კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ნათაძე

წინაპრებს სახელებად გამოყენებული ჰქონდათ: ნათაი, ნათადა, ნათან, ნათანაელ, ნათანელ, ნათანიელ, ნათელიზე, ნათელისძე, ნათელიძე, ნათილა. ქალებში კი გვხვდება სახელები: ნათა, ნათაი, ნათაილა, ნათელი, ნათელა, ნათი, ნათო, ნათუა.

ამ სახელებიდანაა ნაწარმოები ქართული გვარები: ნაათანიშვილი, ნათანლიშვილი, ნათანულიშვილი, ნათაძე და ასე შემდეგ.

ნათაძე გვხვდება ქართლსა და იმერეთში. ამავე ძირისაა გვარი ნათიშვილი, ნათიძე.

საქართველოში 569 ნათაძე ცხოვრობს: თბილისში – 259, რუსთავში – 62, კასპში – 47.

ხიზაძე

გვარის ფუძეთი ხიზანა-ხიზანი ნაწარმოებია ქართული გვარები: ხიზანაიძე, ხიზანიშვილი, ხიზანაშვილი, ხიზანეიშვილი, ხიზაძე.

ხიზაძეთა ადრინდელ საცხოვრებელ ადგილად იხსენიება სოფელი კუნცა, ასპინძის რაიონი. იმავე რაიონში დღეს სხვაგანაც ცხოვრობენ, კერძოდ, სოფელ აწყვიტაში.

საქართველოში 66 ხიზაძე ცხოვრობს: ასპინძაში – 32, თბილისში – 7, ახალციხეში – 6. არიან სხვაგანაც.

მერებაშვილი

თანამდებობა-მოსაქმეობის ტერმინიდან მერაბე – სარწყავი წყლის გამწესრიგებელი; მერუე, იგივეა, რაც მერები, გვხვდება სხვადასხვა ფორმით ნაწარმოები გვარები: მერაბაშვილი, მერაბიშვილი, მერებაშვილი.

აღნიშნული გვარებიდან ნაწილმა შეინარჩუნა თავისთავადობა, ქართველობა, მართლმადიდებელი სარწმუნოება; მათ ნაწილს კი გვარის ფორმა შეუცვალეს იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც რუსეთი და ეკლესიებში სომეხი ტერტერები (ტერ – მღვდელი) ატარებდნენ. მესხეთში უდელი მერაბიშვილების ნაწილმა კათოლიკობა მიიღო (მიაღებინეს). ბევრს გვარის ფორმა შეუცვალეს – სუფიქსი შვილის ნაცვლად მიაბეს ფორმანტი - ოვი. ასეთნაირად გაჩნდნენ მერაბოვები.

ცალკე კვლევის ობიექტია მერაბიანი. მათი რიცხვი საქართველოში 237-ია.

გადმოცემით, მერაბიშვილები (უდედან) სათავეს იღებენ ფეოდალ ხურსისძე-ხურციძეებიდან.

ისტორიულ წყაროებში ჩანს: მერაბაშვილი – „სოფელ კრკონს მცხოვრები, ერთ წილად ერგო ხოსია ბარათაშვილს, 1640 წელს“.

„მერაბაშვილები არიან აზნაურ ყორღანაშვილების განაყოფები“.

მერაბიშვილები არიან თავად აბაშიშვილების შტო-გვარისანიც.

„მერაბაშვილი გიორგი – მოწმე გოგია ბოჭორიძის მიერ ივანე ვიგრიაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა“ (1643 წელი).

საქართველოში 316 მერაბაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 129, გორში – 82, კასპში – 71. არიან სხვაგანაც.

2 778 მერაბიშვილი: თბილისში – 1 224, ადიგენში – 529, გარდაბანში – 187. არიან სხვაგანაც.

1 997 მერებაშვილი: გორში – 654, კასპში – 586, მცხეთაში – 321. არიან სხვაგანაც.

251 მერაბოვი: თბილისში – 162, გარდაბანში – 42, დედოფლისწყაროში – 13. არიან სხვაგანაც.

მაწკეპლაძე

წინაპრებს გვარის ფუძედ წკეპლა გამოუყენებიათ. წკეპლა წვრილი ჯოხია.

მაწკეპლაძე – გვარში მა წინსართია (ართრონი). გვარის გასაწყობად გამოყენებულია ართრონები: მე, მა, მო. ამის მიხედვითაა შექმნილი მეწკეპლე – წკეპლის შემრჩევი.

ეს გვარი მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების წყაროებში არ ჩანს.

მაწკეპლაძე იმერული გვარია.

საქართველოში 327 მაწკეპლაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 166, ტყიბულში – 131, თბილისში – 30.

26 მაწკეპლიშვილია: ქუთაისში – 23, თბილისში – 3.

ზაზუნაშვილი – ბარათაშვილი

ზაზუნა ბარათაშვილთა გვარიდანაა გაჩენილი შტო-გვარი ზაზუნაშვილი.

„ზაზუნა ბოქაულთუხუცესი, მოწმე საამ ბარათაშვილის მიერ ოთარ ბარათაშვილისთვის მიცემული მიწების გაცვლის წიგნისა“ (1670 წელი).

„ზაზუნაშვილი ზურაბ, მოწმე შიოშის მიერ ლუარსაბ ბარათაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა“ (1696 წელი).

„ზაზუნაშვილის ხოდაბუნი ესაზღვრებოდა დოლმაზა ზურიკაშვილის მიერ ბერუა დიარაშვილისთვის მიყიდულ მიწას“ (1690 წელი).

ბარათაშვილი (ზაზუნაშვილი) ქაიხოსრო ედავებოდა ჭანდრის რუების გამო ბოქაულთუხუცესს საამ ბარათაშვილს და გუგუნა ქავთარაულს, 1690-იან წლებში.

გვარი წყაროებში გვხვდება ორი ფორმით. კერძოდ, ზაზუნაშვილი და ზაზუნიშვილი. ზაზუნიშვილი იგივე ბარათაშვილთა გვარია.

საქართველოში 52 ზაზუნაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 43, თბილისში – 9.

ბერეკაშვილი

გვარში ფუძეა საკუთარი სახელი – ბერი. მისი ზოგადი მნიშვნელობაა – ვაჟი, ძე, ყმა. ბერისგან წარმოქმნილია ბევრი საკუთარი სახელი, რომლებიც მრავალ ქართულ გვარ-სახელშია ჩაქსოვილი.

გვარში არსებული გადმოცემის მიხედვით, ბერეკაშვილი და ბერიკაშვილი ერთი და იგივე გვარადაა მიჩნეული.

ბერეკაშვილი ისტორიულ წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოიხსენიება.

ბერეკაშვილი – ხუცესი, 1697 წელს მიწის ნაკვეთზე ედავებოდა ვინმე ჯაბანა მაკუჭასძეს, ზაქარია რუსთაველმა დავა გაარჩია და მას მიაკუთვნა სადავო მიწის ის ნაწილი, რომელსაც საყდრის ახლოს პატარა ღელე ჩამოუდიოდა.

ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებიან იოვანე და ასლამაზა ბერეკაშვილები.

1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში 815 ბერეკაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 323, ტყიბულში – 154, თბილისში – 86. არიან სხვაგანაც.

ფხაკაძე

გვარის წარმოშობის ადგილად მიჩნეულია ფარცხანაყანევი, წყალტუბოს რაიონი.

ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია შიო ფხაკაძე – „ფარცხანაყანევს მცხოვრები, გიორგი მეფემ შესწირა გულათს ულუხან ლორთქიფანიძის სამწირველად და დააკისრა ოცი კოკა ღვინო და ათი საკლავის თეთრი“ (1573 წელი).

გვხვდება გვარები: ფხიკაძე, ფხეკია.

გვარის ფუძედაა მიჩნეული მეტსახელი ფხაკა.

ალექსანდრე ღლონტი წიგნში – „ქართველური საკუთარი სახელები“ წერს: „ფხაკა – მეტსახელი გვარში ფხაკაძე“...

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ფხაკაძეთა გვარს 129-ე ადგილი უკავია.

გვაქვს, აგრეთვე, ქართული გვარი ფხაკალაშვილი.

საქართველოში 3 979 ფხაკაძე ცხოვრობს. ქუთაისში – 1 784, წყალტუბოში – 1 165, თბილისში – 512. არიან სხვაგანაც.

23 ფხაკალაშვილი: ახმეტაში – 22, თელავში – 1.

ნიქაბაძე

ვარაუდით, წინარე გვარი მიქაბაძე უნდა ყოფილიყო. შედარებისთვის: მეგულაშვილი და ნეგულაშვილი, მეფარიძე და ნეფარიძე.

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნიქაბა.

„ნიქაბაძე გაბრიელა, ფარცხანაყანევს მცხოვრები, შანშე ამირეჯიბმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს, 1669-1673 წლებში“.

საქართველოში 1 974 ნიქაბაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 596, წყალტუბოში – 440, ზესტაფონში – 276. არიან სხვაგანაც.

ციხელაშვილი

გვარი გვხვდება ორი ფორმით: ციხელაშვილი და ციხელიშვილი.

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ციხელა.

ადრინდელი გვარია ხოსიტაშვილი. წარმოშობილია მესხეთიდან, სოფელ გოგაშენიდან, ქვემო ქართლ-კახეთისკენ წამოსულ ხოსიტაშვილთა გვარიდან.

წლების წინათ გვარის ისტორია დაწვრილებითაა აღწერილი დმანისის რაიონულ გაზეთში.

სოფელ განთიადში მოსახლე ციხელაშვილები, გადმოცემით, ჯავახეთიდან ყოფილან გადმოსულნი, სოფელ გოგაშენიდან. ძველად ხოსიტაშვილნი ყოფილან.

ხოსიტაშვილებს გამოეყო სხვა გვარებიც.

საქართველოში 981 ციხელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 350, დმანისში - 168, დუშეთში – 157. არიან სხვაგანაც.

93 ციხელიშვილი: თელავში – 65, ახმეტაში – 23, თბილისში – 5.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3