ფარმაცევტული საწარმო GMP-ის კიდევ ერთი გამარჯვება
„მერკური 2011-ის” ეროვნულ ბიზნესდაჯილდოებაზე GMP-მ, ორგანიზატორის HSBC ბანკის განსაკუთრებული ჯილდო მოიპოვა როგორც „ყველაზე წარმატებული საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელმა”
11 მაისს, პირველად საქართველოში ახალი ტექნოლოგიების სახლში, ჩატარდა ეროვნული ბიზნესდაჯილდოება – „მერკური 2011”. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ღონისძიების გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახლდათ HSBC „ბანკი საქართველო“.
დაჯილდოებაზე წარმოდგენილნი იყვნენ ბიზნესკომპანიები, რომლებმაც თავად მოისურვეს კონკურსში მონაწილეობა, დარეგისტრირდნენ და შეავსეს სპეციალური აპლიკაციები. დაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი 250-მა კომპანიამ გამოთქვა, რომელთაგან სპეციალურმა ექსპერტთა ჯგუფმა 45 საუკეთესო კომპანია შეარჩია. საუკეთესოთა შორის საუკეთესოების გამოსავლენად კომპანიები 15 ნომინაციაში იბრძოდნენ. დაჯილდოების ჟიური, შედგებოდა 7 ექსპერტისგან შემდგარი ოთხი ჯგუფისგან. ორგანიზატორების განცხადებით შეფასების მთავარი კრიტერიუმები იყო კომპანიის ფინანსური წარმატება, ინოვაციური ხედვა და მისი წვლილი დარგის განვითარებაში. ბიზნესმენებს აჯილდოებდნენ მინისტრები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და თავად პრეზიდენტი.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მიულოცა გამარჯვებულ კომპანიებს და განაცხადა, რომ უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ეკონომიკა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მთელ ევროპაში. მისი თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ერთი მხრივ ევროპული სტილის პოლიტიკური სისტემა, დემოკრატია, პოლიტიკური სტაბილურობა და, მეორე მხრივ – ლიბერალური ეკონომიკური მოდელი, ისეთივე, როგორიც არის სინგაპურში.
ვერა ქობალია (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი): „ეს დაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანია და ქართული ბიზნესის წახალისებას, პოპულარიზაციასა და ახალი ბიზნესების წარმოჩენას უწყობს ხელს. დაჯილდოებით გვინდა, ვაჩვენოთ, რომ საქართველოში გვაქვს წარმატებული ბიზნესები, ახალი ბიზნესები და გვყავს წარმატებული მეწარმეები სხვადასხვა ბიზნესსექტორებში“.
დაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა „პე ეს პე ჯგუფის“ ფარმაცევტული საწარმო GMP, რომელმაც ღონისძიების ორგანიზატორის – HSBC ბანკის განსაკუთრებული ჯილდო მოიპოვა.
GMP დაარსდა 1999 წელს, „პე ეს პე ჯგუფის“ ინიციატივით. PSP-ში ადგილობრივი წარმოების შექმნის იდეა 1998 წელს დაიბადა და შედეგად დაარსდა საერთაშორისო სტანდარტის პირველი ქართული ფარმაცევტული საწარმო GM Pharmaceuticals (GMP), რომლის მისია დაარსების დღიდანვე იყო, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო თანამედროვე სამკურნალო საშუალებები. 2006 წლიდან „ჯი ემ პი“ ფლობს GMP-ის (Good Manufacturing Practice) სერტიფიკატს, რაც 6-წლიანი მუშაობის, უამრავი აუდიტორის დადებითი დასკვნების საფუძველზე მიენიჭა ხანგრძლივი და დაუღალავი შრომის შედეგად.
„ჯი ემ პი“ იყო და დღემდე რჩება ერთადერთ ფარმაცევტულ საწარმოდ საქართველოში, რომელშიც მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სრული საწარმოო ციკლი (დაწყებული ნედლეულის მოძიებიდან, დამთავრებული საბოლოო პროდუქტის წამლის წარმოებით) და რომელიც ფლობს GMP-ის სერტიფიკატს.
დღეს „ჯი ემ პი“ 138 დასახელების მედიკამენტს აწარმოებს და საწარმოს წილი ადგილობრივ ფარმაცევტულ წარმოებაში 39 პროცენტს შეადგენს. მხოლოდ 2010 წლის მონაცემებით, „ჯი ემ პის“ მიერ წარმოებული წამლების 4,269,883 კოლოფი გაიყიდა, რაც საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ „ჯი ემ პიმ“ ქართველი მომხმარებლის ნდობა და აღიარება მოიპოვა და რომ „ჯი ემ პის“ მედიკამენტებით მილიონობით პაციენტი მკურნალობს.
გიორგი ანთაძე (ფარმაცევტული საწარმო GMP-ის გენერალური დირექტორი): „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტარდება პირველი ეროვნული ბიზნესდაჯილდოება, რაც, პირველ ყოვლისა, ქართული ბიზნესის განვითარებას და უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას შეუწყობს ხელს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ფარმაცევტული საწარმო ფავორიტ კომპანიებს შორის მოხვდა და ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და გენერალურმა სპონსორმა, HSBC ბანკმა, GMP-ს მიანიჭა განსაკუთრებული პრიზი, როგორც ყველაზე წარმატებული საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელს. ეს ჯილდო გვაძლევს მეტ მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“.
გიორგი ანთაძის თქმით, კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის საამაყოა ის, რომ პრეპარატების ეფექტურობის 11-წლიანი გამოცდილების შედეგად, GMP-ის მიერ წარმოებული მედიკამენტები ქართველი ექიმებისა და მოსახლეობის მიერ ფართოდ გამოიყენება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული ფარმაკოლოგიური პრეპარატების იმიჯი მსოფლიო ბაზარზე დღითი დღე იზრდება – ქართული წამალი მაღალ ხარისხთან ასოცირდება. დღეს GMP-ს ენდობიან მომხმარებლები და ექიმები არა მარტო საქართველოში, არამედ, უკვე უცხოეთშიც. კომპანია ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში, მათ შორის არის: უკრაინა, აზებაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ლიბია, სიერა ლეონე და ასე შემდეგ. ასევე, დაწყებულია რეგისტრაციის პროცესი ევროპის ქვეყნებში. როგორც GMP-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, კომპანიის შემოსავლების 40 პროცენტი ექსპორტზე მოდის და უახლოეს ორ წელიწადში დაგეგმილია ამ ციფრის 60-70 პროცენტამდე გაზრდა. GMP-ის არსებობისა და განვითარების ისტორიაში მეორე ათწლეული დაიწყო, ის ძირითადად ექსპორტზეა მიმართული და გეგმავს, ადგილობრივი კომპანიიდან, ის გლობალურ კომპანიად გადააქციოს, რაც ქართულ ბრენდს საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიტანს და დაუმკვიდრებს ხარისხიანი და ეფექტური პროდუქციის სახელს.
დაჯილდოებაზე GMP-ს გენერალურ დირექტორს განსაკუთრებული პრიზი, ჯილდოს დაწესების ინიციატორი კომპანიის წარმომადგენელმა, „HSBC ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა გაი ლუისმა თავად გადასცა. როგორც მან განაცხადა „მერკური 2011“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქართული ბიზნესისთვის. გვჯერა, რომ ახლა არის სწორედ ის დრო, რომ ვიზეიმოთ და დავაჯილდოვოთ ქართული კომპანიების წარმატება და გამძლეობა, გავუზიაროთ ეს პოტენციურ მომხმარებელს და სხვა ბიზნესებს ევროპის მასშტაბით.” გაი ლუისის განცხადებით, HSBC-მ საკუთარი განსაკუთრებული ჯილდოს დაწესება ქართული ფარმაცევტული საწარმო GMP-სთვის გადაწყვიტა, ვინაიდან, მათი აზრით, GMP არის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ქართული ფარმაცევტული საწარმო, სადაც წარმოებული მედიკამენტები გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და წარმატებით ინერგება საექსპორტო ბაზრებზე. GMP ბევრი ქართული კომპანიისთვის უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შექმნა და განავითარო ეროვნული წარმოება და, უფრო მეტიც, მოიპოვო აღიარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.