კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-19(541)

ადამიანის შიშით აღზრდა უკვე დიდი ხანია, სისხლში გვაქვს. თქვენ, ალბათ, არასდროს გიფიქრიათ იმაზე, როგორ იყენებთ შიშს, როგორც იარაღს, საკუთარი შვილების წინააღმდეგ. თრილერების და საშინელებათა ფილმების ყველაზე პროფესიონალი, რეჟისორიც კი ვერ შეძლებს, ისე დააფეთოს ბავშვები, როგორც მათი მშობლები გააკეთებენ ამას. ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს. თან ორიგინალობისგანაც საკმაოდ შორს ვართ. იგივე მეთოდებით ვმოქმედებთ, რომლითაც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ზუსტად ვერავინ იტყვის, მართლა შეიქმს თუ არა, შიში სიყვარულს, მაგრამ, ფაქტია, რომ ადამიანების სამართავად ეს უალტერნატივო საშუალებაა. ასე იყო ყოველთვის, ასეა ახლაც და ასე იქნება მანამ, სანამ ადამიანებს შიშის გრძნობა და განცდა ექნებათ. შიშით არჯულებენ ცხოველებს და შიშით ათვინიერებენ ადამიანებს. შიშია ყველა ხელისუფლების მთავარი ბერკეტი. სულერთია, გნებავთ, იმპერიალისტური ბუნების იყოს, გნებავთ – დემოკრატიულის, პრინციპი ერთია: შიში, რომელიც ზოგჯერ შეიქმს კიდეც სიყვარულს, უფრო ხშირად კი ბოროტებისკენ, საკუთარ ნაჭუჭში შეყუჟვისკენ უბიძგებს ადამიანს და თავის ჭეშმარიტ სახეს აკარგვინებს.

***

... ენცოს არაფერი ეტყობოდა, რომ რაღაცას ავადმყოფურად განიცდიდა. დეპრესიული ადამიანის შთაბეჭდილებასაც არ ტოვებდა. თუმცა, მის გამოხედვაში იყო რაღაც ისეთი, რამაც მარიკა ამ ადამიანის გულწრფელობაში დააეჭვა და უარყოფითადაც კი განაწყო.

– ენცო, აი, ეს ჩემი მარიკუნაა, რომ გელაპარაკებოდი. ჩვენიანია და მე ვენდობი. გახსოვს, ბარში რომ გაგაცანი?

ენცომ კეკლუცად გააბოლა სიგარეტი და მარიკა ამრეზით შეათვალიერა. მერე მოულოდნელად ჰკითხა:

– შენ არ ეწევი, ხომ?

მარიკა დაიბნა:

– არა, არ ვეწევი. ამას რა მნიშვნელობა აქვს?

– არაფერი, – ენცომ მხრები შეათამაშა, – ბარშიც შევნიშნე, სიგარეტის კვამლი დიდად რომ არ გსიამოვნებდა. თან, ძალიან ღაჟღაჟა ფერი გაქვს. ღამის კლუბის ხშირი სტუმარიც არ უნდა იყო.

მარიკამ ნაძალადევად გაიცინა და ზეას გადაულაპარაკა:

– შენი მეგობარი ჩემზე დაკვირვებას აწარმოებს? პირდაპირ მკითხოს, რა აინტერესებს და ვეტყვი.

ზეა უხერხულობისგან გაწითლდა:

– არა, დაკვირვება არაფერ შუაშია. ხომ გითხარი, ცუდი პერიოდი აქვს-მეთქი. ჯერ – ის ტრაგედია, მერე კიდევ – ზარები...

ენცო წამოხტა და ზეას გამეტებით უბიძგა მხარზე:

– ხომ გაგაფრთხილე, ამაზე ლაპარაკი დავამთავროთ-მეთქი? ვიღაცა იდიოტი გაერთო, ვუთხარი, რასაც იმსახურებდა და ამით მორჩა. ზეა, გირჩევნია, შენს სტუმარს ყავით გაუმასპინძლდე და შენი ახალი გატაცების შესახებ მოუყვე ეგ გაცილებით საინტერესოა.

ენცომ ზეას მბრძანებლური მანერით ანიშნა რაღაც და საფერფლე თავისკენ მიიჩოჩა, ზეა აცმუკდა:

– ჰო, მართლა, სიყვარულო, წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო. ენცო კი დამცინის, მაგრამ, მე ასე არ ვფიქრობ, პირიქით, ძალიან დიდ წარმატებას რომ მივაღწევ, დარწმუნებულიც ვარ ამაში.

– ასეთი რა უნდა მაჩვენო? – გაეცინა მარიკას.

– წამოდი, თან საჩუქარიც მაქვს შენთვის. – ზეამ მაგრად ჩაავლო მარიკას ხელი და საძინებელი ოთახისკენ თითქმის ძალით წაიყვანა. მარიკას კი ერთი სული ჰქონდა, როგორმე ისეთი სიტუაცია შეექმნა, რომ, ფოტოსურათი, რომელიც ჯიბეს უწვავდა, ორივე „დაქალისთვის” ეჩვენებინა, თუმცა, ხვდებოდა, რომ საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე იდგა. ენცო აშკარად რაღაცის დამალვას ცდილობდა და ზეაზეც დიდი გავლენა ჰქონდა. მარიკამ ცოტა მოიწყინა. იმედგაცრუებულმა, წასვლაც კი გადაწყვიტა. გაიფიქრა, ტყუილად დროს მაინც რატომღა ვკარგავო, მაგრამ მაინც დაჰყვა ზეას ნებას.

– მარიშ, შეხედე.. – ზეამ გაბრწყინებული სახით უჩვენა თავისი ნახელავი.

– ვაუ, ეს რა არის? ზე, შენ გააკეთე? არაჩვეულებრივია! – მარიკამ გულწრფელი აღფრთოვანებით აიღო ხელში მძივებითა და მბზინავი თვლებით მოქარგული ქამარი.

– ვიცოდი, ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა! ეს ნახევრად ძვირფასი ქვებია. ისეთი რთული და ფაქიზი სამუშაოა, თითები სულ დაჩხვლეტილი მაქვს. შეხედე?! – ზეამ თითები გაპარჭყა, – მაგრამ, შენ აუცილებლად გაჩუქებ ერთს, რომელიც მოგეწონება.

– ვაიმე, რა ლამაზებია, თანაც, ასეთები არსად მინახავს, – გაუღიმა გოგომ, – მართლა მაჩუქებ? მართალია, არ ვიცი, სად უნდა გავიკეთო, ან როდის, მაგრამ, ისეთი სილამაზეა...

– მარიშ, ნუ გადამრევ, რას ჰქვია, არ იცი, სად უნდა გაიკეთო? ჩემს პირველ, ექსკლუზიურ ჩვენებაზე! – ამაყად გამოაცხადა ზეამ, – შენ ნახავ, როგორ ფურორს მოვახდენ ბომონდში. გრანდიოზული „ივენთი” იქნება, გრანდიოზული!

– როდის გეგმავ ამ გრანდიოზულ „ივენთს”? – სიცილი ვერ შეიკავა მარიკამ და ქამარზე დამაგრებულ თვლებს ხელი ფრთხილად გადაუსვა.

ზეამ ამოიოხრა:

– რა ვიცი, გოგო... იმ ამბავმა ძალიან შემიშალა ხელი. არადა, ისეთი იმედი მქონდა, რომ ნეილი დამეხმარებოდა. ახლა ვინღა მიმაკარებს მაგას?

იმ სახელმა მარიკას არაფერი უთხრა. შეიძლება, ერთბაშად ვერც გაიხსენა, მაგრამ მაინც მექანიკურად იკითხა:

– ნეილი ვინ არის?

– ეჰ, ნეილი კი არის, მაგრამ სამწუხაროდ, სერგი აღარ არის.

სერგის ხსენებაზე გოგო გამოერკვა:

– ეს ის სერგია, ხომ, ენცო რომ დასტირის? – ვითომ სხვათა შორის იკითხა და ყურადღება დაძაბა.

– ენცო კი არა, წესით, მეც უნდა დავტიროდე. გოგო, იცი, როგორი იმედი მქონდა? ვფიქრობდი, დაითრევს ნეილს საბოლოოდ და მერე მე და ენცოსაც გვეშველებოდა-მეთქი. აბა, აქ რა პრასვეტია? ჭაობია, ნამდვილი ჭაობი. რომ გაღიარონ ან ძალიან უნდა შეაცოდო თავი, ან ვინმე ისეთი მფარველი უნდა გყავდეს, ნუ, ხომ ხვდები... სერგის მსგავსი. ენცოს ვეუბნები, დაურეკე ნეილის ან მიდი მასთან-მეთქი, ნუ, მისამძიმრების „პონტში“. მერე იქნებ, მოინდომოს კიდეც ჩვენთან ურთიერთობის გაგრძელება.

– მოიცა, მოიცა, ვერაფერი გავიგე, – შეაჩერა მარიკამ და გული აუფანცქალდა.

– ჰო, პრინციპში, ძალიან არეულ-დარეულად ვლაპარაკობ. უფრო გასაგებად გეტყვი: იმ სერგის, რომელიც მოკლეს, ელჩის შვილი ჰყავდა საყვარლად და ცოლადაც ირთავდა. ერთ თვეში უნდა მოგვარებულიყო ეგ საქმე. წარმოიდგინე, საყვარელო, რა მასშტაბებია... რა საზოგადოება, რა პერსპექტივა. მით უმეტეს, რომ ნეილი თვითონ შემპირდა... არ მიმართლებს, რა!.. თუ მაინცდამაინც უნდა მოეკლა სერგი ვინმეს, ჩემი „ივენთის” მერე ექნა ეს, რა მოხდებოდა?! ახლა მარტომ უნდა ვიწვალო... საყვარელო, შენ ვერაფრით დამეხმარები? – ზეამ თვალები მოჭუტა, – ჰო, მართლა, არც მიკითხავს, სად ხარ, რას საქმიანობ?

– მეე?! – მარიკა არ იყო მზად ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, დაიბნა და ერთბაშად ვერაფერი უპასუხა. ისევ ზეამ გამოიყვანა რთული სიტუაციიდან.

– ალბათ, შენი მშობლებივით გასაცოდავებულ ხალხს სინჯავ და უწერ რეცეპტებს. საწყალი გოგო! არადა, ხუთ-ექვს კილოს თუ დაიკლებდი, მოდელობას „გაქაჩავდი”. შენზე უკეთესები არაფრით არიან, ამბიციები კი ისეთი აქვთ, გამგებელი ან მინისტრის მოადგილე მაინც უნდათ ქმრად. ზოგჯერ ისე მშურს... იწყობენ ცხოვრებას... არა, არა, ამ ქვეყანაში ჩემისთანებს პრასვეტი კიდევ დიდხანს არ ექნებათ, – ზეამ ამოიოხრა.

– ელჩის შვილი გპირდებოდა, უცხოეთში წაგიყვანო?

– აბა?! ბუტიკსაც გაგიხსნიო.

– მოიცა, რა, მაგისთანებმა მარტო დაპირებები იციან, – ვითომ არ დაუჯერა მარიკამ. უნდოდა, ზეა კიდევ უფრო შეეყოლიებინა ლაპარაკში. სურათის ჩვენება საჭირო აღარც იყო, ზეა ზუსტად იმ ინფორმაციას აწვდიდა, რისი მოსმენაც მარიკას სურდა.

– შენ ასე ფიქრობ? რა ვიცი, მარიშ, რა ვიცი... სერგი ძალიან კარგი ტიპი იყო და ნეილიც ჩიტივით ჰყავდა მუჭში გამომწყვდეული. აქ არ დაგვტოვებდა. ბოროტი ხალხი გვახვევია გარშემო, მარიშ... შენ, შეიძლება, ვერ გრძნობ, მაგრამ, იმ წრეში, სადაც მე ვტრიალებ... აი, ენცოსაც რომ ურეკავენ და აშინებენ. დარწმუნებული ვარ, ვიღაც ბოროტია, რომელიმე ჩვენი ნაცნობი. არავის არავინ არ უყვარს, მარიშ, არავის. – ჩურჩულზე გადავიდა ზეა.

მარიკამ გადაწყვიტა, რომ წასვლის დრო იყო. საათს შეხედა და ხელები აიქნია:

– უი, თურმე, რამდენი ხანია, აქ ვარ. ვერც მივხვდი, დრო როგორ გავიდა! უნდა წავიდე. ტაქსის გამოვიძახებ და გავიქცევი, დედაჩემი ინერვიულებს.

– ვაიმე, პატარავ, ისევ დედაშენი დაგყვება უკან? ასე არაფერი გამოგივა, იცოდე. „დედიკოს გოგო” მარტო „დედიკოს ბიჭს” თუ მოეწონება. „დედიკოს ბიჭი” კი არაფერში გამოგადგება, დამიჯერე!

მარიკამ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა:

– დაგიჯერებ, მაგრამ, ახლა მართლა უნდა წავიდე.

– საჩუქარი წაიღე, არ დაგავიწყდეს და აუცილებლად შემომიარე კიდევ. ენცოც გამოვა ამ დეპრესიიდან, ასეთი კი არ არის, კარგი ტიპია.

მარიკამ პირველივე ტაქსი გააჩერა, ჩაჯდა და მობილურზე ნომერი აკრიფა...

***

თემოს გაუკვირდა, ცოლი ჩვეულებისამებრ საყვედურებით რომ არ შეეგება. ქალი საკმაოდ მშვიდად იჯდა დივანზე და მოღიმარი სახით რაღაც ფილმს უყურებდა. ქმრის დანახვაზე არც ამდგარა, მხოლოდ შორიდან დაუქნია ხელი და ჰკითხა:

– ძალიან გშია თუ მოითმენ, სანამ ფილმი დამთავრდება?

– იყავი, მე თვითონ მივხედავ თავს, – თემომ ხელები დაიბანა და სწრაფად გავიდა სამზარეულოში. იმედი ჰქონდა, მომზადებული კერძი სუფრაზე დახვდებოდა ქვაბით. ვერაფერი რომ ვერ იპოვა, იმედგაცრუებულმა მაცივრიდან კვერცხი გამოიღო და ზეთს დაუწყო ძებნა.

– გშიებია, – მოესმა ცოლის ხმა, – რა ვქნა, შევეჩვიე ყოველთვის გამთენიისას რომ მოდიხარ, ჩემთვის კერძის კეთება კი ძალიან დამეზარა.

– არა უშავს, კვერცხიც მეყოფა. ზეთი სად არის? – თემომ ტაფა გაზქურაზე დადგა და ასანთს გაჰკრა.

– სადაც ყოველთვის, მაგრამ, შენ, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ გაქვს.

მაკამ კარადიდან ზეთის ბოთლი გამოიღო და მაგიდაზე დადგა.

– გამოგაგდეს?

– რა? – ვერ მიხვდა კაცი.

– იმდენი ხანია, სახლში რვა საათზე არ მოსულხარ, აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის იყო ეს.

კაცმა არ უპასუხა. არ უნდოდა, აჰყოლოდა და ისევ ჩხუბამდე მისულიყო საქმე. კვერცხს მოუხერხებლად დაუწყო თქვეფა და ნაწილი მაგიდაზე დაღვარა.

– აი, ასეთი ყოჩაღი ხარ, – დასცინა ცოლმა. მომეცი, მე შეგიწვავ.

თემომ უხმოდ მიაწოდა თასი, შემობრუნდა და დასარეცხი, ყავიანი ფინჯნები დაინახა. იქვე რამდენიმე თეფშიც იდო.

– სტუმარი გყავდა? – ჰკითხა ცოლს.

– დიახ! – რატომღაც გამომწვევი ტონით მიუგო ქალმა და ნიშნის მოგებით განაგრძო: – აბა, რა გგონია, აქ მარტო ვზივარ მთელი დღე და შენი ლოდინით თვალებს ვითხრი? დიდი ხანია, ჭკუა ვისწავლე!

– მე არასდროს დამიშლია შენთვის ადამიანებთან ურთიერთობა და სტუმრების მიღება, – მოიღუშა თემო და იგრძნო, რომ სიტუაცია, რომელიც სახლში შემოსულს მშვიდი მოეჩვენა, ნელ-ნელა ავის მომასწავებლად იძაბებოდა.

– ვერც დამიშლი. ვინ მოგცა მაგის უფლება? როგორ დაუშლი იმას ცოლს, რასაც შენ თვითონ სისტემატურად სჩადიხარ? ეს შენთვისაც კი მეტისმეტად ამორალური იქნებოდა.

– წარმოდგენა არ მაქვს, რას გულისხმობ. მოკლედ, ერთ საათსაც ვეღარ ძლებ ჩხუბის გარეშე.

– არ ვჩხუბობ, უბრალოდ, გამიკვირდა, სახლში ასე ადრე მოსული რომ დაგინახე.

– ცოტა უცნაურად გამოხატავ გაოცებას, – მხრები აიჩეჩა თემომ და ტაფამწვარის შესაჭმელად მოემზადა. ჩანგლის პირთან მიტანა ვერ მოასწრო, რომ ცოლმა კიდევ ერთი პროვოკაციული შეკითხვა დაუსვა:

– რატომ არ მეკითხები, ვინ იყო ჩემთან? თუ, არ გაინტერესებს?

– ველოდები, შენ თვითონ როდის მომიყვები, – ნაძალადევად გაუღიმა კაცმა.

– ჰოდა, ტყუილად ელოდები, არაფრის თქმას არ ვაპირებ! – მიახალა ცოლმა.

თემო არ აჰყვა. ლუკმა გადაყლაპა და საკმაოდ მშვიდად თქვა.

– იცი, მგონი, შენ მართალი ხარ.

მაკა არ ელოდა ამას და დაიბნა.

– ჰო, მართალი ხარ, ძალიან გადავყევი სამსახურს და, დროა, ნორმალური ადამიანივით ვიცხოვრო. მაინც არავინ მიფასებს და რატომ შევეწირო? ფაქტობრივად, ყველას და ყველაფერს მოწყვეტილი ვარ, მეგობრები, გართობა, ჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობები მომენატრა. ხვალვე დავწერ განცხადებას და...

– და, წამოხვალ? – დადარაჯებულივით ჩაეკითხა მაკა.

– წამოსვლით არ წამოვალ, მაგრამ, სხვა განყოფილებაში გადავალ. მეტი დრო მექნება, ნაკლები საქმე და კარგი ხელფასი. მორჩა, გადავწყვიტე!

ცოლმა ეჭვით შეხედა.

– ჰო, ჰო, მართლა ასე მოვიქცევი და, იცი, პირველად რას გავაკეთებ?! შვებულებას ავიღებ და სამოგზაუროდ წავალთ... – თემოს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული და მაკამ აღფრთოვანებაც ვერ მოასწრო, რომ მობილურმა თავი შეახსენა. ქალმა დაასწრო:

– დიახ, არა, არ გეშლებათ, მე თემოს მეუღლე ვარ... – მაკამ მობილური ქმარს მიაწოდა, – შენ გირეკავენ, ვიღაც გოგოა.

თემომ სწრაფად გამოართვა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია:

– კი, გისმენ, მარიკა... რა? ახლა? დარწმუნებული ხარ, რომ ეს ასეთი მნიშვნელოვანია? კარგი, თხუთმეტ წუთში შეგხვდები. დამელოდე, არსად წახვიდე.

– მეტი დრო გჭირდება, რომ ეგ პატარა ბოზი აქეთ-იქეთ ასეირნო, ხომ? – იფეთქა მაკამ, – უსინდისო ხარ. უსირცხვილო! როგორ „მაბოლებდი“, რომ შვებულებას აიღებ და სამოგზაუროდ წავალთ?! შვებულებაც იმიტომ დაგჭირდა, რომ მაგასთან გაატარო დრო.

– რა სისულელეებს ლაპარაკობ, იცოდე მაინც...

– სისულელეა? თუმცა, სხვა მეტი არაფერი გაქვს სათქმელი – ხვდები, რომ თავის მართლებას აზრი არ აქვს.

– მარიკა ჩემი თანაშემწეა, სტაჟიორი, ერთხელ ხომ უკვე გითხარი. ახლა საქმეზე დამირეკა. შევხვდები და ერთ საათში დავბრუნდები.

– შეგიძლია, საერთოდ აღარც დაბრუნდე! – უკვე ჰოლში გასულს მიაძახა მაკამ და მის ზურგს უკან კარი გამეტებით მიაჯახუნა. აცრემლებული ოთახში შებრუნდა, თავისი მობილური მოძებნა და აკანკალებული ხელით აკრიფა ნომერი.

– მეტი აღარ შემიძლია! ისტერიკა არაფერ შუაშია, ისევ იმ პატარა კახპასთან შესახვედრად წავიდა. მიშველე რამე. მეტს მართლა ვეღარ გავუძლებ. რამე მოიფიქრე და ეგ გოგო თავიდან მომაშორე! ძალიან გთხოვ, რაიმე მოიფიქრე, თორემ, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. კარგი, დაგელოდები. ჰო, ვეცდები, დავმშვიდდე კიდეც, მაგრამ, ვერ დაგპირდები, რომ შევძლებ ამას.

***

... გენიალური აზრი, იდეა ყოველთვის სპონტანურად იბადება და მას არანაირი კავშირი არ აქვს ლოგიკასთან – ტვინში რაღაც ნათურა აინთება და ეს ყველაფერი მოულოდნელად, ყველასათვის დაუგეგმავად ხდება. ისევე მოულოდნელად, როგორც, მაგალითად, მოკლე ჩართვა და, კიდევ, პოზიტივი აფართოებს თვალსაწიერს. ტვინის ის „ფართობები,” რომლებიც კარგ განწყობაზე და ამოცანების გადაჭრაზეა პასუხისმგებელი, გაცილებით აქტიურები არიან, თანაც, ერთმანეთის გვერდით „განლაგებულნი.” ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ გიჟისგანაც მოისმენთ იმ კითხვის ჭკვიანურ პასუხს, რომელზეც დიდხანს იმტვრევდით თავს...

***

– რომ იცოდეთ, რა უნდა გითხრათ... – დაიწყო აფორიაქებულმა მარიკამ, მაგრამ, როგორც კი გამომძიებელს სახეზე შეხედა, მაშინვე დასერიოზულდა, – უკაცრავად, ბატონო თემო. არ მინდოდა, ასე გვიან თქვენი შეწუხება, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გავარკვიე...

– მითხარი... – დაღლილი ხმით უთხრა თემომ.

– მოკლედ, იმ ჩემს მეგობართან ვიყავი, განსხვავებული ორიენტაციის რომ არის და, იცით, რა გავარკვიე? შოკში ვარ...

– დამშვიდდი, ემოციები ჩვენს საქმეში ცუდი მრჩეველია.

– ელჩის ქალიშვილი ძალიან ახლოს იყო გარეული, თავისი საქმროს სამეგობრო წრესთან, ანუ, თბილისურ, ეგრეთ წოდებულ ბომონდთან. ეს ძალიან მაგარი ინფორმაციაა. შეიძლება, ძიება სულ სხვა მიმართულებით წავიდეს, ხომ მართალი ვარ? თქვენც ხომ ასე ფიქრობთ?

თემომ ამოიოხრა:

– არც კი ვიცი, რა გითხრა. გულწრფელი რომ ვიყო, გეტყოდი, ეს საქმე უკვე ფეხებზე მკიდია-მეთქი. მინდა, მოვითხოვო და სხვას გადავცე.

მარიკა გაოგნდა:

– თქვენ არ ხუმრობთ?

– მე თითქმის არასდროს ვხუმრობ.

– კი მაგრამ, ეს ხომ გამოძიებაში აღმოჩენილი ახალი გარემოებებია! ბატონო თემო, სხვას როგორ უნდა დაუთმოთ ასეთი საქმე?

– როგორი საქმე? გათენებული ღამეები, ჩხუბი და კამათი ახვლედიანის კაბინეტში და, ბოლოს საყვედურები?..

– სიამოვნების განცდა, რომელსაც გამომძიებლები ჭეშმარიტების გარკვევის შემდეგ იღებენ ხოლმე?

თემომ გაოცებით შეხედა გოგოს და ხმამაღლა გაეცინა.

– რა ბავშვი ხარ! მე დიდი ხანია, მაგ ასაკიდან გამოვედი. შენ, შეიძლება, ინტერესით კვდები, ვინ მოუკლა ელჩს სიძე, მაგრამ, ჩემთვის სულერთია, ვინ გაუყენა საიქიოს გზას ერთი უზნეო მამაკაცი. ოღონდ ამას სიმართლეს ვლაპარაკობ. ხვალ დავხურავ და მოვისვენებ.

მარიკამ ტუჩი მობრიცა:

– კარგი, გავიგე. კარგად ბრძანდებოდეთ. არც მიფიქრია, რომ გაბრაზდებოდით, პირიქით, მეგონა, გაგახარებდათ ეს ამბავი.

– გადავირიე სიხარულით, – წამოსცდა თემოს და ინანა: გოგოს ატირებას აღარაფერი უკლდა, – მე ახლა სახლში წაგიყვან. ყოჩაღი გოგო ხარ. სერიოზულად გეუბნები, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. უბრალოდ, მე ვარ დღეს ასეთ მჟავე განწყობაზე. შენ კი გული არ გაიტეხო, იმუშავე, ხომ ხედავ, გამოგდის.

– გავიგე, ბატონო თემო, ყველაფერი გავიგე. ტაქსით წავალ სახლში, ნუ შეწუხდებით.

– ნუ ბრაზობ და ნუ გწყინს. ძალიან კარგი გოგო ხარ. არ ვიცი, ეს პროფესია რატომ აირჩიე, მაგრამ, მონდომება ნამდვილად არ გაკლია.

– თქვენ ვიღაცამ გაწყენინათ, – მარიკამ თანაგრძნობით შეხედა.

– ჰო, მაგრამ, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, ყურადღებას ნუ მომაქცევ.

მარიკა გაჩუმდა და სახლამდე ხმა არ ამოუღია, არც თემოს შეუწუხებია ლაპარაკით. გოგო უკვე მანქანიდან გადადიოდა, როცა კაცმა მოულოდნელად სახელოზე დაქაჩა და გაუღიმა.

– ყურადღება არ მომაქციო. მე ასეთი ვარ, ყველას განწყობას ვუფუჭებ – ეს ნამდვილად მეხერხება.

მარიკამ თავი დაუქნია გამომშვიდობების ნიშნად და სადარბაზოში გაუჩინარდა. თემო ერთხანს გაჰყურებდა მიმავალს, მერე ორივე ხელი გამეტებით დაარტყა საჭეს და შეიგინა.

მარიკას მობილურმა თემოსთან გამომშვიდობების შემდეგ ზუსტად თხუთმეტ წუთში დაიწკრიალა. გოგომ ნომერს დახედა და უხალისოდ გაეპასუხა:

– დაგავიწყდათ რამე, ბატონო თემო? არა, არ მწყენია. რას მეუბნებით? მართლა? რა კარგია! არა, არა, მე რატომ? დიახ, ხვალ დილით... რა თქმა უნდა, აუცილებლად!.. – მარიკამ ტელეფონი გათიშა და სიხარულით შეხტა.

***

... ახალი ამბავი სწრაფად ვრცელდება, თუმცა, ყოველთვის არა – გააჩნია, ვის ინტერესებში შედის ამ ამბის „გაფიარება.” შეიძლება, საერთოდაც არასოდეს გახმაურდეს, თუკი მისი საიდუმლოდ შენახვა ბევრად მომგებიანია...

ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ნასვამიც აღარ ეთქმოდა, ისე უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება. ძლივს მიაგნო სახელურს და დაეჯაჯგურა. ორი ბრგე ახმახი მაშინვე მასთან გაჩნდა და კარი გაუღო, ერთი ოთახშიც შეჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ქალი მძაფრად აპროტესტებდა ამას. დაცვის ბიჭი ბუზღუნით გამოვიდა ოთახიდან.

– მგონი, უნდა ვუთხრათ მამამისს. მაინც გაიგებს და, სანამ გაუგია, ჩვენ ვაღიაროთ, უკეთესია.

– რა უნდა ვაღიაროთ, ლოთი რომ ჰყავს შვილი, თვითონ არ იცის?

– ეგ კი იცის, ბიჭო, მაგრამ, ჩვენ რომ გაგვიძვრა? ხომ გაგვაფრთხილა, მიხედეთო?

– მე ძიძა არ ვარ. მით უმეტეს, ალკოჰოლიკს ვერ ვუძიძავებ. სულ წავალ ამ სამსახურიდან, თუ ბევრს გაატრაკებენ.

– წახვალ არა, ის... სად წახვალ? ასეთი პირობები ყველგან არ არის.

– ამომივიდა ყელში! – ხელი ჩაიქნია პირველმა, – ის ტიპი ხომ გახსოვს, ვისაც ცოლად მიჰყვებოდა?

– არაფერი არ მახსოვს და არაფერი არ მინდა, ვიცოდე.

– მოგიწევს გახსენება, რადგან მამიკო მოდის. ერთი შეხედე, რა სახე აქვს. აშკარად უკვე იცის.

– ჯანდაბა... ახლა ამას აუხსენი რეალობა და ჭეშმარიტება!..

ელჩმა დაცვის თანამშრომლებს უხმოდ ჩაუარა გვერდით და პირდაპირ ქალიშვილს შეუვარდა ოთახში. რამდენიმე წუთის განმავლობაში მიხურული კარის მიღმა ჩხუბისა და ნივთების გადაადგილების ხმა ისმოდა. ბიჭებმა ირონიულად გადახედეს ერთმანეთს. ოთახიდან სახეაწითლებული და თვალებჩასისხლიანებული ელჩი გამოვიდა.

– როგორ გაგექცათ? ხომ გაგაფრთხილეთ! სად დალია?

– აქვე, ბარში. არ გაგვქცევია, უკან მაშინვე გავყევით, მაგრამ, შესვლისთანავე სმა დაიწყო. რა გვექნა, ხელიდან ხომ არ წავართმევდით! ყვირილი რომ დაეწყო? სკანდალს მოვერიდეთ, – სწრაფად მოძებნა გამოსავალი დაცვის ბიჭმა.

ელჩმა ხელები გაშალა და ამოიოხრა:

– ვიცი, რომ უნდა გავამგზავრო აქედან, მაგრამ, არ მემორჩილება. თუმცა, რა აზრი აქვს – დღის რეისით რომ გავუშვა, მეორე დღეს დილის რეისით დაბრუნდება უკან. რაღაც უნდა მოვიფიქრო. კიდევ ერთხელ უნდა დავრეკო და შევაწუხო ის ხალხი.

***

არ არსებობს იდეალური მკვლელობა... – ამას ჯერ კიდევ დიდი ჰოლმსი ამბობდა. ყველა დამნაშავე დანაშაულის ადგილზე ტოვებს სამხილს, რომელიც გამოცდილმა მაძებარმა უნდა იპოვოს. კიდევ იმასაც ამბობენ, რომ, თუ მოკლული მკვლელს სიკვდილის წინ შეხედავს, მისი თვალის ფსკერზე აირეკლება. და ეს იქნება უკანასკნელი „ცოცხალი კადრი“, რომელიც მის გუგებზე აღიბეჭდება... ვინმეს შესწევს უნარი, მიცვალებულს თვალებში ჩახედოს და მკვლელის პორტრეტი დაინახოს? ძნელი სათქმელია. შეიძლება, ეს უფრო უნდა იგრძნო, ვიდრე მხედველობით აღიქვა...

უკანასკნელ წუთს გაიბრძოლა გააფთრებითა და გაშმაგებით. ეტყობოდა უჭირდა სიცოცხლესთან გამოთხოვება... არ ეთმობოდა... ამან ძალა მისცა, სულ ერთი წამით, მაგრამ, მკვლელმა იგრძნო ეს და ენით გამოუთქმულმა ნეტარებამ შეიპყრო. ისეთი სიამოვნება განიცადა, როგორც მხოლოდ ერთხელ, შორეულ წარსულში ჰქონდა განცდილი... მეხსიერების მიღმა, ტვინის სიღრმეში, რომელიღაც უჯრედი გაღიზიანდა და მთელ სხეულს გადასცა ინფორმაცია, ნელ-ნელა, ტალღებად რომ გაიშალა და ჟრუანტელად იქცა... არავითარი სხვა ემოცია, მხოლოდ სიმშვიდე და სიხარული კიდევ ერთი მიტაცებული სიცოცხლისგან...

***

ახვლედიანმა წყალი მოსვა და გამომძიებელს გამანადგურებელი მზერა შეავლო:

– რატომ არ ხურავ საქმეს? მე რამდენი დღის ვადა მოგეცი? პირდაპირ მიპასუხე!

– ორი დღის, – თემომ სიგარეტს მოუკიდა, – ბატონო გიორგი, თუ უკმაყოფილო ხართ ჩემი მუშაობით, შეგიძლიათ, ეს საქმე სხვას გადააბაროთ. მე კი, საერთოდ ჩამომაშოროთ და სხვა განყოფილებაში ითხოვოთ ჩემი გადაყვანა.

ახვლედიანი ჯერ გაფითრდა, მერე ჭარხალივით გაწითლდა:

– შენ, მგონი, დამცინი... იცოდე, მარტო საქმისგან ჩამოშორებას არ დავჯერდები. საერთოდ გაგაგდებ ამ უწყებიდან. იცოდე, ამის გაკეთება არ გამიჭირდება! მაგრამ, ამ საქმეს მაინც შენ მიიყვან ბოლომდე, თანაც, რაც შეიძლება მალე. სასამართლო დღე-დღეზე უნდა გაიმართოს, დრო პრაქტიკულად არ გვაქვს.

– შეიძლება, ვიცოდე, ასე ვის ეჩქარება საქმის დახურვა? თუმცა, მე ამას მიჩქმალვას დავარქმევდი. იქნებ, უფრო გამიადვილდეს და საკუთარ სინდისთანაც არ გამიჭირდეს პირისპირ წარდგომა?!

– რა შუაშია სინდისი, რაზე მელაპარაკები? ეჭვმიტანილი მყავს. მის წინააღმდეგ სამხილები არსებობს, მეტი რაღა გინდა? გეკითხები, მეტი რაღა გინდა-მეთქი?

ახვლედიანს მღელვარებისგან ხმა ჩაუწყდა. კაბინეტზე „მიბმულ“ ოთახში გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ სველი სახითა და წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა.

– ნუ მეთამაშები, არ გაპატიებ, იცოდე! – ამოიხრიალა და წყალი მოსვა.

– მე არ გეთამაშებით, – მშვიდი, მკაცრი ხმით განუმარტა გამომძიებელმა, – მე მინდა, სიმართლე ვიცოდე...

– რა სიმართლე, პაპავა, შენ ხომ არ გაგიჟდი? მე მიწყობ დაკითხვას?

– არა, უბრალოდ, მაინტერესებს. მგონი, მაქვს უფლება, ვიცოდე.

– რა უფლებებზე მელაპარაკები, პაპავა, ხომ არ გაგიჟდი? საქმეს მირჩევ? ჭკუიდან უნდა შემშალო? შენ ვინ ყოფილხარ? მაფრთხილებდნენ, ძალიან რთული ვინმეაო, მაგრამ, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი!

თემოს გაეღიმა:

– აჰა, საინტერესოა! გაუფრთხილებიხართ კიდეც. რა ვქნა, ასეთი ვარ. მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ, არ ინერვიულოთ. მარტივად გამათავისუფლოთ დაკისრებული მოვალეობიდან.

– არა! არავითარ შემთხვევაში! იმიტომ არა, რომ ამის გაკეთება არ მინდა, ან შენზე უკეთესი აქ არავინ მყავს. უბრალოდ, დროს ვერ დავკარგავ, ვერც ერთ საათს. კატეგორიულად მოვითხოვ, არა, გიბრძანებ: საქმე დღესვე „შეკერე“ და სასამართლოს გადაეცი.

– გამორიცხულია!

– რა?! – თავზე იტაცა ხელები ახვლედიანმა, – რა თქვი?

– გამორიცხულია და საამისოდ ძალიან სერიოზული მიზეზი მაქვს, – უპასუხა თემომ მშვიდად და ახვლედიანს თამამად გაუსწორა მზერა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3