რომანტიკა ოჯახში
რა არის მთავარი?! – ოჯახში, რა თქმა უნდა. როგორ უნდა გამიჯნო ერთმანეთისგან მთავარი და მეორეხარისხოვანი, ანუ, რაზე შეიძლება დახუჭო თვალი და „გაატარო“, რაზე მოაწყო სკანდალი. მამაკაცთან დამოკიდებულებაში გამოიკვეთება ხოლმე მთავარი და მეორეხარისხოვანი. თუ მოვლენა სერიოზული არ არის, თუ არც მისი „ცელქობებია“ მნიშვნელოვანი, მაშინ, საკუთარ ნერვებს უნდა გაუფრთხილდეთ და ქარიშხალი არ დაატრიალოთ. ყველა მამაკაცს ეტყობა, რისი გამკეთებელია ის, ანუ, მხოლოდ მსუბუქად ერთობა და „ცელქობებით“ შემოიფარგლება თუ გაცილებით სერიოზულად არის საქმე, საერთოდ, მამაკაცების უმრავლესობას დიდ დისკომფორტს უქმნის ორი და სამი კურდღლის ერთდროულად დევნა – მათთვის ეს ზედმეტი პრობლემა და თავის ტკივილია. იმის შიშიც აქვთ, გარისკონ და, საერთოდ, გემბანს მიღმა აღმოჩნდნენ. თუ სახლში სიმშვიდე, სიმყუდროვე, კომფორტი და მათთვის მისაღები გარემოა უბრალოდ, დაეზარებათ, რამე შეცვალონ, ეს ყველაფერი ასევე გასათვალისწინებელია.
და, კიდევ, რომანტიკა – ეს, უბრალოდ, აუცილებელია ყველაზე არარომანტიკული და პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანებისთვისაც კი. ტემპერამენტიანი ადამიანები ხომ საერთოდ ვერ ეგუებიან რუტინას, მიილტვიან სიახლეებისკენ – სიტუაციის, გარემოს შეცვლისკენ. მათ ზოგჯერ პიკნიკისკენ მიუწევთ გული, ზოგჯერ რომანტიკული ვახშამი უნდათ, ზოგჯერ ჩხუბში და კამათში იცლებიან ემოციებისგან, ზოგჯერაც თბილ ოთახში ყოფნა, შემთბარი ღვინის წრუპვა ანიჭებთ ნეტარებას. აღმოაჩინეთ ერთმანეთი ხელახლა – ნუ დაგეზარებათ, რადგან შედეგით სიამოვნებას თქვენც მიიღებთ...