როგორ ცდილობდა გია როინიშვილი, ოჯახის დანგრევა შვილებზე არ ასახულიყო და რას პასუხობს წლების შემდეგ მათ, ვინც ის მოღალატედ შერაცხა #17
მსახიობ გია როინიშვილის შესახებ განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა ჯერ კიდევ ძალიან ადრე, წლების წინ დაიწყო, როდესაც მისი და მომღერალ, თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახი დაინგრა. შემდეგ რეჟისორ ქეთი დოლიძესთან უთანხმოებამ მსახიობი, 30-წლიანი სასცენო გამოცდილების მიუხედავად, თუმანიშვილის თეატრის მიღმა დატოვა, რაზეც დღემდე გრძელდება სასამართლო პროცესი. ახლა აქტიური დღის რეჟიმით ცხოვრობს და წარმატებული შვილებითა და კარგი შვილიშვილებით ტკბება. წლების შემდეგ კი, მის ირგვლივ გაჩენილ ყველა შეკითხვას თუ ბრალდებას, გულწრფელად პასუხობს.
გია როინიშვილი: მთელი ცხოვრება ბეწვის ხიდზე გავლა მიწევდა და ბედნიერი ვარ იმით, თუ ჩემი განვლილი გზა წარმატებულია. ყველაფერი, რაც დღეს მაქვს, დიდი შრომის და ფიქრის შედეგია. როცა სამსახიობო კარიერას ვიწყებდი, პედაგოგებში ბედმა გამიღიმა. ვამბობ, ჩემს პროფესიაში დედაც მყავდა და მამაც-მეთქი. ჩემმა პედაგოგებმა – ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა. ცხოვრებაც ზუსტად ეგეთია, საიდანაც ნაპირზე ან გამოხვალ, ან ვერა. ბევრი ისეთი როლი მაქვს ნათამაშები, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო და საუკეთესოდ მახსენდება. წლების განმავლობაში თუმანიშვილის თეატრში ყოფნა ჩემთვის ცოტა არ არის. დღეს ამ თეატრთან შეხება არ მაქვს. ისევ სასამართლოშია ჩემი საქმე. როცა ჩემმა გუნდმა არჩევნები წააგო და უკვე პარლამენტში აღარ ვიყავი, დაიწყო ჩემ მიმართ ანგარიშსწორება და დაპირისპირება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ იმ რეჟიმით, როგორითაც მე ვემსახურებოდი თეატრს, ახლაც არიან იქ ადამიანები. ეს რომ შერჩევითი სამართალი იყო და მხოლოდ ჩემზე განხორციელდა, ეს ფაქტია. ჩემსკენ განსაკუთრებული „მანქანა“ იყო გამოყენებული და ზუსტად ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება ქეთი დოლიძის მხრიდან.
– წარმატებულ ხელოვანს ამდენი ამბის შემდეგ, თავის დროზე პოლიტიკაში წასვლა სანანებელი ხომ არ გაგიხდათ?
– არაფერს ვნანობ. მე ვიდექი იქ, სადაც ჩემი ფიქრით უნდა ვყოფილიყავი. ხელოვნება გამოხატვს ადამიანის შინაგან გრძნობებს, აზრებს, გემოვნებას და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე მექანიზმია პოლიტიკაშიც. ეს ძალიან დიდი ტრიბუნაა, სადაც უნდა გამოჩნდეს, რას და როგორ აკეთებ საკუთარი ქვეყნისთვის. ხელოვნებაშიც და პოლიტიკაშიც ყოველთვის ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი და ვემსახურები. მე ჩემს საქმეში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.
– „ფეისბუქზე“ გეწერათ, ჩემი შვილების სცენაზე გამოსვლის დროს ძალიან ვნერვიულობო. როგორც ვიცი, არ იყავით მათი კარიერული არჩევნის მომხრე. რატომ?
– დიახ, ასეა. კოკომ მსახიობის პროფესია აირჩია, შემდეგ სარეჟისოროც დაამთავრა. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში წამყვან როლებს თამაშობს. ბევრი რამ ისწავლა, ბევრი რამ გაიარა და სერიოზული გამოცდილებაც მიიღო. ძალიან ბეჯითია, ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. კოკოს ის ფერები აქვს, რაც მე არ მაქვს. ის თავის ინდივიდუალურ სამყაროს აკეთებს როგორც შემოქმედი. მარიამმაც ძალიან რთული გზა აირჩია. საოპერო მომღერალია და ურთულესი პროფესია აქვს. პირადად მე, კოკოსა და მარიამის გადაწყვეტილებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი, რადგან მათი გზა ძალიან რთულია – მოითხოვს მოთმინებას, ძალიან დიდ შრომასა და ფსიქოლოგიურ მომზადებას.
– თქვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, როგორი მამა იყავით, შვილებისთვის გარდამტეხი ეტაპების დროს თუ ახერხებდით მათთან ყოფნას?
– ჩემი შვილები არცერთი წამით არ დამიტოვებია, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში არ გვქონდა ნორმალური ურთიერთობა. ისინი ცალკე ცხოვრობდნენ – ჩემთანაც იყვნენ და მათ დედასთანაც. კოკო და მარიამი სხვანაირად გაიზარდნენ და არ მინდოდა, მათზე ეს ცუდად ასახულიყო. ამიტომაც, ვცდილობდი, არაფერი დამეკლო მათთვის. არ ვიცი, როგორი მამა ვარ. შეიძლება, მკაცრიც ვარ. მე უფრო ხასიათის კაცი ვარ. შვილებთან ურთიერთობაში ყოველთვის ფრთხილი ვიყავი. კოკო ბიჭია და ჰქონდა თავისი გარდამტეხი ეტაპები ცხოვრებაში, რაც ორივემ ერთად დავძლიეთ. ბუნებრივია, ყველაფერს მამას ვერ ეტყვი, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის. კოკოს რომ შევხედავ, თქმა არ სჭირდება, ისედაც ვიცი, რაზე ფიქრობს, რა მოხდა, როგორ არის და ასე შემდეგ. მეამაყება, ჩემი შვილები რომ ასეთები არიან, ზურგი გამაგრებული მაქვს. ისინი ძალიან წესიერები და ბევრ საკითხში პროფესიულად მომზადებულები არიან. მგონია, რომ მათ არ უნდა შეეშალოთ ბევრი რამე.
– ამბობენ, მამებს გოგონებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ალბათ, მარიამის ოჯახის დანგრევა რთულად გადასალახი იყო თქვენთვის?
– როდესაც მარიამის სიყვარულის ამბავი გავიგე, ციდან ვარსკვლავებს ვწყვეტდი-მეთქი, რომ გითხრათ, არ იქნება სიმართლე. დავიბარე და მოვუყევი ყველაფერი. ვუთხარი, ცოდო ხარ, მაინცდამაინც ცხოვრებაში ცხვირი უნდა წაიმტვრიო, რომ გეტკინოს-მეთქი. მიპასუხა, რა ვქნა, მამა, ჩემი ცხვირიაო. სამწუხაროდ, რაც ვუთხარი, ყველაფერი ახდა. ძალიან ძნელია მშობლისთვის, როცა უყურებ, შვილი, როგორც ბატკანი, ისე ეწირება ვიღაცეების ინტერესს. მარიამმა თუ რამე შეცდომა დაუშვა, ეს მისი კეთილშობილებიდან გამომდინარე მოხდა. ჩემთვის ეს ამბავი ძალიან რთული იყო. მე მათ ურთიერთობაში არასდროს მიცდია ჩარევა.
– საკუთარი შვილიშვილის მამასთან თუ ინარჩუნებთ ურთიერთობას?
– იშვიათად მაქვს მასთან შეხება. თუმცა, ყოველთვის მივესალმები მასთან ურთიერთობას. უპირველესად, ჩემი შვილიშვილის მამაა და მეორეც, ცოტა ხანი, მაგრამ მაინც, შვილად მყავდა მიღებული. არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ველოდები დროს, როცა ის, როგორც უძღები შვილი, ისე მოვა ჩემთან.
– კოკო თქვენთან ცხოვრობს. რძალთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ბედნიერი ვარ იმით, რომ კოკოს ძალიან კარგი ოჯახი აქვს. ისინი მეგობრები, კოლეგები და ცოლ-ქმარი არიან. ანი ჩემი მესამე შვილია, ვმეგობრობთ. მან, ისევე როგორც ჩემმა შვილებმა, არ იცის ზღვარს გადმოსვლა ჩემთან ურთიერთობაში.
– ალბათ, ყველაზე დამთმობი შვილიშვილებთან ხართ...
– შვილიშვილები, ეს გვირგვიანია ცხოვრებაში. შვილიშვილების მიმართ ძალიან დამთმობი ვარ. მეუბნებიან, რა დროს შენი ბაბუობაა, ახალგაზრდა ხარო (იცინის). მე კი ძალიან მიხარია, ბავშვები ბაბუას რომ მეძახიან. ეს კომპლექსი უფრო ქალებს აქვთ.
– „ჩემის ცოლის დაქალებში“ ექიმი თამაზის როლი მოირგეთ, რომელიც ცოლს ღალატობს. როგორ აფასებთ თქვენს პერსონაჟს?
– თამაზი ჩვეულებრივი, თბილისური სოციუმის წევრია. არასტაბილური კაცია. ცუდად დამთავრდა ამ ეტაპზე მისი და მაკას ურთიერთობა. ეს ტელესერიალი საზოგადოების სარკეა.
– თამაზის როლში თქვენს გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ერთი ნაწილი აღნიშნავდა, რომ ცხოვრებაშიც მასავით მოღალატე ხართ. ვიცი, არ გიყვართ ამ თემაზე პასუხის გაცემა, მაგრამ წლების განმავლობაში მოღალატედ მიგიჩნევდათ ბევრი. როგორ რეაგირებთ ამ ფაქტზე?
– ახლა უკვე ვპასუხობ მათ. ჩემი პერსონაჟი არაფრით არ ჰგავს გია როინიშვილს. ჩვენ ორნი აბსოლუტურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. თამაზისგან განსხვავებით, მე არავისთვის მიღალატია. მოღალატე არ ვარ. დიდი ხანია, გაცილებული ვარ. არ არის კარგი, მაგრამ ცხოვრებაში ხდება, რაღაც ვერ აეწყობა ორ ადამიანს შორის და ცილდებიან. ჩემი ოჯახის დანგრევა რატომ გაუკვირდა ხალხს, არ ვიცი. ალბათ, გული ეტკინათ, თუმცა ისეთ ჭორებსაც ავრცელებდნენ, სადაც მათი კეთილმოსურნეობა არ იკითხებოდა. იმ ბრალდების მოსმენა, რომ თითქოს მოღალატე ვარ, თავის დროზე ჩემთვის რთული იყო. არავის ხარჯზე და არავის სანაცვლოდ არავინ დამიჩაგრავს – ყველას თავისი ადგილი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში. მოვლენები ერთმანეთში აირია და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებდნენ.
– შესაძლებელია, ახლო მომავალში კვლავ გნახოთ პოლიტიკაში?
– აქტიურად პოლიტიკაში არ ვჩანვარ, თუმცა ვარ. არ არის გამორიცხული. მთავარია, ჩემი ქვეყანა რას და როგორ მოითხოვს.