გადადის თუ არა სექსუალური კავშირით პაპილომა ვირუსი
პაპილომა არის ინფექციური პათოლოგია, რომელსაც პაპილომის ვირუსი იწვევს. ის მეტად გავრცელებული დაავადებაა, უფრო სწორად კი, მაღალკონტაგიოზური ქრონიკული დაავადება, რომელსაც კანსა და ლორწოვანზე პაპილომური წარმონაქმნების, მეჭეჭისმაგვარი წანაზარდების – კონდილომების გაჩენა ახასიათებს. სხვათა შორის, სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ამ ვირუსული ინფექციების გადაცემის ალბათობა, საკმაოდ მაღალია.
ადამიანის ორგანიზმში ვირუსების რაოდენობა და აქტივობა პირდაპირ უკავშირდება ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას. ინფექცია რომ გამოვლინდეს და დაავადება განვითარდეს, ვირუსის გარკვეული რაოდენობაა საჭირო.
პაპილომის ვირუსი, ძირითადად, სასქესო და საშარდე ორგანოების ლორწოვან გარსსა და მიმდებარე კანის საფარველზე ჩნდება და აზიანებს. არ არის გამორიცხული, ასევე, სხეულის სხვა უბნის ლორწოვან გარსსა და კანზეც განვითარდეს. ინტენსიური გამრავლებისა და გააქტიურების ფონზე, ვირუსი ეპითელურ უჯრედებს აზიანებს და სახეს უცვლის მათ. შედეგად კი კანის შესაბამისი უბნები კონდილომებით იფარება. ასევე, ჩნდება ერთდროულად რამდენიმე კონდილომაც. მამაკაცებს კონდილომები შედარებით მეტად უვითარდებათ, ვიდრე ქალებს.
განსაკუთრებული მძიმე კლინიკური სურათით გამოირჩევა შარდსადენ მილში განვითარებული პაპილომა, რაც ორივე სქესის წარმომადგენლებს ემუქრებათ. ქალებს კონდილომები ზოგჯერ პირის ღრუში, ყელის ლორწოვან გარსზე, ქუთუთოებსა და კისრის მიდამოშიც უჩნდებათ.
არსებობს პაპილომა-ვირუსის 2 ტიპი, კერძოდ, ონკოგენური და არაონკოგენური. ზოგიერთი ტიპის ვირუსით გამოწვეული წარმონაქმნი, შეიძლება ავთვისებიან სიმსივნედ გადაიქცეს. ეს კი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, ორგანიზმის ინდივიდუალურ იმუნურ სტატუსსა და პროცესის მიმდინარეობის აქტივობაზე, გარემოს ტიპსა და პაპილომური წარმონაქმნის თავისებურებაზე, ზრდის ფორმაზე და ასე შემდეგ. პაპილომის მკურნალობა შეიძლება ადგილობრივი და ზოგადი კომპონენტებით. ადგილობრივი მკურნალობა კონდილომებისა და ატიპურად შეცვლილი ეპითელიუმის მოსაცილებლად არის გამიზნული. ყველაზე პოპულარულია დღეს თხევადი აზოტით კონდილომების მოწვა, თერმოკოაგულაცია, ქიმიური კოაგულაცია, ლაზერული დესტრუქცია.
ზოგად მკურნალობაში კი შედის იმუნური სისტემის გაძლიერება და ორგანიზმში ვირუსის კონცენტრაციის შემცირება.