რა სტრესებისა და რთული პერიოდების გადატანა მოუწია მარიამ ჩაჩხიანს და რატომ აქვს მას ხელი მთლიანად მოხატული #19
სამი წლის წინ ნიჭიერი მომღერალი მარიამ ჩაჩხიანი „ახალი ხმის“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ ის გარკვეული პერიოდი „იმედზეც“ მუშაობდა, თავის ბენდიც ჰყავდა, რომელთან ერთადაც ბევრ კარგ, წარმატებულ მუსიკას ქმნიდა. ახლა მარიამი „გუფილენდის“ წევრია.
მარიამ ჩაჩხიანი: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა. სიმღერის ტექსტი, მუსიკა ჩემი ყოფილი ბენდის წევრებმა გააკეთეს და ბოლომდე მედგნენ მხარში. მათი და ასევე, იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც გვერდში მედგნენ და ჩემი სჯეროდათ, მეხუთე ადგილზე გავედი.
– რატომ დაიშალა შენი ბენდი?
– გადაწყდა, რომ ამერიკაში უნდა წასულიყვნენ. ძალიან ნიჭიერები არიან და უკვე აღარ შეიძლებოდა, აქ დაეკარგათ წლები. ჩანგოზე ვიცოდი, რომ მიდიოდა, მაგრამ ზაზა და ჯონი რამდენიმე წლის მერე აპირებდნენ წასვლას, მერე კი უკან დაბრუნებას. თავს ვიიმედებდი, რომ მარტო არ ვიქნებოდი. ერთ დღესაც ჩანგოსთან სახლში შევიკრიბეთ და ვნახე, რომ ბილეთებს ყიდულობდნენ. იმხელა სტრესი იყო, როგორც კი გარეთ გამოვედი, ტირილი დავიწყე. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ შევეგუე. ამ წამს რომ მქონდეს იმის საშულება, ეს ქვეყანა დავტოვო, მოხარული ვიქნები. მაგრამ, ვიზა არ მაქვს და არც საჭირო დიდი თანხა. თუმცა, მონდომება მაქვს და ეს არის მთავარი. წასვლასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული აზრი ბავშვობიდან მაქვს და რაც დრო გადის, ვხვდები: საღ აზრზე ვიყავი. აქ ყველა ერთ დონეზეა, არანაირი განვითარება, წინსვლა არ გვაქვს. წარმატებებზე საუბარი ხომ ზედმეტია. ხალისიც არ გაქვს, რომ რაღაც ახალი შექმნა და გააკეთო. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ აქედან წასვლა მინდა. ეს, გარკვეულწილად, დამთრგუნველიცაა, რადგან არანაირი მუღამი არ გაქვს, თუნდაც შენთვის აკეთო რაღაც.
– „ვოისის“ შემდეგ „იმედზე“ მუშაობდი, მაგრამ შალვა რამიშვილი და დათო ფორჩხიძე რომ წამოვიდნენ, შენც მათთან ერთად დატოვე ტელევიზია. როგორ აფასებ ახლა ამ ნაბიჯს?
– ეს ჩემი კონკრეტული აზრი არ ყოფილა. ყველამ ერთად განაცხადა, რომ თუ სტაფიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ადამიანი დატოვებდა შოუს, მაშინ ყველა მიდიოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი პირადი აზრი არ ყოფილა, ტელევიზია დამეტოვებინა, რადგან ასე თუ ისე, ხალხი გხედავს, არ იკარგები. თუმცა, მეორე მხრივ, ამან ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. უფრო გავშალე ფრთები და რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. ამიტომ, არ ვნანობ იმ გადაწყვეტილებას, რადგან დღეს ასე არ ვიქნებოდი. ვარ ძალიან მაგარ და პოპულარულ ბენდში. ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს, ლაღი და თავისუფლები არიან – მეგობრულები და ჩემსავით გიჟები, ამიტომაც კარგად ვუგებთ ერთმანეთს. თავიდან ვნერვიულობდი, რადგან სრულიად ახალ სიტუაციას უნდა მოერგო, მათ რიტმს უნდა აჰყვე და ეს, გარკვეულწილად, სტრესულია. მაგრამ, მალე გადავიტანე, გადავლახე და ახლა ძალიან მაგარი პერიოდი მაქვს.
– იმიჯიც შეიცვალე. ხელებიც ძალიან ლამაზად გაქვს მოხატული, განსაკუთრებით მარჯვენა.
– პირველი ტატუ „ახალი ხმის“ პერიოდში გავიკეთე. ჯერ პატარებით დავიწყე და სახლში ვთქვი, დროებითია-მეთქი. მერე კი შევყევი და შევყევი. მარცხენაზე ორნამენტები მაქვს, ანუ „მეჰენდი.“ მეორე ხელი თითქმის ბოლომდე მაქვს მოხატული ფერადად. ძალიან მტკივნეულია და ერთიანად არც გამიკეთებია. მწარეა, მით უმეტეს, ძვლებზე. მგონი, მაზოხისტი ვარ.
– საზოგადოების ემოციები როგორია, როდესაც შენს მოხატულ ხელს ხედავენ?
– დაახლოებით ერთი წლის წინ თმა ლურჯად მქონდა შეღებილი. შევედი მაღაზიაში და გამყიდველმა ისე ცივად, აგრესიულად შემომხედა, ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ეს „გრუზინული“ რაღაცეები არ უნდა ჰქონდეს ამ ხალხს. ვიღაც თუ სხვისგან რაღაცით განსხვავდება, ამას ცუდად უსვამენ ხაზს, აგრესიულად უდგებიან. არ უნდა ჩაქოლონ განსხვავებული ადამიანები – ეს ჩვენი პრობლემაა. ხელზე უფრო მაკვირდებიან, ჯერჯერობით აგრესიას არ იწვევს.
– პროექტში ავტომობილი გაჩუქეს. ისწავლე ტარება?
– კი. ორი წელია, ვატარებ მანქანას და როგორც ბიჭები აფასებენ – „ქერა გოგოსავით“ არ ვატარებ. ბოდიში ქერებს. სულ მინდოდა, „ბაიკი“ მყოლოდა. მექანიკა მეტარებინა, მაგრამ მაგის ნერვები არ მაქვს. რბოლებში მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ ეს ოცნებაა. ისეთ რეჟიმში ვარ, რომ ამას ვერ დავუთმობ დროს. მეგობრებს ჰყავთ „ბაიკი“ და გავდივართ ქალაქგარეთ, ასევე, ლისზე – ეს არის განტვირთვის კარგი საშუალება. გული იმაზე მწყდება, რომ ზოგჯერ საერთოდ არ მაქვს ენერგია, მეგობრებს რომ დავურეკო და მათთან ერთად გავიდე. უბრალოდ, დავჯდები და ვითიშები. ალბათ, ამას გამოვასწორებ.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– ზოგადად, არც მაქვს ისეთი პერიოდი, ვიღაც არ მომწონდეს. ტვინი სულ დატვირთულია ასეთი, არ ვიცი, სისულელეებით თუ კარგი რაღაცეებით. ვერ გეტყვი, რატომ ვარ ასეთი რთული ადამიანი... ბევრი მომწონს ფიზიკურად. ჩემს ცხოვრებაში იყო რამდენიმე ადამიანი და ახლაც არის, თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. გულის გადასაყოლებელი განტვირთვის მსგავსი საშუალება უნდა გქონდეს და ალბათ, ეს ის არის.
– რას გულისხმობ – რთული ვარო, რომ ამბობ?
– შეიძლება, აქტიური ვჩანვარ, მაგრამ სინამდვილეში, ასეთი აქტიური არ ვარ და ეს არის ჩემი მინუსი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ცოტა მუდო ვარ და ეს მიშლის ხელს ურთიერთობებში. ზოდიაქოთი თევზები ვარ და ამბობენ, თევზი ცოტათი ფლეგმააო. ამის მჯერა და „ვიგრუზები“: არ ვარ ფლემგა და ვცდილობ, გამოვფხიზლდე.
– არ ხარ მზად სერიოზული ურთიერთობისთვის?
– ვფიქრობ, ჩემს მეორე ნახევარს დავტვირთავ თუნდაც იმით, რომ მე ვეყოლები გვერდით. ძალიან მიყვარს, როცა ეხმიანები მას, ვისზეც ფიქრობ. ის თუ არ მეხმიანება, ვმწარდები, თან, არ მინდა, თავი მოვაბეზრო. ყურადღება არ მიყვარს, მაგრამ კონკრეტული ადამიანისგან აუცილებელია.
– გულნატკენი და იმედგაცრუებული ჩანხარ.
– დეპრესიული პერიოდი უკვე გამოვიარე, ახლა კარგად ვარ. იმ პერიოდს ვერაფრით ვუშველიდი. პირველად მომეწონა ადამიანი სერიოზულად და საპასუხოდ – არც არაფერი. უფრო სწორად, რაღაცეები გვაბრკოლებდა ორივეს და ალბათ, კარგიც არის, ასე რომ მოხდა. იმ პერიოდში ძალიან ვიყავი დატვირთული და ალბათ, ამან დამაძლევინა.