რა ბიზნესითაა დაკავებული რუსეთში ქართველი ეროვნების ამერიკელი მოქალაქე, რომელიც სიკვდილმისჯილთა საკნიდან გაიქცა
დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა და მთელ საბჭოთა კავშირში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შევცვალეთ და ვინმესთან მათი მსგავსება შემთხვევითი იქნება, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
გაქცევა
– მშვიდად იარე და სახეზე მღელვარება არ შეგნიშნონ. ნუ გეშინია. წავედით! – უთხრა ოცდახუთი წლის ტანწერწეტა, ქერათმიანმა გოგონამ ოცდაათიოდე წლის მამაკაცს, რომელსაც მანამდე ციხის ზედამხედველის უნიფორმა ჩააცვა. წყვილი ¹10 საკნიდან გამოვიდა და ციხის ვიწრო დერეფანს გაუყვა.
უნიფორმიანმა წყვილმა სამი საკონტროლო გამშვები პუნქტი ისე გაიარა, რომ მათთვის ყურაღდება არავის მიუქცევია და ისინი დაუბრკოლებლად გაატარეს. ჯერი მეოთხე და ბოლო საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მიდგა, რომლის მიღმაც უკვე თავისუფლება იწყებოდა.
– აბა, შენ იცი, ირაკლი, ერთი ნაბიჯიც და სვაბოდაზე იქნები. ჩვეულებრივად მოიქეცი და ნერვებმა არ გიმტყუნოს, – უთხრა გოგონამ მამაკაცს, როდესაც ისინი ბოლო დაბრკოლებას მიუახლოვდნენ.
– ტამარჩიკ, სიგარეტი მომაწევინე, – უთხრა ზედამხედველ გოგონას მეოთხე საკონტროლო-გამშვები პუნქტის მორიგე კაპიტანმა.
– ვითომ არ იცი, ვოვა, რომ არ ვეწევი, – ღიმილით მიუგო ტამარამ კოლეგას და დაამატა: – გააღე, ძალიან დავიღალეთ და გვეძინება.
– შენი მეწყვილეც არამწეველია? – ჰკითხა გოგონას კაპიტანმა, თან ღილაკს თითი დააჭირა და უზარმაზარი ჯავშნიანი კარი ადგილიდან დაიძრა.
– გაუთავდა.
– მას რა, ენა არა აქვს?
– კბილი ასტკივდა, ვოვაჩკა, თან მორიგეობის პირველი სუტკა ჰქონდა და გაბრუებულია. აბა, კარგად! – მიუგო ტამარამ კოლეგას, ირაკლის ხელკავი გამოსდო და ქალაქ ვლადიმირის მკაცრი რეჟიმის დახურული ციხიდან, ეგრეთ წოდებული „დუშეგუბკიდან“ („სულთამხუთავიდან“) გარეთ გაიყვანა.
„დუშეგუბკა“ იმ პერიოდის საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი საპყრობილე იყო და სწორედ ამის გამო შეარქვეს მას ეს სახელი. საპყრობილე 600 პატიმარზე იყო გათვლილი და იქ ყოველთვის 600 პატიმარი იყო განთავსებული. ციხეში სულ 100 საკანი იყო, რომელთაგან 50 ერთადგილიანი საკანი სიკვდილმისჯილებისთვის იყო გათვალისწინებული და სარდაფში, ციხის მინუს მეორე სართულზე მდებარეობდა. დანარჩენი 50 საკანი კი, თითოეული 11 პატიმარზე გათვლილი, ციხის ზედა სამ სართულზე იყო განთავსებული და დანარჩენი 550 პატიმარი იქ იმყოფებოდა.
30 წლის ირაკლი გიორგაძე ციხის მინუს მეორე სართულის ¹10 საკანში იჯდა და ყოველდღე დახვრეტას ელოდა. ირაკლიმ 25 წლის ტამარა პეტროვას მოხიბვლა შეძლო და იმდენი მოახერხა, რომ თავი შეაყვარა და გაქცევა მოაწყობინა. ირაკლიმ და ტამარამ გოგონას ახალი მეწყვილე გაკოჭეს და ¹10 საკანში გამოამწყვდიეს. შემდეგ ირაკლიმ ზედამხედველის უნიფორმა გადაიცვა და ტამარასთან ერთად „დუშეგუბკიდან“ გამოვიდა...
საშინელი შურისძიება
30 წლის ირაკლი გიორგაძე პროფესიით გეოლოგი იყო და ორი ადამიანის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის დახვრეტა ჰქონდა მისჯილი.
ირაკლიმ 1965 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც სულ რაღაც სამ წელიწადში ექსტერნად დაამთავრა და 19 წლის ბიჭმა აკადემიკოს ვალენტინ ნოსოვის ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა. ირაკლი გიორგაძე ხუთი წლის განმავლობაში დაჰყვებოდა ნოსოვს გეოლოგიურ ექსპედიციებში და ციმბირი საკუთარი ხელისგულივით ჰქონდა შესწავლილი. ის 24 წლის იყო, როდესაც მოსკოვში საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა და გეოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი გახდა.
– ირაკლი, შვილო, – ეტყოდა ხოლმე აკადემიკოსი ნოსოვი ირაკლი გიორგაძეს, რომელიც შვილივით უყვარდა და სასიძოდ უნდოდა, – მე მჯერა შენი, შენ დიდი მომავალი გაქვს.
24 წლის ირაკლისა და ნოსოვის ერთადერთ ქალიშვილს, 18 წლის ოლგას, ერთმანეთი უყვარდათ და დაქორწინებას აპირებდნენ. გახარებული იყო თავად აკადემიკოსიც, რომელიც ელიტურ სახლში ცხოვრობდა და თავისი ექვსოთახიანი ფეშენებელური ბინის ჩუქებას აპირებდა ახალდაქორწინებულთათვის. თუმცა, ბედის ირონიით, როდესაც ირაკლი თბილისში გამოემგზავრა ორი კვირით, რომ მომავალი ქორწილისთვის მომზადებულიყო და თავისი ნათესაობა დაეპატიჟებინა, ის ლიას შეხვდა. 21 წლის ლია სუვენირების მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობდა და ირაკლიმ ის სწორედ იქ გაიცნო. შემდეგ პაემანი დაუნიშნა, ერთი კვირის თავზე კი ლიამ ირაკლი საწოლში შეიტყუა და მათი შეხვედრიდან, სულ რაღაც, ოთხ კვირაში დაქორწინდნენ.
ლია გეწაძემ ისე აუბნია თავგზა ირაკლის, რომ საცოლეც დაავიწყდა და გეოლოგიაც. სუვენირების მაღაზიაში ექსპედიტორად დააწყებინა მუშაობა და ბრწყინვალე მომავლის მქონე გეოლოგს თავის ჭკუაზე ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი შვილზე ოცნებობდა, ლიას ბავშვის გაჩენა არ შეეძლო – მას 18 წლის ასაკში აბორტი ჰქონდა გაკეთებული და სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მისი უშვილობა. ლიამ ქალიშვილად შეასაღა თავი ირაკლის. სინამდვილეში კი ის 16 წლიდან ვინმე ტიტე ჭანჭიკელის საყვარელი იყო და სწორედ მისგან იყო ფეხმძიმედ, როდესაც აბორტი გაიკეთა. ჭანჭიკელი მილიციის კაპიტანი იყო, ცოლ-შვილი ჰყავდა და, როდესაც ლიას ბავშვი მოაშორებინა, თავადაც დაშორდა. თუმცა, შვიდი წლის შემდეგ, ანუ ლიასა და ირაკლის დაქორწინების მეოთხე წელს, უკვე პოდპოლკოვნიკმა ჭანჭიკელმა ურთიერთობა განაახლა ძველ საყვარელთან. ტიტესა და ლიას განახლებული ურთიერთობიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ირაკლის აცნობეს, რომ მას ცოლი ღალატობდა. ირაკლის ტიტე ჭანჭიკელის გამწარებულმა ცოლმა დაურეკა ანონიმურად, ყველაფერი მოუყვა და ბოლოს უთხრა:
– რქიანო! ლიამ შენ ქალიშვილად შეგასაღა თავი. სინამდვილეში კი ის 18 წლის ასაკში ფეხმძიმედ იყო, აბორტი გაიკეთა და შვილი იმიტომ არ უჩნდება.
ჭანჭიკელის ცოლს არ დაუსახელებია ლიას საყვარლის, ანუ თავისი ქმრის ვინაობა. მას იმედი ჰქონდა, რომ გამწარებული ირაკლი მხოლოდ ცოლს მოკლავდა და მას მეტოქეს ჩამოაშორებდა, მაგრამ, შეცდა. ირაკლი გიორგაძემ არაფერი აგრძნობინა ლიას და მას ფარული თვალთვალი დაუწყო. ერთ დღეს კი საყვარლები კონსპირაციულ ბინაში მოიხელთა, შიშვლებს წაადგა თავზე და ჯერ ორივე დააბა, შემდეგ მათ პირში ჩოგბურთის ბურთები ჩასჩარა, რომ არ ეყვირათ და ალესილი ხანჯლით სადისტურად ორივე ნელ-ნელ დახოცა: მათ სხვადასხვა ორგანოები მოკვეთა და ჭრილობებში მარილი ჩააყარა. ბოლოს კი ბინას ცეცხლი წაუკიდა და იქაურობას მოშორდა.
ირაკლი მას მერე დააკავეს, როდესაც ჭანჭიკელის ცოლი მილიციას გამოუტყდა, რომ ირაკლის სწორედ მან შეატყობინა ლიასა და ტიტეს ამბავი ანონიმურად. ირაკლი გიორგაძე საშინლად აწამეს და მაინც ვერ გამოტეხეს მკვლელობაში. თუმცა, მილიციამ ორი ცრუ მოწმე მოიყვანა, რომლებმაც სასამართლოში თქვეს, რომ ლიას და ტიტეს მკვლელობის ღამეს მათი კონსპირაციული ბინიდან გამოსული ირაკლი ნახეს. სასამართლომ ეს ჩვენება საკმარისად ცნო, რომ ირაკლი გიორგაძისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა და მას დახვრეტა მიუსაჯეს...
ალმასების საბადო
ვლადიმირის „დუშეგუბკიდან“ ირაკლი გიორგაძე და ტამარა პეტროვა საღამოს 9 საათზე გამოვიდნენ, შემდეგ საკანში გამომწყვდეული ახალი ზედამხედველის, ივანე ლოსევის „ზაპოროჟეცში“ ჩასხდნენ და ადგილიდან დაიძრნენ.
– მინიმუმ 50 წუთი, მაქსიმუმ კი 2 საათი და 50 წუთი გვაქვს გასაქცევად, – უთხრა საჭესთან მჯდარმა ტამარამ ირაკლის.
– გეგმით ვიმოქმედოთ და ყველაფერი კარგად იქნება, – მშვიდად მიუგო ირაკლიმ.
– მშვიდი ხარ, ძალიან მიხარია, – ღიმილით თქვა ტამარამ, – გეგმით ვიმოქმედებთ.
ირაკლი გიორგაძის მიერ შედგენილმა გეგმამ ეფექტურად იმოქმედა – „დუშეგუბკიდან“ გაქცეულმა წყვილმა მშვიდობიანად ჩააღწია ციმბირის ქალაქ ირკუტსკამდე და მათ მოხუცი გეოლოგის, პავლე კარპოვის ქოხში შეაფარეს თავი, რომელიც ტაიგის პირას მდებარეობდა და იქ გაქცეულებს ვერავინ მიაგნებდა.
პავლე კარპოვი ირაკლის კარგად იცნობდა, რადგან მას და აკადემიკოს ნოსოვს ტაიგაში ხშირად უწევდა მეგზურობას და სწორედ მისი წყალობით შეისწავლა ირაკლიმ ტაიგა.
– ღმერთმა აცხონოს ვალენტინ მიხაილოვიჩი. მისმა სიკვდილმა საშინლად იმოქმედა ჩემზე. გვიან შევიტყვე მისი ამბავი, თორემ, დაკრძალვაზე აუცილებლად ჩამოვიდოდი, – უთხრა პავლე კარპოვმა ირაკლის, როდესაც სუფრას მიუსხდნენ და მასპინძელმა გარდაცვლილი აკადემიკოსის მოსაგონარი შესვა.
ირაკლიმ არაფერი იცოდა აკადემიკოს ნოსოვის გარდაცვალების შესახებ და ეს ამბავი ძალიან ეწყინა. კარპოვისგან მან შეიტყო, რომ აკადემიკოსის ქალიშვილი ოლგა ნოსოვა მამის დაკრძალვიდან ნახევარი წლის შემდეგ საკრუიზო გემით გაემგზავრა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ და რომელიღაც უცხო ქვეყანაში დარჩა. ირაკლიმ დაწვრილებით უამბო პავლე კარპოვს თავისი ამბავი და ბოლოს უთხრა:
– პაველ სერგეევიჩ, ცოტა ხანს აქ დავრჩებით და პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში წავალთ.
– თუ გინდა, სულ აქ იცხოვრეთ, – მიუგო სტუმრებს კარპოვმა, – ადგილი ყველას გვეყოფა. საჭმელ-სასმელი არ მოგვაკლდება და მილიცია აქ არ მოგვაკითხავს.
ტამარა და ირაკლი მართლაც უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ კარპოვის ქოხში, არც სმა-ჭამა აკლდათ და მკაცრი ციმბირული ზამთარიც იქ გადაიტანეს. გაზაფხულზე, მაისის ერთ მზიან დღეს, პავლე კარპოვი ირკუტსკში გაემგზავრა ორი დღით. როგორც კი მოხუცი თვალს მიეფარა, ირაკლიმ ტამარას უთხრა:
– სასწრაფოდ გაემზადე, ერთ ადგილას მივდივართ და, სანამ პავლე ჩამოვა, მანამდე უკან უნდა დავბრუნდეთ.
ტამარა სწრაფად გაემზადა და ირაკლის ტაიგაში გაჰყვა. ექვსსაათიანი სიარულის შემდეგ ირაკლიმ გოგონა ერთ პატარა მღვიმეში შეიყვანა. ორასიოდე მეტრი რომ გაიარეს, ერთ მომცრო ნიშასთან შეჩერდნენ, იქიდან ირაკლიმ პატარა ტომარა გამოიღო, გახსნა და ოცდახუთი ცალი მსხვილი ალმასი ამოიღო.
– ეს რა საოცრებაა! – წამოიძახა ტამარამ, რომელსაც ალმასების ბრწყინვალებამ თვალები მოსჭრა.
– რა და, უმაღლესი ხარისხის ალმასებია, – მიუგო ირაკლიმ, – ჩვენ ახლა ალმასების საბადოში ვიმყოფებით, რომელიც ცხონებულმა აკადემიკოსმა ვალენტინ ნოსოვმა აღმოაჩინა. მან ეს მხოლოდ მე გამანდო და მანვე მაჩვენა ეს ალმასებიც. ჩვენ მოლაპარაკებულები ვიყავით, რომ აქ ერთად მოვიდოდით და ამ სიმდიდრეს ერთად მოვიპოვებდით და გავინაწილებდით, მაგრამ, რადგან ის გარდაიცვალა, მე სრული უფლება მაქვს, ეს სიმდიდრე ავიღო. ალმასები ჩვენია, ეს საბადოც ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ, მაგრამ, ჯერჯერობით ამ ალმასებს დავჯერდეთ. ამ ქვების ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი მანეთია.
ქალ-ვაჟმა ძვირფასი ქვები კარპოვის ქოხში მიიტანა და საიმედოდ გადაამალა, მასპინძელი რომ მობრუნდა, ირაკლიმ ჰკითხა:
– უცხოეთში გვინდა გამგზავრება და რას გვირჩევ?
– გირჩევთ, იაპონიაში გადახვიდეთ, მით უმეტეს, რომ ნაცნობი მყავს, რომელიც ამ საქმითაა დაკავებული და ჩემი თხოვნით თქვენ უფასოდ გაგიკეთებთ ყველაფერს, – მიუგო ირაკლის პავლე კარპოვმა.
ბედნიერი წყვილი
ირაკლი და ტამარა პავლე კარპოვმა ჯერ კურილიის კუნძულებზე გადაიყვანა, შემდეგ კი, თავისი მეგობრის დახმარებით, რომელიც ბრაკონიერი მეთევზე იყო და თავის იაპონელ კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებდა, წყვილი იაპონიაში გადაიყვანეს.
ქალ-ვაჟი თავდაპირველად ერთ მეთევზესთან ცხოვრობდა არალეგალურად, შემდეგ კი ყალბი პასპორტები იშოვეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩააღწიეს. სანამ ხელისუფლებას ჩაჰბარდებოდნენ, 25 ცალი ალმასი საიმედოდ გადამალეს. წყვილი სამი თვით იზოლირებულ შენობაში მოათავსეს და ამერიკული სპეცსამსახურები მათ გულმოდგინედ ამოწმებდნენ. როდესაც დარწმუნდნენ, რომ ისინი სიმართლეს ამბობდნენ, ჯაშუშები არ იყვნენ და ნამდვილად ამერიკის შეერთებულ შტატებში სურდათ ცხოვრება, მათ პასპორტები გადასცეს, მოქალაქეობა მიანიჭეს და ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში განათავსეს...
ირაკლი და ტამარა ნიუ-იორკში დაქორწინდნენ და იქვე შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ირაკლის მამის სახელი – მიხეილი დაარქვეს. ცოლიც და ქმარიც რესტორანში მზარეულებად მუშაობდნენ და დიდი გეგმები ჰქონდათ. ისინი გადამალული ალმასებიდან ერთ-ერთის გაყიდვას და კერძო ბიზნესის დაწყებას აპირებდნენ. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, ტამარა ცუდად გახდა და როდესაც ის ექიმმა გასინჯა, ქალს კუჭის კიბოს დიაგნოზი დაუსვა... საბრალო ტამარა სამ თვეში გარდაიცვალა. ირაკლი დაქვრივდა, მან 8 თვის მიშიკოს საბავშვო ბაღში მიყვანა გადაწყვიტა. იგი სახლთან ახლოს მდებარე ბაღში მივიდა და გამგეს ესაუბრა. როდესაც გამგემ ერთ-ერთი აღმზრდელი იხმო, რომ ირაკლისთვის წარედგინა, ირაკლი გაშრა. მის წინაშე აკადემიკოს ვალენტინ ნოსოვის ერთადერთი ქალიშვილი – ოლგა იდგა.
– ირაკლი, შენ?! – აღმოხდა ოლგას, გული წაუვიდა და ირაკლის რომ არ ემარჯვა, ქალი იატაკზე დაეცემოდა...
ირაკლი და ოლგა, რომელიც გაუთხოვარი იყო, მალე დაქორწინდნენ და კიდევ ოთხი შვილი შეეძინათ. ცოლ-ქმარმა წარმატებული ბიზნესი ააწყო, ისინი დღესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. თუ რუსულ პრესას დავუჯერებთ, ირაკლი გიორგაძემ ნოსოვის მიერ აღმოჩენილი ალმასის საბადო იყიდა და მისი კომპანია იქ ალმასებს მოიპოვებს.