კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ „გაშიფრა“ ბოლომდე ნუცა ბუზალაძის ხასიათი და რა მომენტში იღვიძებს მასში აგრესია #19

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, არაერთ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და თავი მაყურებელს თავისი გამორჩეული ხმით, შესრულების მანერითა და პლასტიკით დაამახსოვრა. შარშანწინ, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამორჩეული და ჟიურის წევრების, განსაკუთრებით კი, გოჩა ჩერტკოევის ფავორიტიც გახდა. თუმცა, ტრავმის გამო, პროექტის დატოვება მოუწია და კონკურსანტებს გამოეთიშა. წელს, ტელეკომპანია „იმედმა“, მომღერალს კვლავ მისცა შანსი, იბრძოლოს გამარჯვებისთვის. მისი მეწყვილე კი წელს მოცეკვავე იაკობ ყუფუნიაა, რომელიც ნუცას, უსიტყვოდ უგებს. ჩვენ, რასაკვირველია, ნუცას წარმატებებს ვუსურვებთ.
ნუცა ბუზალაძე: შარშანწინ, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსის რეპეტიციიდან, პირდაპირ საავადმყოფოში, კოჭის მოტეხილობით მოვხვდი. ერთი თვე თაბაშირიანი ფეხით სახლში ვიწექი. ძალიან მიზანდასახული ვარ და მაშინ ვთქვი, რაც დავიწყე, იმას აუცილებლად დავასრულებ-მეთქი და მიხარია, რომ მეორეჯერ მომეცა ამის შანსი. ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის, რომ ჩემი ცეკვა იყოს იმაზე უკეთესი, საინტერესო და დასამახსოვრებელი, ვიდრე ეს მეხუთე სეზონზე იყო.
– ელოდებოდი, რომ კვლავ მიგიწვევდნენ ამ კონკურსში და მეორე შანსს მოგცემდნენ?
– სიმართლე გითხრათ, შემოთავაზებას, ნამდვილად ველოდებოდი. სხვათა შორის, წინა სეზონზეც იყო შემოთავაზება, უბრალოდ, იმ დროს თურქეთში ვიყავი, ხელშეკრულება მქონდა დადებული და კონცერტიც დაგეგმილი. ამიტომ, ვერ შევძელი, თორემ დიდი სურვილი მქონდა. ამ სეზონზე რომ დამირეკეს, მარტივად არ მიმიღია გადაწყვეტილება, მაინც ბევრი ვიფიქრე.
–  რატომ იფიქრე, კონკურენციის შეგეშინდა თუ ტრავმა გაგახსენდა?
–  მე ვიცი, რა ხდება ამ კონკურსზე, რამხელა დატვირთვაა. მთლიანად თუ არ დაუთმე თავი ამ პროექტს, ისე, ნამდვილად ვერ წახვალ წინ. თან მინდოდა, თან, არ მინდოდა, თან – ჩემს მოტეხილ ფეხზეც ვფიქრობდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე. რაღაც მომენტში, შიშის ფაქტორიც იყო, კიდევ რაღაც არ დამემართოს-მეთქი, ვნერვიულობდი. მაგრამ, იმდენად მინდოდა მონაწილეობა და იმის ჩვენება, რაც ვერ მოვასწარი, დავთანხმდი. ძალიან მიყვარს საკონკურსო მღელვარება, საზოგადოების წინაშე გამოსვლა და ჩემი შესაძლებლობების დემონსტრირება. ამიტომაც, ბრძოლისთვის მზად ვარ. არ დაგიმალავთ, ნამდვილად მინდა ამ პროექტის მოგება. ძალიან მიყვარს ცეკვა და მთელ ჩემს ენერგიას ვდებ მასში. ვნახოთ, რა გამოვა.
–  წელს შენი მეწყვილე მოცეკვავე იაკობ ყუფუნიაა. ადრე, რატი გაჩეჩილაძესთან ერთად ცეკვავდი და მახსოვს, ამბობდი, რომ არა რატი, ამდენს ვერ შევძლებდიო. ახალ მეწყვილეზე რას იტყვი?
–  რომ მითხრეს, იაკობი უნდა იყოს შენი მეწყვილეო, ცოტა დავიბენი. იმდენად ვიყავი მიჩვეული რატისთან ცეკვას, ცოტა გამიჭირდა იმის წარმოდგენა, სხვასთან როგორ უნდა მეცეკვა. თუმცა, იაკობი ძალიან მაგარი მოცეკვავეა და კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ზუსტად ჩემნაირი ტიპია, ხასიათებითაც ვგავართ. რასაც იაკობი მეუბნება, ყველაფერს ვიჯერებ. თუ  შიგნიდან ენერგეტიკა არ მოდის და ცეკვის ხასიათზე არ ხარ, ვერც იცეკვებ. იაკობს ბოლომდე აქვს „გაშიფრული“ ჩემი ხასიათი და ზუსტად იცის, რა დროს, როგორ ვიცეკვებ.
–  ფეხის ტრავმა არ გახსენებს თავს ცეკვის დროს?
–  ზოგადად, არ ვარ ხიფათიანი, მაგრამ სულ ეგეთ სიტუაციებში ვხვდები (იცინის). რაც უფრო რთულია რაღაც, უფრო მეტად მინდა, მას შევეჭიდო და გავაკეთო. პირველად მოხდა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ისტორიაში ასეთი პრეცედენტი, რომ მონაწილეობას მეორედ იღებს კონკურსანტი და იმედია, ახალა მაინც მივალ ბოლომდე საღ-სალამათი (იცინის). მოტეხილი კოჭი ცეკვაში ხელს არ მიშლის. მაგრამ, სანამ ცეკვას დავიწყებ, დაახლოებით, 40 წუთი გაწელვებს ვაკეთებ, რომ არ ამტკივდეს. მადლობა ღმერთს, ჯერ არაფერი ამტკიებია, თან მესამე წელია, რაც ფეხი მოვიტეხე და დიდი დრო გავიდა.
–  ბოლო დროს აქტიურად დაიწყე ვარჯიში წონის დაკლების მიზნით. ესე იგი, ამ კონკურსისთვის ემზადებოდი?
–  არა, წინა წელს დავიწყე აქტიური ვარჯიში და საგრძნობლად დავიკელი – ფორმაში ჩავდექი. თუმცა, მაინც არ მომწონს ჩემი ფორმები. ხომ იცით, ამ პროექტში, რაც არ უნდა ჩაგაცვან, მაინც გახდილი ხარ და კარგად ხომ უნდა გამოვიყურებოდე? (იცინის) ასე რომ, ჯერ გახდისთვის მზად არ ვარ, თუმცა შევეცდები, ჩავდგე ფორმაში. ჩემთვის არ არსებობს – ამას ვერ ჩავიცვამ, ეს ძალიან მოღებულია, მოკლეა და ასე შემდეგ. საერთოდ არ მაქვს კომპლექსები.  მთავარია, მოვიხდინო და არ ვფიქრობ იმაზე, სხვას მოეწონება თუ არა, ან ვინ რას ილაპარაკებს. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და არავის განსახილველი არ არის, ვინ რას ჩაიცვამს. რაც ცეკვას სჭირდება, რაც მომიხდება და რაშიც კომფორტულად ვიგრძნობ თავს, ყველაფერს ჩავიცვამ და ვერ გავითვალისწინებ სხვის აზრს. ბოლო დროს ქალური, სექსუალური სტილი მოვირგე და ქუსლებზეც შევდექი. მე მომწონს ასეთი ჩაცმა და ქალურობა, სექსუალურობა მიხდება. თან, ძალიან მაღალი არ ვარ. ქუსლიანი ფეხსაცმელი კი სიმაღლეს მიმატებს და მიხდება. ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ თმის ფერს ვერ შევიცვლი. ეს ორი წელი იმდენჯერ შევიღებე სხვადასხვა ფერზე, რომ თმა დამეწვა. ძლივს გამოვაჯანმრთელე და დავუბრუნდი ბუნებრიობას. თავს მოვიკლავ და თმას არ შევიღებავ (იცინის). თუ დამჭირდა, ცეკვის დროს პარიკს დავიხურავ. როცა მუსიკა ირთვება და ცეკვას ვიწყებ, სხვა განზომილებაში ვხვდები. მგონია, დედამიწას მოვწყდი და  ჩემში მისტიკური ძალა შემოდის, სულ სხვა ნუცა ვხდები. ცხოვრებაში, საერთოდ არ ვარ აგრესიული, მაგრამ ცეკვის დროს, აგრესიულიც ვხდები და დაუნდობელიც (იცინის). თუმცა, ისე აღარ გავიგიჟებ თავს, როგორც მაშინ. გამოცდილებიდან გამომდიანრე, მაქსიმალურად გავუფრთხილდები თავს. ისეთ რამეს აღარ მოვინდომებ, რაც მართლა შეუძლებელია. რაღაცას ვნახავდი, მაგალითად, ჰაერში რომ დაფრინავს გოგო და ბიჭი იჭერს – ავიჩემებდი და მეც მინდოდა, გამეკეთებინა. სწორედ ამის ბრალი იყო ჩემი ტრავმა. ახლა საღი გონებით მივუდგები ცეკვას და აღარ ავიჩემებ ბავშვივით ისეთ რამეს, რაც დამაზარალებს. კარგი გაკვეთილი უკვე მიღებული მაქვს. ის, რაც წინა სეზონზე ვისწავლე, აღარ მახსოვს და ფაქტობრივად, თავიდან ვიწყებ ცეკვის სწავლას.
–  ნუცა, რამდენად გაქვს ძლიერი კონკურსანტების ფონზე გამარჯვების შანსი და იმის იმედი, რომ მაყურებელი დაგიმესიჯებს?
–  ხალხი გვერდში დამიდგება, რადგან, როცა მეხუთე სეზონი დავტოვე, ბევრს დასწყდა გული და ვიცი, ბევრი გულშემატკივარი მყავდა. ახლაც ვიცი, ძალიან გაუხარდებათ ჩემი დაბრუნება ამ პროექტში და მეც მათი იმედი მაქვს. ვხუმრობ ხოლმე, სიმღერით ხომ მოვიგე და ახლა ცეკვით უნდა მოვიგო კონკურსი-მეთქი (იცინის). საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები არიან და ყველა გოგო მოდელია. ერთადერთი, მე და სოფო გელოვანი ვართ დაბლები (იცინის). მოდელ კონკურსანტებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი გარეგნობაც ძალიან მომწონს (იცინის). რომ ვაკვირდები, ცეკვაში სიმაღლე არ არის მთავარი. მთავარია, მოქნილი იყო. რომ წარმოვიდგენ შეიძლება, „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოვიგო, გული ცუდად მიხდება (იცინის). მინდა, გამოვცადო ეს შეგრძნება. არც ჟიურის მეშინია და არც კონკურსანტების, მე ჩემს მაქსიმუმს ვაჩვენებ.
– ესე იგი, სიმღერით დაიპყარი საქართველო და ახლა ცეკვით აპირებ. როგორ ფიქრობ, ცეკვა იმდენ დროს წაიღებს, რომ სიმღერისთვის ვეღარ მოიცლი?
–   ძალიან მინდა, ცეკვითაც დაგიპყროთ (იცინის). სხვათა შორის, ერთ-ერთ ბენდთან ერთად ახალ პროექტზე ვმუშაობ, ახალ სიმღერებს ვწერთ. ალბომზეც ვმუშაობთ და კონცერტიც გვექნება. ასე რომ, მარტო ცეკვას არ გადავყვები, სიმღერასაც დავუთმობ დროს. ვამბობ ხოლმე, ეს დრო არ მყოფნის და რატომ არ არის დღე-ღამეში 24 საათზე მეტი-მეთქი (იცინის). ისეთი ასაკი მაქვს, მინდა, მაქსიმალურად დავტვირთო და მომავალში შედეგებით ვიამაყო. პატარ-პატარა ნაბიჯებით აღწევს ადამიანი დიდ წარმატებას.

скачать dle 11.3