როგორ იძია სტალინმა შური ილიას მკვლელებზე
საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძეს მისი თანამედროვენი ხელისგულზე ატარებდნენ და მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ახორციელებდნენ. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს ასე არ ყოფილა. ყოველი წამოწყების ბოლომდე მიყვანა ილიას უდიდეს ძალისხმევად უჯდებოდა. განსაკუთრებული წინააღმდეგობა შეხვდა მას ახალი სალიტერატურო ენის დამკვიდრების საქმეში. ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, რომელმაც უსიტყვოდ შეიყვარა და შეითვისა ილიას ენა, გორელი ყმაწვილი, მომავალში საბჭოთა კავშირის ერთპიროვნული მმართველი, იოსებ ჯუღაშვილი გახლდათ. ჩანს, იგი ჯერ კიდევ გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდიდან კითხულობდა ილია ჭავჭავაძის ლექსებსა თუ მოთხრობებს. არ იქნებოდა უადგილო იმის ვარაუდიც, რომ გორელ ყმაწვილს ილიას გაზეთ „ივერიაზეც” მიუწვდებოდა ხელი. ასეა თუ ისე, 1894 წელს თბილისში ჩამოსული იოსებ ჯუღაშვილი უკვე კარგი მექართულე იყო. მისი, თბილისის სასულიერო სემინარიის პირველკლასელის თხზულება ილიას ქართულითაა დაწერილი.
მომავალში ჯუღაშვილმა სხვა მხრივაც გამოიჩინა თავი. სემინარიის პირველკლასელმა პოეზიაში მოსინჯა ძალები. უფრო დიდი გამბედაობის შედეგი იყო ის, რომ მან ეს ლექსი საქართველოში ყველაზე პოპულარულ გაზეთ „ივერიაში” მიიტანა გამოსაქვეყნებლად ილია ჭავჭავაძესთან. ასე შეხვდნენ თავდაპირველად ერთმანეთს ილია და სტალინი.
1895 წლის 14 ივნისს „ივერიის” პირველ გვერდზე, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დაიბეჭდა სამსტროფიანი უსათაურო ლექსი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი...” ლექსის ავტორი ვინაობას არ ამხელდა, ის ხელს აწერდა ფსევდონიმით: „ი. ჯ-შვილი”. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ილია ჭავჭავაძე საეჭვო ღირებულების ლექსებს არ ბეჭდავდა – ამ მხრივ იგი უკომპრომისო და შეუვალი იყო ცნობილი პოეტების მიმართაც კი. ისმის კითხვა: მაინც, რატომ დაბეჭდა მან ამ სრულიად უცნობი სემინარიელის ლექსი? პასუხი ერთადერთია: ის დაწერილი იყო ილიასეული ქართულით. ამას ადასტურებს ისიც, რომ, აღნიშნული ლექსი, ორი ათეული წლის შემდეგ, კერძოდ, 1916 წელს გამოცემულ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაში” იქნა შეტანილი.
ილია ჭავჭავაძე მაშინ ჯერ კიდევ საზოგადოებისთვის უცნობ სემინარიელს დიდად სწყალობდა. 1895 წელს სტალინმა კიდევ ოთხი ლექსი გამოაქვეყნა „ივერიაში”, კვლავ პირველ გვერდზე და ისევ თვალსაჩინო ადგილას, ოღონდ, ამჟამად „სოსელოს” ფსევდონიმით.
1895 წელს საყოველთაო სახალხო ზეიმით აღინიშნა რაფიელ ერისთავის იუბილე. იუბილეზე ერისთავს სიტყვით მრავალმა გამოჩენილმა ქართველმა მიმართა, მათ შორის იყო ერთადერთი უცნობი – ახლგაზრდა სემინარიელი იოსებ ჯუღაშვილი. მან იუბილარს საკუთარი ლექსი წაუკითხა. ეს ლექსი: „თ. (იგულისხმება თავად) რ. ერისთავს” მაშინვე „ივერიაში” გამოაქვეყნა ილიამ, ხოლო ცნობილმა მოღვაწემ, მელიტონ კელენჯერიძემ, შეიტანა თავის წიგნში (1899): „თეორია სიტყვიერებისა, როგორც ქართული სალიტერატურო ენის ქრესტომათიული ნიმუში”. დამწყები პოეტისთვის ეს ტრიუმფი იყო. მაგრამ, ყველასთვის მოულოდნელად, მეხუთე ლექსის გამოქვეყნების შემდეგ, სტალინმა ილიასთან და „ივერიასთან” ურთიერთობა გაწყვიტა და შემდეგი, მეექვსე ლექსი, უკვე „ივერიასთან” მკვეთრად დაპირისპირებულ გიორგი წერეთლის გაზეთ „კვალში” გამოაქვეყნა.
თუ რა მოხდა საქართველოს უგვირგვინო მეფესა და მომავალი საბჭოთა იმპერიის ასევე უგვირგვინო მეფეს შორის, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, მათ შორის კამათსაც ჰქონოდა ადგილი. ასეა თუ ისე, ერთი რამ ნათელია: სტალინმა ილიასადმი ღრმა პატივისცემა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. ბელადი იმჟამადაც და შემდგომაც, ბოლშევიკ (კომუნისტ) ლიდერთა შორის ერთადერთი იყო, რომელიც ბოლომდე აცნობიერებდა ილიას ღვაწლს ქართველი ერის ისტორიაში.
მეოცე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისიდან საქართველოში ილია ჭავჭავაძის აღვირახსნილი კრიტიკა დაიწყო. ამ პროცესებს მიზანმიმართულად წარმართავდა ილიას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი – ფილიპე მახარაძე. მისი სცენარით ვითარდებოდა მოვლენები 1934 წლამდე, კერძოდ, საბჭოთა მწერალთა კავშირის პირველ ყრილობამდე. სრულიად მოულოდნელად, საბჭოთა იდეოლოგიის მიერ განქიქებული და უარყოფილი ილია ჭავჭავაძე, მისი ნააზრევი და ნაღვაწი მთელი სისრულით წარმოჩინდა საქართველოს საბჭოთა მწერლების დელეგაციის ხელმძღვანელის, ცნობილი ბოლშევიკის, მალაქია ტოროშელიძის მიერ ყრილობაზე გაკეთებულ მოხსენებაში. ცხადია, ტოროშელიძე ილიას ღვაწლის ობიექტურად წარმოჩენას ვერ გაბედავდა, მით უმეტეს, რომ მანამდე მასზე ბევრი ცუდი ჰქონდა დაწერილი. საქმე ისაა, რომ სტალინს მალაქია ტოროშელიძის მომავალი მოხსენების ტექსტი არ მოეწონა, ამიტომ, მოხსენების ახალი ვარიანტი დაიწერა ბელადის მიერ ნაკარნახევი გეგმისა და შეფასებების საფუძველზე. ამრიგად, მოხსენებაში გატარდა სტალინის აზრი და არა მალაქია ტოროშელიძისა. ერთი ვერსიით, მოხსენების საბოლოო ვარიანტი პავლე ინგოროყვას ეკუთვნის, მალაქია ტოროშელიძემ კი მოხსენება მხოლოდ წაიკითხა. ბელადმა 1934 წელს ერთი ხელის დაკვრით აღადგინა ილია ჭავჭავაძე მის უფლებებში, ერთბაშად გააცამტვერა ყოველივე ის ცილიმწამებლური, რასაც ფილიპე მახარაძე და მისი თანამოაზრეები თხზავდნენ წლების განმავლობაში. ამასთან, ტოროშელიძის მოხსენება სტალინმა მოსკოვში, რუსულ ენაზე, ცალკე წიგნად გამოაცემინა დიდი ტირაჟით.
სტალინის ასეთმა დამოკიდებულებამ ილიას მიმართ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია საქართველოში. პატრიოტ მწერლებს, ლიტერატურათმცოდნეებსა და ისტორიკოსებს საშუალება მიეცათ, ობიექტურად ეწერათ ილიას შემოქმედების შესახებ. ყოველივე ამის მიუხედავად, ცხადი იყო, რომ ფილიპე მახარაძე დანებებას არ აპირებდა, თუმცა, მან ბრძოლა საბოლოოდ 1937 წელს წააგო – მაშინ, როცა საქართველოში და, საერთოდ, მთელ საბჭოთა კავშირში ფართოდ აღინიშნა ილიას 100 წლის იუბილე. საქართველოში ამ ღონისძიების ორგანიზება სტალინმა ლავრენტი ბერიას დაავალა. ბერიამ დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავი. მისი ინიციატივით ჟურნალ „მნათობში” დაიბეჭდა „ივერიაში” გამოქვეყნებული სტალინის ლექსები. მას სტალინის ლექსები შემთხვევით არ გამოუქვეყნებია, ყოველივე ეს პასუხი იყო არდასმული კითხვისა: თუ ილია თავადაზნაურული იდეოლოგიის ქომაგი და მშრომელი ხალხის მჩაგვრელი იყო, მაშინ, რატომ დაულოცა გზა გორელი გლეხის შვილს, სრულიად უცნობ იოსებ ჯუღაშვილს გაზეთ „ივერიაში”? ამ კითხვაზე საზოგადოებამ პასუხი თავისთავად იპოვა.
სტალინმა უწყოდა, რომ ილიას მკვლელობის ორგანიზატორები სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე იყვნენ, მაგრამ, გარკვეულ დრომდე ამას არ ამჟღავნებდა. 1935 წელს ბელადმა ლავრენტი ბერიას დაავალა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამოძიება. მოსკოვიდან დავალების მიღების შემდეგ, თავის სამუშაო კაბინეტში მყოფ ბერიას გაოცება ვერ დაუმალავს და რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით ასეთი რამ უთქვამს: ილიას მკვლელობის საქმეს რა გამოძიება უნდა, ერთი მკვლელი სტალინს უზის მოსკოვში თავისთან, ხოლო მეორე ჩემთანაა თბილისშიო. ცხადია, ლავრენტი ბერია ორჯონიკიძესა და მახარაძეს გულისხმობდა. ამ დროიდან დაიწყო ორჯონიკიძისა და მახარაძის წამება, მაგრამ, სტალინი არ ჩქარობდა. ილიას მკვლელობის საქმის ძიება ნელ-ნელა მიიწევდა წინ. რით დამთავრდა ყოველივე ეს, ორჯონიკიძისათვის უცნობი დარჩა, რადგან იგი სტალინმა სასამართლო პროცესამდე რამდენიმე წლით ადრე მოაკვლევინა სხვა მიზეზების გამო. რაც შეეხება ფილიპე მახარაძეს, იგი დიდხანს ეწამა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – ფსიქოლოგიურად განადგურებულმა თავი ჩამოიხრჩო მას შემდეგ, რაც ცხადად დაინახა, რომ 1941-1942 წლების სასამართლო პროცესზე ილიას მკვლელობის ორგანიზატორთა შორის, შესაძლოა მისი გვარიც ამოტივტივებულიყო.
მართალია, სტალინმა ილიას მკვლელობის ორივე ორგანიზატორი საკადრისად დასაჯა, მაგრამ მაშინ ამის აფიშირება არ მომხდარა. ჩეკისტის ტყვიით კეფაგახვრეტილი ორჯონიკიძე, რომელსაც, ოფიციალური ვერსიით, გული გაუსკდა, მოსკოვში კრემლის კედელთან დაკრძალეს, „რევოლუციის რაინდთა” გვერდით. ფილიპე მახარაძის მიმართ კი სტალინს, ეტყობა, ძალიან დიდი ბოღმა ჰქონდა. როცა თბილისიდან შეატყობინეს, ფილიპემ თავი ჩამოიხრჩოო, სტალინს უთქვამს: ძაღლივით ჩააგდეთ სადმე მიწაშიო. შემდეგ, მაინც გადაიფიქრა და ილიას მკვლელი, მთაწმინდაზე, ილიას საფლავიდან ახლოს დაკრძალეს. ამ შემთხვევაში სტალინი ერთადერთ რამეს უწევდა ანგარიშს: ფილიპე მახარაძე ილიას მკვლელობის ორგანიზატორად თუ გამოცხადდებოდა, გაიშიფრებოდა დამკვეთიც – კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტია. ცხადია, ამაზე სტალინი ვერ წავიდოდა.