. მაგალითად, „პატარა გოგო დამეკარგა“. ადრე იყო „პატარა ბიჭი“.
– ვიცით.
– საბჭოთა დროს გადააკეთეს და გახდა გოგო, როდესაც კინტოს აცილებდნენ სექსუალურ კონტექსტს. ეს „ბაჩა ბაზი“ მეცხრამეტე საუკუნეშიც კი ძალიან ძვირად ღირებული გართობა იყო  და მე ისტორიულ წყაროებში მიპოვია ცნობები, რომ ეს „ბაჩა ბაზები“ ჰყავდათ ძალიან მდიდარ კაცებს. ხანდახან ერთი ბიჭის საფასურად მთელ სოფლებსაც კი აძლევდნენ.
– ვაიმე, ჩვენთან, საქართველოში?
– არა, ირანში. ამ ბიჭებს ასწავლიდნენ სპეციალურ სკოლებში. ყოველ შემთხვევაში, ბუხარაში რამდენიმე ასეთი სკოლა იყო, სადაც 5-6 წლის ბიჭუნებს იღებდნენ, მათ ხშირად მშობლებიც ჰყიდდნენ.
– გეიშების მსგავსი რამ ყოფილა.
– დიახ. მათ იქ ასწავლიდნენ მაკიაჟის გაკეთებას, ცეკვას, სიმღერას, ქალის ტანსაცმლის ტარებას. კეკლუცობას, რომ გაერთოთ მამაკაცები.
– ქალები არ იყო საკმარისი რაოდენობით თუ გამოქალებულ ბიჭებზე რატომ გადაერთვნენ?
– არა, აქ სხვა საკითხია. ჯერ ერთი, ქორწინება ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და, სპარსეთის კანონებით, რომელიც 1979 წლიდან დადგინდა, ხელისუფლებაში ჰომეინის მოსვლის შემდეგ, საქორწინო შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მამაკაცს ქალის შერთვა მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, როდესაც ექნება ამის მატერიალური შესაძლებლობა. ამიტომ ირანში დღესაც შეხვდებით 40 წლამდე ასაკის დაუქორწინებელ მამაკაცებს: ქორწინება ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნება იყო და არის. ქალების პროსტიტუცია იდევნებოდა და ამიტომ მამაკაცებს ისღა რჩებოდათ, ეყურებინათ იმ ბიჭებისთვის, რომლებიც გამოხატავდნენ გოგონებს.
– თუ ეს „ბაჩა ბაზები“ ძვირი ღირდნენ, მამაკაცი, ვინც მათი მიხრა-მოხრით ტკბებოდა, მაინც ფულიანი უნდა ყოფილიყო. მაშინ ცოლი მოეყვანა?
–   რა თქმა უნდა, ამ გართობის ყურება უყვარდათ ცოლიან მამაკაცებსაც. შეეცადეთ, მოძებნოთ მამაკაცი, რომელიც არ წავიდოდა სტრიპტიზკლუბში.
– სადაც მამაკაცების სტრიპტიზია?
– არა, სადაც ქალებიც არიან (იცინის).
– თქვენი ინფორმაციით, ჩვენთანაც იყო სკოლები, სადაც კინტოებს წვრთნიდნენ?
– ეს მე არ ვიცი, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები –  „ბაჩა ბაზები“ ჩამოჰყავდათ. ამასთან, მეფე როსტომის ქრონიკებში ნათქვამია, რომ ესენი იყვნენ ირანელი სომხები. მაგრამ ამ შემთხვევაში აქცენტს არ ვაკეთებდი ეროვნებაზე, იმიტომ რომ ავღანეთში არ არიან სომხები, მაგრამ არიან „ბაჩა ბაზები“. პრინციპში, ეს სომხური ტრადიცია გახდა, ამიტომაც ბოლო ცნობილი კინტოები იყვნენ ეროვნებით სომხები, მაგრამ, ვიმეორებ, საქმე არ არის ეროვნებაში. ჩემი აზრით, გართობის ეს ფორმა თანდათან ჩაკვდა, იმიტომ რომ ეკლესია უწევდა წინააღმდეგობას და მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებში, როდესაც ეკლესიის რეფორმა დაიწყო, ასეთი გართობა ზიზღის ობიექტად იქცა და მათ თანდათან გადაინაცვლეს დაბალ ფენაში, ნახევრად იატაკქვეშეთში და ყოფილი მოცეკვავეები გახდნენ თაღლითები.
– თქვენი აზრით, როგორ ახასიათებს ქართველ საზოგადოებას კინტოების არსებობის ფაქტი?
– არანაირად. მე უკვე ვთქვი, ჯერ ერთი, აზრადაც არ მქონია ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება; მეორეც, ეს არის კულტურის ნაწილი. თითოეული ხალხის ისტორიაში ყველაფერი ხდება. ჩვენ ხომ არ შევიძულებთ ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ძალიან ბევრი მოღალატე ჰყავდა?!
– ყველა ხალხს ჰყავდა მოღალატეები.
– რა თქმა უნდა. იგივე ითქმის კინტოებზეც. „ბაჩა ბაზიც“ ქართული კულტურის ნაწილია და ამას ვერ გაექცევი. ისტორიკოსის საქმეა, გიამბოთ ისტორიის პატარა ნაწილი. წუხელ გადავიკითხე ალექსანდრე დიუმა. ის აღწერს მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის თბილისს და წერს, რომ ქალაქში ეკიდა ჩამომხრჩვალი ადამიანებიო. ეს ველურობაა, მაგრამ მაინც ისტორიის ნაწილია. საერთოდ, საზოგადოებაში არსებობს როგორც დაფარული, ისე გახსნილი თემები. ხომ ვერ იტყვის ვერავინ, რომ ქართველი საზოგადოება სრულყოფილია? ქართველ საზოგადოებაში არიან ჰომოსექსუალები, არიან თავისუფალი ყოფაქცევის ქალები. ეს ყველამ იცის. თუმცა საზოგადოებას ყოველთვის არ უყვარს, როდესაც ამის შესახებ ლაპარაკობენ.
– სპარსულთან სხვა მსგავსება არ შეგინიშნავთ?
– ძალიან ბევრი. ენაზე უკვე გითხარით და კიდევ ერთი დეტალი: პირველი განათლებით მხატვარი ვარ და, როდესაც შევდივარ გალერეაში და ვათვალიერებ ქართველი მხატვრების ნამუშევრებს, იგრძნობა სპარსულის გავლენა. მაგალითად, ძალიან ბევრი ბროწეულია. ბროწეული კი სპარსეთისთვის სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლოა.  ავღანეთში, ირანსა თუ ტაჯიკეთში ბროწეულებს ხშირად ხატავენ იქაური მხატვრები. ამას გარდა, არქიტექტურულ ნაგებობებშიც იგრძნობა სპარსეთის გავლენა. მაგალითად, ალექსანდრე თარხან-მოურავის სასახლე აბსოლუტურად სპარსული სახლია.
– მრავალხმიანობა ჩვენია, ამაზე გავლენა ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოახდინა.
– ეს სუფთა ქართულია, მაგრამ ქალაქურ მელოდიებში ძალიან დიდია სპარსულის გავლენა. ასევე, ძალიან ინდივიდუალურია ქართული სამზარეულოს ნაწილი, მაგრამ, როდესაც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ხარ ირანის გავლენის ქვეშ, ეს ამჩნევს კვალს კულტურას.
– კვალი ყველასი გვატყვია.
– და კიდევ რამდენი ხანია საჭირო, რომ რუსული იმპერიის გავლენიდან გავთავისუფლდეთ. მე ახლა ვაგროვებ ქართულ სიტყვებს, რომლებიც რუსულია, მაგრამ გახდა ქართული და ბევრმა არც იცის ამის შესახებ. მაგალითად, „შატალო“, არის რუსული სიტყვიდან „შატატსია“. ასეთი ბევრია, თუმცა რუსულ კულტურაშიც გაჩნდა ქართული ტრადიციები. დაწყებული სუფრასთან რაღაცის თქმით და ჰუსარული ტრადიციით დამთავრებული –  სასმლის დალევა ქალბატონის ფეხსაცმლიდან. ეს ყარაჩოხლურია: როდესაც მეწაღე ფეხსაცმელს კერავდა, ის მას წყალგამძლეობაზე ამოწმებდა, ამიტომ სითხე უნდა ჩაესხა. ღვინოს ასხამდნენ და, რა თქმა უნდა, იმ ღვინოს სვამდნენ შემდეგ ახლად შეკერილი ფეხსაცმლიდან. როგორც ჩანს, რუს ოფიცრებს ეს მოეწონათ და ჩათვალეს, რომ ქალისადმი პატივისცემის გამოსახატავად კარგი იქნებოდა, მისი ფეხსაცმლიდან დაელიათ შამპანური.

скачать dle 11.3