კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიაბარა პედაგოგმა ვაჟა აზარაშვილი რუს კლოუნს, ოლეგ პოპოვს

 

„... სიმღერის მეტი ქონება მე მართლა არ გამაჩნია, მაგრამ მაინც მდიდრად მივიჩნევ ჩემს თავს. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაყურებლის ტაში და გულწრფელი სიყვარულია. ეს ძალას მმატებს...“ ვაჟა აზარაშვილმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მუსიკას შეალია. ეს ადამიანი ერთიმეორეზე კარგ სიმღერას მთელი გულით, დიდი სიყვარულით სწორედ ჩვენთვის ქმნიდა. პირად ცხოვრებაზე საუბარი კი, არ ხიბლავს. პირველმა ქორწინებამ სულ სამ-ოთხ წელს გასტანა. მეორე ქორწინებიდან ჰყავს მშვენიერი, ნათია, რომელიც აგრეთვე პროფესიულ მუსიკაშია, საფორტეპიანო განხრით. კომპოზიტორის დღიურები საინტერესო მოგონებებს ასახავს. მოდით, ახლოდან გავიცნოთ ის.

***

„მამაჩემი, შალვა აზარაშვილი, ახალციხიდან წამოვიდა. მახსოვს, გვიამბობდა: თურქეთთან ომი და არეულობა რომ იყო, მამამ დაგვსხა ბავშვები ურემზე და გამოვემგზავრეთო. დასახლდნენ ბორჯომში, შემდეგ თბილისში ჩამოვიდა. კონსერვატორიაში სწავლობდა. იყო ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრი, რომელსაც სანდრო კავსაძე და ვალერი ცაგარეიშვილი ხელმძღვანელობდნენ. მერე ინჟინრობას მოჰკიდა ხელი, მაგრამ სიმღერისთვის თავი არ დაუნებებია. მარო თარხნიშვილის ანსამბლში მღეროდა. დედა, ოლღა მიქანაძე, გურიიდან გახლდათ, პედაგოგი. მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩვენს ეზოში სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ცხოვრობდა. მან მითხრა: ნიჭიერი ბავშვი ხარ და მუსიკა უნდა ისწავლო. რადგან ფორტეპიანო არ გაქვთ, ვიოლინოს მოგცემთო. რა დროს მუსიკა და გართობაა, მამაჩემი ცოცხალია თუ მკვდარი არ ვიცით-მეთქი. არ მომეშვა, მაიძულა, სწავლა დამეწყო. მე-4 კლასში ჩვენ, როგორც საგანი, ორკესტრი გვქონდა და იქ ვუკრავდით. ძალიან ვზარმაცობდი, მერე თანდათან მომეწონა და ვთქვი – ამას თავს ვერ დავანებებ-მეთქი. ერთ დღეს, 14 იანვარს, დედამ დეიდასთან წამიყვანა თბილისში. მამაჩემის მამიდაშვილი მოსულა, რომელიც ფიროსმანის ქუჩაზე ცხოვრობდა. მამაჩემი რომ ჩამოსულა, სახლში კი არ მოვიდა, თავის მამიდაშვილთან მისულა. რა ვიცი, ჩემი ცოლი კარგი გარეგნობის ქალია, იქნებ გათხოვდაო, – უთქვამს. საღამოს კიდევ მოვიდა ეს ქალი და გვეუბნება, – შალვა ცოცხალია და ჩემთან არისო. დედამ იფიქრა, ან ხელი აკლია, ან ფეხი, რატომ მოერიდა და არ მოვიდა სახლშიო. მარჯანიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ფიროსმანიდან იქამდე არც თუ დიდი მანძილია. ცხარე ცრემლით ვტიროდი. ეს იყო სიხარულის, ბედნიერების ცრემლები. მერე მითხრეს, რომ დედაჩემს დაუჩოქია მამაჩემისთვის, რა გინდა, ჩაგბარდი პატიოსნად, როგორც გინდოდაო.

... მეოთხე მუსიკალურ სასწავლებელში ვასწავლიდი, კონსერვატორიაში პროფესორი ვიყავი, მაგრამ სხვადასხვა, მე ვფიქრობ, გაუმართლებელი მიზეზების გამო, უსინდისოდ გამომიშვეს. არ მაპატიეს ის სიმართლე, რასაც ბორჯომის სახლის ირგვლივ ვამბობდი. მე ვიყავი კომპოზიტორთა კავშირის თავჯმდომარე 11 წელი და ვის უნდა ებრძოლა, თუ არა მე. ეს სახლი ჩვენი თანხებით არის აშენებული. 1981 წლიდან ვისვენებდით, თან, ვმუშაობდით. მე ყველაფერში პირდაპირი კაცი ვარ, ყველაფერში.

... 1956 წელს მისაღები გამოცდები ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიტორო განყოფილებაზე და ჩავირიცხე კონსერვატორიის მაშინდელი რექტორის, პროფესორ იონა ტუსკიას კლასში. ბატონ იონასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ჯემალ შანშიაშვილისა და მერაბ დონაძის მონაყოლი: „ერთხელ კონსერვატორიასთან ვიდექით. ჩვენთან ერთად იყვნენ კონსერვატორიის სტუდენტები: თამაზ ლაფერაშვილი, გივი წულუკიძე, თენგიზ ნოზაძე. ამ დროს გამოჩნდა ბატონი იონა და მკაცრი ტონით გვკითხა. აქ რას აკეთებთ, რატომ ლექციაზე არა ხართ?! ჩვენ ვუთხარით, პედაგოგი ავად გახდა, გაკვეთილი გაგვიცდა და არ ვიცით, რა გავაკეთოთ. ბატონმა იონამ ისევ მკაცრი ტონით მოგვმართა: „ახლა მე მოვდივარ რესტორან „სამადლოდან“, იქ ძალიან კარგი პურმარილია. აი, ფული და რასაც დახარჯავთ, ქვითარი მომიტანეთ!“ ბატონმა იონამ საკმაოდ დიდი თანხა მოგვცა. მართლაც, მივაკითხეთ რესტორან „სამადლოს“. რაც კი კარგი დელიკატესები იყო, ყველაფერი მოვიტანეთ და კარგადაც მოვილხინეთ.

მეორე დღეს, დაპირებისამებრ, რესტორნის ქვითარი და დარჩენილი თანხა წარვუდგინეთ ბატონ იონას. მან ისევ მკაცრი ტონით მოგვაძახა: „თქვე სულელებო, ეს ფული უკან წაიღეთ და ისევ რესტორანში დახარჯეთ“. ხელგაშლილი და კეთილი ადამიანი იყო ბატონი იონა. სამწუხაროდ, მას შვილი არ ჰყავდა, მაგრამ ჩვენ, სტუდენტები, შვილებივით ვუყვარდით.

მინდა გავიხსენო კიდევ ერთი შემთხვევა: ქალაქ თელავში კონცერტის ჩასატარებლად გაემგზავრა კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ჯგუფი. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბატონი იონა. კონცერტი წარმატებით ჩატარდა, მაგრამ მას ვერ დაესწრო ქალაქის ხელმძღვანელობის პირველი პირი, რადგან თელავის რაიონის მუშაობის შესამოწმებლად მოსკოვიდან ჩამოსული იყო მაღალი თანამდებობის პირი. კონცერტის დამთავრების შემდეგ შემოთავაზებულ ბანკეტზე ბატონმა იონამ კატეგორიული უარი განაცხადა და ყველას უბრძანა, ჩამსხდარიყვნენ ავტობუსში. რა გაეწყობოდა. კონცერტის მონაწილეები მშიერ-მწყურვალები გამოემგზავრნენ თბილისისკენ, მაგრამ გზად, ტუსკიას „ბრძანებით“, ავტობუსმა „ღუზა ჩაუშვა“ რესტორან „ყურყურაში“. რესტორანში ყველამ კარგად მოილხინა და როდესაც ჯერი ფულის გადახდაზე დადგა, ბატონმა იონამ „მოქეიფეთ“ მოახსენა, რომ „პურმარილის“ ხარჯი გადახდილია. სინამდვილეში კი ასე იყო: ის მივიდა მებუფეტესთან და უთხრა, ვინც იყო, რომ მას დღეს ფული არა აქვს და ხვალ თვითონ ჩამოუტანდა დანახარჯის საფასურს. მართლაც, მეორე დღეს ბატონი იონა, პრორექტორ თენგიზ ერისთავთან ერთად, ჩავიდა კახეთში და გადაიხადა წინა დღის დანახარჯი.

... დავით თორაძე გვასწავლიდა პარტიტურის კითხვას და გაორკესტრებას. ბატონი გუგული თავიდანვე ძალზე მეგობრულად განეწყო ჩვენდამი. რასაკვირველია, მისმა ასეთმა თვისებამ ჩვენში საპასუხო სიმპათია დაბადა. მინდა გავიხსენო ერთი იუმორისტული მომენტი. ბატონმა გუგულიმ დაწერა ოპერა „ჩრდილოეთის პატარძალი“, რომელიც აგებული იყო რუსი მწერლის, ალექსანდრე გრიბოედოვისა და პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილის, ნინოს სიყვარულის ისტორიაზე. ეს ოპერა ნაჩვენები იქნა მოსკოვში 1958 წელს ქართული ხელოვნების დეკადაზე და მოგვიანებით, მოსკოვშივე, სვეტებიან დარბაზში საკონცერტო შესრულებით ოპერას ჰქონდა წარმატება. ამ პერიოდში ბატონ გუგულის რამდენადმე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილთან. ბატონი ოთარი მაშინ ცხოვრობდა სანაპიროზე მდებარე შენობაში, სადაც იქვე, პატარა მოედანზე იდგა გრიბოედოვის ძეგლი. მე მოვიგონე პატარა საინტრიგანო სიუჟეტი და ვითომ ოთარ თაქთაქიშვილის გულისწყრომა გამოვხატე: „მეტი აღარ შემიძლია აქ ცხოვრება. ვიხედები ჩემი ფანჯრიდან და ვხედავ გრიბოედოვს. ის მე გუგულის თავს მახსენებს და მეკარგება ყოველგვარი მუშაობის ხალისი. არა, დაუყოვნებლივ ვცვლი ბინას. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია“!

ბატონი გუგული ამის საპასუხოდ მეტად გულიანად იცინოდა.

... ბულგარეთში მგზავრობის დროს მოხდა ერთი კურიოზული შემთხვევა. ამ ჩვენს შემოქმედებით გასტროლებს ლაიტმოტივივით ახლდა იუმორი. კერძოდ, კომპოზიტორები ხშირად მთხოვდნენ გამეკეთებინა ამა თუ იმ კომპოზიტორის კოპირება-იმიტაცია. მე დიდი ენთუზიაზმით ვასრულებდი მათ თხოვნას. ამ სიაში შედიოდნენ: ანდრია ბალანჩივაძე, ალექსი მაჭავარიანი, ოთარ თაქთაქიშვილი, სულხან ცინცაძე, სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე, დავით თორაძე, სოსო კეჭაყმაძე, გულბაათ ტორაძე, ნიკო ჩიგოგიძე, ნუნუ ჩიგოგიძე (არფაზე შემსრულებელი ჩემი კურსელი), იონა ტუსკია, გიორგი ცაბაძე, რევაზ ლაღიძე, გრიგოლ ჩხიკვაძე, ჩატუ ებრალიძე (კომპოზიტორთა კავშირის თანამშრომელი), ნოდარ მამისაშვილი და სხვები.

ამ სიაში არ შედიოდა რევაზ გაბიჩვაძე. მან რამდენჯერმე მთხოვა, რომ გამეკეთებინა მისი კოპირება. მე ვუთხარი, ბატონო რეზო, თქვენ არ გაქვთ დამახასიათებელი თავისებურებები. ამიტომ, თქვენს სახეს ვერ შევქმნი-მეთქი. ამან გაანაწყენა გაბიჩვაძე და მითხრა, მე შენ არ დაგელაპარაკებიო. ამის შემდეგ იძულებული ვიყავი, რაღაც დამეჭირა მის შემოქმედებაში – არც ვაციე და არც ვაცხელე, დაუფიქრებლად წარმოვიდგინე მისი სახე. საქმე ისაა, რომ რევაზ გაბიჩვაძეს ხშირად უყვარდა წუწუნი: „რა ვქნა, კაცო, რა ვქნა, კაცო“... აი ეს სიტყვები დავუდე საფუძვლად მისივე სტოკატისებურ საფორტეპიანო პიესას, რომელსაც ამ კონცერტებში უკრავდა ნორჩი პიანისტი ლექსო თორაძე. ჩემ მიერ წარმოდგენილმა გაბიჩვაძის ამ პორტრეტმა ბატონ რეზოში გამოიწვია დიდი უკმაყოფილება და წყენაც.

ჩავედით თბილისში და რევაზ გაბიჩვაძე ესაუბრა ამ გასტროლების შესახებ კომპოზიტორთა კავშირის მაშინდელ თავმჯდომარეს, ალექსი მაჭავარიანს. უთხრა, მთელი ამ მგზავრობის პერიოდში ვაჟა აზარაშვილი კომპოზიტორებს დაგვცინოდა და გვამასხარავებდაო. კიდევ კარგი, რომ ამ საუბარს ესწრებოდა ბატონი გუგული. მან მაჭავარიანს აუხსნა, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ კეთილი იუმორი და არავითარ დაცინვას ადგილი არ ჰქონია. მაჭავარიანმა კი უთხრა გუგულის: „მაგას უთხარი, რომა (მგულისხმობდა მე) სხვებს გააჯავროს და მე თავი დამანებოს... მე რათა? რად მაჯავრებდა?“ – აი, ასეთი შედეგი გამოიღო ჩემმა იუმორისტულმა ეტიუდმა.

... ნიკოლოზ (კოკა) გუდიაშვილი ასწავლიდა კონსერვატორიაში მუსიკალური ფორმის ანალიზსა და პოლიფონიას (თავისუფალი სტილი). ვინაიდან ბატონმა კოკამ რამდენჯერმე ნახა, თუ როგორ ვუკეთებდი მას კოპირებას – მომაძახა – „შენა... ცირკის „კლოუნს“ – ოლეგ პოპოვს უნდა მიგაბარო, შენი ადგილი იქ არის.“

... ჩემი რამდენიმე სიმღერა სხვადასხვა სიტუაციაში, ექსპრომტად დაიწერა. მაგალითად, „დინამო, დინამო“ დამაწერინა დიდმა სიხარულმა. ეს გამოწვეული იყო თბილისის „დინამოს“ მიერ 1976 წლის 3 სექტემბრის ისტორიული გამარჯვებით, როდესაც პირველად მოვიპოვეთ სსრ კავშირის თასი. სიხარულით გამოწვეული ემოციის გამო დილის 5 საათამდე ვერ დავიძინე. ადგილს ვერ ვპოულობდი და ბოლოს სამზარეულოში, ფორტეპიანოს გარეშე (ოჯახის წევრები და მეზობლები რომ არ შემეწუხებინა), ზეპირად გადავიტანე ჩანაფიქრი ნოტებზე. მეორე დღეს სასწრაფოდ გავეშურე პოეტ მორის ფოცხიშვილთან, რომელმაც ასევე ოპერატიულად მიუსადაგა ტექსტი. რამდენიმე დღის შემდეგ, ჯემალ ბაღაშვილის თხოვნით, სიმღერა ჩაიწერა სტუდია „მელოდიაში“ და ის პირველად შეასრულა ანსამბლმა „ივერიამ“. არანჟირება ეკუთვნის ალექსანდრე ბასილაიას.

ახლა, რაც შეეხება „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“. ის მანქანაში დაიწერა, ასევე უჩვეულო სიტუაციაში. 1970 წელს მეგობრებთან – ნოდარ პიპინაშვილთან და სულიკო დავითულიანთან ერთად, ჩავედით ევპატორიაში, სადაც დაგვხვდა ნოდარის ბიძა. იოსებთან სტუმრად რამდენიმე დღე ვიყავით. ის ქართულად გაგვიმასპინძლდა და ხშირად მღეროდა ძველ თბილისურ სიმღერებს. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ევპატორიაში გაჩნდა ქოლერა და იძულებული გავხდით, მოგზაურობა შეგვეწყვიტა და თბილისში დავბრუნებულიყავით. თბილისამდე ჩამოსვლას ოთხი დღე მოვანდომეთ და იოსების ნამღერი ქალაქური მელოდიები მოსვენებას არ მაძლევდა. იმდენად დიდი იყო ამ სიმღერის ზემოქმედება, რომ მანქანაშივე დავწერე ქალაქური მელოდია. მერე გადავიტანე ნოტებზე და მინდა აღვნიშნო, რომ იოსების ნამღერ სიმღერებთან საერთო არაფერი ჰქონდა. ჩამოვედით თბილისში. ეს ის პერიოდია, როდესაც ანსამბლი „ორერა“ ახალ პროგრამაზე მუშაობდა. მე, რობერტ ბარძიმაშვილი და ნანი ბრეგვაძე შევიკრიბეთ პოეტ პეტრე გრუზინსკისთან სახლში. მოვასმენინე რა მათ გზაში დაწერილი მელოდია, პეტრემ შემდეგნაირი სიუჟეტი შემოგვთავაზა. ვინაიდან მელოდიას დაჰკრავდა აღმოსავლური ელფერი, მან გვირჩია, გოგონა (ამ შემთხვევაში ნანი) ყოფილიყო აზერბაიჯანელი, ხოლო „ორერას“ ბიჭები – ქართველები. და აი, ასე დაერქვა მანქანაში დაწერილ ნაწარმოებს „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, რომელსაც დიდი წარმატებით ასრულებდა ნანი ბრეგვაძე და „ორერა.“ 

 

 

скачать dle 11.3