სიმტკიცის ფაქტორი
ნინო წულუკიძე
გავრცელებული მცდარი მოსაზრებით, ქორწინების სიმტკიცის განმსაზღვრელი ფაქტორი მეუღლეებს შორის ასაკობრივი სხვაობაა. „შეგიძლია, მშვიდად იყო, თუ ქმარი 3-5 წლით უფროსია ცოლზე“ – ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი შეხედულებაა. ვიღაცას თქვენი შეცდომაში შეყვანა უნდა. აბა, დაფიქრდით, როგორ შეიძლება ამით დაზღვეული იყოთ? ოჯახის სიმტკიცე არანაირად არ შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი წლის არიან პარტნიორები. მთავარია ურთიერთობა, რომელიც გულისხმობს ინტერესებს, მიზნებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ინტელექტს... თუ წყვილს ამ ყველაფერში თანხვედრა არ აქვს, მით უფრო მცდარია გავრცელებული სტერეოტიპი და მათ ერთად ყოფნას ვერ უზრუნველყოფს. წარმოუდგენელია, ცოლი არ იზიარებდეს ქმრის ინტერესებს, აღიზიანებდეს მისი ჰობი, არ ჰქონდეს მეუღლესთან საუბრის სურვილი და მათ დიდხანს გაძლონ ერთად. კამათი და ჩხუბი ყველა ოჯახშია. არც ის არის აუცილებელი, ცოლ-ქმარი ყოველთვის, ყველაფერში ეთანხმებოდეს ერთმანეთს – ასე მათი ცხოვრება უინტერესო და ერთფეროვანი იქნებოდა. მაგრამ, შეხების წერტილები უნდა არსებობდეს. რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ძალიან მალე ხვდებიან, რომ მათი ერთად ყოფნა შეცდომა იყო მაშინაც კი, როცა ურთიერთობა სიყვარულით დაიწყო. ასე რომ, ყურადღების გამახვილება ასაკზე, მით უფრო, თავის დაიმედება იმით, რომ ის თქვენზე ხუთი წლით უფროსია – შეცდომაა. თქვენ უკეთ იცით, ვინ არის თქვენი „მეორე მე“. და, კიდევ, არ დაგავიწყდეთ, რომ გარანტიები არ არსებობს. ენდეთ თქვენს ინტუიციას, იგრძენით თქვენი პარტნიორი და თავად განსაზღვრეთ თქვენი კავშირის სიმტკიცის ფაქტორი.