რომელი ეროვნების მილიარდერები ჭარბობენ პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგში
პოსტსაბჭოთა სივრცის მილიარდერთა რეიტინგში, როგორც მოსალოდნელი იყო, უმრავლესობაში კვლავ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან: რეიტინგის ასი მონაწილიდან მხოლოდ ოცია რუსეთის მეზობელი ქვეყნის მოქალაქე (უკრაინა, საქართველო, ყაზახეთი), დანარჩენი 80 კი რუსეთს წარმოადგენს. რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ერთი მოქალაქე – გია ჯოხთაბერიძე მოხვდა, ხოლო მასზე არანაკლებ ცნობილი ბიზნესმენები საქართველოში, ბორის (ბიძინა) ივანიშვილი და ალექსანდრე ჯაფარიძე, ამჯერად რუსეთის მოქალაქის სტატუსით არიან მოხსენიებულნი ჟურნალ „ერბეკას”, რუსული ბანკებისა და საინვესტიციო კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობილ ყოფილი საბჭოთა კავშირის მილიარდერთა ტოპ-ასეულში.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე მდიდარი ადამიანი რუსი ოლიგარქი ვლადიმირ ლისინია, რომლის კაპიტალი, რუსული მონაცემებით, 23,307 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა, ამერიკულ „ფორბსში”, ლისინის კაპიტალი 24 მილიარდს შეადგენს. საინტერესოა, რომ რუსეთში გამოსულ ჟურნალ „ფინანსს” საკუთარი რეიტინგი აქვს და იქ ლისინის კაპიტალი სულაც 28 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება. მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგში ნოვოლიპეცკის მეტალურგიული ქარხნის მფლობელს მე-14 ადგილი უკავია, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში იგი უკონკურენტოა. ლისინს კუდში მიჰყვებიან ცნობილი რუსი მილიარდერები: ლონდონის „არსენალის” აქციონერი ალიშერ უსმანოვი – 20,370 მილიარდი დოლარით („ფორბსის” მონაცემებით 17,700 მილიარდი), მიხაილ პროხოროვი – 19,533 მილიარდი, ვლადიმირ ევტუშენკოვი – 19,494 მილიარდი, ალექსეი მორდაშოვი – 19,026 მილიარდი, მიხაილ ფრიდმანი – 18,463 მილიარდი, მახაჩკალის „ანჟის” მფლობელი და სკანდალური ქრონიკების მონაწილე სულეიმან ქერიმოვი – 18,324 მილიარდი დოლარი, ერთ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი, ოლეგ დერიპასკა – 17,976 მილიარდი, სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი რუსი ოლიგარქი და ლონდონის „ჩელსის” მფლობელი, ჩუკოტკის ექსგუბერნატორი რომან აბრამოვიჩი – 16,407 მილიარდი და ვლადიმირ პოტანინი – პირველი ათეულის ბოლო წევრი და ფრანგულ სამთო-სათხილამურო კურორტებზე დასვენების მოყვარული ოლიგარქი, რომლის კაპიტალი 16,332 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„ყველაზე მდიდარი უკრაინელის“ სტატუსს ბოლო წლებია, სტაბილურად ინარჩუნებს დონბასელი მილიარდერი რინატ ახმეტოვი. მისი ქონება 16,200 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მას მეთერთმეტე ადგილი უკავია პოსტსაბჭოთა მილიარდერებს შორის, ხოლო „ფორბსის” სიაში ახმეტოვი 39-ეა. მის სახელს უკავშირდება დონეცკის საფეხბურთო კლუბი „შახტარი”, რომელიც წლებია, ცდილობს, გახდეს ევროპის ელიტარული კლუბი, თუმცა, დახარჯული მილიონები შედეგებზე ჯერაც არ ასახულა. სულ ახლახან ახმეტოვმა ლონდონში მდებარე ყველაზე ძვირად ღირებული ბინა შეიძინა. „ნაითსბრიჯის” უბანში მდებარე სამსართულიანი პენტჰაუსი „უან ჰაიდ პარკის” საცხოვრებელი კომპლექსის შემადგენლობაში შედის და გაზეთ „ფაინენშალ თაიმზის” ცნობით, ასეთი პენტჰაუსის ღირებულება არანაკლებ 136,6 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ახმეტოვთან ერთად, ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოელების რეიტინგში შემდეგი უკრაინელი ბიზნესმენები მოხვდნენ: ვიქტორ პინჩუკი – უკრაინის ექსპრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას სიძე და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა უკრაინულ ბიზნესში, რომლის კაპიტალი 9,150 მილიარდ დოლარს შეადგენს; საფეხბურთო კლუბ დნეპროპეტროვსკის „დნეპრის” პრეზიდენტი და ნავთობ-მაგნატი, შვეიცარიაში მცხოვრები, მაგრამ, უკრაინის მოქალაქე იგორ კოლომოისკი – 8,979 მილიარდი დოლარი; ფინანსური ჯგუფ, „პრივატის” მფლობელი გენადი ბოგოლუბოვი – 7,872 მილიარდი დოლარი; „სმარტ-გრუპისა” და „სმარტ-ჰოლდინგის” პრეზიდენტი ვადიმ ნოვინსკი – 4,444 მილიარდი დოლარი; პირველი ბიზნესმენი რუსეთსა და უკრაინაში, რომელმაც თავისი კომპანია „ფერექსპო” ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიტანა, კონსტანტინ ჟევაგო – 2,811 მილიარდი დოლარი. მათ გარდა, ტოპ-ასეულში მოხვდნენ: ვიქტორ ნუსენკისი – 2,100 მილიარდი; სერგეი ტარუტა – 1,658 მილიარდი, ოლეგ მკრტჩიანი – 1,658 მილიარდი, ვიტალი გაიდუკი – 1,500 მილიარდი, ალექსეი ვადატურსკი – 1,200 მილიარდი და იური კოსიუკი – 1,200 მილიარდი დოლარი.
მესამე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთისა და უკრაინის შემდეგ ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი რეიტინგში, არის ყაზახეთი. ძვირფასი ლითონების ბიზნესში ჩართულ ყველაზე მდიდარ ყაზახს პლანეტაზე, ვლადიმირ კიმს, 5,162 მილიარდი დოლარით რეიტინგში 31-ე პოზიცია უკავია, ხოლო მსოფლიოში იგი 223-ეა. მის გარდა რეიტინგში ფიგურირებენ: ალექსანდრ მაშკევიჩი – 3,403 მილიარდი, ბელგიაში მცხოვრები, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი პატოჰ შოიდიევი – 3,403 მილიარდი, მაშკევიჩისა და შოიდიევის ბიზნესპარტნიორი ალიჟან იბრაგიმოვი – 3,403 მილიარდი დოლარი, ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სიძე ტიმურ კულიბაევი – 2,472 მილიარდი და მისი მეუღლე, ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი, დინარა კულიბაევა – 2,472 მილიარდი დოლარი.
ტოპ-ასეულში წარმოშობით ქართველი სამი წარმომადგენელია: რუსეთის მოქალაქე ბორის (ბიძინა) ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მილიარდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც მრავალმილიარდიანი კაპიტალი რუსეთში მოღვაწეობის დროს დააგროვა. საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში დაბადებული ბიძინა ივანიშვილი თავის მთლიან ბიზნესაქტივებს ბიზნესჯგუფ „უნიკორის” მეშვეობით აკონტროლებს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეცენატია საქართველოში, რომელიც სრულიად უანგაროდ უწევს ფინანსურ დახმარებას კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს. ამ რეიტინგის თანახმად, ივანიშვილის კაპიტალი 4,235 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო „ფორბსის” ვერსიით, მისი კაპიტალი 5,5 მილიარდია. კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი, თუმცა რუსეთის მოქალაქე, ალექსანდრე ჯაფარიძეა, რომელიც მართალია, მახაჩკალაშია დაბადებული, მაგრამ, ქართული წარმომავლობა აქვს. ჯაფარიძე სანავთობო მბურღავი კომპანია „ევრაზიის” აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. კომპანიის აქციები 2007 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება, ხოლო ჯაფარიძის კაპიტალი, სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, 1,914 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. რეიტინგში მოხვედრილი საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიძე, გია ჯოხთაბერიძეა, რომლის დიდძალი კაპიტალი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომს” უკავშირდება. ჯოხთაბერიძის კაპიტალი, რუსების მონაცემებით, 1,020 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
P.S. ტოპ-ასეულში კიდევ არაერთი ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ოლიგარქი მოხვდა და მათ შესახებ „თბილისელების” მომდევნო ნომრებიდან შეიტყობთ.