იარაღის მოყვარული „მასპინძელი“, ჩაშლილი ძარცვა და დაპატიმრებული მოუხელთებელი ყაჩაღი
გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში თბილისში ერთი მარტოხელა და თავზეხელაღებული ბანდიტი და ყაჩაღი დიტო კაშია თარეშობდა. ის არაფერზე იხევდა უკან და სამჯერ ჩვენთან „პერესტრელკაშიც“ კი მოყვა, მაგრამ, სამივეჯერ ხელიდან წაგვივიდა და ორი კაციც დაგვიჭრა.
კაშიას მეტსახელად „ნაგლს“ უწოდებდნენ, რაც სრულიად შეეფერებოდა – ის განურჩევლად ძარცვავდა ყველას, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და წელიწადის ნებისმიერ დროს. ხელმძღვანელობისგან მისი ლიკვიდაციის ბრძანება გვქონდა მიღებული, თუკი წინააღმდეგობის გაწევას დააპირებდა. მაგრამ, ის კარგა ხანს აღარ გამოჩენილა და ვივარაუდეთ, რომ რუსეთში გაემგზავრა და, როგორც იტყვიან, „ფსკერზე დაწვა“.
მაისის ერთ საღამოს კი ფალიაშვილის ქუჩიდან ერთი ძალიან ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის მეუღლემ დაგვირეკა და ჩურჩულით გვთხოვა, რომ მის ბინაში მივსულიყავით.
– ჩურჩულით რატომ გველაპარაკებით, ქალბატონო? – ვკითხე ქალს.
– იმიტომ, – მომიგო ქალმა, – რომ თოფიანი კაცია გვერდით ოთახში და ჩემს ქალიშვილს ელაპარაკება.
ქალმა ჩურჩულითვე ამიხსნა, როგორ უნდა შევპარულიყავით სახლში სათადარიგო შესასვლელიდან, რომლის გაღებასაც თვითონვე შეგვპირდა.
სასწრაფოდ შევკრიბეთ ოპერატიული ჯგუფი და ფალიაშვილის ქუჩისკენ წავედით, სახლში ღია სათადარიგო შესასვლელიდან შევედით და კუთხეში დამალულმა დიასახლისმა ჩურჩულით გვითხრა, – აი, იმ თეთრკარიან ოთახში არიანო.
ჩვენ პისტოლეტები მოვიმარჯვეთ, ოთახში შევცვივდით და გავშრით: დიტო კაშია, იგივე „ნაგლი“ და ახალგაზრდა მომხიბვლელი გოგონა სხედან და „ბერეტას“ სისტემის პისტოლეტებს აწყობენ... „ნაგლი“ რომ გამოერკვა, გვიან იყო, რადგან მისი ორივე იარაღი დაშლილი იყო და წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევდა.
ცნობილი ყაჩაღი იქვე „ავაგდეთ“ და მილიციაში წავიყვანეთ.
საქმე კი ის იყო, რომ, როდესაც „ნაგლი“ ცნობილი ოჯახის ბინაში შესულა და ორი ცალი „ბერეტა“ გაუშვერია გოგონასთვის, ქეთის (ასე ერქვა იმ ცნობილი კაცის შვილს) შეშინების ნაცვლად, წამოუძახია:
– ვა, რა მაგარი იარაღებია, მაჩვენე, რა!
სწორედ ქეთის ასეთი გულწრფელი თხოვნის შემდეგ დათანხმდა ყოჩაღი გოგონას და, არა მარტო პისტოლეტები უჩვენა მას, არამედ, მათ დაშლა-აწყობასაც ასწავლიდა და სწორედ ამ დროს წავადექით თავზე. ასე დავაპატიმრეთ მოუხელთებელი ყაჩაღი...