რა გადაიტანა მედეა ჯაფარიძემ საყვარელი მამაკაცების გამო და რა ჩაწერა მან მაგნიტოფონზე გარდაცვალებამდე
ქალბატონი, რომელზეც ახლა გიამბობთ დღემდე ყველასთვის უცვლელი რჩება. მისი გარეგნული თუ შინაგანი სილამაზე, ინტელექტი, მოხერხებულობა დღესაც ბევრს დაჩრდილავდა. მედეა ჯაფარიძემ გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე თავისი პირადი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი, საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობი ეპიზოდები მაგნიტოფონზე ჩაწერა. მისმა რძალმა, ქალბატონმა მედეა თაბუკაშვილმა ჩანაწერი და წერილები დიდი სიყვარულითა და მოწიწებით შეკრიბა, მეუღლესთან ერთად, პიესის სახე მისცა და წიგნად გამოსცა.
„... ჩემს ცხოვრებაში მოხდა ჩემთვის მოულოდნელი რამ. ბევრი გოგონა მაშინ გათხოვებაზე ოცნებობდა, რაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელი იყო. მე სწავლის გაგრძელება მინდოდა, სრულიად ნორჩს გათხოვება, თანაც დიდი სიყვარულის გარეშე, თავში აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ ასე მოხდა. გავთხოვდი შესანიშნავ ქართველ მსახიობზე, გრიშა კოსტავაზე, მერაბ კოსტავას ბიძაზე, პიროვნებაზე, რომელსაც შემდგომი ცხოვრების განმავლობაში უდიდეს პატივს ვცემდი. სხვათა შორის, მერაბს ბევრი საერთო თვისება გააჩნდა ბიძამისთან. ისიც მასავით პატრიოტად და უტეხი პრინციპების პიროვნებად ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ, შევედი მარჯანიშვილის თეატრში უშტატო მსახიობად, ისე, რომ არანაირი თეატრალური განათლება არ მიმიღია. თეატრი სავსე იყო უნიჭიერესი მსახიობებით. პირველ წარმოდგენაში ორი სიტყვა მქონდა სათქმელი – „მარგარიტა გოტიე“. ძალიან ვღელავდი, მგონი, ძილშიც კი ვიმეორებდი ამ ორ სიტყვას. შემდეგ მომცეს ეპიზოდური როლი – გულსუნდა, სპექტაკლში „მოკვეთილნი“. ეს სახე ყველაზე მეტად მიყვარდა. ჯერ იმიტომ, რომ ვაჟას ვეზიარე და მერე, გერონტი ქიქოძის შექებამ შემასხა ფრთები. ამ დროს მოხდა უბედურება. გრიშა კოსტავა დააპატიმრეს. მას ძველი ფედერალისტობა გაუხსენეს. საშინლად აწამეს, მაგრამ ვერ გატეხეს და ვერავისზე ათქმევინეს ძვირი. ჩეკისტი დაკითხვის დროს ფეხზე ხიშტს აჭერდა და როცა პასუხს ვერ იღებდა, სულ უფრო ეყრდნობოდა ხიშტით. აკი ვამბობდი, მერაბი ძალიან ჰგავდა ბიძას. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ვერ აღიარებინეს, მაინც სიკვდილი მიუსაჯეს მას და რამდენიმე მის მეგობარს. ორი დღის გადაყვანილები იყვნენ სიკვდილმისჯილთა საკანში, როცა მე პირველად ჩავჯექი თვითმფრინავში. რვასაათიანი გადაფრენა მელოდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოცი წლისა გახლდით, მაინც ძალიან მეშინოდა. აფრენის წინ შესანიშნავმა ქალბატონმა, მარგარიტა მუსხელიშვილმა, ჩვენი დიდი მეცნიერის დამ, გამატანა წერილი ადმირალ ისაკოვთან, თხოვნით, რათა ულრიხს მივეღე. ეს ის ულრიხი გახლდათ, ომის წლებში ყველაზე მეტ ადამიანს რომ გამოუტანა დახვრეტა. ამ ბარათში ქალბატონი მარგარიტა ადმირალ ისაკოვს სთხოვდა, რომ ურიგოდ მივეღე, სხვანაირად ექვსი თვე დამჭირდებოდა რიგში დგომა, დრო კი არ ითმენდა. მივედი ულრიხთან, ამ სისხლიან კაცთან და გავოგნდი, დამხვდა მოხუცი, კეთილი კაცი (რასაკვირველია, მხოლოდ გარეგნობას ვგულისხმობ – მედეა ჯაფარიძე). გრიშა კოსტავა და მისი მეგობრები უკვე მეხუთე დღეა ელოდნენ დახვრეტას. პასუხი წერილობით მივიღე – სამივე სიკვდილმისჯილს ათი წლის პატიმრობით შეუცვალეს სასჯელი. კოსტავა და მისი მეგობრები თბილისში დააბრუნეს. აქ უკვე დავიწყეთ ბრძოლა, რათა ისინი რუსეთში არ გაესახლებინათ. ყოველი ახალი გამოჩეკილი ჩეკისტი ხელახლა იწყებდა მათი საქმის გადასინჯვას თავის გამოსაჩენად და ცდილობდა, „საშიში დამნაშავეები“ ქართული კოლონიიდან ციმბირში თუ კალიმაზე გადაესახლებინა. კვლავ და კვლავ მიწევდა სხვადასხვა ინსტანციაში სირბილი და ხვეწნა-მუდარა. ამ ჯოჯოხეთში გავიდა რამდენიმე წელი და როცა ყველაფერი მიწყნარდა, მე მომინდა, შეწყვეტილი ბავშვობის, ანუ სწავლის გაგრძელება. წავედით მოსკოვში, ჩვენებთან. თითქოს გამრთელდა ბავშვობის გაწყვეტილი ჯაჭვი. სამხატვრო თეატრს მივაშურე, რათა იქნებ თავისუფალ მსმენელად მივეღე. მიმიღეს, ახდა ოცნება. მე სამხატვრო თეატრის კედლები შემომცქერიან. ვცხოვრობ ჩვენებთან, დედაც ხშირად ჩამოდის და სწორედ ამ დროს გავიცანი რეზო. ეს იყო 1947 წლის დასაწყისი. რეზო იქ სწავლობდა დიპლომატიურზე. მან გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ბრწყინვალე ლექსებს წერდა და მზეჭაბუკივით ვაჟკაცი იყო. თანაც, მიუჩვეველი ქალებისგან უარის თქმას. რეზო, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დარჩა ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, რადგან მე ისეთი დაცლილი ვიყავი, სწავლის გარდა არაფერი მინდოდა. თან, ვხვდებოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი გრძნობის წინაშე დამაყენებდა და ინსტინქტურად ვუფრთხოდი მას.
სტუდიაში თანდათან დავიმკვიდრე ჩემი ადგილი, სერიოზული როლები შემომთავაზეს. ლენინგრადელმა კედროვმა გადაწყვიტა, მოვესინჯე ჯულიეტასა და ოსტროვსკის „უმზითვოში“ ლარისას როლებზე. როცა რეზოს უნდა შევხვედროდი და მეამბნა ჩემი წარმატების შესახებ, მოვიდა ტელეგრამა: „დედა ავად გახდა, სასწრაფოდ ჩამოდი!“ ყველაფერი თავზე დამენგრა. სახლში ტირილი არ შემეძლო, ბიცოლა ავად იყო და მისი შეწუხება არ მინდოდა. არბატზე, სტაროკანიუშენზე ჩემი უფროსი მეგობარი ქალი – ფაინა ცხოვრობდა და იქ წავედი, ბოლომდე რომ გამომეტირა ჩემი დამსხვრეული ოცნებები. რეზოს დავურეკე, სახლიდან ვერ დავურეკავდი ჩვენების შიშით. ისიც წამსვე მოვარდა და მაშინ პირველად მოვუყევი ყველაფერი, ჩემი მძიმე ბავშვობის, განვლილი წლების, აუხდენელი ოცნებების შესახებ და აქ მოხდა ერთი გადამწყვეტი ამბავი, ჩემი ვაჟკაცი რეზო ატირდა. მაშინ მივხვდი, მას ხელს უკვე ვეღარ ვკრავდი. უნდა მეშველა ჩემი თავისთვისაც და მისთვისაც. ორ დღეში უკვე თბილისში ვიყავი. მძიმე გულით დავემშვიდობე სამხატვრო თეატრ-სტუდიას და მთელი სიყვარული ჩემი ჩასვლით უზომოდ გახარებულ დედას დავუთმე. ერთი თვის განმავლობაში ბნელ ოთახში ვიწექით ორივე, თურმე ასეთ ავადმყოფებს სიბნელე ჰყვარებიათ. ამ დროს მიმდინარეობდა „ქეთო და კოტეს“ გადაღებები. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ჩავაბნელებდი დარაბებით ოთახს და ასე ვცხოვრობდით მე და დედა. მხოლოდ რეზოს მონატრება აფერადებდა იმ დროის მონაკვეთს. ნათესავები მირჩევდნენ: დედაშენი საავადმყოფოში დააწვინე და გააგრძელე შენი დაწყებული საქმეო. მაგრამ, მე ხომ ვიცოდი, როგორ სძულდა დედას საავადმყოფო. ეს ხომ მე ბავშვობიდანვე ვიცოდი, როცა მის კალთას მგლეჯდნენ და ფსიქიატრიულში მიჰყავდათ. ამიტომ ვერ გავიმეტე და მასთან დავრჩი. რეზოს წერილები თუ მითბობდა სულს.“
1948 წლის 7 ოქტომბერი – რეზო სწერს მედეას:
„ჩემო მედიკო, კი არ მაგონდები, მელანდები. რამდენჯერმე გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდი ქუჩაში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, სახლები, თითქოს ვიტრინებშიც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის ხეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ყველაფერი ეს შენში მყვარებია. საშინელებაა ცარიელ ქალაქში ცხოვრება. ისეთი გრძნობაა, თითქოს გაქანებული ვაგონიდან გადმოგაგდეს, მატარებელი კი ღამეში დაიკარგა. მომაგონდები და მეკუმშება გული, თითქოს ტვინსაც ფოლადის თითებში სრესენ, აუტანელი, მტკივნეული გრძნობა მეუფლება. მე კი ამისთვის არ ვყოფილვარ მზად. რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახვედრა შენთან, დამაკოცნინა შენი პატარა ხელები. რა ვქნა, ჩემო „ტაიტი“, ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე. „რაზლუკა პიტაეტ ლუბოვ“ – სიყვარულზე ამაზე დიდი სისულელე არაფერი თქმულა...“
„... მედიკო, ეს წელიც მოვითმინოთ. დავამთავრებ და ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერს მოვაწყობ, ოღონდ შენ მეყოლე კარგად. წერილების წერას თუ გადაწყვეტ, მომწერე ხოლმე უფრო გარკვევით, უფრო დალაგებულად, ბევრი სიტყვა ვერც ამოვიკითხე, იეროგლიფებია პირდაპირ. სასურველია, წერილი იყოს ნაწერი ერთი სტილით. მომწერე პასუხი. არ მანერვიულო. ეს არ არის ასე ძნელი. მაშ ველი ამ დღეებში პასუხს, მხოლოდ პირდაპირს და ნათელს. გკოცნი ბევრს, რეზო“.
„... ნელა, ძალიან ნელა გაიარა აქ უმძიმესმა ექვსმა თვემ. ათასში ერთხელ გადაღებებზე თუ გავიდოდი. ჩამთავრდა ფილმის ქორწილის სცენის გადაღებაც“ (თვრამეტი დღე მუშაობდნენ ბატონი ვახტანგ ტაბლიაშვილი და გადამღები ჯგუფი ღამიდან დილამდე – ავტორი). „დედაც მომჯობინდა და კვლავ მოსკოვში წავედი, ამჯერად დედასთან ერთად, მარტო ვეღარ დავტოვებდი. ბიცოლასთან ვერ ვიცხოვრებდი, რადგანაც იმ პერიოდში ისიც ძალიან ცუდად იყო და მათი შეხვედრა ძველ იარას გახსნიდა. ამიტომ, ჩემს მეგობართან, ფაინასთან გავჩერდით არბატზე. გორკის ქუჩაზე იყო ერთი პატარა „კოქტეილ-პოლი“, უკრავდა მუსიკა. ეს მაშინ იშვიათი მოვლენა იყო. ჩასვლისთანავე დავურეკე რეზოს და იქ შევთანხმდით შეხვედრაზე. მაგრამ, ვაი რომ, იმ დღეს მუსიკოსები ისვენებდნენ და ძალიან დაგვწყდა გული. თუმცა, სულ ცოტა ხანში მივხვდით, რომ არავითარი მუსიკა ჩვენ არ გვჭირდებოდა, იმდენად ძვირფასი იყო ერთად გატარებული მონატრების ყოველი წუთი. განაწყენება რომ შევამჩნიე, ავუხსენი რეზოს, თუ რატომ არ ვპასუხობდი მის წერილებს. კვლავ გაგრძელდა სწავლა სამხატვრო სტუდიაში. ერთ-ერთმა სტუდიელმა მითხრა, სად გაქრი, ჩვენ ყველას გვეგონა, მოსკოვში დიდ კარიერას გააკეთებსო. ეს მერეც უკვირდათ ჩემს კოლეგებს, როცა დედას გამო საბოლოოდ დავანებე თავი სწავლას და თბილისში გადავედი საცხოვრებლად. მათთვის სამსახიობო კარიერა ყოველგვარ პირადულზე მაღლა იდგა. ჩემი მოსკოვში ყოფნისას „ქეთო და კოტეს“ პრემიერა შედგა თბილისში. „ქეთო და კოტეს“ შემდეგ ჩემმა უსაყვარლესმა ბატონმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა მეორე, დიდი სიყვარული მაჩუქა. რუსთაველზე ვცხოვრობდით, ისეთ ბინაში „კომუნალკას“ რომ ეძახიან, აივანზე ვიყავი გადმომდგარი. ამ დროს ჩაიარეს ბატონმა ვახტანგმა და მისმა მეგობრებმა. როგორც მან მითხრა, სწორედ მაშინ დაებადა აზრი ბატონ ვახტანგს, თეატრში ჯულიეტა მეთამაშა. ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენი პირველი იძულებითი განშორების პერიოდში რეზომ შექსპირის სონეტების დიდი ნაწილი თარგმნა და მე მომიძღვნა. ჯულიეტას როლმა დიდი ბედნიერება მომიტანა. რეზოც ჩამოვიდა პრემიერაზე.
სონეტების პირველ წიგნს რეზო თაბუკაშვილმა ყდაზე ასეთი წარწერა გაუკეთა. „ჩემო მედიკო, ამ დიდ წიგნში ყველაფერი შენ გეკუთვნის, ყოველი სტრიქონი შენითაა ნაკარნახევი, მაგრამ არ ვიცი, შენსავით მშვენიერია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობდი, დამემსგავსებინა შენთვის“.
უმშვენიერესმა მედეა ჯაფარიძემ და რეზო თაბუკაშვილმა იქორწინეს. სტუმრები დღის ოთხი საათისთვის ჰყოლიათ დაპატიჟებული, მაგრამ სასიძოს აუჩემებია და, დილაადრიან მოუწერიათ ხელი – ხომ იცით ქალების ამბავი, უცებ არ გადაიფიქროსო. დრო ჰქონდათ და მედეამ და მისმა მეჯვარემ საპარიკმახეროში გადაწყვიტეს შესვლა. იქიდან რომ გამოსულან, კიდევ ოთხი საათი იყო დარჩენილი ხელის მოწერამდე. ამ დროს საშინელი წვიმა წამოვიდა. გოგონებს სადარბაზოში შეუსწრიათ, მხოლოდ რეზო გალუმპულა. წვიმაში იდგა და იძახდა – რა დროს ჩემი ცოლია, ბოვში ჯერ ვიზრდები კიდევო. შემდეგ დროის გასაყვანად ყველანი კინოში შევიდნენ. მძიმე სურათი გადიოდა. ფილმი ომზე იყო. კინოდან ტირილისგან დასიებული თვალებით გამოვიდნენ. მექორწილეები შუა რუსთაველზე მოდიოდნენ და ცრემლებს ძლივს იკავებდნენ. იმავე საღამოს ჭორი გავრცელდა თბილისში. საწყალი რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე მშობლებს სახლში არ შეუშვიათ და ქუჩაში უპატრონოდ დაყრილები მწარედ ქვითინებდნენო. 1950 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, მედეა ჯაფარიძეს და რეზო თაბუკაშვილს ვაჟი შეეძინათ – ლაშა. მის დაბადებამდე ერთი თვით ადრე კი მედეამ, რვა თვის ორსულმა, სპექტაკლ „ჭრიჭინაში“ ითამაშა. მაყურებელი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ორსულ მსახიობს, რომელიც ხეზე დახტუნავდა და კიბეებზე დაჰქროდა. მიუხედავად იმისა, რომ მედეას „ჭრიჭინა“ უდიდესი წარმატებით სარგებლობდა, ამ პიესის მიხედვით გადაღებულ ფილმში ეს როლი სხვა მსახიობს მიანდეს. ამით დაიწყო მედეას უიღბლობა კინოში. ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი დიდი ტკივილი შემოქმედებაში.