რატომ წაიყვანეს ირაკლი გედენიძე ჯიქიას სასაფლაოზე და რა უთხრა მას მიხეილ სააკაშვილმა ჯაშუშობაში დადანაშაულების შემდეგ #19
2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით, ოთხი ფოტოგრაფი დააკავეს: ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე. ამ საკითხს მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, რა მოხდა რეალურად, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. 6 წლის შემდეგ ყველაფერს ფარდა აეხადა... თბილისის სამოქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებულ „ფოტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებით მოწმეთა დაკითხვა დღემდე გრძელდება. უკვე დაიკითხა დაზარალებული ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, რომელმაც იმ ღამის შესახებ დეტალურად გვიამბო.
ირაკლი გედენიძე: დაახლოებით ღამის ორ საათზე კარებზე გავიგონეთ ბრახუნის ხმა. გვითხრეს, რომ მეზობლის ბინა გაიქურდა, პოლიციიდან იყვნენ და სჭირდებოდათ ჩვენი დახმარება. ჩემმა მეუღლემ გააღო კარი და შემოვარდა 10 კაცამდე. ყველაფერს იღებდნენ ვიდეოკამერით. დაიწყეს ჩხრეკა, საკმაოდ დიდხნიანი პროცედურა ჩაატარეს. დალუქეს ყველაფერი და გაგვიყვანეს გარეთ. პარალელურად, ორივეს აგვიხსნეს, რომ ჯაშუშობაში ვიყავით ბრალდებულები. იმდენად ვერ ვიჯერებდი ამ ამბავს, ფარული კამერა მეგონა. ჩაგვსვეს სხვადასხვა მანქანაში და წაგვიყვანეს. არ იცოდნენ, სად უნდა მივეყვანეთ. მე ჯიქიაზე, სასაფლაოზე ამიყვანეს, სადაც კიდევ ორი მანქანა დაგვხვდა. ერთ-ერთ საფლავზე დამაგდეს და დამიწყეს ცემა. ყველა იყო ნიღბით, დაახლოებით 8 კაცი იქნებოდა. 5 კაცი მცემდა, დანარჩენები გაფანტულები იყვნენ. ცემის დროს მთხოვდნენ, მეღიარებინა, ვისთან მქონდა კონტაქტი, ვის ვიცნობდი, ვის ვაძლევდი სახელმწიფო ინფორმაციას და ასე შემდეგ. არ ვიცი, გამანებეთ თავი-მეთქი, რომ ვამბობდი, ამაზე სულ გიჟდებოდნენ და უფრო მირტყამდნენ. ბოლოს, რომ არაფერს ვამბობდი, ერთმა ამოიღო იარაღი, გადატენა და დამადო თავზე. შუბლს გაგიხვრეტ, ყველაფერი თქვიო. არ გაგივარდეს, რას აკეთებ-მეთქი. მომკიდეს ხელი, ჩამაგდეს მანქანაში და წავედით „მოდულის” შენობაში. ავედით ბოლო სართულზე. დიდ ოთახში დაგვხვდა დევნოზაშვილი და მასთან ერთად 4 კაცი. იყო, როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკურიც. დევნოზაშვილმა გამომართვა ყველა სოციალური ქსელის პაროლი. ცემა-ტყეპის მერე გამომიყვანეს, დერეფანში სიარულის დროს კეფაზე ხელი დამადებინეს და დამაჩოქეს. ნახევარი წუთი ვიყავი დაჩოქილი, მერე გაიცინეს და ჩამიყვანეს ნახევრად სარდაფში. ჩაატარეს სამედიცინო შემოწმება და გადამიყვანეს კამერაში. აი, ამის შემდეგ, სისტემატურად გავყავდი დევნოზაშვილთან და მასთან მყოფ ოქროსჯაჭვიან პირთან სასაუბროდ. ჩემს დაკითხვას აგრძელებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ხორციელდებოდა ადვოკატის გარეშე. ერთხელ მოვითხოვე ადვოკატი და სასაცილოდაც არ ეყოთ. მეუბნებოდნენ, მეთქვა ვისთან მქონდა ურთიერთობა და ასე შემდეგ. მეც ვპასუხობდი, არ ვიცი, რაზე მეუბნებით, ხომ უნდა მითხრათ, ვისზე ამბობთ, ვის გულისხმობთ, რომ მეც დავიწყო ფიქრი-მეთქი. მეორე შეხვედრაზე კომპიუტერი გაჩხრეკილი ჰქონდათ, მასალები ნანახი. დამიდეს წინ ნათიას შიშველი ფოტო, რომელიც ჩემი გადაღებულია. გარდა ამისა, დაიწყეს შვილებზე მუქარა. პირდაპირ მითხრეს: შენი შვილი დოლიძეზე სწავლობს. ხომ იცი, როგორი რთული უბანია, ამდენი გადასასვლელი უნდა გაიაროს ბავშვმა, შეიძლება გზაში მანქანა დაეჯახოს. გარდა ამისა, გოგო გეზრდება. როგორი იქნება, როცა შენ და შენი ცოლი ციხეში იჯდებით. ამიტომ, ჯობია, აღიარო, რომ მალე გახვიდეო. მპირდებოდნენ 15-17 წელიწადს. თუ ვაღიარებდი, 3 წელიწადში გამომიშვებდნენ. მერე უცებ გამიყვანეს სხვა ოთახში და შემახვედრეს ადვოკატს, რომელიც საქმეში ჩახედული არ იყო და საერთოდ არ იცოდა, რა ხდებოდა. ვერც ვერავინ ვერაფერს ეტყოდა, რადგან ეს იყო დასჯა, შეთხზული ამბავი. ერთი ის გავიგე ადვოკატისგან, რომ ასევე, დაჭერილები იყვნენ: აბდალაძე და ქურციკიძე, იგივე ბრალდებით. კიდევ, აივაზოვი შაჰი, რომელიც იმ დილითვე გაუშვიათ. ამ დღის შემდეგ ადვოკატი აღარ მინახავს. მეორე დღეს, ბადრაგს რომ ვუთხარი, ადვოკატის ნახვა მინდა-მეთქი, შემიყვანა ოთახში, სადაც დევნოზაშვილი და ის ოქროსჯაჭვიანი კაცი იყო. მათ ისევ დამიდეს ნათიას ფოტო და დაიწყეს შანტაჟი. მითხრეს, ფოტოს გაავრცელებდნენ ინტერნეტის მეშვეობით და ბავშვებზეც ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ. უნდოდათ სასამართლომდე მეღიარებინა, სანაცვლოდ, ნათიას გაუშვებდნენ ბავშვებთან და ხელშეუხებლები იქნებოდნენ. 48 საათი დავყავი მათთან. ბოლო ვადა მქონდა მეორე დღის საღამომდე – უნდა მეთქვა პასუხი. ვიცოდი, რომ ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ, ამიტომ დავთანხმდი. დამიწერეს ტექსტი და დამაზეპირებინეს. კამერის წინ ვერ წავიკითხე. გაგიჟდა დევნოზაშვილი, ორ სიტყვას ვერ ამბობ ერთადო. მერე დამიწერეს მინიშნებები ფურცელზე, რომ თანმიმდევრობა დამეცვა და არ შემშლოდა. როგორც იქნა წავიკითხე. მეუღლე მეორე დღეს ბავშვებთან იყო სახლში. მე შემიფარდეს ორთვიანი წინაპატიმრობა, გადამიყვანეს გლდანში, მე-8 საპყრობილეში. იქ ცემა შეწყდა, თუმცა ახლა ახალი კუთხით უნდოდათ, წარემართათ პროცესი და ბრალი დაემძიმებინათ. ისევ შემოდიოდა დევნოზაშვილი და მეუბნებოდა მეღიარებინა, რომ, თითქოს ქურციკიძეს ვაძლევდი ომის დროს ჯარის გადაადგილების გეგმებს. ამაზე უარი ვუთხარი, რომ ჩამომკიდოთ, არ ვიტყვი. დაბომბვის პირველი კადრები ჩვენი იყო და ახლა იმას მეუბნებით, რომ ჯარის შესახებ სხვას ვაძლევდი ინფორმაციას-მეთქი?! არც ვიცოდი, რომელ სახელმწიფოზე მედავებოდნენ, კონკრეტულად, არ ეწერათ. ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა და ცუდად გავხდი – გულის შეტევა მქონდა. მერე აბდალაძემ და ქურციკიძემაც აღიარეს ვითომ ბრალი და მოკლედ რომ გითხრათ, საპროცესოთი გამოგვიშვეს.
– მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი იყავით. დაჭერამდე ეჭვობდით თუ არა რამეს? შემდეგ იყო თქვენი შეხვედრაც...
– არანაირი ეჭვი არ მქონდა. ვიდრე დამიჭერდნენ, 4 საათით ადრე გამოვედი სამსახურიდან. ეს შეხვედრა იყო შემთხვევითი. ტური იყო ტობავარჩხელზე, რომელშიც თანხა მქონდა გადახდილი. ვიყავი ნათიასთან და ჩემს მეგობართან ერთად. მეორე დღეს ჩვენს ჯგუფს შემოუერთდა პრეზიდენტი. მოვიდა მთელი თავისი დაცვით – ქვეყნისთვის საიმიჯო აქცია ყოფილა. პირველ დღეს არა და მეორე დღეს თვითონ დამიძახა. დაცვაც გაუშვა, ერთი-ერთზე მინდა საუბარიო. გამოხატა წუხილი მომხდარის გამო და მკითხრა, როგორ ვიყავი. ჯანმრთელობაც აღვიდგინე და ფსიქოლოგიურადაც კარგად ვარ-მეთქი. ჯანმრთელობა როგორ, რა მოხდაო. როგორც ჩანს, ცემა-ტყეპაზე არ ჰქონდა ინფორმაციაა. როცა გამოგვიშვეს და პირადი ნივთები წამოვიღეთ, დევნოზაშვილმა კატეგორიულად გაგვაფრთხილა, თუ სადმე მაგათ მოპყრობასა და მეთოდებზე ვისაუბრებდით, დაივიწყებდნენ ჩვენს შეთანხმებას და თავიდან დაიწყებდნენ ყველაფერს. იმ პერიოდში კიდევ, დევნოზაშვილი კი არა და სააკაშვილი ითვლიდა დღეებს, საპრეზიდენტო არჩევნები იყო მოახლოებული. მკითხა, რომელი თანამდებობის პირი იყო ინიციატორი ამ საქმისო. ეგ თქვენ უკეთესად გეცოდინებათ, მე არარსებული რაღაც მაღიარებინეს-მეთქი. ეს იყო სულ. მერე რომ დავცილდით, ჯგუფურ სურათს იღებდნენ. მიშამ დამიძახა: ირა, მოდი, ჩვენთან ერთად სურათი გადაიღეო. ჯგუფის ერთ წევრს ეჭირა საქართველოს დროშა. გამოვართვი და დავჯექი მათგან განაპირა ადგილზე. მერე უკვე, ტელეფონმა რომ დაიჭირა, ატყდა რეკვა. თურმე, ეს ფოტო „ფეისბუქზე“ „ქავერად“ დაუდია პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მიცნეს ჟურნალისტებმა და ატყდა ერთი ამბავი. პრესსამსახური რას ფიქრობდა, ამ ფოტოს რომ დებდა, ვერ გეტყვით.
– ფოტოგრაფებმა 26 მაისის კადრებს დაუკავშირეთ ეს ყოველივე. როგორ მიხვედით ამ დასკვნამდე?
– სიმართლე გითხრათ, ამას ვერც წარმოვიდგენდი. უფრო ვფიქრობდი, რომ კანცელარიაში ვიღაცას წინ გადავურბინე, რადგან იქ იყო კლანების ბრძოლა. მიშასთან სამსახურში თვითონ მიმიყვანეს. თავიდან მოთხოვნა იყო, მარტო მის გადაღებებზე წავსულიყავი, მერე მითხრეს, რომ შენ უნდა იყო აქ. მოსწონს შენი გადაღებული და გადაწყვეტილია, რჩებიო. მოკლედ, 5 წელი ვიმუშავე. ვაკეთებდი ჩემს საქმეს და ვიყავით წყნარად. ციხეში დევნოზაშვილთან რომ გავყავდი ბადრაგს, კარგი ტიპი იყო, წყნარი. გზაში ჩუმად მკითხა, მაინც რას გთხოვენო. არ ვიცი-მეთქი. 26 მაისს იყავიო. კი, გადავიღე-მეთქი. აუ, შენ რა გითხარიო. ამის მერე, ნივთების წამოსაღებად ვურეკავდი ირმა ნადირაშვილს. ჩემი აპარატურა, თუ რაც იყო, დროულად არ მომცეს, გამიწელეს. ბოლოს დავურეკე: ირმა, რა გახდა, ხომ არის ყველაფერი აღრიცხული, დამიბრუნეთ-მეთქი. მიპასუხა: აბა, რა გეგონა მიტინგებზე რომ დაეთრეოდიო და გათიშა. შეიძლება, ეგონა, რომ გათიშული ჰქონდა. ამ დროს კი მე გავიგონე. როცა თანამდებობის პირი და ადმინისტრაციის უფროსი გეუბნება ასეთ რაღაცას, ეს უკვე შურისძიებაა. მერე რომ დავფიქრდი, ქურციკიძესა და აბდალაძესაც მაგარი ფოტოები ჰქონდათ.
– დღეს რა ეტაპზეა ეს საქმე?
– 2013 წელს პროკურატურაში შევიტანეთ საჩივარი. აბდალაძეს გადასცეს დისკი, სადაც ციხეში მასზე და ქურციკიძეზე არის ზეწოლა. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ გამოძიება დაწყებულიყო. გამოძიება კარგა ხანს გაგრძელდა. ყველა ფაქტი გადამოწმდა, სადაც ბევრი მოწმე აღმოჩნდა, ჩვენს უდანაშაულობას რომ ამტკიცებდა. მოვედით აქამდე, დაკავებულია დევნოზაშვილი და პასუხისგებაშია მიცემული მე-8-ს უფროსი, ალეკო მუხაძე. პროცესი ისევ გრძელდება, ჯერ ბრალი არ არის წარდგენილი.