კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს ბიოლოგიურ დედას 48 წლის მამაკაცი და რა მიზეზით მალავს ის თავის ვინაობას დედის პოვნამდე

48 წლის დავით გოგას ძე კიკნაძე ეძებს ბიოლოგიურ დედას (სახელი და გვარი უცნობია), დაახლოებით 67-70 წლამდე ასაკის ქალს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას. მისი სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია, ამჟამად ის დაახლოებით 57-60 წლამდე უნდა იყოს. როგორც ვიცი, მე დავიბადე პირველ სამშობიარო სახლში, 1962 წლის დეკემბერში. თვეების ვიყავი, როდესაც დედა იძულებული გახდა, გავეშვილებინე. ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით გავიგე და მოსვენება დავკარგე. როგორც გავიგე, ჩემი გაშვილების მიზეზი ის იყო, რომ ჩემი ბიოლოგიური დედის ოჯახის წევრებს არ სურდათ უკანონოდ დაბადებული შვილიშვილის აღიარება. ძალიან მინდა ვიპოვო ბიოლოგიური დედა. მართალია, ძალიან პატარა შანსი მაქვს, მაგრამ, მჯერა, რომ მას ვიპოვი.

ჟურნალისტის შენიშვნა: საყურადღებო ინფორმაცია: დავითი არის მაღალი, შავგვრემანი, შავთვალება, მარჯვენა ფეხის წვივის ქვემოთ აქვს ნიშანი (დიდი ხალის სახით). ის ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი მშობელი არაქართველია.

– როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ? გვიამბეთ ყველაფერი, რაც იცით თქვენი ბიოლოგიური დედის შესახებ.

– სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ნაშვილები ვარ, რადგან ამას ყველა ჩემი ნათესავი საგულდაგულოდ მიმალავდა. ჩემი ნამდვილი ამბავი რომ შევიტყე, უკვე 17 წლის ვიყავი. სიმართლე ჩემი აღმზრდელი დედის დამ, ანუ დეიდამ მითხრა. მე დავბადებულვარ თბილისში, სავარაუდოდ, პირველ სამშობიარო სახლში, 1962 წლის დეკემბერში. მას შემდეგ, რაც ჩემმა აღმზრდელებმა მიშვილეს, მათ მე თბილისიდან აფხაზეთში, ქალაქ გაგრაში წამიყვანეს, სადაც დიდხანს ვცხოვრობდი, დღესდღეობით კი თბილისში ვცხოვრობ. ჩემს შვილად აყვანას ესწრებოდნენ ჩემი აღმზრდელი მამა და დეიდა (ანუ აღმზრდელი დედის და), რომელიც კოჭლია – ეს აუცილებლად უნდა ახსოვდეს ჩემს ბიოლოგიურ დედას, რომელმაც გამაშვილა. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, როცა გავიგე, რომ ნაშვილები ვარ. ჯერ ერთი, ბევრი კითხვა გამიჩნდა; თან, უკვე ისეთ ასაკში ვიყავი, რომ მოსვენებაც დავკარგე, მინდოდა, აღმზრდელი დედისგან გამეგო სიმართლე დედაჩემის შესახებ, მაგრამ ყველა ჩემი ცდა აბსოლუტურად უშედეგო იყო – მას კატეგორიულად არ უნდოდა არაფრის თქმა და აღიარება. დეიდამ კი მითხრა, რომ, თურმე, დედაჩემი ახალგაზრდა იყო, ფეხმძიმედ დარჩენილა და, ვისგანაც ორსულად იყო, იმ კაცმა არ მოინდომა მისი ცოლად მოყვანა, დედაჩემის ოჯახი წინააღმდეგი იყო ჩემი მიღების, ეს იმ პერიოდში (მოგეხსენებათ, რა დროც იყო 1962 წელს) დიდ სირცხვილად ითვლებოდა, მით უმეტეს, რომ დედას ჰყოლია ძმები. მოკლედ, დედის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მთელი მისი ოჯახი წინ აღუდგა მას და მიატოვა. იგი იძულებული გახდა მარტოს ვერჩინე. სავარაუდოდ, ის იქვე, ნაძალადევში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩემზე უარი არ უთქვამს, სანამ უკიდურეს გაჭირვებამდე არ მისულა და ჩემი რჩენა ვეღარ შეძლო. როგორც გითხარით, მე დავიბადე პირველი სამშობიარო სახლში, სადაც ჩემი დაბადების პერიოდში მთავარ ექიმად ჩემი აღმზრდელი დედის ნათესავი მუშაობდა. ბუნებრივია, ის საქმის კურსში იყო, რომ დედაჩემმა მარტომ იმშობიარა, არც ის არის გამორიცხული, რომ სწორედ მის მიერ მიწოდებული ინფორმაციით მომაკვლიეს ჩემმა გამზრდელებმა, რადგან, რამდენიმე ხანში ჩემი დაბადების შემდეგ, იმ ექიმმა მიატოვა პირველი სამშობიარო სახლი და სხვაგან გადავიდა მეან-გინეკოლოგიის განყოფილების მთავარ ექიმად. ეტყობა ის ჩემს აღმზრდელს უშვილობისგან მკურნალობდა მაგრამ, უშედეგოდ და შემდგომ გააგებინა მას ჩემ შესახებ. როგორც გითხარით, ჩემს სანახავად დეიდა და მამა ჩამოვიდნენ და მიშვილეს. ვიცი რომ, როდესაც მიშვილეს, ძალიან გამხდარი ვყოფილვარ – რადგან კვება მაკლდა, მაგრამ, სხვა მხრივ, ჯანმრთელი ბავშვი ვიყავი.

– თქვენი დაბადების სახელი და გვარი თუ იცით, ანუ, ის სახელი, რომელიც ბიოლოგიურმა დედამ მოგცათ?

– სამწუხაროდ, არ ვიცი, რადგან ჩემი დაბადების მოწმობა ჩემი შვილად აყვანისთანავე გადააკეთეს. მე დაბადების მხოლოდ თვე და რიცხვი კი არა, დაბადების წელიც კი შეცვლილი მაქვს – მათ 1963 წელი ჩამიწერეს, რომ საერთოდ აერიათ გზა-კვალი – იმ შემთხვევაში, თუ დედა ინდომებდა ჩემს მოძებნას, წლის მიხედვით ამას ვერ შეძლებდა. მე ყოველთვის მქონდა ეჭვი ჩემი დაბადების თვის გამო: ივლისი მიწერია, ესე იგი, გამოვდივარ „კირჩხიბი“, არადა, „კირჩხიბის“ არანაირი თვისება არ მახასიათებს. ყველაზე ახლოს ჩემს ხასიათთან „თხის რქაა“. ვერ დაიჯერებთ, მაგრამ, ერთხელ, უკვე საკმაოდ დიდ ასაკში, ვიპოვე ჩემი პატარაობის ორი ფოტო, რომლებიც ჩემს აღმზრდელ დედას საგულდაგულოდ ქონდა შენახული (გადამალული), ორივე ფოტოზე მითითებულია ჩემს ასაკთან შედარებით აბსოლუტურად სხვა ასაკი. მახსოვს, როდესაც გავიზარდე, თბილისში ვაპირებდი ჩამოსვლას და უმაღლესში ჩაბარებას – მინდოდა, აქ მესწავლა, ჩემმა აღმზრდელმა დედამ ეს რომ გაიგო, კატეგორიული წინააღმდეგობა გამიწია, არაფრით არ უნდოდა, რომ თბილისში ჩამოვსულიყავი. როდესაც გამოცდები ვერ ჩავაბარე, გაუხარდა კიდეც.

– როგორ ფიქრობთ, ბიოლოგიური დედა თუ გეძებდათ, ან, თუ იცის რაიმე თქვენ შესახებ?

– დედაჩემს უნდა ახსოვდეს, რომ მე დავიბადე ნიშნით – მარჯვენა ფეხის წვივის ქვემოთ მაქვს დიდი ხალი, ვარ შავგვრემანი და შავთვალება, მაღალი. ნამდვილად ვერ გეტყვით, იცოდა თუ არა მან ჩემი აღმზრდელების გვარი, რამდენადაც დეიდასგან ვიცი (რომელიც ამჟამად უკვე ასაკოვანია და ლოგიკურადაც ვეღარ მსჯელობს, რომ რაიმე გავარკვიო), ერთ-ერთი ჩემი მშობელთაგანი იყო არაქართველი, მაგრამ მათი გვარები მე არ ვიცი. რაც შეეხება იმას, მეძებდა თუ არა დედაჩემი, გეტყვით, რომ აფხაზეთში ცხოვრებისას, დაახლოებით 1968-1970 წლებში. როდესაც მე დაწყებით კლასებში ვიყავი, ჩვენთან, გაგრაში, ჩამოსულა ვიღაც კაცი, რომელიც თურმე ნაშვილებ ბიჭს ეძებდა, ანუ – მე. ეს ამბავიც დეიდასგან ვიცი, რადგან იმ კაცს სრულიად შემთხვევით გაგრის ერთ-ერთ სასადილოში შეხვედრია ბიძაჩემი (იმ დეიდის მეუღლე, რომელიც ესწრებოდა ჩემს გაშვილებას). იმ კაცმა, რა თქმა უნდა, არ იცოდა ვის ელაპარაკებოდა და, უბრალოდ, უკითხავს, ხომ არ იცით, თბილისიდან იშვილეს პატარა ბიჭი, როგორც გავიგე, აქ უნდა ჩამოეყვანათ, ამჟამად ამა და ამ ხნის არისო. ბუნებრივია ბიძაჩემი მაშინვე მიხვდა, რომ საუბარი ჩემზე იყო და, გზა-კვალის არევის მიზნით, ის კაცი რაჭაში „გადაამისამართა“. ანუ, შესაძლებელია, ის კაცი იყო ან მამაჩემი, ან ჩემი ბიოლოგიური დედის ძმა, რომელმაც, სავარაუდოდ, შემდგომ ინანა ის, რაც ოჯახმა მის დას გააკეთებინა (მაგრამ ეს დანამდვილებით არ ვიცი). ფაქტია, რომ მე მეძებდნენ. იმ დროს მე ძალიან პატარა ვიყავი, ეს ამბავი დამიმალეს და მხოლოდ შემდგომ გავიგე.

– აღმზრდელმა მშობლებმა თუ იციან, რომ ბიოლოგიურ დედას ეძებთ?

– აღმზრდელი მამა ცოცხალი აღარ მყავს, დედა კი დიდი წინააღმდეგია ამის. ამიტომ, თავი შევიკავე ჩემი ფოტოს გამოქვეყნებისგან და ჩემ მიერ ნათქვამი სახელი და გვარიც ფსევდონიმებია. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მინდა დედის პოვნა, არც ის მინდა, რომ გული ვატკინო აღმზრდელს, რომელიც ამჟამად უკვე 86 წლისაა. ამიტომ, გადაწყვეტილი მაქვს, ჩემი ვინაობა მხოლოდ დედის პოვნის შემთხვევაში გამოვააშკარაო. თუ დედას ვიპოვი, ამას უკვე აღმზრდელსაც აღარ დავუმალავ, მან იცის, როგორ მინდა დედის პოვნა, მაგრამ არ იცის, რომ ვეძებ. მე მისი დიდი მადლობელი ვარ, რომ აღმზარდა და მიშვილა, მაგრამ, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მინდა, ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ბიოლოგიური მშობლები ვიპოვო, ვნახო, როგორები არიან, ერთხელ და სამუდამოდ, გავიგო ჩემი დაბადების ნამდვილი თარიღი, სახელი და გვარი. ხომ შეიძლება, მე დედმამიშვილებიც მყავდეს? ამას რომ წარმოვიდგენ, ლამის ვიტირო, ისე მინდა, მათ ვიცნობდე.

– ძალიან რთულია ადამიანის მოძებნა, როდესაც არ იცი მისი გვარი და სახელი. ნამდვილად ყველაფერი სცადეთ და ვერ გაიგეთ?

– დედაჩემთან ამ თემაზე საუბარი გამორიცხულია, ისეა გაკერპებული. შეიძლება არ დამიჯერით, რასაც ახლა მოგიყვებით, რაც ნამდვილად გადამხდა. არ ვიცი, რას დავაბრალო ეს ამბავი, არ არის გამორიცხული, ამდენს რომ ვფიქრობ, იმის ბრალიც იყოს, მაგრამ, ერთხელ უცნაური სიზმარი ვნახე. მღვდელს რომ ვუამბე, მითხრა, ეს გამოცხადება არისო. ახლა თქვენც გიამბობთ: მე დამესიზმრა წვერებიანი მამაკაცი და მხოლოდ სიზმრის ბოლოს მივხვდი, რომ ის ანგელოზი იყო. იმ მამაკაცმა დამამშვიდა და მითხრა, აგერ წერია შენი გვარიო და მომაწოდა ფურცელი, რომელზეც ეწერა ორი გვარი: გუგუნეიშვილი და საკინოვი და, კიდევ ჩემი დაბადების თვე – დეკემბერი და რიცხვი. მახსოვს, რომ ეს რიცხვი იყო ორნიშნა და მასში ორიანი ერია. სასწაული ის არის, რომ დღემდე მახსოვს ეს გვარები და, შინაგანად თითქოს დარწმუნებული ვარ, რომ, შესაძლოა, ეს, მართლაც ჩემი ბიოლოგიური მშობლების გვარები იყოს, რადგან, როგორც დეიდისგან ვიცი, ჩემი ერთ-ერთი მშობელი არაქართველი იყო. დამთხვევა არის, მაგრამ, დაზუსტებით ამას ხომ ვერ ვიტყვი! მინდა, რომ, ჩემი ბიოლოგიური დედა ან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ეცნო ეს ისტორია, გამომეხმაუროს. მე მისგან, არაფერი მინდა, გარდა იმისა, რომ ვიცნობდე, გავიგო ჩემი დაბადების თვე და რიცხვი დაზუსტებით და ვიცოდე, რომ ის კარგადაა. ძალიან მინდა მისი პოვნა.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3