მიირთვით და გახდით!
ამ დიეტის პრინციპია, 3 დღის განმავლობაში, კვებასა და კვებას შორის, ზუსტად დაიცვათ საათობრივი შუალედი, რომელიც უნდა იყოს ან ყოველთვის 18 საათი, ან – 24. ანუ, დღის განმავლობაში უნდა იკვებოთ ერთხელ.
ნებადართულია 1 ფინჯანი უშაქრო ყავა – დილით და სითხე – დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე. დიეტის დაცვა რომ გაგიადვილდეთ, სადილობისთვის უნდა შეარჩიოთ ოპტიმალური დრო – დაახლოებით დღის 16 საათი. რაც შეეხება პურს, სადილს შეატანეთ მხოლოდ „მხნეობის“ 2-3 ნაჭერი.
პირველი დღის სადილი – სტაფილოს პუდინგი
დააქუცმაცეთ 100 გრამი ქერქშემოცლილი პური „მხნეობა“ (2-3 დღის), დაასხით ნახევარ ჭიქა უცხიმო რძე, ჩაახეხეთ 2 ცალი მოხარშული სტაფილო (საშუალო ზომის), ჩააჭერით ქლიავის, ვაშლისა და გარგარის ჩირი (5-5 ცალი). ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი და 1 სადილის კოვზი შაქარი. ჩაასხით მასაში, კარგად ამოურიეთ, ჩაასხით ზეთწასმულ თუნუქის ფორმაში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე ზედაპირის გავარდისფერებამდე.
მეორე დღის სადილი – ავოკადოს სალათა
1 ცალი მოზრდილი ავოკადო გაფცქვენით, გამოაცალეთ კურკა და დაჭერით თხელ ფირფიტებად. 2 ცალი საშუალო ზომის პომიდორი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, მსხვილად დაჭერით 1 კონა სალათის ფოთლები, კუბიკებად – ქათმის ფილე ან საქონლის მჭლე ხორცი (150 გრამი), მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი და კარგად ამოურიეთ.
მესამე დღის სადილი – კრევეტები ბოსტნეულით
200 გრამი კრევეტები მოხარშეთ, გრძლად დაჭერით სალათის 5 ფოთოლი, 2 ცალი მოგრძო ზომის კიტრი (გათლილი) და ნახევარი ავოკადო. ეს ყველფერი ფენა-ფენა დააწყვეთ თეფშზე (ყველაზე ქვემოთ – სალათის ფოთლები), მორთეთ გრძლად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკითა და მრგვალად დაჭრილი წვრილი პომიდვრის ნაჭრებით. შეაზავეთ მარილითა და პილპილით, მოასხით ცოტა მაიონეზი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუში. კრევეტები შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ კრაბით ან სხვა ზღვის პროდუქტებით.
ეს დიეტა შეგიძლიათ, იმეოროთ უსასრულოდ, 2-2 დღის შუალედით. სადილი კი უნდა შედგებოდეს სხვადასხვა სახის პროდუქტებისგან, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს. ერთ-ერთ ვარიანტად ხილის ასორტის სალათაც მოამზადეთ.