რატომ მიიღო ძმები ამილახვრები შაჰმა დიდი პატივით და როგორ მიითვისა აღა-ვაჭარმა ნიკოლოზ ამილახვრის დიდძალი ქონება
მეჩვიდმეტე საუკუნეში ქართლ-კახეთის მეფესა და ამილახვრებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამ გარემოებამ დიდი დაღი დაასვა დიმიტრი ამილახვრის ოჯახს: მისი შვილებიდან ზოგი რუსეთში გაიქცა, ზოგმაც ირანს შეაფარა თავი. ერთ-ერთმა მათგანმა, ნიკოლოზ ამილახვარმა, ირანში დიდძალი ქონება დააგროვა. ამ ქონების დიდი ნაწილი მან ვაჭარ აღა-ტერ-შმოვანს გამოატანა საქართველოში. თუ როგორ მიითვისა ამ უკანასკნელმა ამილახვრის ქონება, ამას ჩვენს ინტერვიუში ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს:
– მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში ქართლის უძლიერესი ფეოდალები, გივი და დიმიტრი ამილახვრები, ერეკლე მეორესა და მამამისს – თეიმურაზს დაუპირისპირდნენ.
– რა მიზეზით?
– ისინი მას უზურპატორად მიიჩნევდნენ. თავის მხრივ, ერეკლეც საბაბს ეძებდა მათ დასამცრობად და ეს საბაბი მას 1765 წელს მიეცა. ამ წელს გამომჟღავნდა შეთქმულება, რომელსაც მეთაურობდა ვახტანგ მეექვსის ძე, პაატა ბატონიშვილი. ამ დროს გივი ამილახვარი გარდაცვლილი იყო. მეფემ შეთქმულებაში მონაწილეობა დიმიტრისაც დააბრალა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: დიმიტრი სოფელ ჭალიდან (დღევანდელი კასპის რაიონი) ახალი ჩამოსული იყო თბილისში, როცა ხმა დაირხა – თბილისის გარეუბანს ლეკები დაეცნენო. სხვებთან ერთად, მათ წინააღმდეგ დიმიტრიც აღიჭურვა, მაგრამ, ქალაქის ვიწრო ქუჩებში ცხენი წაფორხილდა, დიმიტრი ცხენიდან გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. სწორედ ამ დროს გეგმავდნენ შეთქმულები ერეკლეს წინააღმდეგ გამოსვლას. გაღიზიანებულ დიმიტრი ამილახვარს ვიღაცისთვის უთქვამს, თუ გამოვკეთდი, ერეკლეს სამაგიეროს მივუზღავ შეურაცხყოფისთვისო.
– რა შეურაცხყოფას გულისხმობდა?
– დიმიტრი გულისხმობდა თავისი დისა და ერეკლეს ქორწინების დარღვევას. ამილახვრის ეს სიტყვები ერეკლე მეორის ყურამდე მისულა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა დიმიტრი შეთქმულთა ერთ-ერთ მეთაურად შეერაცხათ და აქედან დაიწყო მისი ოჯახის აწიოკება. დიმიტრი ამილახვრის მრავალრიცხოვანი შვილები ერთდროულად მიმოიფანტნენ. მათ შორის ყველაზე მძიმე ხვედრი შუათანას, ალექსანდრეს ერგო, რომელიც მეფეს არ შეეპუა და კატეგორიულად უარყო მამის მონაწილეობა შეთქმულებაში. მეფის ბრძანებით, ალექსანდრე ამილახვარს ფეხის ძარღვი გადაუჭრეს და ცხვირი დაუმახინჯეს. ხუთი წლის შინაპატიმრობის შემდეგ იგი თბილისიდან გაიქცა და უფროს ძმასთან, ტიმოთესთან ერთად მოსკოვში ჩავიდა.
რაც შეეხება სხვა ძმებს, სამი მათგანი: ნიკოლოზი, იოანე და ევგენი, სპარსეთში აღმოჩნდნენ. შაჰის კარზე ისინი დიდი პატივით მიიღეს, რასაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. ამილახვრებს სპარსეთში ისე უყურებდნენ, როგორც მნიშვნელოვან ფიგურებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამით აიხსნება, რომ ნიკოლოზს ჰამადანის ხანობა, ისპაჰანის მოურავობა (ტარუღობა), მამულები და სახაზინო გასამრჯელო (100 თუმანი) დაუნიშნეს. ასეთივე პატივით მიიღეს იოანეც. ნიკოლოზმა სპარსეთში მალე ოჯახი შექმნა და დიდი ქონების პატრონიც გახდა.
– შემდეგში რა ბედი ეწიათ ამილახვრებს?
– 1784-1785 წლებში ერეკლე მეორემ წერილები გაუგზავნა ამილახვრებს – ნიკოლოზს, იოანეს და ევგენის და დაბეჯითებით ურჩევდა მათ საქართველოში დაბრუნებას. 1784 წლის გიორგობის თვის 8 რიცხვში დაწერილ უსტარს ერეკლე ასე ამთავრებდა: „ვინცა ვინ თქვენი ნათესავები და თავისიანები არიან – გეხვეწებიან: ჩვენც გვეამება, რომ აქ მოხვიდეთ და თქვენს სამშობლო ქვეყანაში იცხოვროთ”. რადგან პასუხი ვერ მიიღო, მეფემ 1785 წელს ახალი ეპისტოლე გაუგზავნა ამილახვრებს. ეს წერილი თავის ნდობით აღჭურვილ პირს, თბილისელ ვაჭარ აღა-ტერ-შმოვანს გაატანა.
– რას პასუხობდნენ ამ უსტარზე ამილახვრები?
– ამილახვრებს სამშობლოში დაბრუნება უნდოდათ, თუმცა, ერეკლეს სიცოცხლეში ეს ვერ გაბედეს, მაგრამ, თავიანთი ქონების დიდი ნაწილი კი გამოატანეს ელჩებს ნათესავებთან. 1786 წელს იოანე ამილახვარი ნათესავებს სწერდა: „ცხინვალელ სომეხს მურადაშვილ არუთინას ერთი უცხო თვალი გამოვატანე”. ნიკოლოზს კი მთელი თავისი ქონება (ოქრო-ვერცხლი, თვალ-მარგალიტი) გამოუტანებია აღა-ვაჭრისთვის, თუმცა, საქართველოში გამოგზავნილი ქონების ბედი მისთვის კარგა ხანს უცნობი იყო.
– როდის და რა შეიტყო ამ ქონების შესახებ ამილახვარმა?
– ქონების ბედის შესახებ შეიტყო მხოლოდ 1802 წელს. მანამდე, ერთი წლით ადრე, რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა, რამაც სპარსეთის შეშფოთება გამოიწვია. შაჰმა ნიკოლოზ ამილახვარი ახალციხეში გაგზავნა და ანტირუსული აგიტაცია დაავალა. ახალციხიდან ნიკოლოზი იმერეთში უნდა გადასულიყო, მაგრამ, რუსეთის ჭკვიანმა სატრაპმა, პავლე ციციანოვმა დროზე მიიღო ზომები.
– კერძოდ?
– ციციანოვმა ახალციხეს მიავლინა ნიკოლოზის ნათესავი დედის მხრიდან – დიმიტრი ორბელიანი რუს კაპიტანთან ერთად და დაავალა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, თბილისში ჩამოეყვანა ნიკოლოზი (უარის შემთხვევაში, რუს კაპიტანს საიდუმლო დავალება ჰქონდა მიცემული – მოეკლა ნიკოლოზ ამილახვარი). დიმიტრი ორბელიანმა წარმატებით შეასრულა ციციანოვის მიერ დაკისრებული მისია და ნიკოლოზ ამილახვარი თბილისში ჩამოიყვანა.
პავლე ციციანოვი შეჰპირდა ნიკოლოზს ჯამაგირის დანიშვნას და კუთვნილი ყმა-მამულების დაბრუნებას, მაგრამ ციციანოვი შირვანში გაემგზავრა, რის შემდეგაც ძალიან მალე იგი ბაქოში მოკლეს.
– ნიკოლოზს რა ბედი ეწია?
– ნიკოლოზი დარჩა სრულიად უსახსროდ. მან ნინო აბაშიძეზე იქორწინა. ნინოსა და ნიკოლოზს ორი ვაჟი შეეძინათ. ამ პერიოდში გაახსენდა ნიკოლოზ ამილახვარს ქონება, რომელიც აღა-ტერ-შმოვანს გამოატანა სპარსეთიდან. აღმოჩნდა, რომ აღას ის უთვალავი განძი არავისთვის არ გადაუცია და თვითონ მიუთვისებია. როდესაც ნიკოლოზ ამილახვარმა კუთვნილი მოითხოვა, ვაჭარმა ძალიან გაიკვირვა: შენ ჩემთვის არაფერი მოგიციაო. მაშინ ნიკოლოზმა ხელწერილები წარუდგინა ვაჭარს. „შეურაცხყოფილი” ტერ-შმოვანი არ დაიბნა და ნიკოლოზ ამილახვარს რუსეთის მოსყიდული პოლიცია მიუსია.
– რა მოჰყვა ამას?
– 1806 წელს ნიკოლოზის სახლს მოულოდნელად პოლიცია ესხმის თავს და ჩხრეკს მას. პოლიციამ ყველა საბუთის, მათ შორის, სადავო განძის შესახებ არსებული ხელწერილების რეკვიზიცია მოახდინა და ნიკოლოზი სამუდამოდ გამოეთხოვა წლების განმავლობაში დაგროვილ ქონებაზე ფიქრს.
– საინტერესოა, როგორ შეძლო ეს აღა-ვაჭარმა?!
– გარდა იმისა, რომ აღა-ვაჭარმა „მოუსყიდველი” პოლიციის გული მოიგო და ამილახვარსაც კარგი სარმა გამოსდო, რუსი მთავარსარდლების სახელზე დაწერილ პატაკში ამგვარად დაახასიათა ნიკოლოზ ამილახვარი: „იგი სპარსეთის აგენტია, მოღალატეა, ახლაც ირანისკენ უჭირავს თვალი. გაჩხრიკეთ, თუ მართალი არა ვარ.”