ორგზის ბარაქალა!
„ჭრელი პეპლის“ დილემის ამომხსნელი"
მართალია, თვალითაც არ გვინახავს (თუმცა, სხვა, აბა, რით უნდა გვენახა) „რაოსა“ და ამ ჩვენი ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაფორმებული მემორანდუმი, ჩვენი ჯეელი, მაგრამ თვალსა ხელს შუა შეჭაღარავებული მინისტრი ხეთაგური კი გვაჯერებდა, „კომერციული საიდუმლოაო“, მაგრამ, მაინც გავარკვიეთ, რომ ეს ორმხრივი ხელშეკრულება (რფ-სა და საქართველოს შორის) აფხაზებმა დაბლოკეს (აბა, „საიდუმლო“ ნეტავ რა იყო, თუ ხელი არც კი მოეწერათ?!). ეს ცხელ-ცხელი (შესაძლოა, რეალურად უკვე გაციებულიც) ამბავი თვით მინისტრმა გვამცნო. თანაც დაამატა: „აფხაზური მხარე დღეის მდგომარეობით ენგურჰესიდან 1,4 მილიარდ კილოვატ-საათის მოცულობის ელენერგიას უფასოდ იღებს და ყიდის კიდეც (ბარაქალა მათ მოხერხებულობას!). ამდენად, რუსულ-ქართული ხელშეკრულების გაფორმება აფხაზური მხარის ინტერესებში აღარ შედის (ორგზის ბარაქალა!).“ სხვათა შორის, ჩვენმა მინისტრმა კიდეც განგვიმარტა (ამაში კი ხელი ჭაღარასაც ურევია), თუ რატომ არის და არც არის ხელსაყრელი ჩვენთვის რუსული სახელმწიფო კომპანიისთვის ერთობლივ მართვაში ენგურჰესის გადაცემა (თუმცა მე კვლავ მაწვალებს კითხვა, როგორ შეიძლება, იყოს, როდესაც, სხვა რომ არა, რფ-ის სახელმწიფო კომპანია „რაოს“ კანონით აქვს მინიჭებული ენერგოობიექტების საკუთარი შეიარაღებული ფორმირებით დაცვა).
რაც შეეხება განმარტებას, ხეთაგური ბრძანებს (მოვიხმობ ციტატას): „თუკი ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება, საქართველოს მთავრობა ჰიდროელექტროსადგურზე და სოფელ საბერიოზე სტატუს-კვოს ინარჩუნებს. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კი, აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ ენგურჰესი და სახელმწიფო ბიუჯეტი წლიურად 24 მილიონი ლარის დამატებით შემოსავალს მიიღებს. ამასთან, გვექნება გარანტია იმისა (ნეტავ, ვისგან ექნება?!), რომ რუსები და აფხაზები ჰესის მართვაში არ ჩაერევიან და იგი ჩვენს მენეჯმენტში დარჩება.“
ერთი სიტყვით, თუ მინისტრი ხეთაგური ისეთსავე სიმართლეს ამბობს, როგორც მაშინ გვითხრა („რაოსთან“ გაფორმებულ შეთანხმებას ვერ გაჩვენებთ, კომერციული საიდუმლოაო), ეჭვია, რომ, ძეხორციელმა არ იცის, ვინ, რატომ და რა პირობებით მართავს ენგურჰესს (და, სავარაუდოდ, ისე შემოვჭაღარავდებით, რომ ვერც გავიგებთ). ასეა თუ ისე, თუ ენგურჰესისა ვერაფერი გავიგეთ, ის მაინც ვიცით, რომ ენერგეტიკის მინისტრად „ჭრელი პეპლის“ დილემის ამომხსნელი გვყოლია.