დაამყარე წესრიგი...
დაიწყეთ ყვავილების თაიგულით – ეს არ არის ხუმრობა, არც ზედმეტი ფუფუნება. თუ მართლაც კრიტიკული მდგომარეობა არ გაქვთ, ან ყვავილები ბავშვობიდან არ გძულთ, მინდვრის ფერადი ყვავილები ძალიან გაგახალისებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ. დალაგებული ბინა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ ცხოვრება მოუწესრიგებელი გაქვთ.
ვერაფერს ასწრებთ, ყველგან გაგვიანდებათ და მუდმივად მოუცლელს დრო არაფრისთვის გრჩებათ? მაშინ, დროა, ისწავლოთ დაგეგმვა და მნიშვნელოვანი საქმეების რიგითობის მიხედვით ჩამოწერა. ეს აუცილებელია, რადგან, ჯერ ერთი, არაფერი დაგავიწყდებათ და, მეორე – დროის რაციონალურად განკარგვა-განაწილებას ისწავლით.
მოწესრიგებული ადამიანი ურთიერთობებშიც მოწესრიგებულია. მას ეს ხასიათში აქვს და ავტომატურად აყენებს ყველაფერს განსაზღვრულ ჩარჩოებში. ასე რომ, თუ ქალს კარადა არეული აქვს, უნდა იფიქროთ, რომ მის ცხოვრებაშიც არ არის აბსოლუტური წესრიგი. პედანტიზმზე არ არის ლაპარაკი – ეს სულ სხვა თემაა, მეორე უკიდურესობაა და, არ გირჩევთ, ექსპერიმენტი ჩაატაროთ. მით უმეტეს, საშინელებაა პედანტიზმი ურთიერთობაში. წესრიგის დამყარება არ ნიშნავს ყველაფრის განადგურებას – იმ ყველაფრისა, რაც ცხოვრებას საინტერესოს ხდის. უბრალოდ, საკუთარი თავისთვის კომფორტის შესაქმნელად, მოაწესრიგეთ ის, რაც წარმატებისა და ბედნიერების მოპოვებაში გიშლით ხელს.