რატომ არ არის საქართველოში აქტუალური ლოგიკა და რატომ მოქმედებს პრინციპი: თუ სჯით, რატომ სჯით, თუ არ სჯით, რატომ არ სჯით #16
განსაკუთრებით, დამოუკიდებლობის პერიოდმა ცხადყო, რომ მოვლენებისადმი არა რაციონალური, არამედ ემოციური დამოკიდებლება გვაქვს, სწორედ ამის გამო მოვლენებს განსხვავებულად ვაფასებთ, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. მაგალითად: თუ ჯარიმების არარსებობის გამო გარემო ნაგვიანდება, ვითხოვთ ჯარიმების დაწესებას; თუ ჯარიმები დაწესდა, ვწუხვართ მათი სიდიდისა და ზოგჯერ არსებობის გამოც; თუ მავანს არ სჯიან, რატომ არ სჯიანო; თუ სჯიან – რატომ სჯიანო. რა იწვევს ასეთ არათანმიმდევრულობას და რატომ იქცა ჩვენი ცხოვრება „ჭრელო პეპელას” სიუჟეტად, – ამ თემაზე რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– როდესაც შეფასებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე და არა ზოგადად, ამ მოვლენისადმი დამოკიდებულებაზე, რის ნიშანია: უპასუხისმგებლობაა თუ ინფანტილურობა?
– თითოეულ ჩვენგანს ესა თუ ის სურვილი, უნარი, მიდრეკილება, ჩვევა მარტო იმით არ უყალიბდება, რას გაგვავარჯიშებენ სკოლაში, ან სახლში. ამას საკმაოდ მნიშვნელოვანი დოზით აყალიბებს კულტურა, კულტურა კი ცვალებადია. იმისდა მიხედვით იცვლება, თუ რამდენად მტკიცეა მისი სტანდარტები: ერთ პერიოდში ერთი სტანდარტია, მეორეში – მეორე, მესამეში – მესამე და ასე შემდეგ. დღეს, ზოგადად, ქართული კულტურის დასუსტებული ვარიანტია, რაც ტიპურია გარდამავალი პერიოდისთვის, მით უმეტეს, რომ ჩვენ ჩვეულებრივი გარდამავალი პერიოდი არ გვაქვს. ტრადიციული კულტურისგან საუკუნეები გვაშორებს, ანუ ტრადიციული ღირებულებები გაცილებით ადრე მოიშალა, ვიდრე კომუნისტური ეპოქა დაიწყებოდა; ჯერ კიდევ მონღოლების მიერ საქართველოს დაშლით. ამას მოჰყვა თემურ ლენგი, სპარსეთი, ოსმალეთი და საბოლოო 200-წლიანი დაღი დაასვა რუსეთმა ცხოვრების ქართულ წესს. საბედნიეროდ, რუსეთი ადამიანთა უმრავლესობის მიერ მტრად იყო აღქმული, ამიტომ მის შემოთავაზებულს შინაგანი წანააღმდეგობით ხვდებოდნენ. თუმცა საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო ეკლესიაში სიარული, ჩუმად მაინც ყველა დადიოდა და ასეთი მაგალითი ბევრია. ანუ ცდილობდნენ, რაღაც შეენახათ, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველა კულტურული ნიუანსის შენახვა შეუძლებელია, იმიტომ რომ, ასეთი ნიუანსები ძალიან ხშირად არ ცნობიერდება.
– თანმიმდევრულად აზროვნებასთან რა კავშირი აქვს ამას?
– თანმიმდევრულობასა და ღირებულებისადმი ერთგულებას გვაძლევს კულტურა. თუკი ეს კულტურა მოგეხსნა, ვიღებთ იმ სურათს, რაც თქვენ თქვით. ერთხანს იმ ტიპის კულტურა გვქონდა, რომელმაც ხევისბერი გოჩა შექმნა. ყველა ნაწარმოებს აქვს თავისი საყრდენი რეალობაში. ხევისბერი გოჩა ქვეყნის ღალატისთვის კლავს შვილს, ოღონდ შემდეგ თვითონ გიჟდება, იმიტომ რომ, ის მისი შვილია. მაგრამ მისი სიკვდილის განაჩენისკენ მას უბიძგა იმ ზოგადმა ღირებულებამ, რაც კულტურას მიაჩნდა, რომ უნდა განხორციელებულიყო. ქართველი დედა შვილს ბრძოლაში უშვებდა და მისგან მოითხოვდა გმირობასა და ვაჟკაცობას და არა იმას, რომ ცოცხალი დაბრუნებულიყო. ასეთი უამრავი მაგალითი გვაქვს.
– საინტერესოა, რომ თემი ეუბნება ხევისბერს, მას არ უღალატია, ახალგაზრდობით მოუვიდა და ვაპატიოთო.
– ცხადია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ღირებულება იყო ძლიერი. თემსა და გოჩას ერთნაირი ღირებულებები ჰქონდათ, უბრალოდ, ხევისბერმა უფრო მკაცრად იმოქმედა. მაგალითად, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ცხენის ქურდობა ვაჟკაცობად ითვლებოდა, ერთ პერიოდში – ახლობლის მოპარვა და სტამბოლის ბაზარზე გაყიდვა. ანუ ისე არ ხდება, რომ ერთ რომელიმე პერიოდში ყველა დადებითი ღირებულება დაცულია ან ყველა უარყოფითი ღირებულება უარყოფილია. კულტურისთვის რაღაცეები მისაღებია, რაღაცეები – მიუღებელი. დღეს ჩვენთან, ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობაში, ტრადიციული ღირებულებები მორღვეულია, იმიტომ რომ, თავის დროზე, მოარღვია საბჭოთა კავშირმა. ახლა შევდივართ რაღაც რეალობაში, რომელიც ჩვენც არ ვიცით, როგორია. ამდენად, იმ ტრადიციულის აღდგენის სურვილიც თითქოს აღარ არის, რადგან არ იცი, ახალ რეალობაში ის ტრადიციული გამოგადგება თუ ხელს შეგიშლის. ამიტომ ეს ყველაფერი მორღვეულია, ოღონდ სამუდამოდ – არა. ახალი ცხოვრების სტაბილიზაცია, რაღაცის დასტაბილურება ქმნის ღირებულებებს. სტაბილურად საომარი მდგომარეობისას წამყვანი ხდება მეომრის ღირებულებები; სტაბილურად არასტაბილურ პირობებში მთავარ ღირებულებად იქცევა თვითგადარჩენა. ჩვენ სტაბილური არასტაბილურობის ნიშნები უფრო გვქონდა და საკუთარი თავის გადარჩენა გახდა წამყვანი ღირებულება. ამიტომ დღეს არსაით ვიყურებით. ამ ღირებულების ანარეკლია, უფრო პიროვნებებზე რომ ვართ ორიენტირებულები: ინდივიდის გადარჩენა და ინდივიდის მიმართ კეთილგანწყობა. ინდივიდის დაცვა არის წამყვანი, თორემ არ აქვს მნიშვნელობა, რა ღირებულების გამო ვითხოვთ ამ ინდივიდის დაცვას.
– ამიტომაა, რომ, სანამ მოძალადეა, ითხოვენ მის დასჯას, როდესაც მსხვერპლია, ანუ დაისჯება, რატომ დასაჯეთო?
– ჩვენთან უბრალოდ ამას ძალიან დიდი ამპლიტუდა აქვს. ამიტომაა თვალში საცემი, თორემ ყველა კულტურაში ანალოგიური მდგომარეობაა. ადამიანების ერთობლიობას, როდესაც ვინმეს ჩაგრავენ, უჩნდება დაჩაგრულის დაცვის სურვილი და როდესაც ვინმე მჩაგვრელია, უჩნდება მისი დასჯის სურვილი. ამ ბუნებრივ და ზოგად ტენდენციას დიდი გასაქანი ეძლევა, თუ მას სოციალური ნორმები არ არეგულირებს, სოციალური ნორმები კი საერთოდ არ გვაქვს. რაღა შორს წავიდეთ: ის, რომ არავინ უყურებს პარტიების პროგრამებს და მხოლოდ პოლიტიკოსების გვარებს, უკვე მიუთითებს, რომ ღირებულებას წარმოადგენს არა ამ პარტიის პოლიტიკური შინაარსი, არამედ ის პიროვნება, ვინც ამ პარტიას ქმნის. ეს ღირებულების მიმართ მორღვეული დამოკიდებულების შედეგია. თუ სტაბილურობა დადგება ქვეყანაში და გაგრძელდება დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, ეს ჩვენთანაც იმ ღირებულებებს მოიტანს, რაც სხვაგან მოიტანა. ვერ ვიტყვით, რომ ბრიტანეთს უფრო ნათელი წარსული აქვს, ვიდრე საქართველოს: მამა შვილს სწირავდა და ძმა ძმას კლავდა, მაგრამ შემდეგ ცხოვრების დასავლური წესი სწორედ მათ შემოიტანეს და მათვე დაიცვეს. ცხოვრებამ გააჩინა ეს და არა – ისტორიულმა ტრადიციამ. ჩვენც თუ იმ ღირებულებებით ვიცხოვრებთ, როგორიცაა ევროპაში, ვიცხოვრებთ სხვანაირ ქვეყანაში.
– ეს როდის იქნება, არავინ იცის. მარტივ მაგალითს მოვიტან: ამბობენ, რომ გარე ვაჭრობა იყო ასაკრძალი. სახელმწიფო კრძალავს გარე ვაჭრობას და თითქმის იგივე ხალხი ამბობს, გარე მოვაჭრეებს ლუკმაპური ერთმევათო. ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნას სახელმწიფომ, რომლის ამომრჩეველია ხალხი, რომელსაც აქვს ცხრა პარასკევი? იმის თქმა მინდა, რა განგვავითარებს: მიიღებს პოლიტიკოსი არაპოპულარულ გადაწყვეტილებას და მას აღარ აირჩევენ, ამიტომ იქნება მოტივირებული, მიიღოს სასარგებლო გადაწყვეტილებები?
– იგივე სიტუაციაა, ალბათ, სხვაგანაც, ამიტომაც მთელ რიგ ქვეყნებში მათ, ვინც ულუკმაპუროდ რჩება, სახელმწიფო ისეთ შემწეობას უხდის, რომ კითხვა, რა ეშველება, არ დგება. იქ ხშირად ადამიანს, რომელსაც მხოლოდ დაბალი ანაზღაურების სამუშაოს შესრულება შეუძლია, ურჩევნია, იყოს უმუშევარი და მიიღოს შემწეობა, ვიდრე იმუშაოს და მიიღოს იმავე სიდიდის ხელფასი. ანუ მათ შემოიტანეს სხვა ფაქტორი, რათა მოსახლეობას არ გაუჩნდეს ასეთი საყვედურის საფუძველი. შესაბამისად, სასურველია, სახელმწიფომ მიაღწიოს ისეთ დონეს, რომ შეძლოს შემწეობების სისტემის დანერგვა, ოღონდ ამას ეკონომიკური განვითარების ცოტა სხვანაირი დონე უნდა.
– სხვა მაგალითს მოვიტან, რაც შემწეობას არ უკავშირდება: მოითხოვენ მარიხუანის ლეგალიზაციასაც, მაგრამ, თუ გაირკვევა, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ადამიანმა ვინმე შეიწირა, აპროტესტებენ, რატომ არ არის სასჯელი საკმაოდ მკაცრიო.
– ლეგალიზებული ალკოჰოლიცაა, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ საჭესთან უნდა დაჯდე ნასვამი.
– არანაკლებ აპროტესტებენ, რატომ ამოწმებენ წამდაუწუმო. იგივე ეხება პატრულის ჯარიმებსაც: სიტუაციურად აპროტესტებენ მათ სიდიდეს.
– ეს საკითხების სხვა სპექტრია და როდესაც სამწევრიან ოჯახშიც კი არ აქვთ ერთნაირი აზრი, რეალისტური არ არის მოველოდოთ, რომ საზოგადოებას ექნება ერთიანი პოზიცია. თუმცა იმას, რასაც თქვენ ამბობთ, ახასიათებს ერთი საერთო ნიშანი: კრიტიკულობა სახელმწიფოს მიმართ.
– რას გვიშვება ეს მთავრობა?
– დაახლოებით. ანუ ყველა დისკომფორტის მთავრობასთან დაკავშირება, ალბათ, ერთგვარი ტრადიციაცაა. თუმცა, მთავრობა რომ არ მოსწონდათ, მაშინაც მართლები იყვნენ და შესაძლოა, ახლაც მართლები იყვნენ. არცთუ იშვიათად მთავრობის მიმართ უნდობლობაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ყველაფერს აკრიტიკებ, მიუხედავად იმისა, პეპელა გაფრინდება თუ მოფრინდება. ამდენად, ამ დამოკიდებულების შორეულ მომავალში შემცირება იმაზეცაა დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა მთავრობა იმ დონემდე მიიყვანოს თავისი ავტორიტეტი, მისი გადაწყვეტილება არ იყოს ირაციონალური კრიტიკის საგანი. მაგალითად, არის ქვეყნები, სადაც დანარჩენებისთვის კანონია, რასაც მთავრობა იტყვის. ვგულისხმობ, ავტორიტარულ ქვეყნებს. ამდენად, კრიტიკულობა მთავრობის მიმართ დადებითი მოვლენაა, რადგან შესაძლოა, ამ საყოველთაო კრიტიკამ მიგიყვანოს დემოკრატიულ საზოგადოებამდე და ავტოტიტარიზმისგან დაგიცვას.
– ვის ევალება მოქალაქეების მიჩვევა თანმიმდევრულობას? ასევე, ხშირია არალოგიკურობაც, ეს გონებრივი ხარვეზია თუ შეიძლება, რომ ადამიანს ლოგიკა არ ჰქონდეს?
– ლოგიკა ისეთი რამაა, რომელიც, თუ ამოატივტივე, გაქვს, თუ არ ამოატივტივე, არ გაქვს. თუ მე ძალიან მინდა კრიტიკა, ლოგიკას გვერდით გადავდებ და იმ კრიტიკას არალოგიკურად მივუშვებ. თუ ლოგიკურობის სურვილი მაქვს, მაშინ ლოგიკას ავამუშავებ. ჩვენს საზოგადოებას ზოგადად აქვს ეს პრობლემა. საზოგადოებაში არ არის მოთხოვნა, პოლიტიკოსების მიმართაც კი, რომ ადამიანმა ლოგიკურად გამოთქვას თავისი პოზიცია. მთავარია, თქვას და არა ის, არის თუ არა ამის უკან ლოგიკა. ლოგიკისადმი დამოკიდებულება ამ ჩვენს დღევანდელ კულტურაში ცოტა აგდებულია. შესაბამისად, ვიღებთ იმ შედეგს, რასაც ვიღებთ. ამის მიზეზი არა ბუნებრივი არალოგიკურობა, ანუ ადამიანებში ამ უნარის დაქვეითებაა, არამედ არსებული კულტურული რეცეპტი, რითაც ეს ადამიანი მოქმედებს – ჩვენს საზოგადოებაში ემოციურობა უფრო დაფასებულია, ვიდრე რაციონალურობა.
– რამ უნდა შეუწყოს ხელი არსებული კულტურული რეცეპტის შეცვლას?
– ცხოვრებამ უნდა შეუწყოს ხელი. ინგლისი ვახსენე და იქ ინგლისურ ელიტას კი არ დაუწყია ჭკუის სწავლება ამ მიმართულებით?! იქ ელიტა შეიწირა ქვედა ფენის, ანუ ბურჟუაზიის რაციონალიზმმა. ფენების პასუხისმგებლობას არ ვგულისხმობ, უბრალოდ, განვითარდა მეცნიერება, ვაჭრობა და წარმოება. ეს დარგები ერთმანეთს ავითარებდა, ერთმანეთს სჭირდებოდა. მეცნიერება-წარმოება-ვაჭრობის სამეული ითხოვდა რაციონალობას და ამან გაზარდა ინგლისში რაციონალური საზოგადოება. ანუ, საზოგადოების დიდი ნაწილი აღმოჩნდა ჩართული თვლაში, აღებ-მიცემობაში და ამან შექმნა რაციონალობის კულტი, რაშიც, სხვათა შორის, არ იყო დაინტერესებული იმდროინდელი ფეოდალური ელიტა, მაგრამ ცხოვრებამ თავისი მოიტანა. ჩვენთან კი დღეს მეცნიერება საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს ითხოვს, ანუ ამ სფეროში ცოტაა ჩართული; წარმოებაშიც – ცოტა, ვაჭრობაში – უფრო მეტი. იმდენად აღმოჩნდება ქართველი საზოგადოება რაციონალური, რამდენადაც დიდი იქნება ჩვენს ცხოვრებაზე ვაჭრობა-წარმოება-მეცნიერების გავლენა, რადგან ამ სამ ვეშაპზე დგას ევროპული რაციონალიზმი.
– პირადად მე, ეს ძალიან ბუნდოვან პერსეპექტივად მესახება.
– რა თქმა უნდა, ყველა პროცესს აქვს კითხვის ნიშნები. ჩვენ ახლა მოვიტანეთ დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების მაგალითი, მაგრამ წარმოება და ვაჭრობა განვითარებული უამრავი ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა რაციონალიზმი ნაკლებადაა. მაგალითად, ირანი ერთ-ერთი ძლიერი საწარმოო პოტენციალის მქონეა, აღარაფერს ვამბობ ჩინეთზე, სადაც სამივე კომპონენტია განვითარებული, ოღონდ ჩინეთს რაციონალობას ვერ დაუწუნებ. აზიის სხვა ქვეყნებში კი აშკარაა ირაციონალობისკენ მიდრეკილება, მიუხედავად ვაჭრობისა და წარმოების განვითარებისა. ბუნებრივია, რომ პერსპექტივას ვერ ხედავთ, იმდენად საწყის წერტილთან ვართ ჩვენ. ამ წერტილიდან შეიძლება, ისეთ რეალობად განვითარდე, როგორიც დასავლური ევროპის ქვეყნებშია ან ისეთში, როგორიც აზიურ ქვეყნებშია.