კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიმეტა მოსაკლავად შვილმა დედა და ძმა?

ლოტკინზე მომხდარი საზარელი მკვლელობების მიზეზი დღემდე უცნობია

14 მაისს დედა-შვილი ქეთევან გიორგობიანი და თენგო გოგრიჭიანი დაკრძალეს. მომხდარ ტრაგედიაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული. დიდია ალბათობა, რომ საქმე შეწყდეს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ დედა-შვილის მკვლელობიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, არათუ ვერსიის, ჯერჯერობით ჭორის დონეზეც კი არავის შეუძლია თქვას, რა მოხდა გოგრიჭიანების ოჯახში, სადაც ოჯახის წევრებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ...

მკვლელობების შესახებ ინფორმაცია მთელ საქართველოს აინტერესებს, მაგრამ, სავარაუდო პასუხი არც ნათესავებს და არც მოკლულების კარის მეზობლებს აქვთ. კერძო საუბარში ისინი მხოლოდ ოჯახის ყოფით ცხოვრებაზე ლაპარაკობენ, რაც ალბათ, სამართალდამცველებსაც უამბეს, მაგრამ ტრაგედიასთან მიმართებაში მათი მონათხრობი არაფრისმთქმელია. ის კი არა, მათი მონაყოლი ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს და რატომ: ოჯახს უკლებლივ ყველა უაღრესად დადებითად ახასიათებს. ყველა ხაზს უსვამს, რომ ოჯახის წევრებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და პატივს სცემდნენ. ეს დეტალი კი, ოჯახური კონფლიქტის ვერსიას, კიდევ უფრო გაუგებარს ხდის.

რას დაასკვნიან სამართალდამცველები? რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება? საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, დეტალები გვიან, მაგრამ ცნობილი აუცილებლად გახდება. თუმცა, ვინმეს პასუხისგებაში მიცემა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. როგორც ცნობილია, 22 წლის თენგო გოგრიჭიანმა, რომელმაც დანით დედა მოკლა და ძმა დაჭრა, იმავე დანით თავი მოიკლა – ყელში დანა გამოისვა.

უტყუარი და სავარაუდო ვერსიები

გოგრიჭიანების ოჯახი ლოტკინზე, ზაქარაიას ¹65-ში ცხოვრობს. 10 მაისს, გამთენიისას, მათ ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ არათუ მთელი თბილისი, სრულიად საქართველო დილითვე შეძრა. ამის მიუხედავად, დღემდე ვერავინ ვერაფერი შეიტყო.

გაირკვა მხოლოდ ის, რომ დილის, დაახლოებით 06:30 საათზე, გოგრიჭიანების ოჯახში კამათი მოხდა. კონფლიქტის შედეგად კი, შვილმა დედა – 51 წლის ქეთევან გიორგობიანი და 19 წლის ძმა – რეზო გოგრიჭიანი დანით მძიმედ დაჭრა. ამის შემდეგ კი თავად, 22 წლის თენგო გოგრიჭიანმა თავი მოიკლა. ერთ-ერთმა მეზობელმა გოგონას, ანუ, გოგრიჭიანების დის განწირული ყვირილი გაიგონა. ის შველას ითხოვდა, რომ როგორმე მისი დაჭრილი ძმები და დედა გადაერჩინათ.

შემთხვევის ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე ორი მიცვალებული და ერთი დაჭრილი – 19 წლის რეზო დახვდათ, რომელიც მიხეილის კლინიკაში გადაიყვანეს. მის მდგომარეობას ექიმები იმთავითვე კრიტიკულად აფასებდნენ. ექიმის განმარტებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, ძირითადი ჭრილობა მას გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა ფილტვის ქსოვილის დაზიანებით. გარდა ამისა, სხეულზე კიდევ 9 სხვა ჭრილობაც ჰქონდა. რაც შეეხებათ მიცვალებულებს, პოლიციამ ცხედრები თბილისის მთავარ პროზექტურაში გადაასვენა, საიდანაც სახლში, ანუ, ზაქარაიას ქუჩაზე იმავე საღამოს მიასვენეს. ცხადია, ექსპერტიზა მათაც ჩაუტარდათ.

გავრცელებული ვერსიით, შემთხვევის ერთადერთი თვითმხილველი, გოგრიჭიანების და (მას სავარაუდოდ, თათია ჰქვია) პოლიციაში უკვე დაკითხეს. რა უთხრა სამართალდამცველებს? – უცნობია. რაც შეეხება ნათესავებს, ისინი აცხადებენ, რომ აქამდე ძმებს შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა და ეს პირველი შემთხვევა იყო.

კრიმინალისტები გოგრიჭიანების სახლში, ფაქტობრივად, მთელი დღე მუშაობდნენ. ექსპერტიზისთვის, მათი სახლიდან მკვლელობის იარაღის, ანუ დანის გარდა, სხვა ნივთებიც, მათ შორის კომპიუტერიც წაიღეს.

როგორც ირკვევა, ოჯახის უფროსი მკვლელობის მომენტში თბილისში არ იმყოფებოდა. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ შემთხვევის შემდეგ, გოგრიჭიანებთან ყვირილზე დასახმარებლად მეზობელი – ქეთინო სიხარულიძე შევიდა. მისი განცხადებით, მან გოგრიჭიანების ბინაში, პირველივე ოთახში ნახა ყელგამოჭრილი თენგო გოგრიჭიანის გვამი. მეორე ოთახში კი ქეთინო გიორგობიანის ცხედარი ეგდო, რომელსაც პირიდან სისხლი სდიოდა. ასევე, მძიმედ იყო დაჭრილი რეზო გოგრიჭიანი.

მომხდარის შემდეგ, ტელეკომპანიებით არაერთი, მათ შორის ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთის თანახმად, თენგო გოგრიჭიანმა ჯერ დედა მოკლა, შემდეგ 19 წლის ძმა დაჭრა, ბოლოს კი თავი მოიკლა. მაგრამ, რას ეყრდნობა ეს ვერსია, უცნობია. ითქვა ასევე, რომ ჩხუბი ძმებს შორის მოხდა, რომელშიც დედა ჩაერია და მკვლელობა ამას მოჰყვა, მაგრამ ესეც მხოლოდ და მხოლოდ ვერსიაა.

მორიგი ვერსიით, კონფლიქტი თითქოს თანხას უკავშირდება... საუბარია ასევე, რამდენიმე წლის წინ ძმების მიერ გადატანილ ინფექციურ დაავადებაზე, რის გამოც ისინი გარკვეული პერიოდი (რამდენიმე თვე) მკურნალობდნენ. მაგრამ, ისიც ცნობილია, რომ ძმები ამჟამად აბსოლუტურად ჯანმრთელები იყვნენ. ამის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, გარდაცვლილ თენგიზ გოგრიჭიანს გადატანილი ავადმყოფობის გამო ფსიქოზური აშლილობა დარჩა. რამდენად შესაძლებელია, ამ ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება, ალბათ, ექსპერტები იტყვიან.

ზემოჩამოთვლილი ვერსიებისგან განსხვავებით, უტყუარად მხოლოდ ისაა დადგენილი, რომ პატრულის თანამშრომლებმა ბინაში აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, თენგო გოგრიჭიანს პასპორტში ჰოლანდიის ვიზა ჰქონდა ჩარტყმული, სადაც სასწავლებლად გეგმავდა წასვლას. თუმცა, არაოფიციალური ვერსიით, გამგზავრებისთვის საჭირო თანხა ვერ მოიძია...

რას ამბობენ გარდაცვლილის

მეზობლები

„თბილისელებთან” საუბარში მეზობლები აღნიშნავენ, რომ გოგრიჭიანები ზაქარაიას ¹65-ში ექვსი თვის წინ, 2010 წლის დეკემბერში გადავიდნენ. მცირეხნიანი ნაცნობობის გამო, აცხადებენ, რომ მათ ძალიან კარგად არ იცნობდნენ. მაგრამ, ამის მიუხედავად, მხოლოდ და მხოლოდ კარგის თქმა შეუძლიათ.

როგორც ირკვევა, აწ გარდაცვლილი ქეთევან გიორგობიანი ერთ-ერთი კერძო სკოლის მასწავლებელი იყო (სავარაუდოდ, ქართულის). რაც შეეხება მის მეუღლეს, მეზობლების თქმით, ის ბორჯომში, სახელოსნოში მუშაობს (სავარაუდოდ, ავეჯის). ცოლ-ქმარს 4 შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავდა. ბიჭები – თენგო და რეზო შუათანები იყვნენ. მათ ორი ქალიშვილიც ჰყავთ (უფროსი 25 წლამდეა, ხოლო უმცროსი – 9 წლისაა).

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ერთადერთი მოწმეა უმცროსი და, რომელმაც საშველად მეზობელს მოუხმო. მაგრამ, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც გავარკვიეთ, მკვლელობის მომენტში სახლში გარდაცვლილი ქეთევან გიორგობიანის ავადმყოფი დედაც იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ქეთევან გიორგობიანი, დედისერთა გახლდათ და დედამისი მასთან ცხოვრობდა, რომელსაც უვლიდა. მეზობლები ამბობენ, რომ შვილის გაუჩინარება დედას უკვირს. ანუ, მოხუცმა მომხდარი ტრაგედიის შესახებ არაფერი იცის.

ერთ-ერთმა მეზობელმა ნინო ხ-მ გვიამბო, რომ ძალიან კარგი უბანი აქვთ. იქ ყველა ძირძველი მცხოვრებია და ერთმანეთს კარგად იცნობენ. ამიტომ, როდესაც გოგრიჭიანები მათ უბანში გადმოვიდნენ, გაუხარდათ, რადგან კარგი ოჯახი აღმოჩნდა. მისი თქმით, თენგო და რეზო გოგრიჭიანები, რომლებიც სტუდენტები იყვნენ, სამარშრუტო ტაქსიში ხშირად ხვდებოდნენ მას. აღნიშნავს, რომ ისინი ძალიან ზრდილობიანები იყვნენ – „გამარჯობის“ თქმა არასოდეს ავიწყდებოდათ. ქალბატონის აზრით, ბავშვებმა სწორედ კარგი საქციელით მიიქციეს ყველას ყურადღება.

მეზობელი აცხადებს, რომ დილით, 6 საათის შემდეგ, აბაზანაში შევიდა და ყვირილის ხმაც მაშინ შემოესმა. გარეთ გასულმა კი ეს საშინელი ტრაგედია შეიტყო. მისი თქმით, მეზობლებთან ერთად პანაშვიდზე რომ იყო, მას და არა მხოლოდ მას, ყველაზე მეტად თვალში მოხვდათ, მკვლელობის თვითმხილველის, ანუ უმცროსი დის უცნაურად გარინდებული გამომეტყველება – როგორც ჩანს, გოგონა კვლავ შოკშია.

უკლებლივ ყველა მეზობელი აღნიშნავს, რომ ძმებისთვის არანაირი უცნაური საქციელი არ შეუმჩნევიათ და არც მათ ფსიქიკურ მდგომარეობაში შეჰპარვიათ ეჭვი. ამიტომ, მომხდარით გაოგნებულები არიან არა მხოლოდ ახლანდელი, ძველი მეზობლებიც. ლოტკინზე გადასვლამდე გოგრიჭიანები იქვე, ნახალოვკაში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ცხოვრობდნენ.

ერთ-ერთი მეზობელი, ქალბატონი ლამარა გ. საუბარში ამბობს, რომ მან ქეთევან გიორგობიანი უბანში, მაღაზიაში გაიცნო და მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ისიც ადასტურებს, რომ ბიჭები უკიდურესად კარგი ბავშვები იყვნენ: „ქეთინო მაღაზიაში გავიცანი. ძალიან მომეწონა, განათლებული, სოლიდური, ეკლესიური ქალბატონი იყო. მეზობლებმა შევიტყვეთ, რომ სულ ახლახან, მათთან ოჯახში ხატი მოაბრძანეს. მეზობელ ქალებს მისვლა გვინდოდა, ვფიქრობდით, ამით ახალ მეზობლებს უფრო დავუახლოვდებოდით, მაგრამ ვერ მივედით. ახლა კი ეს ტრაგედია მოხდა...”

რატომ დაიწყო გოგრიჭიანების ოჯახში ჩხუბი მაინცდამაინც დილის 6-დან 7 საათამდე? რას უკავშირდება ტრაგედია: ოჯახურ კონფლიქტს? უცხოეთში წასვლას? რატომ გაიმეტა შვილმა დედა, ძმა? ჯერ ვისი მოკვლა სცადა? ვინმეს წაქეზებით მოხდა მკვლელობა თუ მხოლოდ ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის გამო? – ამ და მომხდარის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხს, საზოგადოება მოუთმენლად ელის.

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის რეზო გოგრიჭიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, ამჟამად ის უკეთაა. როგორც „თბილისელებს” ოჯახის ერთ-ერთმა ნათესავმა დაუდასტურა, რეანიმაციიდან ის უკვე პალატაში გადაჰყავთ (შესაძლოა, უკვე გადაიყვანეს კიდეც). ეს კი ნიშნავს, რომ გამოძიება დაჭრილს დაკითხავს და ამით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.


скачать dle 11.3