კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ გადააწყვეტინა სერგო ზაქარიაძეს, სამართალი ბერიასთან ეძებნა

„მე, აგერ უკვე ოცდარვა-ოცდაცხრა წლის კაცი ვარ. ოჯახს კარგა ხანია, მოვეკიდე. ბავშვი მყავს. ათ წელზე მეტია, რაც ხელოვნების დარგში ვარ ჩაბმული და ყოველივე ამის შემდეგ, ვფიქრობ, საჭიროა, მქონდეს ერთი ისეთი კუთხე, ერთი ისეთი წიგნი, სადაც სრულებით გულახდილად ავღნიშნავ იმ მოვლენებს, ჩემს ცხოვრებასა და მუშაობას განსაკუთრებული დაღი რომ დაასვა. მე ვფიქრობ და ბოლოსდაბოლოს ასეც არის, რომ ადამიანს თავისი ცხოვრების მიწურულს, ანდა მისი სიკვდილის შემდეგ, რჩება ძალიან მცირე რამ, რითაც შეიძლება მისი მოგონება. „ეს მცირე რამ” შეიცავს შემდეგს – ჯილდო, რეცენზიები, სურათები, დღიურები ან მოგონებები, რაც რჩება და მისი ავტორის სახელს აცოცხლებს.” –  ასე იწყება სერგო ზაქარიაძის ცხოვრების დღიურები და მოდი, ერთად მოვუსმინოთ, რას ყვება ის.
 (წყარო: სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „არტ პალაცე”)
19 აპრილი. 1938 წელი
„საკამოდ მომწიფდა ჩემში ის აზრი, რომ ჩემი უთეატროდ დარჩენა ყოვლად შეუძლებელი იყო. მერე ამასთან დაკავშირებით ისეც მოხდა, რომ „სახკინმრეწვში” ჩემი მუშაობა გათავებული იყო და პერსპექტივა კი, არსად ჩანდა. ჩემი უკანასკნელი სურათის დამთავრების შემდეგ, თანახმად დირექციასთან დადებული პირობისა, მე გავემგზავრე მოსკოვში, დეკემბერში, 1936 წელს. იქ დავყავი თითქმის სამი თვე და ამ ხნის განმავლობაში, ვნახე 49 წარმოდგენა, ექვსი სიმფონიური კონცერტი და რამდენიმე ლექციასაც დავესწარი. დამრჩა ერთი მთავარი ამბავი ჩემს მეხსიერებაში, სახელდობრ ის, რომ აქედან წასვლისას, ვიყავი ფიზიკურად ენერგიით სავსე და იქიდან დაბრუნებისას კი, ისეთი დაღლილი, ისეთი დასევდიანებული და დამწუხრებული, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი სიხარული, რამდენი ბედნიერი წუთები, განვიცადე და გამოვიარე…
ახალგაზრდა მსახიობი, ამდენი ხნის დამშეული და უეცრად ამდენი საჭმელი, უნდა ვთქვა სიმართლე, დავხარბდი, ძალიან ვიღორე, ყველაფერი მინდოდა – თეატრიც, დისპუტებიც, ლექციებიც, მუზეუმებიც და ყოველგვარი სანახაობა – როგორც ათი-ასი მშიერი მგელი, ასე მე ერთი მივადექი ამ გემრიელ საჭმელს და გავძეხი – ისე, გავიბერე, რომ მონელება ძალიან გამიჭირდა. აი, ამით აიხსნება ის, რომ მე ბუნებით ძლიერ მოუსვენარს, მხიარულს, ენერგიულს, დამესვა ბეჭედი ჩემთვის არანორმალური – შემბოჭა ადამიანი და სიცოცხლის წყურვილი მომიდუნა. ო, ეს სამდღენახევარი! აი, სწორედ ეს გზა იყო ჩემთვის ყველაზე უებარი წამალი. ეს იყო, რომელმაც მომცა საშუალება, ოდნავად მაინც დამემშვიდებინა ნერვები. სწორედ ნერვები, ამ მხრივ ხომ საკუთარ თავს სრულებით ვერ ვცნობდი. სასტიკად ვნერვიულობდი, სულ უბრალო რამეზე ვყვიროდი და ვტიროდი…
რუსთაველის თეატრი ორჯერ იყო მოსკოვში და შ. ასხაბაძე ორჯერვე თბილისში იჯდა. აქედან ადევნებდა თვალყურს თუ მოსკოვში რას აკეთებდა თეატრი, სადაც ის მუშაობს – სადაც ის ითვლება ერთ-ერთ წამყვან რეჟისორად.
ჩემი თბილისში ჩამოსვლიდან ზაფხულამდე, თითქმის არაფერი გამიკეთებია... 
ჩემი თავი არავისთვის შემითავაზებია და მეორე ის, რომ მე ასე მეგონა, თუ სადმე მოვისურვებდი მუშაობას, იქ მიმიღებდენ კიდევაც. ასეთი აზრი კი იმიტომ მქონდა, რომ გაცილებით უფრო დიდი თეატრები და უფრო დიდი ადამიანები მაძლევდენ წინადადებას მუშაობაზე. მაგრამ, ყოველთვის უარი იყო ჩემი მხრიდან, ეს შემიძლია თავისუფლად დავწერო… 
„გოსკინპრომმა” გამომიძახა და გამომიცხადა, თქვენ შეცდომით გაგათავისუფლეს და ისევ ჩვენთან ირიცხებითო. მე საშინლად გავოცდი, რადგან ამ დაწესებულებისგან კარგი დამოკიდებულება არ მახსოვს და მით უფრო მისი ტექნიკური დირექტორისგან (ეს იყო ე. ხაჩიძე). მე მაშინვე მივხვდი, აქ ძაღლის თავი სხვაშია დამარხული-მეთქი. მერე შევეკითხე: „კი მაგრამ, ჯამაგირი რატომ შემიწყვიტეს-მეთქი”, ახლავე გამოგიწერავენო და მართლაც, მაშინვე გამომიწერეს ჩემი განსხვავება. ახლა ხომ სულ ამოვისუნთქე და ეს არის. მაგრამ, საქმე რაში ყოფილა, როგორც მერე გავიგე. მაშინ ფაბრიკაში ახალგაზრდა რეჟისორები დგამდენ მცირემეტრაჟიან სურათს ხევსურეთის ცხოვრებიდან და რეჟისორს მოვუთხოვივარ მე. ამხ. ხაჩიძემ იცოდა, რომ მე პირობებს რიგიანს მოვითხოვდი და ისე, უბრალოდ, არ დავთანხმდებოდი. ამიტომ მიმართა ასეთ ხერხს – აღმადგინა, მომცა განსხვავება და ძველ პირობებზე დამტოვა ოფიციალურად. მე ამაზე მოვიყრუე, რადგან, როდესაც ახალ როლზე დამნიშნავდნენ, ახალ პირობებს წავაყენებდი, მაგრამ ორივეს კოვზი ნაცარში ჩაგვივარდა. სურათი მოხსნეს და დღიდან ჩემი აღდგენისა, მესამე დღეს, ანგარიში გამისწორეს. მე მივიღე ერთი თვის შვებულება  და ხელზე ორი ათასი მანეთი. თან, ზაფხულის ცხელი დღეები დგებოდა, თბილისში უკვე გაჩერება შეუძლებელი იყო. ეს ფული ავიღე, „გოსკინპრომსა” და ხაჩიძეს გუნებაში მადლობა გადავუხადე. მოვკიდე ჩემს ცოლ-შვილს ხელი და კახეთის ერთ სოფელში, მააჩხაანში უნდა წამეყვანა. უკვე ბარგი შეკრებილი, ბილეთი ნაყიდი, ხვალ დილის ცრა საათზე მივდივართ კახეთში – წინა საღამოთი ჩვენთან მოვიდნენ არჩილ ჩხარტიშვილი და მედეა ქორელი (მეგობრები). სთხოვეს მერის კახეთის ნაცვლად წასულიყვნენ წაღვერში, სადაც მედეას უკვე ჰქონდა ოთახი ნაქირავები. ვინაიდან არჩილ ჩხარტიშვილს აღარ შეეძლო, სხვადასხვა მიზეზების გამო, წაღვერში წასვლა, მედეას კი მარტო გაუჭირდებოდა ცხოვრება და საერთოდაც არ შეეძლო, ამიტომ მოვიდნენ ჩვენთან და გვთხოვეს, კახეთის ნაცვლად, წაღვერში წავსულიყავით – მცირე ხნით, რასაკვირველია. ვინაიდან ამ „გოსკინპრომის” დამხმარე ფულის მეტი არაფერი მებადა და მომავალი გზა საძებნელი მქონდა, როგორც კი გვთხოვეს წაღვერის შესახებ, მაშინვე თავში დამკრა და სულში ფეხის კოჭებამდე გაიარა. ამის მიზეზი ის იყო, რომ წაღვერში სამუშაოდ მიდიოდა მარჯანიშვილის თეატრი და იქ შეიძლება, ჩვენ ერთმანეთს შევხვედროდით. იმ წუთშივე, როგორც კი წაღვერი ახსენეს, ეს ყოველივე ერთბაშად მოგროვდა თავში – ჩემი ჩასვლა, თეატრის ჩასვლა, ჩვენი შეხვედრა და ჩემი მუშაობის დაწყება… მთელი ჩემი ბედ-იღბლის გადაწყვეტა ჩემს ცოლს (მერი) დავუთმე. ეს ისე მოხდა, ყუთიდან რომ თუთიყუში ამოიღებს ბედის ქაღალდს. ჩვენ კახეთის ნაცვლად, წაღვერში წავედით. ისინიც ჩამოვიდნენ, ჩვენც ერთმანეთს შევხვდით და მეც მუშაობა დავიწყე…
ეს კი ასე მოხდა. ასე მივიღე გადაწყვეტილება და საქმე წინ წავწიე. ეს იყო დაახლოებით, ივლისის ბოლო რიცხვი თუ აგვისტოს დასაწყისი – აღარ მახსოვს. დილით, რომ ავდექი, ვერ ვიყავი რაღაც კარგ ხასიათზე. ესეც არ მახსოვს რატომ, მხოლოთ ის კი მახსოვს, სადილის შემდეგ ტყეში რომ მივედით დასასვენებლად. ამ უსაქმობის დროს მივყევ-მოვყევით, ძველი, ახალი და ამ მოყოლა, კითხვა-პასუხში კი წავიჩხუბეთ. მე და ჩემმა ცოლის დამ. ეს უკმაყოფილება ისეთი გამოვიდა და ისეთი მწვავე სახე მიიღო, მე უკვე გადავწყვიტე, თბილისში წასვლა. ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდად იმოქმედა და უხერხული მდგომარეობა ჩამოვარდა. იმ საღამოს რაღაც მიზეზით არ წავსულვარ თბილისში და მეორე დღეს, როცა ავდექი, ასეთი არასასიამოვნო მდგომარეობის გამო, ადგომისთანავე ტყეში წავედი და იქ ვიყავი წამოწოლილი. ვიწექი ჩემთვის, ვფიქრობდი, ძველიც გამახსენდა, ახალიც – ჩემი ახლანდელი უმწეო, უპერსპექტივო მომავალი, ცოლი, შვილი, ოჯახი, თავმოყვარეობა. ბევრი ვიფიქრე, ბევრი და ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი, რომ… ერთი სიტყვით, ძალიან შევწუხდი. ჩემი თავი რაღაც საცოდავი მომეჩვენა, უიმედო. სწორედ ამ დროს გამიელვა თავში მარჯანიშვილის თეატრმა. თითქოს ღორი რკოს მიადგაო – ისე იყო. ჩემმა ასეთმა მდგომარეობამ მარჯანიშვილის თეატრში ნახა გამოსავალი. მე რომ მაშინ არ ვყოფილიყავი იმ ჩხუბის შემდეგ ისე ცუდ ხასიათზე, ალბათ, ვერ დავძლევდი ჩემს არასაჭირო თავმოყვარეობას. მაგრამ, ნათქვამია: „ზოგი ჭირი მარგებელიაო” და მეც უეცრად, გადავწყვიტე თეატრში დაბრუნება, რადაც არ უნდა დამჯდომოდა. გადაწყვეტილება მტკიცე იყო. მხოლოდ ახლა საჭირო იყო ხერხი – წინდაწინ ვიცოდი, რომ აქ ბრძოლა მოხდებოდა. ჩემთვის ნათელი იყო ასეთი მდგომარეობა და სიტუაციები: პირველი, ხელს მიწყობდა ის, რომ თითქმის დასის უმეტეს ნაწილს ჩემი თეატრში დაბრუნება უნდოდათ… მეორე, დოდო ანთაძეს ვუნდოდი იმისათვის, რომ გამოვეყენებინე ისეთი ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც აწუხებდნენ. ჩემით იმათ აშინებდა და თვითონ ისვენებდა.
მესამე ისა, რომ თეატრში და საერთოდ, მარჯანიშვილის მსახიობები მთვლიდნენ ასე თუ ისე ნიჭიერ ახალგაზრდად, რომელსაც შეიძლება, რამე გაეკეთებინა. ერთი სიტყვით, სასარგებლო ყოფილიყო. მეოთხე ისა, რომ მაშინ თეატრში იყო ისევ დოდო ანთაძის წინააღმდეგ დიდი ამბები. ისინი, რომლებიც მისი წინააღმდეგი იყვნენ, რა თქმა უნდა, არ უნდოდათ ჩემი მისვლა, ვინაიდან ჩემით ისინი კიდევ იმატებდენ ერთ დაუძინებელ მტერს დოდო ანთაძის მიმართ. აი, ეს ამბები იყო ჩემს მხარეს. ახლა რა მიშლიდა: პირველი, დოდო ანთაძე – მაინც შიში ჰქონდა, ვაი, თუ მოვიყვანო თეატრში და მერე ესეც იმათ მიემხროსო. ეს შიში, რა თქმა უნდა, მასში უნდა ყოფილიყო, მით უფრო, რომ მე ის მიყურებდა როგორც მტკიცე ნებისყოფის ადამიანს. მეორე. კატეგორიული წინააღმდეგი იყო ჩემი დაბრუნებისა შალვა ღამბაშიძე. ამას ჩემ წინააღმდეგ ჰქონდა მრავალი მოტივი. პირველი ისა, რომ მე მასთან უკმაყოფილება მქონდა (ოჯახური). მეორე კიდევ, თეატრის საკითხებზე ვიყავით წაკიდებული. 6 წელი ხმას ერთმანეთს აღარ ვცემდით. იცოდა, რომ მე ვარ უდიერი, დაუნდობელი, მაგარი ახალგაზრდა – მტკიცე ჩემს შეხედულებებზე და ისიც კარგად იცოდა, თუ რა შეხედულების ვიყავი მათზე… ჩემი საკითხის გადაწყვეტის უკანასკნელ წერტილამდე იბრძოდა, რომ არ მივეღეთ. ხოდა, ეს კი იყო ჩემთვის დიდი „ატბოი,” რომელსაც შეიძლება საქმე გაეფუჭებინა… მერმე მე ისეთი მარკა მქონდა მოკრული, როგორც ჯინიანი, უდიერი და კიდევ ბევრი რამ. აი, ეს იყო სულ, რომელიც უნდა დაწყობილიყო სასწორზე აქეთ-იქით და რომელიც დაძლევდა, საქმეც ისე გადაწყდებოდა… გადავწყვიტე, დამეწერა განცხადება თეატრის დირექციის სახელზე, რომ მე ვთხოვ, მიმიღონ მათ თეატრში. ეს განცხადება გამეტანებინა მერი ქორელისთვის შალვა ღამბაშიძისთვის გადასაცემად. ამით შეიძლება მოუსპო ბრძოლის უნარი ღამბაშიძეს, ვინაიდან თვით მას მივმართავდი საშველად. ეს გამოდიოდა ჩემის მხრივ ასე, რომ, რაკი გადავწყვიტე თეატრში დაბრუნება, ვის უნდა მივმართო დასახმარებლად თეატრში, თუ არა მას. ვაღიარებ, ეს იყო ნამდვილი პოლიტიკა ჩემის მხრივ. მერე, თუ ეს საკითხი აქ დადებითად არ გადაწყდებოდა და თეატრი უარს შემომითვლიდა, მაშინ გადაწყვეტილი მქონდა, პირდაპირ ბერიასთან წავსულიყავი და სამართალი მეძებნა. ასეც მოვიქეცი, განცხადება დავწერე და მერი ქორელს გავატანე და თანაც, დავავალე, სიტყვიერადაც ეთქვა, რომ ეს საქმე გაეკეთებინა. წერილი წაიღო, მაგრამ ის სახლში არ ყოფილა და ცოლისთვის დაეტოვებინა.
იმწუთშივე მეც გამოვედი სახლიდან, ვინაიდან ვერ ვისვენებდი. ჩემს სახლთან, სხვა მსახიობების ბინებთან, ყველაზე ახლოს იყო ელისაბედ ჩერქეზიშვილის ბინა, სადაც ქვედა სართულზე ცხოვრობდა მსახიობი შაქრო გომელაური, რომელთანაც კარგ განწყობილებაში ვიყავი და ისიც ძალიან სწუხდა, რომ მე მათ თეატრში არ ვმუშაობდი. არაერთხელ ჰქონია ჩემთან საუბარი იმის შესახებ, რომ თეატრში დავბრუნებულიყავი. მასთან მისვლისას ქუჩიდან ავძახე. შაქრო სახლში დამხვდა, მხოლოდ ზევითა სართულზე იყო აივანზე ქალბატონ ელისაბედთან. რა თქმა უნდა, მასაც გაუხარდა ჩემი მისვლა და მაშინვე მიმიწვია თავისთან… გამოვტყდი, რომ ახლა განცხადება გავგზავნე თეატრში ჩემი დაბრუნების შესახებ. მათ, ორივეს ძალიან გაუხარდა და მომიწონეს კიდეც ჩემი ასეთი გაბედული, პირდაპირი საკითხი… მეორე დღეს გავიგე შაქროსგან, რომ, დოდომ მითხრა, არავითარი განცხადება არავის მოუტანიაო. ჩემთვის იყო უდავო, რომ განცხადების მიღების ამბავი ინახებოდა საიდუმლოდ. მხოლოდ, ვისგან? ეს კი არ ვიცოდი… დღის ბოლოს უკვე თვით ანთაძემ უთხრა შაქროს, რომ მართალია, თურმე, განცხადება გამოუგზავნიაო…  ის ფიქრობდა, რომ მე ვიყავი ისეთი ძალა, რომლის გამოყენებაც თეატრში შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, მას, როგორც ხელმძღვანელსა და რეჟისორს, უნდოდა, რომ მე თეატრში მემუშავა. ახლა კი, როდესაც ლუკმა პირში თვითონვე ვარდებოდა, როდესაც სრულებით უშრომლად და ყოველი პრეტენზიის გარეშე, შეეძლო მივეღე, რა თქმა უნდა, ეს მისთვის ხელსაყრელი იყო. ამას კიდევ ემატებოდა ძველი, განვლილი პრაქტიკა, რომ ყველა თეატრიდან წასული როდესაც უკან ბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი მტერი იყო, შემდეგში მოყვარე ხდებოდა. მაგალითად, კვანტალიანი, კოსტავა, ანჯაფარიძე და სხვები. ასე რომ, აქაც, რა თქმა უნდა, მოსაგები მდგომარეობა იყო. მერმე ისიც, რომ უკვე მარტო ვიყავი და არავისთან შემეძლო გამომენახა საერთო ენა. დოდი ანთაძის პოლიტიკა ყოველთვის იყო დაყრდნობილი იმაზე, რომ ხალხი ერთმანეთზე გადაეკიდებინა, წყალი აემღვრია და ასეთ მდგომარეობაში შეენარჩუნებინა. ხან ერთს გადაუსობდა თავზე ხელს, ხან მეორეს და ასე, ტკბილი სიტყვით, ქრთამით, როლით, მდგომარეობით, დაპატიჟებით, თავის თავს ინარჩუნებდა… სხვა არაფერი გააჩნდა ისეთი, რითაც შეეძლებოდა, პოსტის პატრონი ყოფილიყო.”

скачать dle 11.3