რა მნიშვნელობით იხმარებოდა სიტყვები „ლაღი“ და „ამაყი“ გვიანფეოდალურ ხანაში და როგორ ახასიათებს ვახუშტი კახელებს
ვახუშტი ბაგრატიონი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება გახლდათ. განუზომელია მისი ღვაწლი ქართულ მეცნიერებასა და კულტურაში, საზოგადო ასპარეზზე. განსაკუთრებული კვალი მან საქართველოს გეოგრაფიასა და ისტორიოგრაფიაში გაავლო, თუმცა, თავისი მადლიანი კალამი ბევრგან მოსინჯა. არაერთგზის აქვს გამოთქმული შეხედულებანი ეთიკისა და ფსიქოლოგიის სფეროშიც. ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე მისი დიდი მემკვიდრეობიდან ერთ პატარა ნიუანსზე გაამახვილებს ყურადღებას.
გელა გარაყანიძე: მეც იმ ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი, ვინც ვახუშტის დანატოვარის გაცნობისას მოწიწების გრძნობით ივსება. მის ნამოღვაწართან მიახლებისას, სულიერ აღტკინებასაც ვგრძნობ და ქედის მოხრის განცდაც უმალ მიჩნდება, რადგან აშკარაა – ავტორს დიდი მოცულობის სამუშაო აქვს გაწეული, სიყვარულითა და რუდუნებით.
– მიუხედავად ყველაფრისა, ისიც ფაქტია, რომ ბატონიშვილმა გარკვეული კრიტიკული შენიშვნებიც მიიღო.
– მოდი, ამჯერად დიმიტრი ორბელიანის (ტეტიას) ცნობილი, სკანდალური მინაწერი გამოვტოვოთ... თავის ბიძაშვილს – ანტონ პირველს (ვის მამასაც, მეფე იესეს – გამოესარჩლა ტეტია) ვახუშტი შექებულიც ჰყავს და გაკილულიც: „თუმცაღა მდურვა მიიღო სამართლადრე, რამეთუ ვითმე მტერობითნიცა თქმანი მისთა გამოჩნდეს წერილთა შინა მრავალ”. აქ, შესაძლოა, „დამდურებულებში” ტეტიას გარდა სხვებიც იგულისხმებოდნენ... მოგვიანებით, ვახუშტის შემოსწყრა თავისი დის, თამარის შვილთაშვილიც – იოანე ბატონიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მან – ბაგრატიონთა ბუშმა, ვინაიდან იგი „გამოძებული იქნა კახთა მეფეთაგან”, „შურითა მეფეთა და მრავალთა თავადთა აუგნი დაწერა”.
– ბატონო გელა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ბუმბერაზი მკვლევარი მართლა ტენდენციური იყო კახელების მიმართ?
– ფეოდალურ ხანაში, უკლებლივ ყველა მემატიანე ტენდენციურია, როცა თავის თანადროულ ამბებს გადმოსცემს... მით უმეტეს, როდესაც ამა თუ იმ ეპიზოდში თვითონაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ვახუშტი ვახტანგ მეექვსეს ვაჟი გახლდათ და მეფე ბაქარის ძმა! ამ ფაქტით ბევრი რამ განისაზღვრება.
– ყველა მემატიანე შეიძლება, არის მიკერძოებული, მაგრამ, ალბათ, ზოგი – მეტად, ზოგი – ნაკლებად...
– მეთვრამეტე საუკუნის ოციანი წლების ამბების გადმოცემისას, ვახუშტისა და გურამიშვილის მონათხრობი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა...
მეორე მხრივ, როდესაც ვახუშტი აღწერს მეჩვიდმეტე საუკუნეში მიმდინარე ბრძოლებს – მეფე როსტომსა და თეიმურაზ პირველს შორის, მისი სიმპათიები დაუფარავად კახელი მეფის მხარესაა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, იგი ქართლელების მხარეს უნდა ყოფილიყო. მამამისი ხომ როსტომის შვილობილის, ვახტანგ მეხუთის შვილიშვილი გახლდათ.
– აქ, ალბათ, ის ფაქტია მხედველობაში მისაღები, რომ როსტომი და ვახტანგ მეხუთე მაჰმადიანები იყვნენ, თეიმურაზი კი – ქრისტიანი. ან იქნებ, ვახუშტი თვითონ იძლევა რაიმე კომენტარს ამის თაობაზე?
– რასაკვირველია, მართლმადიდებლობაა უმთავრესი მიზეზი! მაგრამ ვახუშტი ხაზგასმას არ ახდენს და არც რაიმე განმარტებას იძლევა.
როდესაც იგი ქართლის ისტორიას მოგვითხრობს, როსტომთან მებრძოლი კახელები მოხსენებული ჰყავს როგორც „თეიმურაზისანი”. მაგრამ, როდესაც კახეთის ისტორიის მონაკვეთს ეხება, იგივე ამბების გადმოცემისას, კახელების მიმართ ხმარობს სიტყვებს – „სპათა ჩუენთა”.
ბუნებრივია, საბჭოთა ეპოქის ისტორიკოსებს ამ მოვლენას (რელიგიური ელემენტის წინ წამოწევას) არ დააფიქსირებინებდნენ – ათეისტურ ქვეყანაში, ასეთ თემებს აბუჩად იგდებდნენ.
– ახლა კი თქვენი დღევანდელი საუბრის მთავარი სათქმელი გაგვიმხილეთ. ინტერვიუს დაწყებამდე თქვენ გამანდეთ, რომ ამ „სათქმელს” ცოტა კომიკური ელფერი გადაჰკრავდა.
– ისევ შორიდან მოვუვლი!... ვახუშტიმდეც ცხოვრობდნენ მემატიანენი, რომელნიც საქართველოს ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა მოკლე, ფსიქოლოგიურ დახასიათებას იძლეოდნენ. მაგალითად, ბერი ეგნატაშვილი, როდესაც თავის ნაშრომში, მეჩვიდმეტე საუკუნის იმერეთის სამეფო კარის ჩვენებას განიზრახავს: „პირველად იმერელნი იყვნენ გულწრფელნი და ბატონისა თვისისა ერთგულნი და რაჟამს ჩავიდნენ კახნი იმერეთს და იყოფოდეს მრავალჟამ მუნ. ხოლო კახნი ჩვეულებისაებრ იყვნენ ერთმანერთისა მეშურნენი და მტერნი და მრავლის ზაკვისა და ჩხუბის მოქმედნი, ლაღნი და ამპარტავანნი, ტანთჩაცმისა და სილამაზის გამომკიდენი და მოყვარენი, რამეთუ ესრეთცა იყო პირველიდგან ჩვეულება მათი. და წაბაძეს მათ იმერელთაცა, ისწავეს კახთა წესი და კიდეც გარდაამეტეს. მიერითგან დამკვიდრდა იმერეთს ჩხუბი და დაუნდობრობა.”
ღვაწლმოსილი მეცნიერი ლევან სანიკიძე, როცა ამ „საკითხს” მიმოიხილავდა, აღნიშნავდა: „მკითხველთაგან ბევრმა იქნებ დაუჯეროს მემატიანის ამ სტრიქონებს, ბევრმაც, იქნება, უნდობლობის ნიშნად მწარედ გაიცინოს...”
ვახუშტი კახელებს ასე ახასიათებს: „ხოლო კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი და მსგავსნი ყოვლითავე ქართველთა ზნითა, ჩუეულებით და ქცევით, არამედ ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი, უფრო გლეხნი, ერთგულნი”...
– ბატონო გელა, ვახუშტის რომელი სიტყვები მიგაჩნიათ კომიკური შეფერილობის?
– მეხოტბენი!
– იქნებ ბატონიშვილს კახური სადღეგრძელოები ჰქონდა მხედველობაში?!
– შეუძლებელია! ვახუშტი სერიოზული კაცი გახლდათ... თქვენ გგონიათ, „ქართლური” და „იმერული” (ან „სამცხე-კლარჯული”) სადღეგრძელოები ნაკლებ პირფერულია?!
– იქნებ, მეთვრამეტე საუკუნის კახელები იყვნენ ასეთები? თქვენ ხომ იმ იპოქაში არ გიცხოვრიათ.
– მაშინ ცოტა ღრმა წიაღსვლები გავაკეთოთ. რადგან მეთვრამეტე საუკუნეზე აკეთებთ აქცენტს, უნდა ითქვას, რომ ისეთი სიტყვები, რომლებსაც დღეს პიროვნების (ან კუთხის) დახასიათებისას ნეიტრალური შინაარსი აქვს, მაშინ უარყოფითს უფრო უსვამდა ხაზს. ეს სიტყვებია: „ლაღი” და „ამაყი”.
– „ლაღი” – სანგვინიკი არ არის ფსიქოლოგების ენაზე? „ამაყი” კი – გამძაფრებული ღირსების განცდის მქონე ადამიანი?
– მოვუსმინოთ დიდ სულხან-საბას: „ლაღი – სილაღე უწვრთელობის ნიშები არს; სილაღე არს განუკრძალველი კადნიერება, რამეთუ რა განლაღნეს კაცი, მეტნობასა იწყებს მანქანებისასა”.
– „მანქანება” რას ნიშნავს?
– „მრავალსახე ხერხის ქცევა. სხვა ვარიანტით – „მანქანებაი არს საქმისა კაცობრივისა სიბრძნით, ბრუნვებაი საძლეველად სხვათათვის ზაკვით”.
– „ამაყი” რაღატომ არის სალანძღავი სიტყვა?
– „ამაყი” – ბრიყვი. ქართული არ არის, ყიფი ჰქვიან. „ბრიყვი” – უსაქციელო.
– ბარემ, „მეხოტბენის” განმარტებაც ვნახოთ სულხან-საბასთან.
– კონკრეტულად მეხოტბე არ არის განმარტებული, არის „ხოტბა” – მეტი ქება.
– „ლაღი” და „ამაყი” ვახუშტის ქართველის ტიპის ზოგად მახასიათებლად მიაჩნდა... და თუ კახელებზე ამბობს, რომ მათ სხვისი მეტი ქება უყვართ, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, იქნებ მეცნიერს მათი წყენინება მიზნად არც დაუსახავს.
– „მეხოტბენი” იყვნენ ის პოეტები, თუ მემატიანენი (ხანდახან კარის მასხარებიც), რომელნიც გადამეტებული ქებით საქებ ობიექტსაც უხერხულობაში აგდებდნენ და საკუთარ თავსაც. სანიმუშოდ დავასახელებ ფეშანგი ფაშვიბერტყაძეს, რომელმაც თავის „შაჰნავაზიანში” ყოველგვარი ზომიერების გრძნობა დაკარგა და ვახტანგ მეხუთეს (მის ვაჟს არჩილსაც) დათვური სამსახური უფრო გაუწია, ვიდრე „ფიარი”.
– აბა, რა ექნა ფეშანგის, რომლის ნამდვილი გვარი ხითარიშვილია, ხოლო ფაშვიბერტყაძე – შერქმეული, უფრო მეტსახელი, ან ფსევდონიმია. იგი ხომ წარმოშობით გორელი სომეხი იყო – ვაჭართა წრიდან და საქართველოში თავის დასამკვიდრებლად ეს ხერხი აირჩია.
– უბედურებაც ისაა, ვაჭრები და არაქართველები ქართულ პოეზიასა და მატიანეებს რომ „ამდიდრებენ.”
– ნაციონალისტობა რომ არ დაგვწამონ, ალბათ, საკამათოდ არ გახდით თემას, რომ ქართველებს უფრო ხშირად აქვთ „გამდიდრებული” პოეზიაც და თავისი ქვეყნის მატიანეც?
– რასაკვირველია, ქართველებს უფრო მეტი მოგვეთხოვება, ფეშანგისაც ისევ ქართველი არ შეუკვეთავდა თავის „უკვდავ” პოემას? ოღონდ ვეჭვობ, ეს პიროვნება არჩილი ყოფილიყო. არჩილმა, რაც შეუკვეთა („ფირმალიანი”), ისიც მდარე ხარისხის გამომდგარა და ჩვენამდე არც მოუღწევია.
ჯერ კიდევ არისტოტელე ბრძანებდა, რომ ადამიანთა პირში ქება მლიქვნელობის ნიშანია. ქართული ანდაზით, კი – პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულიაო.
კიდევ ერთი გორელი სომეხიც უნდა გავიხსენო – ფარსადან გორგიჯანიძე. როსტომის მაღმერთებელი, თეიმურაზის გამქილიკებელი, სომხებზე შეყვარებული...
– ფარსადან გორგიჯანიძის სომხობის ამბავი პირველად მესმის. „საქართველოს ისტორიის ნარკვევების” მეოთხე ტომის შესაბამისი თავის ავტორიც მას ქართველ ისტორიკოსად მოიხსენიებს.
– ფარსადანი მარი ბროსეს მიაჩნდა სომეხად, ივანე ჯავახიშვილი კი უშვებდა, რომ შეიძლება, სომეხი ყოფილიყო.
– ტენდენციურობაში ჩაგეთვლებათ, თუ წარმოშობით ქართველ მეხოტბეებსაც არ დაასახელებთ!
– სიმრავლისთვის დავდუმდები... ვინმე არ გამომრჩეს და მათ ნაშიერს არ ეწყინოს. მეხოტბენი ქართველებშიც ბევრი გვყავს, მაგრამ მათში კახელების წილი მინიმალურია.
სულხან-საბა არ იცნობს სიტყვას – „მედროვე”. პროტექციას და კორუფციას, რომ არ იცნობს გასაგებია!.. ან გამორჩა, ან ჯერ არ ჰქონდა ფეხი მოკიდებული.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ერთტომეულში (მთავარი რედაქტორი არნოლდ ჩიქობავა) „მედროვე” ასე განიმარტება: „ადამიანი, რომელმაც, ძლიერი მფარველის წყალობით, დროებით მოიპოვა ხელისუფლება”. ამ ვერსიას მხოლოდ ნაწილობრივ ვეთანხმები – ხელისუფლების გარდა სხვაგან არ „მოღვაწეობენ” მედროვენი?
ქართულ სინონიმთა ლექსიკონში (შემდგენელი ნეიმანი), სხვა ვერსიაა წარმოდგენილი: „მედროვე – უპატიოსნო გზით განდიდებული.” მეხოტბედან მედროვემდე კი ერთი ნაბიჯია!