კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რა არის უჯრედოვანი კოსმეტიკა?
პასუხი: უჯრედოვანი კოსმეტიკა „ასწავლის“ ასაკოვან უჯრედებს, როგორ უნდა იმუშაონ ახალგაზრდულად. შედეგად, ფერხდება დაბერება და იწყება აქტიური გაახალგაზრდავება. ეს ყველაფერი კი ხდება რიბონუკლეინის მჟავის წყალობით, რომელშიც „ჩაწერილია“ ახალგაზრდა უჯრედების ინფორმაცია.
კითხვა: არსებობს თუ არა კრემი ტუჩების გარშემო ნაოჭების გასასწორებლად?
პასუხი: ასეთი კრემები აქვს პროფესიონალ ბრენდებს, მაგრამ, თუ მათზე ხელი არ მიგიწვდებათ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თვალების გელი, რადგან კანი თვალებისა და ტუჩების გარშემო ერთნაირად ნაზია. უმჯობესია, ტუჩების გარშემო წაისვათ სქელი კონსისტენციის კრემები, რომლებსაც დამატენიანებელი ეფექტიც აქვთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა სახლის პირობებში დავამზადოთ ოფლის წამალი?
პასუხი: ეს შესაძლებელია. 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი მუხის ქერქი, წამოადუღეთ და გადმოდგით, დაახურეთ თავსახური და აცადეთ, გაგრილდეს. გადაწურეთ 2-3 ფენა დოლბანდში და მიღებულ ნაყენს ჩააწურეთ 1 ცალი ლიმონი. დაასველეთ ამ სითხეში ბამბის ტამპონი და კარგად გაიწმინდეთ ის ადგილები, რომლებიც გიოფლიანდებათ. კანი უნდა იყოს სუფთა.
მუხის ქერქი და ლიმონი ამცირებს ოფლის გამომყოფი ჯირკვლების სეკრეციას და აძლევს კანს სიგრილისა და სისუფთავის შეგრძნებას.
კითხვა: გავიგე, რომ სახის კანისთვის ძალიან სასარგებლოა კივი. რა თვისებების გამოა ის სასიკეთო და, კერძოდ, რა ცვლილებებს იწვევს ის კანში?
პასუხი: უნიკალური სასარგებლო თვისებების გამო ამ ეგზოტიკურ ხილს „ვიტამინების ბომბი“ უწოდეს. 1 ცალი კივი ორგანიზმს ამარაგებს C ვიტამინის სადღეღამისო ნორმით, რისი წყალობითაც ის აძლიერებს იმუნურ სისტემასა და სისხლძარღვებს, ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ათასგვარი ინფექციების მიმართ. ამ ხილში დიდი რაოდენობით შედის მაგნიუმი, კალიუმი, უჯრედისები, A, E, B1, B2, და PP ვიტამინები. აქვს ანტისიმსივნური თვისება და არის კარგი ანტიოქსიდანტი. გარდა ამისა, კივი შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაა. მისგან მომზადებული ნიღბები კარგია როგორც მშრალი, ისე ცხიმიანი კანისთვის: არის კარგი მატონიზებელი, ჭიმავს და ატენიანებს კანს.
კითხვა: არასდროს ეს არ მომსვლია, მაგრამ, დაახლოებით ორი კვირის წინ დამისკდა ქუსლები. არადა, ძალიან ვუვლი. რას მირჩევთ?
პასუხი: სასწრაფოდ მიმართეთ დერმატოლოგს. სახლში კი, შეგიძლიათ, თვითონ დაამზადოთ ნახეთქების სამკურნალო კრემი, რომელიც მზადდება ვაზელინისა და თაფლის ფუძეზე.
ყოველ საღამოს გაიკეთეთ საპნიანი და სოდიანი საშუალოდ ცხელი წყლის აბაზანები (კარგია ზღვის მარილიც) და შემშრალებისთანავე წაისვით დამატენიანებელი კრემი სპეციალურად ფეხებისთვის. კრემის წასმამდე ფრთხილად გაიხეხეთ ქუსლები პემზის ქვით ან ამ დანიშნულების მქონე სკრაბით.