რა ასაკისთვის უყალიბდება ბავშვს ხასიათის ძირითადი თვისებები და რა ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანის ხასიათის ფორმირებაზე
ხასიათი თითოეული ადამიანისთვის დამახასიათებელი პიროვნული თვისებების ჯამია, რომელიც ვლინდება ადამიანის საქციელით. ადამიანებს გააჩნიათ სხვადასხვა ფასეულობები, გატაცებები, პრინციპები და მსოფლმხედველობა, განსხვავებულად რეაგირებენ გარემოს გამღიზიანებლებზე. იმის შესახებ, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ადამიანის ხასიათის ასეთ ინდივიდუალურობას გვესაუბრება ფსიქოლოგი ვერიკო გელაშვილი.
– რა განაპირობებს ბავშვის ხასიათს?
– ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაში მთავარ როლს თამაშობს ორი ფაქტორი: პირველი ბიოლოგიურია, განპირობებულია მშობლებიდან მიღებული გენეტიკით და შეცვლას ნაკლებად ექვემდებარება. მეორე ფაქტორს კი ბავშვი ივითარებს ზრდის, განვითარების, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში. სოციალური მხარე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხასიათის ჩამოყალიბებაზე. მშობლების მიდგომა ძალიან დიდ როლს თამაშობს მოზარდის პიროვნების ფორმირებაში. ნორმები, წესები და პრიორიტეტები აუცილებელია ოჯახურ ცხოვრებაში, სასურველია მათ ბავშვი პატარა ასაკიდან მიეჩვიოს.
– როგორ ხდება ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბება?
– ადამიანის ხასიათის ძირითადი თვისებები ყალიბდება 5-6 წლის ასაკისთვის. ამ პერიოდში ბავშვის ხასიათზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს მშობლების მისდამი დამოკიდებულება. თუ მშობლები ბავშვს სათანადო დროს უთმობენ და მისი სურვილების მიმართ ინტერესს იჩენენ, მაშინ ბავშვს უვითარდება ნდობა ადამიანების მიმართ, ყალიბდება კომუნიკაბელურ და ხალისიან ადამიანად. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ვითარდება ხასიათის ჩაკეტილი ტიპი. ხასიათის ფორმირება სკოლის ასაკშიც გრძელდება. უმცროს კლასებში ბავშვისთვის პრიორიტეტული მშობლებისა და მასწავლებლების აზრია, ხოლო საშუალო კლასებში ბავშვის ხასიათზე ძირითადად თანატოლები ახდენენ გავლენას. უფროს კლასებში უფროსი ადამიანების აზრი კვლავ იბრუნებს ღირებულებას. ამავე პერიოდში, პიროვნების განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს, აგრეთვე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ამრიგად, მშობლებს შეუძლიათ, გარკვეულწილად, გააკონტროლონ შვილის ხასიათის თვისებები. თუმცა, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან მშობლის ერთი და იგივე საქციელი სხვადასხვა ტიპის ბავშვზე განსხვავებულად იმოქმედებს.
– ხასიათის რა ტიპებს შეიძლება, შევხვდეთ ბავშვებში?
– ხასიათის თვისებების მიხედვით, ადამიანები შეიძლება დავყოთ რამდენიმე ტიპად. მელანქოლიკები – საკმაოდ ჩუმი, მუდამ ჩაფიქრებული, მგრძნობიარენი არიან. მელანქოლიკი ბავშვის უმაღლესი ნერვული მოქმედებები გამოიხატება სისუსტითა და მერყეობით. ეს იმას ნიშნავს, რომ, ასეთ ბავშვს ესაჭიროება ძალიან დიდი დრო, რათა მიიღოს გადაწყვეტილებები, მიაღწიოს სასურველ მიზანს. ბავშვი-მელანქოლიკი მეტად იხრება სასოწარკვეთისკენ და ხდება მტირალა. თუმცა, ამ ტიპის ბავშვები არანაკლებ ნიჭიერები არიან, ვიდრე სხვები. ისინი ბეჯითობით გამოირჩევიან, მათში კარგად ვლინდება შემოქმედებითი პოტენციალი, მაგრამ ეს შემოქმედება არ ატარებს სანახაობით, სცენურ ხასიათს. ეს შემოქმედება უფრო დამალულია. ის ძირითადად გამოიხატება: ხატვით, ძერწვით, ქარგვით და ასე შემდეგ. თუ ამ ტიპის ბავშვებს იმ ნიჭს, რითიც გამორჩეულია, ხელს შევუწყობთ და გამოვავლენთ – შედეგად მივიღებთ გონიერ, შემოქმედ, ჭკვიან, მგრძნობიარე და ყურადღებიან ადამიანს. თუ მელანქოლიკს ვაიძულებთ სცენაზე იმღეროს და მუდმივად კონკურენცია გაუწიოს სხვა ბავშვებს, მოვთხოვთ მისთვის ზედმეტად სწრაფ ტემპში მოქმედებას, ამით მხოლოდ იმას მივაღწევთ, რომ ის გახდება უფრო ნერვიული, ჩაიკეტება საკუთარ თავში და დაიწყებს გარე სამყაროსგან დამალვას. მსგავსი ბავშვის მშობლის ძირითადი ამოცანაა, დაეხმაროს მას ადაპტაციაში და საზოგადოებასთან ურთიერთობას შეაჩვიოს, გამოავლინოს მასში მხოლოდ ის, რაც საუკეთესოდ გამოსდის. ფლეგმატიკი – მიდრეკილია სიჩუმისკენ, ოდნავ შენელებული მოქმედებებით ხასიათდება, მაგრამ საკმაოდ კარგად შეუძლია, ნებისმიერ სტრესულ სიტუაციასთან გამკლავება. ფლეგმატიკს, ისევე როგორც მელანქოლიკს, არ უყვარს სისწრაფე – გააზრებული, ჩაფიქრებული, არ ჩქარობს მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. შეიძლება, რამდენჯერმე გადაამოწმოს საკუთარი მოქმედების სისწორე. მაგალითად, მსგავსი ტიპის ბავშვი ნელა, მაგრამ ძალიან მოწესრიგებულად დაალაგებს თავის სათამაშოებს, ამისთვის მას დრო არ ენანება. მისი უმაღლესი ნერვული მოქმედება სუსტია, მაგრამ ამავე დროს მტკიცე ხასიათისაა. ისევე როგორც მელანქოლიკი, არც ის ისწრაფვის ლიდერობისკენ – არ სურს იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება. თუკი მშობლები აიძულებენ ფლეგმატიკ ბავშვს „იმღეროს სცენაზე”, მაშინ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ „ვიწრო წრეში”, სხვა შემთხვევაში, ის დისკომფორტს იგრძნობს. ფლეგმატიკი თავისი სიბეჯითის და შეუპოვრობის წყალობით, შეიძლება, სწავლული, მეცნიერი გახდეს. ძალიან დიდია მშობლების როლი იმაში, რომ ფლეგმატიკმა შეძლოს და თავისი ადგილი იპოვოს საზოგადოებაში, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება ცხოვრებაში. სანგვინიკი – ძლიერი, დაბადებიდან თავის თავში დარწმუნებული, ენერგიული ადამიანია. გამოირჩევა სიძლიერითა და სიმტკიცით. ამიტომ, სანგვინიკებს აქვთ ყველა შანსი იმისა, რომ იყვნენ ლიდერები და საზოგადოებაში პოპულარული ადამიანები. ამ ტიპის ბავშვები ადვილად ითვისებენ ინფორმაციას, სწრაფად პოულობენ გამოსავალს სტრესული სიტუაციიდან. ბავშვი-სანგვინიკი ცდილობს, იყოს საუკეთესო ყველაფერში. მისი აღზრდის დროს აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ პასუხისმგებლობის გრძნობას, რადგან ლიდერი პასუხს აგებს მათზე, ვისზე მბრძანებლობასაც იკისრებს. გაამახვილებინეთ ყურადღება მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე; უფრო ზუსტად, სანგვინიკებს უნდა ვასწავლოთ შეიგრძნონ ფლეგმატიკებისა და მელანქოლიკების მდგომარეობა, სწორედ ისინი იქნებიან მისი მფარველობის ქვეშ. სანგვინიკმა უნდა გაუგოს და პატივი სცეს მათ. ამ ტიპის ბავშვები, რომლებიც აღზარდეს ყურადღებიანმა მშობლებმა, არიან ლიდერები, პასუხისმგებელი და კეთილი ადამიანები. დაბოლოს, ქოლერიკები – ყოველთვის რაღაცით გატაცებული, სულსწრაფი და ნათელი ადამიანები არიან. უმაღლესი ნერვული ქმედება – ძალა და სიმტკიცეა. ბავშვი-ქოლერიკი, ისევე როგორც უფროსი ქოლერიკი, მიდრეკილია ხასიათის მკვეთრი ცვალებადობისკენ. ასეთ ბავშვს მიდრეკილება აქვს ფეთქებადი ხასიათისკენ, მაგრამ მალე მშვიდდებიან. როგორც წესი, ისინი ისწრაფვიან საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ. ესეთი ბავშვები ძნელად იტანენ კრიტიკას. თუ ქოლერიკი ლიდერი ხდება, ის ყველაზე ბედნიერია, მაგრამ მას არ ჰყოფნის მოთმინება, იყოს ყურადღებიანი. ბავშვ-ქოლერიკს მშობლებმა უნდა ასწავლონ ნეგატიურ ემოციებთან გამკლავება, არ უნდა დატოვონ ისინი უმეთვალყურეოდ. ასეთი ტიპის ბავშვები მომავალში აუცილებლად იქნებიან საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნებები.