რომელ სეზონზე სჭირდება კანარინას დანამვა და როდის ულპება დენდრობიუმს ფოთლები
ზოგიერთი მცენარე ზაფხულის ცხელ დღეებს რთულად ეგუება, ზოგს კი, პირიქით, ასეთი გარემო უფრო მოსწონს. „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის, როგორ მოვუაროთ კანარინასა და დენდრობიუმს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და განსაკუთრებით – ზაფხულში. თუ როგორ ვაყვავილოთ, მოვრწყათ და სად დავდგათ ზაფხულში ეს ორი მცენარე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო ამირან, როგორ დაახასიათებთ კანარინას და რას გვეტყვით ამ მცენარის შესახებ?
– ეს უცნაური და ძალზე იშვიათი მცენარეა, რომელიც არ არის ძალიან პრეტენზიული მოსავლელი. მისი საოცარი ყვავილები სხვადასხვა ფერისაა და ულამაზეს გარემოს ქმნის ირგვლივ. კანარინას სამშობლო ტროპიკებია. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ მისი მცენარის აყვავების დღიდან იადონების გუნდი იყრის მასზე თავს. თურმე მთელ დღეს კანარინას ხეზე ატარებენ იადონები. მცენარის თითქმის 70 პროცენტი მთლიანად ყვავილია, ამიტომაც კანარინა უფრო ეფექტური და ლამაზი სწორედ ყვავილობის დროსაა.
– შესაძლებელია თუ არა საქართველოში კანარინას გახარება და გვირჩევთ თუ არა ოთახის პირობებში მის გაზრდას?
– მცენარე აგებულებით ძალიან მაღალი არ იზრდება, დაახლოებით ერთ მეტრამდე აღწევს, ამიტომ მისი მოცულობის ნუ შეგეშინდებათ, ბინაში მშვენივრად მოთავსდება და არც პრეტენზიული იქნება.
– მისი გამრავლებაც იოლად ხდება?
– კანარინას კარგი გამრავლების თვისება აქვს, მისი გამრავლება სხვადასხვა ხერხითაა შესაძლებელი: თესლით, კალმით, გადაწვენით, ამონაყარით. მისი დათესვისას გაითვალისწინეთ ერთი რამ: ამ დროს კარგია მცენარეს მიწაში გაურიოთ ნახერხი, რომ კარგად გაიდგას ფესვები, ასევე, გახსოვდეთ, რომ გადაწვენილი მცენარის დარგვისას, ნიადაგში ტორფი უნდა ჩააყოლოთ.
– როგორ მოვუაროთ კანარინას ახლა, როდესაც უკვე ტემპერატურა იმატებს და თბება?
– ზაფხულის ცხელ დღეებში დანამეთ და გაიტანეთ გარეთ, აივანზე. შეგიძლიათ, მცენარე ამოიღოთ ქოთნიდან, დარგოთ ეზოში და იქ ამყოფოთ მთელი ზაფხული. ამ სეზონზე მცენარე მორწყეთ სამ დღეში ერთხელ. დადგით ნათელ ადგილას და ულამაზესი ყვავილებით დაამშვენებს თქვენს ბაღსა თუ ბინას.
– რაც შეეხება ზამთრის სეზონს?
– კანარინას ზამთრის პერიოდში 18-20 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება, ზაფხულში კი ნებისმიერ ტემპერატურას ეგუება. ზამთარში სასურველია, მცენარე კვირაში ერთხელ მორწყათ.
– წელიწადის რომელ სეზონზე გვირჩევთ კანარინას დათესვას?
– მცენარე ითესება ადრე გაზაფხულზე. თუ გაქვთ თესლი ან ნერგი, შეგიძლიათ, ის თებერვალში დათესოთ ქოთნის პირობებში. კანარინას ახასიათებს ფუნჯისებური ფესვთა სისტემა, ამიტომ, შეურჩიეთ ვიწრო და მაღალი ქოთანი. კარგი იქნება, თუ მისი გადარგვისას გადაიტანთ თავის მიწიანად – ამ შემთხვევაში კანარინა არ დაჭკნება.
– როგორი შემადგენლობის ნიადაგში ჩავრგათ კანარინა და რამდენ ხანში ფესვიანდება მისი კალამი?
– მისი კალამი ორ კვირაში ფესვიანდება როგორც წყალში, ასევე სილანარევ მიწაში. კანარინას ნიადაგი უნდა შედგებოდეს მიწის, ტორფისა და ნაკელისგან.
– თუ ჩვენი მცენარე ძალიან დიდი გაიზარდა, როგორ მოვიქცეთ, შეგვიძლია თუ არა მისი გადაჭრა ან გასხვლა?
– თუ მცენარე ძალიან მაღალი გაიზარდა, შეგიძლიათ, გადაჭრათ. უფრო მეტსაც გეტყვით: შესაძლებელია, მისი გადაჭრილი ღერო ჩარგოთ და დააფესვიანოთ.
– თუ არსებობს მავნებლების საფრთხე და კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ კანარინას გახარებისას?
– ამ მცენარეს მავნებლები არ უჩნდება. შეგიძლიათ, კანარინა ზამთრის პერიოდში ხელოვნურად დამტვეროთ, რომ თესლი მოგცეთ. დათესილი მცენარე ამოდის ერთ თვეში და გადარგეთ, როდესაც მცენარე ოთხი ფოთლის ფაზაში იქნება. განსაკუთრებით ზამთარში გაითვალისწინეთ, რომ მცენარე დადგათ სინათლესთან ახლოს, რათა კარგად მოხდეს ფოტოსინთეზი.
– სად შეიძლება ამ მცენარის შეძენა?
– მისი ყიდვა შეგიძლიათ ორანჟერეებში ან ჰოლანდიური მცენარეების მაღაზიებში.
– რომელი ორქიდეის გახარებას გვირჩევთ ბინაში, ანუ, რომელს არ სჭირდება ძალიან მაღალი ტემპერატურა და საქართველოს კლიმატში კარგად ხარობს?
– ასეთი ორქიდეა დენდრობიუმია. მისი არაერთი სახეობა არსებობს, რომელთაგან მრავალი ჰიბრიდია შექმნილი. მათი ყვავილები კაშკაშა ყვითელი, სალათისფერი, ვარდისფერი ან იისფერია. ზოგს დიდფურცლიანი ყვავილები აქვს, ზოგსაც – ნაზი და ვიწროფურცლიანი. ყოველი მათგანი ძალიან ლამაზია, კეთილშობილი დენდრობიუმი კი, თავის ჰიბრიდებთან ერთად, ტკბილ სურნელებასაც აფრქვევს. გარდა ამისა, ეს ორქიდეა დაბალ ტემპერატურასაც იტანს და სხვა ორქიდეებისგან განსხვავებით, ტროპიკული სიცხე არ სჭირდება, თუმცა, ტენი არ უნდა მოაკლდეს.
– ყველა სეზონზე უნდა ჰქონდეს თუ არა მცენარეს ტენი და რა სიხშირით გვირჩევთ მის მორწყვას?
– ზაფხულში დენდრობიუმის ქოთანი კვირაში ერთხელ, ხუთი წუთით ჩადგით რბილწყლიან ჭურჭელში, ხოლო შემდეგ კარგად დაწრიტეთ. ფოთლებს ნუ დაასველებთ, თორემ, დაულპება. ზამთრობით მცენარე თითქმის სრულ სიმშრალეში უნდა ამყოფოთ, ამიტომ, წელიწადის ამ სეზონზე ხშირად არ მორწყათ.
– როგორი სინათლე მოსწონს დენდრობიუმს და სად გვირჩევთ მის დადგმას ბინაში?
– ამ მცენარისთვის მთელი წლის განმავლობაში იდეალურია კაშკაშა, გაბნეული შუქი. ბინაში კი, შეგიძლიათ, ნათელ სასტუმრო ოთახში მიუჩინოთ ადგილი.
– როგორ პირობებში ყვავის უკეთ დენდრობიუმი და საჭიროა თუ არა მისთვის დამატებითი კვება?
– სიგრილე და სინათლე ხელს უწყობს მის ყვავილობას. ამიტომ, ნუ მოაკლებთ ასეთ გარემოს. მძიმეთავიან საყვავილე ღეროებს შეიძლება საყრდენი დასჭირდეს. ყოველი მორწყვისას ნიადაგი ორქიდეებისთვის განკუთვნილი სასუქით გაანოყიერეთ. გახსოვდეთ, რომ სიცხეში ტენი არ უნდა მოაკლოთ – ის სიმშრალეს ვერ იტანს.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და რა ზომის იზრდება ის?
– ზაფხულობით მცენარეს 20-24 გრადუსი სჭირდება, ხოლო ზამთრის სეზონზე ნორმალურია 10 გრადუსი. დენდრობიუმი ძალიან მაღალი არ იზრდება – დაახლოებით 55 სანტიმეტრ სიმაღლეს აღწევს. ასე რომ, თქვენს ბინაში ის დიდ ადგილს არ დაიკავებს და აუცილებლად გაგილამაზებთ გარემოს.