კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაღუპა ყურმოკრულმა დიეტებმა ნინო მუმლაძე და რის გამო გახდა ის სატრენაჟორო დარბაზის სახე #17

ბოლო დროს, მსახიობმა ნინო მუმლაძემ საგრძნობლად მოიმატა წონაში. მართალია, მას საკუთრი თავი ძალიან გამხდარი არ მოსწონს, მაგრამ ზედმეტი წონის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ახლა, ის აქტიურად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს და ამბობს, რომ მისი ეს მდგომარეობა იმ დიეტებმა გამოიწვია, რასაც ადრე იცავდა.
ნინო მუმლაძე: ბებიაჩემი, ნინა, ვისი სახელიც მქვია, ზღაპრული კულინარი იყო – განთქმული თავისი კერძებით და მისი დაღუპული ვარ (იცინის). კვებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და მიაჩნდა, თუ ბავშვი გამხდარი იყო, ესე იგი რაღაც სჭირდა. ამიტომ, დიდ თეფშზე რომ დამისხამდა საჭმელს, ის ბოლომდე უნდა მეჭამა. მახსოვს, დიდ თეფშზე დადებდა ღომს, ჩააწყობდა შიგნით სულგუნის დიდ ნაჭრებს და სამი წლის ბავშვი, ისე ვათავებდი, უკან არ ვიხედებოდი (იცინის). ბებია იცავდა ჯანსაღი კვების პრინციპს, მაგრამ დიდი რაოდენობით საკვებს მაჭმევდა. დედა კი, კარგად აცხობდა და ასე ცხობა-მზადებაში იყვნენ, მე კი – ჭამა-სმაში. კუჭი დაბადებიდან გამიზარდეს და ახლაც, ამის დაპატარავებაში ვარ.
– მათი გენეტიკა შენზე არ გადმოვიდა? როგორი მზარეული ხარ და თუ გეხერხება სამზარეულოში ტრიალი?
–  კარგი მზარეული ვარ, ყველაფერი მეხერხება და კარგი გურმანიც. ცხობა ნაკლებად, უფრო კერძებს ვამზადებ. საფირმო კერძიც მაქვს, რომელიც ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ და თუ იციან, ვამზადებ, მოდიან და მაწიოკებენ (იცინის). ეს არის თევზი შამპანურსა და ნაღებში, რომლის რეცეპტიც ნინო არაზაშვილმა მასწავლა.
–  იქნებ, ჩვენც გვასწავლო, როგორ მოვამზადოთ თევზი შამპანურსა და ნაღებში?
–  ძალიან მარტივია. მოკლედ, ორაგულის ნაჭრები ოდნავ უნდა მოთუშოთ ზეთში. ფერს რომ შეიცვლის, მერე დაასხით შამპანური ისე, რომ დაიფაროს და დაახურეთ თავსახური. რომ ამოშრება შამპანური, დაამატეთ, სქელი, მაღალპროცენტიანი ნაღები და ბლომად მარილი და პილპილი. სასწაული გემო აქვს. გურმანი ვარ და მიყვარს უცნაური კერძების დაგემოვნება. არ დამავიწყდება, რესტორანში მომიტანეს ლოკოკინები და ჩხირები, ვერაფრით გავიგე როგორ მეჭამა და „გავიჩითე“ ნამდვილი ჯულია რობერტსი ფილმიდან „ლამაზი ქალი“ (იცინის). ჩხირი რომ დავადე, ხან იქით გაცურდა ლოკოკინა, ხან აქეთ, დავიტანჯე. ბოლოს, მივხვდი, შანსი არ მქონდა და ხელით ვჭამე (იცინის). ისე, თუ გშია, ქართულ სამზარეულოს არაფერი სჯობია. სხვათა შორის, ნათქვამია, ქალი, რომელიც გემრიელად ჭამს, მამაკაცში სურვილს აღძრავს, რადგან გემრიელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებსო. ასე რომ, მე გემრიელი ქალის შთაბეჭდილებას ვტოვებ მამაკაცებში (იცინის). ჩემი მეგობარი მეუბნება, სულ რომ არ მშიოდეს, ისეთი გემრიელი ჭამა იცი, მეც მინდებაო.
– მართალია, რომ ბალეტზე დადიოდი და ბალერინობა გინდოდა?
–  ბავშვობაში ძალიან მომწონდა ბალეტი და მინდოდა, ბალერინა გამოვსულიყავი. დავიჟინე, გინდა თუ არა, მიმიყვანეთ-მეთქი და ეს ფუშფუშა ბავშვი, კუპატივით, პატარა, მრგვალი და პუტკუნა, ვიდექი ტანწერწეტა ბავშვების გვერდით და ბალეტს ვცეკვავდი. „პაჩკა“ მეცვა და რეზინა ისე მიჭერდა მუცელზე, სუნთქვა მიჭირდა, მაგრამ მაინც დიდი მონდომებით ვცეკვავდი. მართალია, ღიპუცასგან ვერ გამოვიდა ბალერინა, მაგრამ სამაგიეროდ, თეატრალურში რომ ჩავაბარე, საგრძნობლად გავხდი.
–  დიეტა დაიცავი?
–  არა, თეატრალურში რომ ვაბარებდი, ნორმალურ წონაზე ვიყავი, დაახლოებით 53 კილო. დიეტის გარეშე შევძელი წონის დაკლება, მაგრამ, რომ ჩავაბარე, მეჩიჩინებოდნენ, რა კარგი სახე გაქვს, როგორი ნაკვთები და როლისთვის როგორ ვერ უნდა გახდეო. მოკლედ, შემჭამეს, უნდა იყო თხელი, სიფრიფანა, სახე გაქვს ნაზიო და იმდენად შემაწუხეს, დავიწყე საშინელი დიეტა. ფაქტობრივად, ვშიმშილობდი. არასწორი კვების გამო, გულიც კი წამივიდა. ნივთიერებათა ცვლა კი ისე დამერღვა, დღესაც ამის გამო ვიტანჯები. ახლა, რაც არ უნდა ვიდიეტო, ვხდები ძალიან ნელა და თუ ერთი ნაჭერი ხაჭაპური მივირთვი, პლუს ერთი კილოგრამი, ეგრევე მომატებული მაქვს. მოკლედ, გამუდმებულმა შიმშილმა დამღუპა.
–  გამოდის, რომ არასწორი კვებით დაიზიანე ჯანმრთელობა და დღესაც ბევრს წვალობ, რომ არ მოიმატო?
–  ზუსტად ასეა. დიეტების მერე,  რაღაც პერიოდი, წვნიანებზე გადავედი, კუჭი ვეღარ იღებდა მძიმე საკვებს. იმუნიტეტი ისე დამეცა, დიეტას ძალიანაც რომ მდომოდა, ვერ დავიცავდი და ძალიან გავსუქდი.
–  ამ დიეტებს ვინ გირჩევდა?
–  არც არავინ. ვიღაცისგან გავიგებდი, ასე დავიცავი დიეტა და ამდენი დავიკელიო და მეც ეგრევე ვჯდებოდი. ვიღაცის ორგანიზმზე მორგებულმა და ყურმოკრულმა დიეტებმა, სულ მთლად დამღუპა. რაც თავი მახსოვს, სულ დიეტაზე ვარ და ჯანმრთელობა დავინგრიე. დავიცავდი დიეტას, დავიკლებდი და როგორც კი თავს ვანებებდი, ოდნავ მოვუმატებდი ჭამას, ორი იმდენს ვიმატებდი. ისე გავსუქდი, სარკეში აღარ მინდოდა ჩახედვა. 26 წლის ასაკში, ვმუშაობდი ტელევიზიაში და გადაცემაში მოვიწვიეთ სტუმრად ელენე გიორგაძე. მოკლედ, მთელი გადაცემა ისაუბრა სწორ კვებაზე, წონაზე, მეც ვუქნიე თავი და ბოლოს მითხრა,  ამდენს რომ მალაპარაკებ, თავს მიქნევ და მეთანხმები, შენ არ გინდა, დაიკლო წონაშიო. ვსაუბრობდი ჯანსაღ კვებაზე, ზედმეტი კილოგრამების ცუდ გავლენაზე და თავად იმხელა ვიყავი, კანში ვერ ვეტეოდი (იცინის). მოკლედ, მიმაგზავნა ენდოკრინოლოგ ნინო ჯიქურაულთან და მისი წყალობითა და ჯანსაღი კვებით, 6 თვეში, 20 კილოგრამი დავიკელი. თუმცა, დაკლებაზე რთული წონის შენარჩუნება აღმოჩნდა. იმდენად მქონდა ნივთიერებათა ცვლა დარღვეული, თუ გამუდმებით არ ვაკონტროლე რეჟიმული კვება და კალორიები, წინაში ვიმატებ. ორი წელი კარგად ვიყავი, მაგრამ მერე, ნელ-ნელა მოვიმატე და ისევ გამექცა წონა. ამ წლის დასაწყისში, ყველაზე დიდი ვიყავი, რაც კი თავი მახსოვს. ვერც კი ვიტყვი, რამდენი კილოგრამი მოვიმატე. თან, ბევრი პრობლემაც დაემთხვა და ფსიქოლოგიური მომენტებიც მოქმედებს ჩემს წონაზე. ასეთ დროს ტკბილეული და ღამე ჭამა მინდება. დავჯდებოდი ღამით და ვსკდებოდი, იმდენს ვჭამდი. მივედი იმ ზომამდე, რომ დავგორავდი, მუხლები მტკიოდა სიარულისას და ტანსაცმელში ვეღარ ვეტეოდი. მივხვდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და მივედი ისევ ენდოკრინოლოგთან. დავიწყე ჯანსაღი კვება და პარალელურად, სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიში. ახლა შემომთავაზეს, თუ ჩვენი კლუბის სახე გახდები, 3 თვის აბონემენტს გაჩუქებთო და დავთანხმდი. ასე რომ, წონაში კლების დიდი მონდომების გამო, „მოვე კლუბის” სახე გავხდი.
–  მახსოვს, როცა „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონზე გამოჩნდი, საკმაოდ მომატებული იყავი. ეს გადაღებები ამ პერიოდს დაემთხვა?
–  მაშინ, როცა გადაღებებზე დამიძახეს, უკვე 5 კილო მოკლებული მქონდა. ბევრმა მითხრა, ეკრანი ხომ არ გასუქებდაო. თვალებს არ დაუჯერეს, იმხელა ვიყავი. ახლა, 2 თვეში, 13 კილო მაქვს მოკლებული და არ დავნებდები, სანამ ჩემს სასურველ წონას არ მივაღწევ.  ბოლო დროს, ისეთი წონა ვიყავი, მაღაზიაში რომ შევიდოდი, კარებშივე მეუბნებოდნენ კონსულტანტი გოგონები, იცით თქვენი ზომები არ გვაქვსო. ეს ჩემთვის კოშმარი იყო. გინდა, რაღაც ადამიანური ჩაიცვა, თან ცნობადი სახე ხარ, გიწევს ხალხთან ურთიერთობა და ვერაფერს არჩევ. ახლა, ჩემს საყვარელ ტანსაცმელში ნელ-ნელა ვეტევი და ბედნიერი ვარ. ჯერ შოპინგზე არ გავსულვარ, ვნახო რამდენს დავიკლებ. თან, იმდენი ტანსაცმელი მაქვს, რომელშიც ვერ ვეტეოდი, მეყოფა.  ტყავის ქვედაბოლო და ქურთუკი ჩამეტია, კი დამცხა, მაგრამ რას დავეძებ? მთავარია, ჩავეტიე (იცინის).
–  სასწორზე ხშირად დგები წონის გასაკონტროლებლად?
–  არა, მეშინია სასწორზე შედგომის (იცინის). მირჩევნია, ტანსაცმლით მივხვდე, რომ დავიკელი. სხვათა შორის, ჩემი განერვიულება არ შეიძლება. თუ ნერვები აშლილი მაქვს, დავიდგამ წინ დიდი თეფშით ტკბილეულს და დანაყრებას ვერ ვიგებ.
–  იმის გამო, რომ წონაში მოიმატე, დეპრესია გეწყება?
–  პირიქით. როგორც წესი, სიმსუქნე დეპრესიის შედეგია. იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი, რაც არის არის, ვერ ვიკლებ და ვიყო ამხელა-მეთქი. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება და თავს უნდა მივხედო. სხვათა შორის, ძალიან სიგამხდრე არ მიხდება, ვმახინჯდები. ამიტომ, მირჩევნია, ვიყო სასიამოვნოდ ფუმფულა. მეზიზღება ყველა, ვინც ჭამს და არ სუქდება (იცინის). მართლა მშურს ასეთი ადამიანების. რომ მეკითხებიან, რისი ნიჭი გინდა, გქონდესო, ვეუბნები – ვჭამდე და არ ვსუქდებოდე-მეთქი. მხოლოდ ერთხელ ვიყავი ისეთი გამხდარი, რომ ტანზე მიხდებოდა და სახეზე ვიყავი კატასტროფა. არ მიხდება ძალიან სიგამხდრე. ვიცი, ძალიან გამხდარი რომ ვიყო, ჩვეულებრივი მახინჯი გოგო ვიქნები. უბრალოდ, ძალიან არ უნდა მოვიმატო და უნდა ვიყო გემრიელ წონაზე. გაჩხიკინებული რომ ვიყო არ ვიქნები არც მიმზიდველი და არც ლამაზი. მე ჩემი ფორმები მიხდება.

скачать dle 11.3