სილამაზე ცოდნას მოითხოვს
ანუ თქვენი ბიუთი-ლექსიკონი
დღეს გთავაზობთ იმ უკვე მოდური ტერმინების განმარტებას, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ქალებისთვის, რათა სალონებში მისვლისას ზუსტად იცოდნენ, რისი გაკეთება მოსთხოვონ სტილისტებსა და კოსმეტოლოგებს.
1) ბიოდახვევა – მის შემადგენლობაში არ შედის ამიაკი და წყალბადის პეროქსიდი, რომლებიც წვავს თმას. მისი მთავარი კომპონენტია ცისტეამინ ქლორჰიდრატი – თმის ცისტინის სტრუქტურული ცილების ანალოგი, რომელიც უზრუნველყოფს თმის სიმაგრესა და ბზინვარებას. ამიტომ, ბიოდახვევა მხოლოდ გააუმჯობესებს მის ხარისხს.
2) აკვაპილინგი – ეს არის ნაოჭებთან გამოთხოვების საუკეთესო საშუალება. პილინგის წყალხსნარისა და ვიტამინების ნაზავს უსვამენ სახეზე სპეციალური აპარატით, რომელიც აფრქვევს მას წვრილი ჭავლით ძლიერი წნევის ქვეშ. ის აცლის კანს ზედა ფენას და ქვედა შრეებს აძლევს განახლების სტიმულს. ჰიდრომასაჟი ამკვრივებს კანს, ანტიასაკობრივი დანამატები კი (ვიტამინები და მჟავები) ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას.
3) შუგარინგი – ასე ჰქვია ეპილაციას შაქრით, რომელიც ადვილად შეგიძლიათ, გაიკეთოთ თვითონ: აურიეთ ერთმანეთში 10 სადილის კოვზი შაქარი, ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სადილის კოვზი წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ მანამ, სანამ ეს მასა თხევადი კარამელის სისქეს მიიღებს (ფერიც უნდა შეეცვალოს). ოდნავ შეაგრილეთ, ჩაიცვით პოლიეთილენის ხელთათმანები და წაისვით ფეხებზე (თმიან ადგილებზე). რომ გაცივდება, მკვეთრი მოძრაობით მოიძრეთ ბეწვების ზრდის მიმართულების საწინააღმდეგოდ. უსიამოვნო შეგრძნებები რომ აიცილოთ, ეპილაციის წინ ფეხები დაიმასაჟეთ ყინულის კუბიკებით.
შუგარინგის ეფექტი 20 დღის განმავლობაში გრძელდება.
4) „ცხელი შეჭრა“ – ასე უწოდებენ გერმანული ფირმა „იაგუარის“ მიერ 2003 წელს შემოთავაზებულ თმის შეჭრის ახალ მეთოდს, რომელიც გაცხელებული მაკრატლით კეთდება. შეჭრისას ცხელი მაკრატელი ახდენს თმის ბოლოების ერთგვარ დარჩილვას („პაიკას“), რაც მაქსიმალურად ზღუდავს ღერებიდან ტენის, ვიტამინების, ცილებისა და ამინომჟავების დაკარგვას; ასევე, უზრუნველყოფს თმის სიმკვრივესა და ბზინვარებას. შედეგი შეიმჩნევა პირველივე პროცედურის შემდეგ, განსაკუთრებით იმ თმაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სასწრაფოდ შველას საჭიროებდა.
სულ რეკომენდებულია 4-5 პროცედურა და თქვენი თმა მთლიანად გამოჯანმრთელდება.