კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისმა საჩუქრებმა შეაშინა გიგი უგულავას შვილები და რას შეეგუვნენ მისი ოჯახის წევრები

თბილისის მერი თბილისსა და მთელ საქართველოს ახალ წელს ჟურნალ „თბილისელებიდან” ულოცავს. ჩვენი ინტერვიუდან ბევრი გავიგეთ იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავს ქალაქის პირველი პირი ახალ წელს, როდემდე სჯეროდა მას თოვლის ბაბუის არსებობის და ვინ სჩუქნის ყველაზე უცნაურ საჩუქრებს. მის კაბინეტში დალაგებული საკმაოდ საინტერესო, უჩვეულო ნივთები ქალაქის თავის დახვეწილ გემოვნებაზე მეტყველებს. პრინციპში, მერის გემოვნება დედაქალაქსაც ეტყობა...

გიგი უგულავა: უამრავი თვალსაზრისით, როგორც ქვეყნისთვის, ისე ქალაქისთვის, 2010 წელი მნიშვნელოვანი იყო. ჩატარდა პირველი არჩევნები ომის შემდეგ, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთგვარი ტესტი იყო. პირველად ჩატარდა თბილისში პირდაპირი არჩევნები და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და, გარკვეულწილად, ისტორიული ფაქტი გახლავთ რეალურად, ამ არჩევნებმა სერიოზულად შეცვალა პოლიტიკური კლასი. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება: იზრდება საზოგადოება და, შესაბამისად, ის, ვინც საზოგადოების მოთხოვნებს აღარ პასუხობს, ავტომატურად უკანა პლანზე ირიყება და, რაც უფრო სუსტდებიან, მით უფრო იწყებენ ერთმანეთის ჭამას. პარადოქსულია, მაგრამ ასეა; რაც უფრო ძლიერია სუბიექტი, მით უფრო ადვილად უგებს ის სხვა სუბიექტს, იქნება ეს ადამიანი თუ პოლიტიკური ჯგუფი. განსაკუთრებით მძაფრად კი, ეს პოლიტიკაში ჩანს. გაიზარდა საზოგადოება და ახალი პოლიტიკური კლასის ფორმირებაც დაიწყო. ყველა უცხოური ორგანიზაციის შეფასებით, ეს არჩევნები იყო გაცილებით მაღალი სტანდარტის მქონე, ვიდრე მანამდე ჩატარებული არჩევნები.

– პირადად თქვენთვის თუ იყო ეს გამოცდა?

– რა თქმა უნდა, იყო ერთგვარი გამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარს ჩემი პოლიტიკური ძალა მიმაგრებდა, ეს მაინც პერსონალური არჩევნები იყო. ამას თან ახლდა ისტორიულობის განცდაც, რადგან, სწორედ მე მერგო პატივი, ვყოფილიყავი პირველი არჩეული მერი საქართველოს ისტორიაში, რაც თავისთავად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაცაა, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რა მასშტაბიც აქვს თბილისს საქართველოს ცხოვრებაში – ეს განუზომლად დიდი მასშტაბია. ეკონომიკის თითქმის სამოცდაათი პროცენტი, მოსახლეობის ოცდახუთი პროცენტი... – არაპროპორციულად დიდია თბილისი. რეგიონის მასშტაბით რომ აიღოთ, ქალაქების სკალა ნორმალური სიტუაციაა, მაგრამ, როგორც კი საქართველოს საზომით ვიღებთ, მაშინ მისი როლი განუზომლად იზრდება. სხვათა შორის, გარკვეული სტანდარტი არსებობს, რაღაც კონკრეტული პროპორცია უნდა იყოს ქალაქებს შორის. ამ თვალსაზრისით საქართველოს რთული მდგომარეობა აქვს. მილიონ-ნახევრიანი თბილისის შემდეგ მეორე ქალაქი ასორმოცდაათათასიანი მოსახლეობითაა – ათჯერ უფრო ნაკლებია, ანუ, პროპორციაა დარღვეული. ეს კი ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი დამამუხრუჭებელი გარემოებაა. მაგრამ, წელს, კრიზისის შემდეგ, ეკონომიკა საგრძნობლად გამოცოცხლებულია. მართალია, სასურველამდე კიდევ შორია, მაგრამ, ეს სკალა ზევით მიდის და სასურველამდეც მალე მივალთ. ამავდროულად, ამ წელს ბევრ ისეთ პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც უკვე 2011 წელს განხორციელდება და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იქნება. პირველ ყოვლისა, ეს არის რკინიგზის ქალაქიდან გატანის პროექტი და იმ ტერიტორიის ქალაქისთვის ათვისება. შესაძლებელი იქნება თბილისში ახალი ბიზნეს-სითის აშენება, რომელიც კიდევ დამატებით ახალი სამუშაო ადგილებს შექმნის თბილისელებისთვის. ასევე, გვაქვს თბილისის ზღვის განვითარების გეგმა, რომელიც თბილისელებისთვის თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცევა. საინტერესოა, ტრამვაის თემა, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით, არამედ იმ მხრივაც, რომ თბილისს ევროპული ქალაქის კიდევ ერთი ნიშანი ექნება. თბილისი როგორც ევროპული, ისე აზიური ქალაქიცაა და ჩვენთვის მთავარია, ორივე ერთნაირად, ლამაზად იყოს წარმოჩენილი. მომდევნო წელი უფრო დაპროექტების წელია, მაგრამ, დაიწყება და დაიწყება... ასევე, მინდა, მნიშვნელობის თვალსაზრისით გამოვყო ახალგაზრდული ოლიმპიადა, რომელიც 2015 წელს ჩატარდება ჩვენ დედაქალაქში.

– თქვენთვის როგორი იყო გასული წელი? პირადს, ოჯახს ვგულისხმობ.

– ბუნებრივია, ძალიან კარგი, რადგან, სწორედ 2010 წელს გავხდი ბიჭის მამა.

– განსხვავებულია გოგოსა და ბიჭის მამობა?

– არა, შვილი-შვილია და ერთნაირად გიყვარს. თავიდან მასთან კონტაქტი ძალიან მიჭირდა, სულ პატარა იყო, ახლა უკვე 5 თვისაა და ადვილად შემოდის კონტაქტში. ძალიან მშვიდი, წყნარი და გულკეთილი ბავშვია. აბსოლუტურად უპრეტენზიოა, სულ იცინის. ხმაურიანი სიცილი აქვს. დილის 8 საათზე რომ დაიწყებს სიცილს, მთელი დღე აღარ ჩერდება. სიცილით იღვიძებს და იძინებს. საერთოდ, რაღაც რომ უნდა, ხმაურით გამოხატავს – ამით, ალბათ, მე მგავს. იმ დღესაც, აცრა გაუკეთეს და საერთოდ ხმა არ ამოუღია, არ უტირია.

– ბიჭი რომ იბადება, მამები იმ დღესვე იწყებენ მათი მომავლის გეგმების დასახვას.

– ჯერჯერობით არანაირი გეგმა არ მაქვს, მაგრამ, ერთადერთი კონკრეტული მიზანი მასთან დაკავშირებითაა და მის მიმართ ჩემი მოფერებაც ამით გამოიხატება: რომ გაიზრდები, ძაღლებთან ერთად გასეირნებ-მეთქი.

– რატომ?

– ძალიან მოსწონს ძაღლები, სულ ეთამაშება და მერე ერთად გავასეირნებ. სამი წლის ასაკში უკვე შეძლებს მის დაჭერას.

– ძაღლი გყავთ?

– დიახ, ახლა რაღაც ტურნირიც მოიგო. იაპონური ჯიშია – აკიტა. სხვათა შორის, იაპონიაში ამ ძაღლს ძეგლიც კი დაუდგეს. რიჩარდ გირი თამაშობს ფილმში, რომელიც ამ ძაღლზეა გადაღებული. როგორც ჩანს, მათთვის ძალიან ძვირფასია ეს ცხოველი. ზოგ ქვეყანაში ძროხას უდგამენ ძეგლს, ზოგან ძაღლს და ზოგან კიდევ – თევზს. რას გაიგებ!

– რაიმე განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ?

– განსაკუთრებული არაფერი. რაც პოლიტიკაში ვარ, ახალი წელი ნაკლებად არის ჩემთვის ოჯახური დღესასწაული. ცოტა ხნით თუ შევირბენ სახლში, მივულოცავ ოჯახის წევრებს და მერე ისევ გავდივარ. ნაკლებად ვმონაწილეობ წინასაახალწლო სამზადისშიც, იქნება ეს სახლში პროდუქტის მიტანა თუ სხვა. ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 24 დეკემბერს, – ავტორი) მთელი ბავშვობა და ჯალაბობა იკრიბება და ყველა ერთად აწყობს ნაძვის ხეს. ჯამში, სულ ხუთი ბავშვი გვყავს, ასე რომ, მრავალშვილიანი მამა ვარ. პატარა ალექსანდრესაც დავაკიდებინებთ ერთ ბურთს ნაძვის ხეზე. ისე, დიდი ამბავია ხოლმე ამასთან დაკავშირებით – ყველას უნდა მორთვა და ყველა ამბობს, რომ მან უკეთესად იცის (იცინის).

– თქვენი ბავშვობის მოგონებებთან როგორ ასოცირდება ეს დღესასწაული?

– თოვლის ბაბუის არსებობის ძალიან პატარაობიდან აღარ მჯეროდა. სხვათა შორის, ახლა ვაკვირდები, რომ ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით ჩანს, როგორ იზრდებიან ბავშვები. ჩემს უფროს გოგონას აღარ სჯერა თოვლის ბაბუის არსებობის, მაგრამ ცდილობს, რომ უმცროსს ჯერ კიდევ სჯეროდეს. უმცროსი 6 წლისაა, მასაც უკვე ეჭვი ეპარება, მაგრამ, ვინაიდან იცის, რომ ეს „დარმავოი” საჩუქარია, ჩვენი თვალის ასახვევად იჯერებს ამ ზღაპარს. თინაც გაისად უკვე გამოვა ამ ასაკიდან და მერე უკვე ყველა ერთად დაიწყებს ალექსანდრეს დაჯერებას და გახარებას. ყველაზე კეთილი ზღაპარია უვნებელი ტყუილი. მაგრამ, ამასაც ლიმიტი აქვს. მერე და მერე, ისევ თუ სჯერა, ლენჩობის მომენტი შემოდის.

– თქვენ რა საჩუქარი გახსოვთ განსაკუთრებულად, თუნდაც ბავშვობის პერიოდიდან?

– ამას, ჯობდა, რთული პოლიტიკური შეკითხვა დაგესვა. ეს ნამდვილად აღარ მახსოვს. მაგრამ, განსაკუთრებულად მახსოვს ერთი ახალი წელი, რომელიც მართლა უცნაური იყო. დაუვიწყარი ეს ახალი წელი იმიტომ არ არის, რომ სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, უფრო ექსტრემალურს დავარქმევდი: თბილისის ომის შემდგომი პერიოდია, თუ არ ვცდები, 1993 წელი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიტუაცია იყო. ერთ ჩემს მეგობარს არ უნდოდა, რომ სახლში შეხვედროდა ახალ წელს და ვუთხარი, ჩემთან შევხვდეთ-მეთქი, მაგრამ, კატეგორიული უარი მითხრა – სხვის სახლში შეხვედრა არ შეიძლებაო. რატომ – დღემდე არ ვიცი. მაშინ, მეც არ წავალ სახლში-მეთქი. ავიღეთ საჭმელი, სასმელი და წავედით. ორივე მთაწმინდაზე ვცხოვრობდით და ავედით წყაროზე. წყარო არის მთაწმინდის ტყეში, ფეხით რომ ადიხარ ანძისკენ, დაახლოებით ნახევარ საათში მიხვალ წყარომდე. ცივი ზამთარი იყო, თოვლიანი. ღვინო ჩემს მეგობარს მოჰქონდა, მაგრამ, ფეხი დაუსრიალდა და გაუტყდა. მოგვიწია ფორსმაჟორული წესით არყის ყიდვა, ხომ წარმოგიდგენიათ, მაშინ რა არაყი იქნებოდა! მოკლედ ამ ჩვენი არყით ავედით წყარომდე. გავიყინეთ, ისე ცივა, წვალებით ავანთეთ ცეცხლი და მაქსიმალურად ვცდილობდით დღესასწაულისა და გართობის იმიტაციას. არც ერთს აღარ მოგვწონს იქ ყოფნა, მაგრამ გაძლებაზე ვართ, მაგრამ არ ვამხელთ. საჭმელიც გაიყინა. გახდა 12 საათი და ამ დროს დაიწყო მთელი უბედურება. მაშინ ყველას ავტომატი ჰქონდა სახლში, ავტომატი თუ არა, რამე იარაღი მაინც და, თან, რა თქმა უნდა, ყველამ მთაწმინდის პლატოსკენ დაიწყო სროლა, უსაფრთხოდ რომ ჩაევლო ახალ წელს. რომ ატყდა ხმაური, ტყვიების წვიმა წამოვიდა, გავგიჟდით, მეთქი, რა გვინდოდა აქ. სადღაც ხრამში ჩავხტით და იქ ველოდებოდით, როდის გადაივლიდა ეს შავი ღრუბელი ჩვენ თავზე. (იცინის). პისტოლეტის ხმა იშვიათად ისმოდა, ყველა ავტომატს ისროდა. როგორც კი გადაიარა ამ საფრთხემ, ჩამოვედით იქიდან. ჩემს მეგობარს მაინცდამაინც 12 საათზე ჰქონდა ვინმესთან შეხვედრის კომპლექსი, თორემ, იმ ღამეს, სროლის შემდეგ რვა ოჯახში ვიყავით. ტალახიანები, ამოთხვრილები დავდიოდით და გვიხაროდა, რომ გადავრჩით.

– სახლში არ აქვთ პროტესტი, არ უნდათ, რომ ამ დღეს მათთან ერთად იყოთ?

– შეგუებულები არიან უკვე ზევითაც და ქვევითაც: ზევით – ჩემი მშობლები და ქვევით – ჩემი მეუღლე და შვილები. სუფრას რომ მიუსხდებიან, ამ დროს მივდივარ.

– საჩუქრების შერჩევაში თუ იღებთ მონაწილეობას – ამას თუ ასწრებთ?

– ოო, ეს რთული თემაა. ამ საკითხში მინიმალურად ვმონაწილეობ, ეს საქმე ლელასთვის მაქვს მინდობილი.

– თავისთვისაც თვითონ იძენს საჩუქარს?

– (იცინის) არა, აქამდე ჯერ არ მივსულვართ. ბავშვების საჩუქრების თემა მხოლოდ მასზეა. არა, თუ მივლინებით სადმე ვარ წასული, გამოვიდებ ხოლმე თავს და ბავშვებისთვის ვყიდულობ რაღაცეებს მართლა, ძირითადად „მიბრაკავენ”, მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ზომაში ზუსტად „ვარტყამ“ – მესიჯებში მაქვს ჩაწერილი ყველას ზომა.

– თქვენ თუ მიგიღიათ უჩვეულო საჩუქარი?

– ახალ წელს არ უკავშირდება, მაგრამ ბევრი საინტერესო საჩუქარი მაქვს მიღებული. მაგალითად, სპორტული კედი კვერცხებზე, მომწონს ჩანაფიქრი, ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთგვარი გამოხატულებაა, საკმაოდ საინტერესო. გელა წულაძის გაკეთებულია. სხვათა შორის, ეს კვერცხები ჩემი სამდივნოს გოგოებს რომ მოჰქონდათ, ნამდვილი ეგონათ და, უნდა გენახათ, რა ფრთხილად შემოიტანეს (იცინის). მაგრამ, მაინც ყველაზე სასაცილოდ მახსენდება თემურ გიორგაძის – ჩვენი მთავარი მაშველის საჩუქარი. თემური კარგი მონადირეა და გადამეკიდა, ბავშვებისთვის საჩუქარი უნდა მოგიტანო, ძალიან მოეწონებათო. ერთ-ერთის დაბადების დღე იყო, თუ არ ვცდები. დილაა, ახალი გაღვიძებული ვარ და მოდის თემური ცხოველების n-რაოდენობის ფიტულებით. ყველანაირი ცხოველის და ფრინველის ფიტული იყო. რა ვუყო ამდენ გაშეშებულ ცხოველს-მეთქი, გადავირიე...

– ბავშვებს მკვდარი, გაშეშებული ცხოველების არ შეეშინდებოდათ?

– ზუსტად ამას გიყვებით. სულ სათითაოდ დაიწყო მოყოლა: ეს აქ მოვკალი, იქ დავამწნილე, იქ გამოვფატრე... ამასობაში, გაიღვიძეს ბავშვებმა და, რომ დაინახეს ეს ცხოველები, ისეთი ტირილი ატეხეს, ვერ წარმოიდგენთ. თემურს ვუთხარი, დროზე წაიღე ეს რაღაცეები და რომ გეყოლება შვილები, იმათ დაუკიდე-მეთქი.

– ირმის მოჭრილი თავით ბავშვი რატომ უნდა გაერთოს?!

– მარტო თავები კი არა, მთლიანი ჩიტები იყო, ფეხებიან-ფრთებიანად. როგორ მოინადირა ისინი, არ ვიცი.

– ქორწილს ხომ არ გეგმავთ ახალ წელს?

– არა. მე და ლელამ ხელი უკვე მოვაწერეთ, იყვნენ ჩვენი ახლო მეგობრები, შვილები. ქორწილის გადახდას არ ვაპირებთ, ეს უკვე ზედმეტი მგონია.

– რა გეგმებით შეხვდით 2011 წელს?

– გეგმა ერთია – ბევრი მუშაობა. მინდა, ყველას მივულოცო შობა-ახალი წელი, სიმშვიდე, ბედნიერება ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს!


скачать dle 11.3