30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–19(541)
– როგორ ხარ, შვილო? – ჰკითხა ელენემ შვილს და ჩაეხუტა.
– კარგად, შენ, დედი?
– როგორ ვიქნები შენი დარდით?
– რა დარდით?
– აბა, რა ვიცი. მოვიდნენ, აქ წამოგვიყვანეს და გვითხრეს, ნუ გეშინიათო, მაგრამ არაფერი დაუკონკრეტებიათ, – თქვა ელენემ, შვილი აათვალიერ-ჩაათვალიერა და მხოლოდ მაშინღა შენიშნა შეხვეული მხარი და ჰკითხა, – ხელზე რა გჭირს?
– დამჭრეს, – გაეცინა შორენას.
– დაგჭრეს? სად, როგორ, რატომ? – გაფითრდა ელენე.
– მე თვითონაც არაფერი ვიცი, დედი და, მოდი, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. ძალიან დაღლილი ვარ, მეძინება და დავისვენოთ, – უთხრა შორენამ დედამისს, შემდეგ მამას ჩაეხუტა, მიუალერსა და დასაძინებლად წავიდა.
***
ახალ ფეშენებელურ სახლში შორენა, მისი მშობლები და ჯაბა გაძლიერებული დაცვისა და ქალ-ვაჟ მოსამსახურესთან ერთად ცხოვრობდნენ.
– როგორ გეძინა, დედიკო? ჰკითხა დილით გოგონამ დედას.
– ჭრილობა გტკივა?
– ისე, რა.
– მაინც, რა მოხდა, არ იტყვი?
– ბოლომდე მე თვითონ არ ვიცი.
– რაღაც უცნაურობები ხდება, – მხრები აიჩეჩა ელენემ, – რომელი მთავრობის წევრები ან სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ვართ, რომ დაცვა გვყავს და მოსამსახურეები?
– მინისტრის ნებაა ასეთი.
– მოვიდა.
– ვინ მოვიდა? – ვერ მიხვდა შორენა.
– მინისტრი.
– მინისტრი? – იკითხა შორენამ.
– ჰო, მინისტრი. ნახევარი საათის წინ მოვიდა და ჯაბას ელაპარაკება.
კარზე დააკაკუნეს.
– შემოდი, – დაიძახა შორენამ და საბანი წაიფარა.
ოთახში ერთ-ერთმა მცველმა შემოიხედა და შორენას უთხრა:
– ბოდიშს გიხდით. ჯაბამ თქვა, როდესაც მოწესრიგდება, შემოვიდესო.
– კარგი, მადლობა, – მიუგო შორენამ მცველს და ელენეს მიუბრუნდა:
– არ ვიცი, მართლა არ ვიცი, დედიკო, რა ხდება. ერთი კი ნათელია, რომ მინისტრი ტყუილად არ ახლობლობს ჯაბასთან და ჩემი საქმრო რაღაც ძალიან სერიოზულ ამბავშია გარეული.
– არ ვიცი, მომეჩვენა თუ მართლა ასეა, – მიუგო ელენემ შორენას და ხმადაბლა დაამატა, – მაგრამ, მგონია, რომ მინისტრი ჯაბაზე დაბლა დგას.
– რაო, რა თქვი? – გაუკვირდა შორენას.
– მინისტრი და ჯაბა რომ შეხვდნენ ერთმანეთს და ხელი ჩამოართვეს, მინისტრის თვალებში ხელქვეითის გამომეტყველება ამოვიკითხე.
– კარგი რა, დედიკო, – გაეცინა შორენას და ელენეს ჩაეხუტა, – სად ჯაბა და სად მინისტრი. მინისტრი ჯაბას ხელქვეითი როგორ უნდა იყოს? ალბათ, მოგეჩვენა. არ გეწყინოს, მაგრამ ასე მგონია. აბა, შენ თვითონ დაფიქრდი.
– ნუ იტყვი, შვილო, ნუ იტყვი, – მიუგო ელენემ ქალიშვილს, – ადამიანებთან ურთიერთობების მდიდარი გამოცდილება მაქვს და იშვიათად ვცდები. უფრო სწორად, ჯერ არ შევმცდარვარ.
– დავუშვათ, მართალი ხარ, მაშინ, რა გამოდის?
– ის გამოდის, შვილო, რომ ჯაბასა და მინისტრს სხვა, მეორე და საიდუმლო ცხოვრება აქვთ, სადაც შენი საქმრო მინისტრზე მაღლა დგას.
– სხვა, საიდუმლო ცხოვრება? – გაიმეორა შორენამ.
– კი.
– მაინც რა სხვა საიდუმლო ცხოვრება, შენ რას ფიქრობ?
– მაგაზე ჯერჯერობით არ დავფიქრებულვარ.
– რამე ცუდი შეიძლება იყოს?
– თეორიულად – კი, – თავი დააქნია ელენემ, – მაგრამ არ მგონია, რომ ჯაბა და მინისტრი ცუდ საქმეში იყვნენ გარეულები.
– აბა, რა უნდა იყოს მათი საიდუმლო ცხოვრება, ვის და რას უნდა ემსახურებოდნენ?
– ერს! – მტკიცედ მიუგო ელენემ.
– ერს?
– ჰო, ერს. გამორიცხული არაა, რომ ისინი რამე საიდუმლო ეროვნული ორგანიზაციის წევრები იყვნენ და საამისოდ თავიანთ გავლენას და თანამდებობას იყენებდნენ.
– მინისტრი კიდევ ჰო, მაგრამ, ჯაბას რა თანამდებობა და გავლენა აქვს? – მხრები აიჩეჩა შორენამ.
– საიდუმლო თანამდებობა, – თქვა ელენემ და დაამატა: – და, აქედან გამომდინარე – გავლენაც.
– რას ამბობ, დედიკო, რა საიდუმლო თანამდებობა შეიძლება ჰქონდეს ისეთ ახალგაზრდა კაცს, როგორიც ჯაბაა, ან, ვის უნდა მიეცა მისთვის ეს თანამდებობა?
– ღმერთს! – მოკლედ და მტკიცედ მოუჭრა ქალიშვილს ელენემ.
– ღმერთს? – გაიმეორა გაოცებულმა შორენამ.
– ჰო, ღმერთს. თუ ყველაფერი ისეა, როგორც მე ვფიქრობ, მაშინ შენი საქმრო ღმერთის რჩეულია და შენ ღვთის რჩეულის ცოლი გახდები.
– შენ მე მაშინებ, დედიკო, – უთხრა შორენამ, – ისეთ რამეებზე ლაპარაკობ, რაც მე არ მესმის.
– ასეთი რამ ბოლომდე მხოლოდ ღმერთმა იცის, შვილო, და შეიძლება, განდობილიც კი ვერ ჩასწვდეს მას სრულად.
– განდობილი? – გაიმეორა შორენამ, რადგან სიტყვის მნიშვნელობას ვერ მიხვდა.
– ჰო, შვილო, განდობილი. განდობილი იგივე ღვთის რჩეულია, მაგრამ განდობილიც კი ვერ აღწევს ხოლმე ბოლომდე სრულყოფილებას, სცოდავს და ამით თავის დანიშნულებას კარგავს. თუმცა, ჯაბას შემთხვევაში იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თავის მისიას ბოლომდე შეასრულებს და ამაში მას შენ უნდა დაეხმარო.
– ვერ ვხვდები, რას მეუბნები, მაგრამ ასე მგონია, რომ წინ ძალიან რთული, ფათერაკებით აღსავსე და საშიში ცხოვრება მელოდება.
– ალბათ, ესაა შენი მისია და ღირსეულად უნდა შეასრულო.
– რა, რა უნდა შევასრულო?
– რა და, – ელენემ ქალიშვილს გაუღიმა, – თუკი მე მართალი ვარ, მაშინ ამას მალე გაიგებ. ახლა კი მოწესრიგდი და გადი.
შორენა ადგა და სააბაზანოში შევიდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ კი უკვე მზად იყო და ჯაბას ოთახის კარი შეაღო, სადაც მისი საქმრო მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.
– შეიძლება? – იკითხა შორენამ და ზღურბლს გადააბიჯა.
– მოდი, – მიუგო ჯაბამ, მინისტრი კი ფეხზე წამოდგა, შორენას ხელზე ეამბორა, სავარძელთან მიიყვანა, ჩასვა და უთხრა:
– როგორ ხარ, შორენა, როგორ გეძინა, როგორ მოგწონს აქაურობა და, რაც მთავარია, ჭრილობა როგორ გაქვს?
– ჭრილობას არა უშავს, აქაურობა კი ჯერ არ დამითვალიერებია, რადგან წუხელ, მოვედი თუ არა, დავიძინე, გავიღვიძე თუ არა, მაშინვე აქ მოვედი, – მიუგო შორენამ მინისტრს.
– ეგ არაფერი, მოასწრებ. აქ კი იმიტომ მოგიწვიეთ, ჩემო კარგო, რომ მომავალზე დავილაპარაკოთ, – უთხრა მინისტრმა გოგონას.
– გისმენთ, ბრძანეთ, – გაუღიმა შორენამ მინისტრს.
მინისტრმა ჯერ ჯაბას შეხედა და შორენას მოეჩვენა, რომ მან ჯაბასგან ნებართვა აიღო, შემდეგ გოგონას გაუღიმა და უთხრა:
– ბევრი ლაპარაკით თავს არ შეგაწყენ და მხოლოდ იმას გეტყვი, რომ უახლოეს ხანში შენ ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნების მეუღლე გახდები და განსაკუთრებული მისია დაგეკისრება, რასაც, დარწმუნებული ვარ, თავს წარმატებით გაართმევ. საქმე ისაა, რომ მე და ჯაბა საიდუმლო სახელმწიფო დავალებას ვასრულებთ. შენ ნუ უყურებ იმას, რომ მე მინისტრი ვარ. ჩვენ ერის კეთილდღეობისთვის ვზრუნავთ. სწორედ ამიტომ მოხდა გუშინდელი ინციდენტი, რასაც შენი დაჭრა მოჰყვა და სხვა ინციდენტებიც. ამიტომ, შენ მტკიცე და ღირსეული უნდა იყო, რომ შენს მეუღლესთან ერთად შეასრულო ეს რთული მისია. რას იტყვი, შეძლებ?
შორენას გაეცინა და მინისტრს მიუგო:
– სიყვარული ყველაფერს შეგაძლებინებს ადამიანს.
– ჰოდა, ძალიან კარგი, – თქვა მინისტრმა, – მე ვიცი, რომ ჯაბა შენ ძალიან გიყვარს და შენი პასუხი დადებითად უნდა ჩავთვალოთ.
– რა თქმა უნდა, დადებითად უნდა ჩავთვალოთ, მაგრამ, შეიძლება, ერთი კითხვა დავსვა? – თქვა შორენამ.
– ბრძანე, – მიუგო მინისტრმა.
– მე არ უნდა ვიცოდე, რა სახელმწიფო დავალებაზეა ლაპარაკი?
– ამ ეტაპზე არა, – თქვა მინისტრმა, – მაპატიე, შორენა, მაგრამ, ახლა ასეა საჭირო და ნუ გეწყინება.
– მე თვითონ რომ გამოვიცნო? – გაიცინა შორენამ და ჯაბასა და მინისტრს ეშმაკური მზერა შეავლო.
– როგორ უნდა გამოიცნო? – გაუკვირდა მინისტრს და ჯაბას გადახედა.
– არ ვიცი, მაგრამ, რომ გამოვიცნო?
– აბა, მიდი, – უთხრა ჯაბამ.
– ვცადო? – ჰკითხა შორენამ მინისტრს.
– კი ბატონო, სცადე, – მიუგო მინისტრმა.
შორენა წამით ჩაფიქრდა, დედამისის სიტყვები გონებაში გაიმეორა და დაიწყო:
– ჩემი აზრით, თქვენ საიდუმლო ეროვნული ორგანიზაციის წარმომადგენლები ხართ და, მიუხედავად იმისა, რომ ჯაბა ძალიან ახალგაზრდაა, სწორედ ისაა ხელმძღვანელი, მინისტრი და სხვა დანარჩენები კი – მისი ხელქვეითები და, რაც მთავარია, ჯაბა ღვთის რჩეულია!
შორენას სიტყვებმა უდიდესი ეფექტი მოახდინა. მინისტრმა კი, რომელსაც ეგონა, რომ ეს ყველაფერი შორენას თავისმა საქმრომ უთხრა, ჯაბას მიაპყრო გაოცებული მზერა.
– მერწმუნე, რომ რაც ახლა შორენამ თქვა, – უთხრა ჯაბამ მინისტრს, – მეც პირველად მესმის და მისთვის არაფერი მითქვამს.
– ჯაბა მართალია, მას ჩემთვის არაფერი უთქვამს, – უთხრა შორენამ მინისტრს.
– აბა, საიდან იცი ეს ყველაფერი? – თავი ვერ შეიკავა მინისტრმა.
– ესე იგი, რაც ვთქვი, სიმართლეა? – გაიცინა შორენამ.
– საიდან იცი? – გაიმეორა მინისტრმა.
– ჯერ ჩემს კითხვას უპასუხეთ, – თქვა შორენამ.
– მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებ, მაგრამ, საიდან იცი?
– ვიცი...
– საიდან იცი, ვინ გითხრა? – არ ცხრებოდა მინისტრი.
შორენამ კი, რომელიც დარწმუნდა, რომ დედამისმა ყველაფერი ზუსტად გაშიფრა, ისევ ეშმაკური მზერა შეავლო ჯაბასა და მინისტრს და თქვა:
– მართალია, ჯაბა განდობილია და დიდი მისია აკისრია, მაგრამ, ზოგჯერ განდობილებიც სცოდავენ და, ჯაბასაც ასე რომ არ მოუვიდეს და მისია არ ჩააფლავოს, მე მას ყოველმხრივ დავუდგები გვერდში.
– საიდან იცი, შორენა, ეს ყველაფერი, მამაშენისგან? – წამოიძახა მინისტრმა.
მინისტრის სიტყვებიდან შორენა მიხვდა, რომ მამამისი, იგივე მამა სერაფიმეც განდობილი იყო და მინისტრს მიუგო:
– არა, მამაჩემს არაფერი უთქვამს.
– აბა, ვინ გითხრა?
– ჩემით მივხვდი, – თქვა შორენამ.
– არა, ამას შენით ვერ მიხვდებოდი. არ გეწყინოს, მაგრამ ვერ მიხვდებოდი, – უთხრა მინისტრმა შორენას და გაიმეორა: – ვინ გითხრა?
– ქალბატონმა ელენემ, – თქვა ჯაბამ.
– მართალია... სულ დამავიწყდა, – თქვა მინისტრმა, – ქალბატონი ელენე არც გამხსენებია. მან გითხრა, ხომ?
– მოდი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, – მისსავე სტილში მიუგო შორენამ მინისტრს, გაუღიმა და გაჩუმდა.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ორიოდე წუთს გაგრძელდა. შემდეგ შორენამ იკითხა:
– თავისუფალი ვარ? შემიძლია, წავიდე?
– მოიცა, შორენა, – გააჩერა მინისტრმა გოგონა, – მთავარი სათქმელი არ გვითქვამს.
– კიდევ დარჩა რამე?
მინისტრმა შორენას გაუღიმა და ჰკითხა:
– ჯაბას ცოლობა ხომ არ გადაგიფიქრებია?
– ჯაბას თუ არ გადაუფიქრებია, რა თქმა უნდა, არც მე.
– ჯაბას არ გადაუფიქრებია, – თქვა მინისტრმა.
– ჰოდა, არც მე, – გაიმეორა შორენამ.
– მაშინ, თუ ასეა, ჩემო შორენა, ხვალ, კვირას, შენ და ჯაბა ჯვარს იწერთ და მოემზადე. რამდენიმე საქორწინო კაბას მოგიტანენ და შეარჩიე. აქვე გაახლებენ სამკაულებსაც და რომელსაც ხელს დაადებ, შენია, – უთხრა შორენას მინისტრმა და გაუღიმა.
– ჯვარს სად ვიწერთ? – იკითხა გახარებულმა და აღელვებულმა შორენამ.
– მამა დავითის ეკლესიაში, – მიუგო მინისტრმა, – ჯვარს კი, როგორც ადრე იყო ნათქვამი, მამა სერაფიმე დაგწერთ. ახლა კი უნდა წავიდე.
– უკვე მიდიხართ? – ჰკითხა აღელვებულმა და უზომოდ ბედნიერმა შორენამ მინისტრს, რომელიც სავარძლიდან ღიმილით წამოდგა, შორენას ხელზე ეამბორა და უთხრა:
– სამწუხაროდ, უნდა დაგტოვოთ, მაგრამ, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს, ჯვრისწერასა და საქორწილო სუფრაზე.
– სუფრაც იქნება? – წამოიძახა შორენამ.
– აბა, რომელი ჯვრისწერა ჩატარებულა სუფრის გარეშე? – თქვა მინისტრმა.
– კი მაგრამ, ჩვენ ხომ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, – მიუგო შორენამ.
– მერე რა, – გაეცინა მინისტრს, – აბა, რისთვის მყავს ჩემი არწივები, თუკი მათ უსაფრთხოების დაცვა ვერ შეძლეს? მოკლედ, ყველაფერი რიგზე იქნება. ხვალისთვის მოემზადეთ, მე კი წავედი.
ჯაბას და შორენას მინისტრი არ გაუცილებიათ. როდესაც მან იქაურობა დატოვა და კარი გაიხურა, ჯაბამ გოგონას უთხრა:
– როგორ ხარ?
– შენ? – კითხვა შეუბრუნა შორენამ.
– დიდი ბედნიერების მოლოდინში, ესე იგი, კარგად, – თქვა ჯაბამ.
– მეც, – მიუგო შორენამ.
– ჭრილობა როგორ გაქვს?
– კარგად.
– რაც წეღან თქვი, მართლა დედაშენმა გითხრა?
– ჰო.
– ნეტავ, საიდან გაიგო?
– შეგამჩნიათ.
– შეგვამჩნია?
– კი, შეგამჩნიათ.
– როგორ?
– ასე მითხრა, როდესაც მინისტრი და ჯაბა ერთმანეთს ხელს ართმევდნენ, მინისტრის თვალებში ხელქვეითის მორჩილება შევამჩნიეო და შემდეგ თავისი დასკვნებიც ამ ფაქტზე ააგო.
– ჭკვიანი ქალია დედაშენი. სასიამოვნოა ასეთი სიდედრის ყოლა.
– უფრო სასიამოვნოა, როცა ასეთი დედა გყავს, – დაამატა შორენამ.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც თითქმის ხუთ წუთს გაგრძელდა, ბოლოს ჯაბამ შორენას ჰკითხა:
– გიყვარვარ?
– მიყვარხარ. შენ?
– მეც მიყვარხარ, – მიუგო ჯაბამ, – რაც არ უნდა მოხდეს, მიერთგულებ?
– ჰო. შენ?
– მეც, – თქვა ჯაბამ და ჰკითხა, – რომ მოვკვდე, მაინც?
– რა თქმა უნდა. შენ?
– შენ ღმერთმა დაგიფაროს სიკვდილისგან, – თქვა ჯაბამ.
– შენც ღმერთმა დაგიფაროს.
– გინდა, ერთი საიდუმლო გაგანდო?
– მინდა, – უთხრა შორენამ ჯაბას და გაუღიმა.
– იცი, ვინ არის მინისტრი? უფრო სწორად, ვისი შვილია?
– საიდან მეცოდინება, – მიუგო შორენამ და დაამატა, – მამამისის შვილი იქნება, ალბათ.
– მეც სწორედ მანდ ვარ. იცი, ვინ არის მამამისი?
– არა.
– არადა, შენ, ისევე, როგორც მე, მას ძალიან კარგად იცნობ.
– კარგად ვიცნობ?
– თანაც, ძალიან კარგად.
– აღარ იტყვი, ვინ არის?
– ვინ და, გენერალი სპირიდონ ჯაყელი, – თქვა ჯაბამ.
– ვინ ჯაყელი, ლუქსელი გიჟი?
– ჰო.
– მაგრამ, მინისტრი რომ ჯაყელი არაა?
– ბებიის გვარზეა.
– რატომ, ჯაყელობა ითაკილა?
– არა, მაგრამ, ის ბებიის გვარზე გამზრდელმა მამიდამ გადაიყვანა, რომ ბავშვს პრობლემები არ შეჰქმნოდა, ნორმალურ ვითარებაში გაზრდილიყო და მისთვის არავის შეეხსენებინა წარსული.
– ისეთი რა წარსული ჰქონდა?
– რა და, ის და მისი და დედამისმა სახლიდან წაიყვანა საყვარლის გამო და საყვარელთან ჩხუბის შემდეგ თავისი ბავშვები დანით დაჩეხა. მისი და დაიღუპა, თვითონ კი სიკვდილს გადაურჩა და, როცა გამოჯანმრთელდა, მამიდამ წამოიყვანა და გაზარდა.
– შენ რა იცი?
– ნაწილი საგიჟეთში გავიგე, როდესაც მე ედუარდ შევარდნაძე ვიყავი და ჩემი „დროებითი მთავრობის“ წევრებს თავიანთ ბიოგრაფიებს ვაყოლებდი. სწორედ მაშინ მიამბო ჯაყელმა თავისი ისტორია. მეორე ნაწილი კი წეღან თვითონ მინისტრმა მომიყვა.
– მინისტრმა?
– ჰო, მინისტრმა. მე მას ვუთხარი, ერთ კაცს ძალიან ჰგავხარ-მეთქი და თვითონვე მკითხა, გენერალ ჯაყელს, საგიჟეთში რომ წევსო?
– მართლაც როგორ ჰგავს მინისტრი იმ საცოდავს, – თქვა შორენამ და ჯაბას ჰკითხა: – ამხელა თანამდებობისა და გავლენის კაცია და, ნუთუ არ შეუძლია, მამამისი უკეთეს პირობებში მოათავსოს?
– მეც ეგ ვუთხარი, მაგრამ მითხრა, სადაც ახლა მამაჩემია, ყველაზე საუკეთესო სწორედ ეგაა მაგისთვის და, უკეთეს პირობებში რომ მოვათავსო, მოკვდებაო.
– პრინციპში, სწორია, – თქვა შორენამ, – თავის სტიქიაშია, 30 თებერვალს ელოდება, იმედი აქვს, რომ ის დღე დადგება და გარეთ გამოვა. ამის გარეშე რომ გამოიყვანო და კარგ პირობებში მოათავსო, შეიძლება, ისეთ დეპრესიაში ჩავარდეს, რომ თავი მოიკლას, ამიტომ, სჯობია, ისევ იქ იყოს და 30 თებერვალს ელოდოს.
– მეც მასე ვფიქრობ, – დაეთანხმა ჯაბა.
კარზე დააკაკუნეს.
– შემოდი! – დაიძახა ჯაბამ და კარი გაიღო. ოთახში მამა სერაფიმე შემოვიდა და ქალ-ვაჟს მიესალმა:
– გამარჯობა, შვილებო, როგორ ხართ?
– თქვენ როგორ ბრძანდებით? – მიუგო სასიმამროს ჯაბამ, შორენა კი მას ჩაეხუტა და უთხრა:
– როგორ ხარ, მამიკო?
– კარგად, შვილო, თქვენ?
– ჩვენც კარგად, – მიუგო შორენამ.
– აღსარებებს ვიბარებდი და შემაგვიანდა. რაო, რა თქვა მინისტრმა?
– ჯვრისწერაზე გველაპარაკა.
– ესე იგი, – მამა სერაფიმემ ჯერ ჯაბას გახედა, შემდეგ კი შორენას მიუბრუნდა, – ყველაფრის საქმის კურსში ხართ.
– ჰო, ყველაფრის და, ძალიან მიხარია, რომ სწორედ შენ დაგვწერ ჯვარს.
– მეც მიხარია, სხვა რა ხდება?
– მამიკო, მამიკო, – თქვა შორენამ, – მე და ჯაბა ჩვენი მინისტრის მამას ვიცნობთ.
– სპირიდონ ჯაყელს? – გაეცინა მამა სერაფიმეს.
– შენც იცოდი? – გაოცება ვერ დამალა შორენამ.
– მარტო ეგ? – თქვა სერაფიმემ.
– აბა, კიდევ რა იცი?
– რა და, ის, რომ პროფესორ ჯაშის ოჯახი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იციან, რომ პანტე ცოცხალია, ხოლო ჯემალ ჯიოშვილის ცოლ-შვილი და რძალ-შვილიშვილები კი ესპანეთში დასახლდნენ და არც მათ იციან, რომ ჯემალი ცოცხალია, – თქვა სერაფიმემ.
– როგორ?! – წამოიძახა ჯაბამ, რომელიც მანამდე უხმოდ უსმენდა სასიმამროს, – ისინი ცოცხლები გადაურჩნენ ბერმუდის სამკუთხედში მომხდარ კატასტროფას?
– ჰო, გადარჩნენ.
– თქვენ ეს საიდან იცით?
– ჰმ, – ჩაეცინა სერაფიმეს და ჯაბას უთხრა, – შენ გავიწყდება, რომ მე „კაგებეს“ ყოფილი გენერალი ვარ და ასეთი ამბების ცოდნა ჩემი მოვალეობა იყო. მით უმეტეს, რომ მეუფე გაბრიელით ვიყავით მაშინ დაინტერესებულები და ყველას ბიოგრაფიები შევასწავლეთ, ვინც კი მის გვერდით ტრიალებდა. გაბრიელი, ჯაში, ჯაყელი და ჯიოშვილი რომ საგიჟეთში მოათავსეს, მე ჯერ კიდევ „კაგებეში“ ვმუშაობდი და ეს ყველაფერი იქიდან ვიცი.
– შეიძლება, ერთი რამ გკითხოთ? – თქვა ჯაბამ.
– მკითხე, – მიუგო სერაფიმემ.
– სიმართლე მითხარით, მამაო, ამ საცოდავების ოჯახებს თქვენ პატრონობდით?
– დიახ, მე ვპატრონობდი, – მიუგო სერაფიმემ.
– მინისტრსაც თქვენ გააკეთებინეთ კარიერა?
– კი, მე გავაკეთებინე.
– რატომ არ შეახვედრეთ ისინი თავიანთ ოჯახებს?
– თავიდან იმიტომ, რომ უწყებრივი ინტერესები არ გვაძლევდა ამის უფლებას. ახლა კი აზრი არ აქვს – ოცდაათი წელი გავიდა და ბევრი რამ დავიწყებას მიეცა. თანაც, გიჟები რომ თავიანთი ოჯახის წევრებს შეხვდნენ, შეიძლება, ამან უარყოფითად იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ჯობია, ისევ თავიანთ სამყაროში იყვნენ და 30 თებერვალს ელოდონ, – მიუგო სერაფიმემ ჯაბას.
ჯაბამ არაფერი უთხრა სასიმამროს და ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანა, გუნებაში კი ერთი იდეა დაებადა, რომლის განხორციელებაზე ფიქრიც იქვე დაიწყო...
***
შორენას და ჯაბას ჯვრისწერამ მშვიდად ჩაიარა. იქაც და საქორწილო სუფრის დროსაც, წესრიგს ორმოცდაათი საგანგებოდ გაწვრთნილი და გადაცმული სპეცრაზმელი იცავდა, რომლებიც მინისტრის დავალებით მოქმედებდნენ. სუფრას მინისტრი თამადობდა, რომელიც იმდენად მჭევრმეტყველი აღმოჩნდა, რომ სტუმრები გაოცებას ვერ მალავდნენ.
– ახლა კი, ჩემო ძვირფასებო, – თქვა მინისტრმა, რომელსაც ლიტრნახევრიანი, ღვინით სავსე ყანწი ეკავა ხელში, – ამ სასმისით ისევ ჩვენს ძვირფას ახალდაქორწინებულებს გაუმარჯოთ და ვუსურვოთ მათ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და გამრავლება. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, ექვსი ვაჟი და ექვსი ქალი შესძენოდეთ. მოდი, მათ გზა დავულოცოთ ბედნიერებისკენ!
მინისტრის სადღეგრძელო სუფრის დასრულების ნიშანი იყო და, სანამ ყველა სტუმარი შესვამდა, ახალდაქორწინებულები სუფრიდან ადგნენ, რამდენიმე გადაცმული მცველის თანხლებით რესტორნიდან გავიდნენ და სპეციალურ „ლიმუზინში“ ჩასხდნენ, რომელიც მინისტრის ბრძანებით საგანგებოდ მოიყვანეს მძღოლიანად.
– წავედით! – უთხრა ჯაბამ მძღოლს.
– საით წავიდეთ? – იკითხა მძღოლმა და „ლიმუზინი“ დაქოქა.
– სახლში, – თქვა ჯაბამ.
„ლიმუზინი“ ადგილიდან დაიძრა და მას ოთხი „ჯიპი“ გაჰყვა, რომლებშიც სპეცრაზმელები ისხდნენ.
– ბედნიერებას გილოცავთ! – უთხრა ქალ-ვაჟს „ლიმუზინის“ მძღოლმა, თან სარკეში გაიხედა და „ჯიპების“ განლაგება შეათვალიერა.
– დიდი მადლობა, – ერთდროულად მიუგეს მძღოლს ჯაბამ და შორენამ.
„სამადლობელი არაფერია“, – ირონიულად გაიფიქრა გუნებაში „ლიმუზინის“ მძღოლმა, უცებ აირწინაღი გაიკეთა სახეზე, თან, პატარა კაფსულას მოხსნა თავი, რომელშიც დასაძინებელი გაზი იყო მოთავსებული და შორენასა და ჯაბას დაუგდო ფეხებთან.
„ლიმუზინი“ ტრასაზე იყო გასული, როდესაც მძღოლმა სისწრაფეს უმატა. უცებ მისი საბარგულის მხრიდან რვა ცალი ხელყუმბარა გამოცვივდა, ოთხივე „ჯიპი“ ააფეთქა, გადააყირავა და ახალდაქორწინებულები დაცვის გარეშე დარჩნენ.
– ესეც ასე, – თქვა „ლიმუზინის“ მძღოლმა, რომელმაც ჩაძინებულ წყვილს გადახედა, სისწრაფეს კიდევ უფრო უმატა და რაციაში ჩაილაპარაკა:
– ყველაფერი რიგზეა, ობიექტები პარალიზებულები არიან. მოვდივარ...
– ყოჩაღ, გილოცავ წარმატებას, დათქმულ ადგილზე მოდი, გელოდები, – უპასუხეს მძღოლს რაციაში და კავშირი შეწყდა.
„ლიმუზინმა“ კიდევ სამი კილომეტრი გაიარა თბილისის გარეუბანში და ახალაშენებულ სახლთან გაჩერდა, მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და იქვე მდგომები ხელით მიიხმო:
– ჩქარა, გადმოიტანეთ და აქედან მოვუსვათ!
– დარდი ნუ გაქვს, არწივო, – ერთ-ერთმა დამხვდურმა მხარზე ხელი დაკრა „ლიმუზინის“ მძღოლს, – ვერტმფრენი გვყავს და ისე გავქრებით აქედან, რომ ხუთ წუთში ჩვენი „დუხიც“ არ იქნება.
– ვერტმფრენი კარგია, – ჩაილაპარაკა მძღოლმა და ქალ-ვაჟს გადახედა, რომლებიც დამხვდურებს ვერტმფრენისკენ მიჰყავდათ. შემდეგ, „ლიმუზინის“ მძღოლი შეტრიალდა და პირველ დამხვდურს უთხრა:
– დავალება შევასრულე, დროა, ჩემი მივიღო.
– დროა, დროა, – ჩაეცინა დამხვდურს და მიუგო, – შენსას აუცილებლად მიიღებ.
– მოიტა, აქაურობას დროზე უნდა გავეცალო, – თქვა „ლიმუზინის“ მძღოლმა და ხელი გაიშვირა, მეჩქარება.
დამხვდურმა მაყუჩიანი პისტოლეტი ამოაცურა, „ლიმუზინის“ მძღოლს სამი ტყვია ესროლა თავში და დააყოლა:
– აი, შენიც მიიღე. მოღალატის ფასი გახვრეტილი კაპიკიანიც კი არაა.
მკვლელმა პისტოლეტი შეინახა, ვერტმფრენთან მივიდა და იქ მსხდომებს უთხრა:
– რა ქენით, დაასრულეთ მომზადება?
– ყველაფერი რიგზეა და გასაფრენად მზად ვართ, – მიუგო ვერტმფრენის პილოტმა.
– კარგი. ახლა კი აფხაზეთისკენ მოვუსვათ.
***
როდესაც „ლიმუზინის“ თანმხლები ოთხივე „ჯიპი“ ამოყირავდა და მძღოლმა ახალდაქორწინებულები გაიტაცა, მინისტრის პეიჯერზე განგაშის სიგნალი შემოვიდა.
– რაშია საქმე? – ჩაილაპარაკა მინისტრმა, რომელიც ჯერ კიდევ სუფრის თავში იდგა და სმის პროცესს ადევნებდა თვალყურს. შემდეგ ტელეფონი გაშალა და სპეცრაზმის უფროსს დაურეკა და უთხრა:
– რა ხდება?
– ტრასაზე აგვაფეთქეს და ობიექტები გაგვტაცეს, მაგრამ, დევნას განვაგრძობთ, სიგნალი მოგვდის და მათ ადგილმდებარეობას მოვძებნით, – მიუგო მინისტრს სპეცრაზმის მეთაურმა.
– საკუთარი სიცოცხლით აგებ პასუხს, გამოვდივარ, – მიუგო მინისტრმა, ტელეფონი გათიშა, სუფრა დატოვა და თანმხლებ დაცვის უფროსს უთხრა:
– სასწრაფოდ გამოიძახეთ „ალფა“, „სპეცნაზთან“ ჰქონდეთ კავშირი. თავდაცვის სამინისტროც ფეხზე დააყენეთ, რომ ყველა შესასვლელ-გამოსასვლელი გადაკეტონ თბილისიდან.
– არის, – მიუგო მინისტრს დაცვის უფროსმა.
– მოიცა, მოიცა, – დაამატა მინისტრმა, – ჯარმა საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრებიც ჩაკეტოს. განსაკუთრებით კი აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებას მიაქციონ ყურადღება. გაიგე?
– გავიგე, ბატონო მინისტრო, ახლავე დავუკავშირდები, – მიუგო დაცვის უფროსმა მინისტრს, სპეცკავშირის მინი-ტელეფონი ამოაცურა და ნომერი აკრიფა, მინისტრმა კი მას უთხრა:
– წამოდი, მანქანაში ჩაჯექი და იქიდან დაელაპარაკე, რომ მეც მოვისმინო.
მინისტრი და მისი დაცვის უფროსი მინისტრის დაჯავშნული „მერსედესის“ უკანა სავარძელზე მოკალათდნენ, წინ ერთ-ერთი პირადი მცველი დაჯდა და მანქანა ადგილიდან დაიძრა.
– გარეუბნისკენ წადი! – უბრძანა მინისტრმა მძღოლს, თავად კი დაცვის უფროსს მიაპყრო მზერა, რომელიც თავდაცვის მინისტრს ელაპარაკებოდა.
– სასწრაფო განგაშია გამოცხადებული და ბრძანება გაეცით, რომ საქართველოს ყველა ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტონ, განსაკუთრებით კი აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებებს მიაქციონ ყურადღება, – უთხრა დაცვის უფროსმა თავდაცვის მინისტრს.
– შენ ვინ ხარ, რომ ბრძანებას გასცემ, – მიუგო თავდაცვის მინისტრმა დაცვის უფროსს და კავშირი უნდა გაეთიშა, მაგრამ ყურმილი მინისტრმა გამოართვა და თავის სამხედრო კოლეგას უთხრა:
– ვერ მცნობ?
– ბოდიში, ეს თქვენ ხართ? ისე ვარ დაღლილი, რომ აზროვნების უნარი დავკარგე, – თავი იმართლა სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა.
– ჰოდა, მთელი ძალები მოიკრიბე და სასწრაფო განგაში გამოაცხადე. გადაკეტეთ ყველა საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზები და ქვეყნიდან არავინ გაუშვათ. ქვეყნიდან ქალ-ვაჟის გაყვანა უნდათ ჩვენს მტრებს და თუ ეს მოახერხეს, იცოდე, საკუთარი სიცოცხლით აგებ პასუხს!
– გასაგებია.
– ჰოდა, თუ გასაგებია, სასწრაფოდ შეასრულე და ჩემთან კავშირზე იყავი. თუკი რამე სიახლე იქნება, იმწამსვე დამიკავშირდი! – უთხრა თავის სამხედრო კოლეგას მინისტრმა, ტელეფონი გათიშა და დაცვის უფროსს მიუბრუნდა.
– ამათ ასე უნდა ელაპარაკო, სხვა გზა არაა, თორემ, თუ მიუშვი, ქვეყანას დაღუპავენ.
მინისტრის მანქანა თბილისის გარეუბანში გაჩერდა, სადაც „ალფა“ და სპეცრაზმელები შეკრებილიყვნენ.
– რა სიახლეა? – იკითხა მინისტრმა, რომელიც სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა შეკრებილებს.
– „ლიმუზინი“ და მოკლული მძღოლი აღმოვაჩინეთ, ბატონო მინისტრო, – მოახსენა სპეცრაზმის მეთაურმა მინისტრს, – როგორც ჩანს, თავიდან მოიშორეს და თვითონ ვერტმფრენით წავიდნენ. ამაზე მიანიშნებს მიწაზე აღმოჩენილი კვალი.
– როგორ ფიქრობთ, რამდენი ხნის წინ აფრინდნენ?
– მაქსიმუმ, თხუთმეტი წუთის წინ, – მიუგო მინისტრს სპეცრაზმის უფროსმა.
მინისტრმა სპეცკავშირის ტელეფონზე დარეკა და თავის სამხედრო კოლეგას უთხრა:
– განსაკუთრებულად აკონტროლეთ ჰაერი. გატაცებულები, სავარაუდოდ, ვერტმფრენით გადაჰყავთ და, თუ გაუშვებთ, ყველას თავებს წაგაცლით. გასაგებია?
– გასაგებია, – მიუგო სამხედრო უწყების მეთაურმა.
მინისტრი სპეცრაზმის უფროსს მიუბრუნდა და უთხრა:
– ვერტმფრენი სადაა?
– აი, უკვე ჯდება, – მიუგო თავის შეფს სპეცრაზმის უფროსმა და ვერტმფრენისკენ გაიშვირა ხელი, რომელიც თითქმის უხმოდ ეშვებოდა ქვევით.
– მოკლედ მომახსენე, რა მოხდა, – უთხრა მინისტრმა თავის ხელქვეითს.
– „ლიმუზინიდან“ ხელყუმბარები გადმოცვივდა, აგვაფეთქეს და გაგვექცნენ, – მოკლედ მიუგო მინისტრს სპეცრაზმის მეთაურმა.
– რატომ არავინ გაჰყევით?
გაგრძელება შემდეგ ნომერში