კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაინც მოიპარეს

ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. მოწოდებით დამნაშავე არასდროს ვყოფილვარ – არც განათლება მიწყობდა ხელს, არც წარმომავლობა და არც სიტუაცია. სიტუაციას მაინც, დიდი მნიშვნელობა აქვს. პატიოსნებაზე თავს ვერ დავდებ – ტყუილის თქმასაც არ ვთაკილობ, კარგი გასამრჯელოს ფასად. ჩემს ტყუილს კი საკმაოდ კარგი ფასი აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ და ხშირად მთხოვენ აზრის გამოთქმას რომელიმე შედევრის ორიგინალობასთან დაკავშირებით. აი, მაგალითად, ერთმა მილიონერმა, პულვერმა, რუბენსი შეიძინა სულ რაღაც 150 ათას დოლარად. მერე გაიგო, რომ რუბენსის ასლებს ყველაზე ხშირად და კარგად ხატავენ თაღლითები და შეშფოთებულმა ჩვენს ნაციონალურ მუზეუმს მიმართა დახმარებისთვის. რა თქმა უნდა, არალეგალურად და განსაკუთრებული გასამრჯელოს გათვალისწინებით... სამნი ვიყავით: მე, ლუი კენდალი – ხელოვნებათმცოდნე ექსპერტი და უოლტერ ჯეიმსონი. სწორედ ჯეიმსონმა თქვა, უნიჭო ასლიაო...

– როგორ გეკადრებათ, ახალგაზრდავ?! – გადაირია პროფესორი კენდალი, – რუბენსი ჩემი პროფილია. რამდენიმე ნაშრომი მივუძღვენი მისი შემოქმედების ამ პერიოდს. ეს ორიგინალია!

– ორიგინალია, – ვთქვი მეც და ამით სურათის ბედი გადაწყდა: პულვერმა სამი ჩეკი გამოწერა და გამოგვიწოდა.

– თუ შეიძლება, თქვენ ცოტა ხნით დარჩით, – მომმართა მე ხმადაბლა. ფეხი ავითრიე...

– ბურბონს შემოგთავაზებთ, – მითხრა, მარტონი რომ დავრჩით და ბოლოს სპეციალური ჭიქები ბურბონით შეავსო, – სიმართლე რომ გითხრათ, მხატვრობის არაფერი გამეგება. მაგრამ, ყველა ჩემი მეგობარი გიჟდება კოლექციებზე, ყველა აგროვებს შედევრებს და ვერ ჩამოვრჩები. სწორად გამიგეთ, ეს ჩემს იმიჯზე ცუდად იმოქმედებს.

– რა თქმა უნდა, მესმის, – თავი დავუქნიე.

– მითხრეს, მალე ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი ჩამოაქვთ, რომელიც რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს.

– დიახ, „წარჩინებული ქალი“, პარიზიდან. ზუსტად ხვალ მივემგზავრები პარიზში, მესიე არნოსთან მოსალაპარაკებლად. ნახატი ხელოვნების ნაციონალური ცენტრის, ვანდრესტეინის გალერეაში გამოიფინება. სანამ შედევრი ამერიკაში იქნება, მისი დაცვის უპრეცედენტო ზომებს მივიღებთ. ნახატს დღისითაც და ღამითაც ორი შეიარაღებული ჯარისკაცი დაიცავს სპეციალური საზღვაო ნაწილიდან, აღარაფერს ვამბობ დაცვის სხვა მექანიზმზე.

– მდაა... ანუ, გინდათ თქვათ, რომ მისი მოპარვის ალბათობაც კი არ არსებობს?

– ვერ მოგატყუებთ. უფრო – არა.

– სამწუხაროა. ლეკუ და ჰოლინტვუდი გულზე გასკდებოდნენ, ნახატი ხელში რომ ჩამვარდნოდა...

***

გეგმა თვითმფრინავში მომიმწიფდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, ამაზე საერთოდ არც მიფიქრია. ყველაფერში თავად მესიე არნოა დამნაშავე. როცა თავის კაბინეტში მარტო დამტოვა და გავიდა, „წარჩინებული ქალის“ რენტგენის სურათები იქვე ეწყო, პატარა ყუთში. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რატომ სეიფში არ ინახავს-მეთქი. მერე ვიფიქრე, აბა, ვის სჭირდება რენტგენის სურათები, ისინი ხომ არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს-მეთქი და იდეაც გაჩნდა...

***

ბერნისმა „წარჩინებული ქალის“ დიდი, ფერადი ფოტოსურათი მოლბერტზე მიამაგრა და ფანქარი აიღო...

– აქამდე რამე მოგიპარავს?

– მხოლოდ რენტგენის სურათები... რამდენი დღე დაგჭირდება?

– ერთი კვირა მაინც, – ბერნისი ფოტოს დააშტერდა, – ძალიან ლამაზია...

– კარგი, იყოს ერთი კვირა. ნახატი ათ დღეში იქნება ადგილზე. სამი ცალი მაინც დაგვჭირდება. სამი ერთნაირი ასლი... დანარჩენზე მე ვიზრუნებ...

– მაინც, როგორ მოგაფიქრდა? – გაიცინა ბერნისმა. მის ღიმილზე ჭკუას ვკარგავდი...

– სწორედ იმიტომ, რომ ქურდი არ ვარ, ფული კი ძალიან გვჭირდება...

– ფრენკი, როგორ ფიქრობ, გამოგვივა?

მივედი და ლოყაზე მაგრად ვაკოცე. დრო ძალიან ცოტა მქონდა... ზარჩეტისთან უნდა შემევლო – ფულისთვის და კიდევ, შტამპისთვის. ზარჩეტის ნახატების ყველაზე ცნობილი მაღაზია ჰქონდა. მასთან შედევრებიც ხვდებოდა და იაფფასიანი ასლებიც. რამდენჯერმე ოსტატურად გააცურეს: იაფფასიანი სურათიდან ფასი ძვირად ღირებულ ნახატზე გადაიტანეს – ამას ძირითადად ხელოვნების სკოლის სტუდენტები აკეთებდნენ ხოლმე. ამ საშუალებით ყიდულობდნენ ძვირად ღირებულ ნამუშევრებს და მერე ძვირად ყიდდნენ. ამიტომ ზარჩეტი იძულებული გახდა, სპეციალური შტამპი დაემზადებინა: „ხელოვნების ბუტიკი“ – ზარჩეტი. 218, ლინკოლნ-ავენიუ. 10,98$“.

ზარჩეტი უკვე მელოდა. ჩეკიც გამოწერილი ჰქონდა.

– მადლობელი ვარ შენი, – მითხრა და ჩეკი ჯიბეში ჩამიჩარა.

– ესე იგი, დარწმუნებული არ იყავი, რომ პულვერს ორიგინალი რუბენსი მიჰყიდე? კარგად კი გამოგივიდა... ორი ხმა ერთის წინააღმდეგ...

– დარწმუნებული ვერასოდეს ვერაფერში იქნები, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ზარჩეტიმ და გამიღიმა. შტამპი იქვე იდო... შებრუნდა თუ არა, ხელი ვტაცე და ჯიბეში ჩავიჩურთე... განსაკუთრებული მომზადება არ დამჭირვებია. იმ დღეს, როცა ნახატი უნდა ჩამოეტანათ, უთენია შევუდექი საქმეს. მარცხენა ფლიგელში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ამიტომ, ყველა საჭირო ნივთი იქვე მქონდა. ავიღე ბურღი, საგოზავი, საღებავიანი ყუთი და მივადექი სტენდს, სადაც შედევრი უნდა გამოეფინათ. მას საკმაოდ დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი. სტენდის უკან, ნიშაში, რამდენიმე პატარა ხვრელი გავაკეთე და შიგნით პულტით სამართავი ასაფეთქებელი, ცრემლ და კვამლსადენი ბომბები ჩავმალე. მერე საგოზავით ამოვლესე და საღებავიც გადავუსვი. პულტი იქვე, ანტიკური სკამ-სავარძლის ქვეშ შევმალე. მე მოწმეები მჭირდებოდა, ამიტომ, ყველაფერი საზეიმო გახსნის დროს უნდა მომხდარიყო... ჩემი გეგმის წარმატებაში ეჭვი არ მეპარებოდა.

როცა ნახატი მოიტანეს და გახსნეს, აღფრთოვანება ვერ დავმალე. მესიე არნო ამაყად დაფოფინებდა ნახატს თავზე – არავის მისცა მასთან მიკარების საშუალება. საკუთარი ხელით დაკიდა. ვერ მოვითმინე, მივედი და სურათს კუთხე შევუსწორე, თან, შეუმჩნევლად დავბეჭდე, უკანა ქვედა მხარეს ზარჩეტისთან მოპარული შტამპით. რომელიც იმავე, საღამოს პატიოსნად დავაბრუნე უკან. ნახატის საზეიმო გახსნა მეორე დღეს, 12 საათზე გაიმართა. ქალაქის მერიც კი მივიდა. ჩემი პულტი ზუსტად პირველის ოც წუთზე ამუშავდა. რვა-ათი წუთის განმავლობაში დარბაზში პანიკა ატყდა. ირგვლივ სქელი კვამლი დადგა და მხოლოდ ხველა ისმოდა. მერე ვიღაცამ ფანჯარა გააღო.

– მადლობა ღმერთს, ნახატი ადგილზეა, – წამოიძახა მესიე არნომ და „წარჩინებულ ქალს“ მივარდა. ბედნიერმა ხელი მოუსვა და დაკვირვებით შეათვალიერა.

– ღმერთო ჩემო! ეს რა არის? ნუთუ... არა, ეს შეუძლებელია. შეუძლებელი!.. – შედევრზე მკაფიოდ ჩანდა ბეჭდის კვალი: „ხელოვნების ბუტიკი“ – ზარჩეტი. 218, ლინკოლნ ავენიუ. 10,98$“. მერე არნოს ისტერიკა დაემართა. მეორე ისტერიკა მაშინ მოაწყო, როცა პარიზიდან შეატყობინეს, ნახატის რენტგენის სურათები სადღაც გაქრაო... ახლა „წარჩინებული ქალის“ ორიგინალობის დადასტურება მხოლოდ ექსპერტთა საბჭოს შეეძლო. როგორც ყოველთვის, ხმები ამჯერადაც შუაზე გაიყო. არნო ნახატთან ერთად პარიზში ისე გაემგზავრა, კითხვა – ნამდვილად „წარჩინებული ქალი“ მიჰქონდა თან თუ მისი ასლი, – პასუხგაუცემელი დარჩა...

პულვერმა ვერ მიცნო. ბერნისმა ისეთი გრიმი გამიკეთა, მშობელი დედაც კი ვერ მიცნობდა... ხელების ფშვნეტით მომეგება და იქვე ჩამითვალა 250 000.

– მაშ, მაინც მოიპარეს. ო, როგორ მიხარია!

– ფრთხილად იყავით! ეს, შეიძლება, ძვირად დაგიჯდეთ, – გავაფრთხილე.

– ვიცი, ვიცი... ვერავინ გაიგებს, გპირდებით...

მე კიდევ ორი კლიენტი მელოდა... მერე კი მე და ბერნისი ბრაზილიისკენ ავიღებდით გეზს...

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3