ვინ გამოუყო თინათინ მაღალაშვილს სიცილიაზე დიდი ვილა და რაზე ხოცავენ ერთმანეთს ის და მისი მეუღლე #17
თინათინ მაღალაშვილს საქმეების გამო ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანი ვიზიტი, რა დროსაც არაერთ საინტერესო თავგადასავალში გახვეულა.
თინათინ მაღალაშვილი: უკრაინის „ფეშენ-ბაზრიდან“ ნახევარი წლის წინ მივიღე შემოთავაზება. ლვოვთან ახლოსაა უშგოროდი, ძალიან ლამაზი, პატარა ქალაქია. იქ ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული მერიის დაფინანსებით. თავად მერი და ლვოვის ელიტაც ესწრებოდა ჩვენს ღონისძიებას. ჩამოსულები იყვნენ ბაიერები და ზოგადად, ძალიან საინტერესო სტუმრები. ჩემი და მადონა ხარატიშვილის ჩვენება გაიმართა და როგორც ადრე, ახლაც, ჩვენი ტანდემი წარმატებულად შედგა. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა დამწყები დიზაინერი ეკა ბუზალაძე – ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელიც სრულფასოვნად გამოვიდა მოდის კვირეულზე. იქ გავიცანით ლვოვის მოდის კვირეულის ორგანიზატორი, რომელმაც მიგვიწვია თავიანთ კვირეულზე: სიამოვნებით გიხილავდით „ფეშენ-ვიქზეო.”
– როგორ ჩაიარა თქვენმა უკრაინულმა გასტროლმა?
– უშგოროდიდან ლვოვში ჩავედით. ზოგადად, მე ვგეგმავ ხოლმე ტურს – სად და როგორ წავიდეთ. ასეთ რაღაცეებში ბატი ვარ, მაგრამ ჩემზე უფრო მეტი ბატები რომ მიმყავს, ძალიან ორგანიზებული ვხვდები. ყველაზე სასაცილოა ის, რომ ყოველთვის, ყველგან ვაგვიანებთ. არ არსებობს, სადმე წავიდეთ და ჩვენი გვარები არ გამოაცხადონ. ჯერ ერთი, ამდენი ბატის ერთად შეკრება რთულია; ხან ერთი აგვიანებს, ხან მეორე. სანამ ბარგს ჩავაბარებთ, მერე სანამ დეკლარაციებს შევავსებთ, უკვე იწყება ჩასხდომა. აცხადებენ: მაღალაშვილი, ხარატიშვილი და ახლა უკვე ბუზალაძე. შესაბამისად, ან თვითმფრინავის კუდში ვსხედვართ, ან ფრთასთან. თვითმფრინავში რომ ავდივართ, უნდა ნახოთ, ხალხი რა სახით გვიყურებს. როდესაც ერთად ვართ, სულ ვიცინით. ამიტომ უკრაინაში დაგვარქვეს: „ხახატუშკები“. ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა „მაფიაც“ კი დაგვარქვა.
– მაფიის ბოსი ვინ არის?
– მე გამოვდივარ, რადგან ხშირად ვარ მათი სტიმული. ზოგჯერ ისე ვჯავშნი ბილეთებს, გოგონებმა არც იციან, ბრმად დამყვებიან. როცა ღონისძიება ორდღიანია, ვცდილობთ, ხუთდღიანი ტური დავგეგმოთ, რომ თავისუფალი დრო გვქონდეს და ბევრი რამ ვნახოთ.
– „ფეისბუქზე“ დაწერეთ: ავიაკატასტროფას გადავურჩითო. რა მოხდა?
– ეს იყო ძალიან სასაცილო. მოკლედ, დავკარგე მადონა და ეკა. 12-ზე გვაქვს გამოფრენა. უკვე 12 საათი ხდება. წესით, ჩასხდომა დაწყებულია და არ გვაცხადებენ. გამიკვირდა ძალიან, დავიწყე გოგონების მოძებნა. ჩქარა მოდით: სანამ გამოგვაცხდებენ, იქნებ ერთხელ მაინც მივიდეთ თავის დროზე-მეთქი. მოკლედ, გვითხრეს: თვითმფრინავი გაფუჭდა, ჩასხდომა გავაუქმეთო. მადონას რეაქცია ასეთი იყო: არა, ბიზნესკლასით უნდა გამოვფრენილიყავითო. იმდენი ვიცინეთ. კიდევ კარგი, რომ გააჩერეს და არ გავფრინდით. თუმცა, სულ ვფიქრობ, რომ, რაც გიწერია, ის არ აგცდება. ვფიქრობ, იმდენად კეთილი გზით მაქვს ნაცხოვრები, ღმერთი ისე არ გამწირავს, რომ 43 წლის ასაკში თვითმფრინავში მოვკვდე. მე რომ მწერებოდა თვითფრინავში სიკვდილი, ჩამოვვარდებოდი კიდეც და ახლა ინტერვიუს მაგივრად, ჩემს ნეკროლოგს დაწერდი. ადრე სულ მარტო დავფრინავდი, მიჩვეული ვარ. მადონას ეშინოდა ფრენის. პირველად ბელარუსში რომ გავფრინდით, მითხრა: კონიაკი უნდა დავლიოო. ორი უშველებელი ჩემოდანი გვქონდა, ვუთხარი: რომ დალევ, დათვრები, შენც ზურგზე მეყოლები გადასაკიდი და ჩვენი ჩემოდნებიც-მეთქი. ვაიმე, თიკო, ვაიმე თიკოო, – არ დამაძინა, გამაგიჟა. ახლა თვითმფრინავის მართვაც ისწავლა, მშვიდად ზის ხოლმე, თან მეუღლეც მფრინავი ჰყავს.
– სახიფათო სიტუაციაში აღმოჩენილხარ?
– 2011 წელს ისრაელში, თელავივში, ჩატარდა მაღალი მოდის კვირეული. მარტო ვიყავი და იქიდან წამოსვლისას რეისზე დავაგვიანე, ვერ გადმოვფრინდი. თან, მეორე დღეს შაბათი იყო და ამ დღეს ებრაელები ისვენებენ, არაფერი დაფრინავს. ქართველი ებრაელი მიშელ კაზა იყო „ფეშენ-შოუს” ორგანიზატორი, მან მიმიწვია შოუზე და შემომთავაზა: იერუსალიმში წავიდეთო. წავედით და როდესაც ერთ-ერთ დაღმართზე ჩავდიოდითი, დავინახე, რაღაც ჩოჩქოლი იყო, თან, შავებში ჩაცმული ჯარისკაცები დარბოდნენ. ავტობუსი დაახლოებით 150 მეტრში გაჩერდა. მიშელს ვეკითხები: იქ რა ხდება-მეთქი. ბომბიაო. თან, ისე მშვიდად მითხრა, რომ შემრცხვა ჩემი ემოციების გამოხატვის. მაგრამ, არ იცით, გულში რა ხდებოდა. წარმოვიდგინე, როგორ ავფეთქდი ბომბზე: ვაიმე, სად კვდები, თინათინ. მოკლედ ძალიან შეშინებული ვარ და მეუბნება: არაფერია, ახლა განაღმავენ და გავივლითო. ვთქვი: ეს არის ისრაელში ჩემი ბოლო ჩამოსვლა, ფეხს აღარ დავადგამ-მეთქი. თან, აეროპორტში ძალიან ცუდი მიდგომა აქვთ მოქალაქეების მიმართ, თითქოს დაკითხვაზე ხარ, ისე გრძნობ თავს.
– სულ ეხვევი საინტერესო თავგადასავლებში.
– კი. სიცილიაზე ვიყავი წასული მარტო. ერთ-ერთმა ფირმამ მიმიწვია, ესკიზები სჭირდებოდათ. პატივი მცეს და გარეუბანში დამიქირავეს ვილა. საღამოს რომ ამიყვადნენ, დამტოვებდნენ მარტოს და ლამის ყმუილი დავიწყე, გავგიჟდი. უშველებელი, ულამაზესი სახლი იყო. მესამე დღეს კატეგორიულად მოვითხოვე ქალაქის რუკა და გავაფრთხილე: დილით დამტოვეთ და საღამოს შეგხვდებით-მეთქი. მოკლედ, მოვიარე ყველაფერი და ბოლოს მითხრეს: ეს ეტნა როდის ამოხეთქავს, არ ვიცოთო, მაშინ ჯერ არ ჰქონდა ამოხეთქილი. ეს აღარ მომეწონა: კარგად იყავით-მეთქი.
– გეშინია რამის, ან ფობია გაქვს?
– ზოგადად, ძალიან უპრეტენზიო და ადვილი ადამიანი ვარ, არც ზედმეტ კომფორტს ვეძებ და არც არაფრის მეშინია. მივეჩვიე რისკს. 15 წელია, ბიზნესში ვარ, დამოუკიდებლად ვმართავ მოდის სახლს, რომელიც ჩემი სულის ნაწილია და ამისთვის ყველაფერს ვთმობ. ისრაელში რომ წავსულიყავი თანხა მჭირდებოდა, ჩემი მანქანა ჩავდე ლომბარდში, ისე რომ, ოჯახს არ ვუთხარი. ძალიან დამოუკიდებელი ვარ ამ საკითხში. ჩემი ფულით გავაკეთე ყველაფერი. ჩემი ბიზნესი აფინანსებს ჩემს მოგზაურობას და ფულს არავის ვთხოვ. ნელ-ნელა ვისწავლე ბარიერების გადალახვა ისე, რომ არავის არ ვატკინო გული, პირიქით, სხვებს მინდა, შევუძახო, დავეხმარო.
– თავიდან როგორ ეგუებოდა მეუღლე შენს ფრენებს?
– ახლა აღარ აქვს რეაქცია. 19 წელია, ერთად ვართ. იცის, რომ ეს საქმეს სჭირდება, ამიტომ არასდროს უთქვამს: არ წახვიდეო. მე როცა ვამბობ, მივდივარ-მეთქი – ესე იგი, ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს. არასდროს ვიცოდი იმის კითხვა: „მიშვებ თუ არა?” როცა მარტო მივდიოდი, ცოტა ნერვიულობდა, თვითონაც წასულა მარტო და არც მე გამომითქვამს პროტესტი. ზოგადად, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, წყვილი ერთი პროფესიის იყოს. ჩემი ქმარი რომ მხატვარი არ იყოს, შეიძლება, დიდი ხნის გამოგდებული ვყავდე სახლიდან. შეიძლება, ვხატავდე და სახლი არ მქონდეს დალაგებული, ან საჭმელი არ მქონდეს მომზადებული, მაგრამ არსდროს მეტყვის: ნუ ხატავ, თავი დაანებე და საჭმელი მომიზადეო. თვითონაც უთენებია ღამეები და უმუშავია. ერთმანეთს ხელს არ ვუშლით. სხვადასხვა პროფესიის რომ ვყოფილიყავით, მართლა დავხოცავდით ერთმანეთს. ორი კვირაა მეხვეწება; ჯინსი გამიუთოეო. მე ვეუბნები: რად უნდა გაუთოება, პირდაპირ ჩაიცვი-მეთქი. ლაშა რამიშვილი ანეკდოტს ყვებოდა რადიოში: ღილი რომ მაქვს პერანგზე დასაკერებელი ორი კვირაა, რა ვქნა, ცოლი გამოვცვალო თუ პერანგი გადავაგდოო. ჩემმა ქმარმაც გადმომხედა: აბა, რა ვქნაო. წავედი და გავუუთოე ის ჯინსი, სხვა რა გზა მქონდა.
– ამბობენ: ქორწინების მეშვიდე, მეცხრე წელს არსებობს კრიზისებიო და ეს მართალია, თქვენს ურთიერთობაშიც ყოფილა?
– ხშირად დაგვიხოცია ერთმანეთი, მაგრამ ეს ისეთ რამეში არ უნდა გადავიდეს, რომ ვერ აპატიო. ოჯახში სულ არის კრიზისი, ბეწვის ხიდი, მით უმეტეს, ხელოვანი ადამიანის ცხოვრებაში. ამას წინათ ჩემს მეგობარს ვეუბნებოდი: სულ თემიდასავით ვარ, ცალ მხარეს სამსახური მაქვს, რომელიც ჩემი სულიერი მდგომარეობაა, ცალ მხარეს – ოჯახი, ხან ერთი გადაწონის, ხან მეორე და ლამის ორივე გამივარდეს ხელიდან-მეთქი. პირდაპირ ვამბობ: თორნიკე რომ სხვა პროფესიის ადამიანი ყოფილიყო, დიდი ხნის დანგრეული იქნებოდა ჩემი ოჯახი. ფიზიკურად ბევრ რამეს ვერ აიტანდა, ისევე, როგორც მე ვერ ავიტანდი.