კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აქცია ბავშვად შვიდი წლით უმცროსმა ქმარმა ბუბა გოგორიშვილი

საჭირო დროს, საჭირო ადგილას, სასურველ რეჟისორთან... თუმცა, ყოველთვის ყველაფერი გამართლება არ არის. ბუბა გოგორიშვილი საკუთარ ნიჭიერებაზე არ ლაპარაკობს და ხაზს მხოლოდ იღბალს უსვამს. იღბლიანია, რადგან გვერდით უსაყვარლესი ქმარი და შვილი ჰყავს. როდესაც შვიდი წლით უმცროს ბიჭს ცოლად გაჰყვა, მთელი თბილისი ალაპარაკდა, მაგრამ ეს მის ბედნიერებას უმნიშვნელო ჩრდილსაც კი ვერ აყენებს.

– უცნაურია, რომ მხოლოდ თეატრში ხარ და ამხელა პოპულარობა მოიპოვე – სერიალების, სატელევიზიო შოუებისა და სხვათა გარეშე. რას აბრალებ ამას?

– არ ვიცი. უპირველესად, ალბათ, გამართლებას, რადგან საოცარ თეატრში, უნიჭიერეს რეჟისორთან მოვხვდი. მეორე მიზეზი კი, ალბათ, თავდადებაა. ყველა, ასე თუ ისე, ედება რეკლამას, სერიალს, მაგრამ მე თავიდანვე ეს გზა ავირჩიე და მინდა, მას მთელი ჩემი პოტენციალით ვემსახურო. იმას არ ვამბობ, რომ სხვა ყველაფერი ცუდია. მაგალითად, ძალიან მომწონს „დეტექტივები” და შეიძლება დავთანხმდე კიდეც, მაგრამ თეატრი იმდენად ჩემია, ვფიქრობ, ასე კარგად სხვაგან ვერ ვიქნები. ჩემი კოლეგები უფრო მატერიალური ფაქტორის გამო თანხმდებიან მსგავს შემოთავაზებებს და მე მესმის, მაგრამ ჩემთვის უპირველესად შემოქმედებითი ინტერესია და მერე სხვა დანარჩენი. თუ ეს ინტერესი იქნა, კინოშიც ვითამაშებ, სერიალშიც...

– ვიცი, რომ ძალიან მძიმე რეჟიმში მუშაობთ...

– ამას წინათ, თვითონ დოიმაც თქვა, რომ ეს ნებაყოფლობითი მორჩილებააო, რაშიც ყველა მსახიობი ეთანხმება, მათ შორის მეც. თუ ასეთი რეჟიმი არ იქნა, ეს ნიშნავს, რომ საჭირო აღარ ხარ, რასაც საშინელი დეპრესიები მოჰყვება.

– რატომ ახლავს მაინცდამაინც ამ პროფესიას არასაჭიროების ასეთი მტკივნეული განცდა?

– დასაწყისში, რაღაც ეტაპამდე, გარკვეული როლების თამაში უნდა მოასწრო. როლები სქემასავითაა. როცა გაუჩერებლად მუშაობ, თამაშობ ამ როლებს, მერე სამწლიანი დასვენება და ისევ სერიოზული როლით დაბრუნება, უკვე ძალიან კარგია. მერე გეძახიან როგორც საჭირო არტისტს, მნიშვნელობა აღარ აქვს ამ შემთხვევაში შენს ასაკს. ჯულიეტა, ოფელია – ასეთი როლებიდან რომ გადიხარ, მაშინ დგება ის ასაკი და თან, ეს ყველაფერი ნათამაშები უნდა გქონდეს. ყველაზე რთული, ალბათ, თეატრალურის დამთავრების შემდეგაა – როდესაც ნიჭმა, მონდომებამ, ბედმა ერთად უნდა შეგიწყოს ხელი. მიუხედავად იმისა, რომ წლები გადის, ღელვა, ნერვიულობა, გაურკვევლობა, სულ თან ახლავს ყველა სპექტაკლს. ამ დროს რა მემართება იცი? ვდუნდები. ლაპარაკობენ, მიყვებიან, ვუსმენ კიდეც, მაგრამ რომ მკითხო, რაზე გელაპარაკებოდიო, ვერ გაგცემ პასუხს.

– შენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

– ჩავაბარე თხუთმეტი წლის ასაკში, ცხრამეტი წლისამ თეატრალური დავამთავრე – იმიტომაც მოვასწარი ამდენი რამ (იცინის). ჩვეულებრივ სკოლაში ვსწავლობდი, სადაც სულ თავისუფლად ჩაცმული დავდიოდი – კედები, დახეული ჯინსები... რაც სკოლის დირექტორს საშინლად არ მოსწონდა. დაიბარა მამაჩემი და უთხრა – ან ისე ჩაიცვამს, როგორც ნორმალურ ბავშვს შეეფერება, ანდა სკოლიდან გავუშვებთო. მამაჩემმა უთხრა – ჩემი შვილის თავისუფლება მირჩევნიაო და გადამიყვანა ხელოვნების გიმნაზიაში, საირმეზე. იქ მეცხრე კლასი არ იყო და პირდაპირ მეათეში დამსვეს. მერე ჩავაბარე თეატრალურში გია ანთაძესთან და ერთი წლის შემდეგ მოვიდა ოთარ ეგაძე, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. ბოლოს, მხატვრული კითხვის გამოცდაზე მოვიდა ბატონი გოგი ქავთარაძე და სამუშაოდ წამიყვანა რუსთავის თეატრში. იმ დროს, ალბათ, ამას ბევრი არ დათანხმდებოდა, მაგრამ მერჩივნა, იქ დამეწყო კარიერა კარგი როლებით, ვიდრე აქ ვმჯდარიყავი ტყუილად და მეცადა, როდის დამინახავდნენ. სამ წელიწადში იქ ბევრი კარგი როლი ვითამაშე, ამოვწურე საკუთარი თავი, წამოვედი და მოვედი მუსიკისა და დრამის თეატრში. ის ჩემს ცხოვრებაში სულ არსებობდა, რადგან დედა და მამა მსახიობები არიან. აქ გავიზარდე და, ექვსი წლისამ ვითამაშე პირველად. ახლა ჩემი მშობლები ბედნიერები არიან, რომ შთამომავლობა დატოვეს თეატრში.

– რომელიმე გმირთან თუ აიგივებ საკუთარ თავს?

– ყველა გმირში დევს ჩემი. თუ ამას მსახიობი არ აკეთებს, ესე იგი ცუდად იტყუება. გამორიცხულია, ტკივილზე ილაპარაკო და არ იცოდე, ტკივილი რა არის. საერთოდ, რაც უფრო ემოციურია არტისტი, რაც უფრო მეტი ემოცია აქვს საბარგულში, მით უფრო კარგად გიყვება ამა თუ იმ ამბავს. არ ვიცი, ახლა „სირანო დე ბერჟერაკზე” ამბობენ, შენ ხარო, რაღაცნაირი მშვიდი და გაწონასწორებული...

– არადა, პირიქით მგონიხარ.

– ვისაც სცენაზე ვყავარ ნანახი, ვეღარ იჯერებს, რომ მშვიდი ხასიათის ვარ. კი, მაქვს ჩემი აფეთქებები, მაგრამ, ძალიან დიდი მოთმინების შემდეგ. ყველაზე მეტად, ალბათ, მიუზიკლების გმირებს ვგავარ, რაღაცნაირად ჩემები არიან. მართალია, ახლა აღარ, მაგრამ ადრე სახლში სულ ვღიღინებდი. უშუქობა, უგაზობა, უსახსრობის პერიოდი რომ გვქონდა ქართველებს, ეგ დრო ჩემს ოჯახში სამ ხმაში სიმღერით გადავიტანეთ. სანთელი, იქვე პიანინო, გიტარა, „კერასინკა”, მჟავე, მჭადი... (იცინის).

– განსაკუთრებით ბევრს ლაპარაკობენ შენს პირად ცხოვრებაზე. სულ ამის განხილვაა და ხომ არ გაღიზიანებს ეს მომენტი?

– არ მაღიზიანებს და გეტყვი რატომაც. ჟურნალისტმა ჩემთან ურთიერთობა ამ თემით რომ დაიწყოს ან თავად მე, მაყურებლის წინაშე იმით წარვდგე – აი, მე ის მსახიობი ვარ, ვინც შვიდი წლით უმცროს ბიჭს გაჰყვა ცოლად, ალბათ, ეს გამაღიზიანებელი იქნებოდა. ასე არავის გავუცნივარ. მერე რომ იგებენ, ეს მსახიობი თურმე გიგი ქარსელაძეს გაჰყოლია ცოლად, რომელიც მასზე შვიდი წლით უმცროსიაო, – ეს საინტერესო ხდება და ამაში ცუდი არაფერია.

– ასეთი სიყვარულის ისტორიებზე ფილმებს იღებენ. როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

– სიყვარულიც თეატრში მოვიდა თავისი ფეხით. გიგიც პროფესიით მსახიობია, მაგრამ ახლა უკვე ბიზნესში წავიდა მამასთან ერთად.

– მიხვდა, რომ ბუბას გვერდით ჩრდილში იქნებოდა?

– (იცინის) არა, ასე არ არის. რაღაცნაირი კაცური გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენს სახლში მხოლოდ ბუბა იყოს მსახიობიო და შეეშვა ამ საქმეს. მოკლედ, თეატრის ფოიეში ნაძვის ხეს ვრთავდით. როგორც თვითონ ყვება, შემოვიდა, დამინახა და რაღაც „ნაპერწკლები დაემართა”. გავიცანი ჩვეულებრივად, ისევე როგორც თეატრში მოსული ახალი თაობის წარმომადგენლებს ვეცნობოდი. მერე რაღაცეებს უკვე ვხვდებოდი. ზუსტად ორმოცდათხუთმეტჯერ ნახა „მერი პოპინსი”. მარტო გიგი კი არა, გიორგი ვარდოსანიძე და თორნიკე გოგრიჭიანიც მასთან ერთად მოვიდნენ თეატრში. აჩიკო სოლოღაშვილის მეგობრები იყვნენ და მერე ჩვენც დავმეგობრდით. მოკლედ, მის სიმპათიებს კი ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიღებდი, თუ არ ვიმჩნევდი. მერე უცებ რაღაცამ დამკრა თავში... მთელი თეატრი „მარლენ დიტრიხით” გასტროლებზე იყო ედინბურგში. დავრჩი მარტო და ჩვენმა მეგობარმა რაჭაში ერთად წასვლა შემოგვთავაზა. იქ, როგორც ჩანს, დამეტაკა ჰავაც... რაჭაში მართლა ისეთი ბუნებაა, რომ აუცილებლად რომანტიკულ განწყობაზე გაყენებს, თან, თუ ამის ობიექტიც იქვეა, მით უმეტეს.

– მისი მშობლების მხრიდან პრობლემა არ ყოფილა?

– არც მაინცდამაინც. თან, ერთად ცხოვრების დაწყებას ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი მოჰყვა. იმ პერიოდში იდგმებოდა „მაკბეტი”. მეც ამ დროს დავრჩი ორსულად და „მაკბეტზე” უარი ვთქვი. ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა. ღმერთის საჩუქარია ჩემი შვილი და მერე ამას მეორე საჩუქარიც დაერთო. „მაკბეტი” გაჩერდა და მერე ისევ ვითამაშე. ამ როლს ძალიან ბევრი პრიზი მოჰყვა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. უფრო მნიშვნელოვანის ფასად რაღაცაზე უარის თქმა უნდა შეგეძლოს. მაინც მგონია, რომ კარიერაშიც, საქმეშიც ადამიანი წარმატებული მაშინ ხარ, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შენი წარმატება უხარია. ბედნიერი ხარ, როდესაც გიხარია სახლში მისვლა და სახლიდან წამოსვლა. როცა ეს გაქვს, მერე უკვე ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება. სამსახურშიც ბევრი სანერვიულო რომ იყოს, მოდუნების საშუალება არ გაქვს, რადგან სახლში ის ადამიანები გელოდებიან, ვისაც ძალიან სჭირდები და იგივეა პირიქითაც. გარედან რომ ვუყურებ, ვხვდები, როგორი რთული გასაძლებია ის რეჟიმი, რომლითაც ვცხოვრობ. დილის თორმეტიდან ღამის თორმეტამდე თეატრში ვარ. ყოველდღე ასე არ ხდება, მაგრამ მაინც... წარმოიდგინე, როცა ოჯახის დიასახლისს, ფაქტობრივად, ვერ ხედავ. თავი დავანებოთ იმას, რომ ის შენი ცხოვრების მთავარი აზრი და საყვარელი ქალია, ოჯახის დიასახლისია და მორჩა. ამას რომ უძლებს, ცალკე პრიზი ეკუთვნის...

– ცალკე „დურუჯი”.

– (იცინის) კი. მით უმეტეს, ქართველი კაცის სტერეოტიპიდან გამომდინარე.

– მის გვერდით თავს ბავშვად გრძნობ?

– კი. მე უფრო ვგრძნობ. ოჯახში პატარა ვარ ყველაზე და ეს ძალიან მომწონს.

– მოულოდნელად მოაწერეთ ხელი?

– კი, ცოტა ხნის წინ. სულ ვამბობდით, რა გახდა ბოლოს და ბოლოს, მოვაწეროთ ხელი. უცებ ერთ დღესაც თქვა – წამოდი, ხვალ ხელი მოვაწეროთო. ჩემი მეგობარი დაგვეხმარა ორგანიზებაში და მეორე დღეს ჯინსებში მივედით „კონკაში”. მერე მცხეთაში წავედით და ცისარტყელაც კი გამოჩნდა. რაღაცნაირი, ძალიან ლამაზი დღე იყო.


скачать dle 11.3