კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს ჯემალ ტყეშელაშვილი გინესების წიგნში მოხვედრას და სად გეგმავს ის „გრელკის“ ცხვირით გაბერვას და 612-ტონიანი „ბოინგის“ გათრევას



ამბობენ, ადამიანმა რომ წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში, ჯერ მიზანი უნდა დაისახოს, შემდეგ იბრძოლოს ამ მიზნის მისაღწევადო. ჯემალ ტყეშელაშვილმა მიზანიც დაისახა, იბრძოლა კიდეც და, ისეთ წარმატებებსაც მიაღწია, რომელზეც ბევრი ჩვენგანი ოცნებასაც ვერ გაბედავდა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ 18 წლის ჯემალი ცხვირით ბერავს სათბურას, ასევე, ორ მანქანას შორის დგება, მათზე ჩაბმულ თოკს თვითონაც იბამს და ისე ექაჩება, რომ ძრავაჩართულ მანქანებს საშუალებას არ აძლევს, ადგილიდან დაიძრან. გარდა ამ ყველაფრისა, ჯემალი ჩემპიონიც გახდა ძიუდოში, მართალია, უკრაინის სახელით, მაგრამ, იმედია, უახლოეს მომავალში თავის ქვეყანასაც ასახელებს. ასე რომ, უცნაურმა, ძლიერმა და მიზანდასახულმა ჯემალმა გინესის რეკორდი საქართველოში მოხსნა და ახლა უცხოეთში აპირებს საკუთარი ძალების დემონსტრირებას.



ჯემალ ტყეშელაშვილი: ტელევიზორს ვუყურებდი, გადავრთე ერთ-ერთ უცხოურ არხზე და დავინახე, როგორ ბერავდა კაცი სათბურას პირით და როგორ მოხსნა რეკორდი 15 წამსა და 27 მეათედში. დამაინტერესა ამ ამბავმა. წავედი აფთიაქში, ვიყიდე ერთი სათბურა და წამოვიღე სახლში. ვცადე, გავბერე და გავხეთქე. ისევ წავედი, ისევ ვიყიდე, ისევ გავბერე და გავხეთქე. ასე ვივარჯიშე და, საბოლოოდ, იმ უცხოელის რეკორდი ოთხ წამში მოვხსენი. უნდა გენახათ აფთიაქის გამყიდველის სახე, ყოველდღე რამდენჯერმე რომ მივდიოდი და სათბურებს ვყიდულობდი (იცინის). გაოცებული მიყურებდა, ვერ ხვდებოდა, რად მინდოდა ან სად მიმქონდა ამდენი „გრელკა“. მერე ტელევიზორში მნახა და, რომ მივედი და ისევ მოვითხოვე სათბურა, გაეღიმა. ცხვირით გაბერვა და გახეთქვაა რთული, თორემ, ბევრი ვიცი მსოფლიოში, ვინც სათბურას პირით ბერავს. საერთოდ, სიძნელეები მიყვარს. რომ შევეჭიდები და გამომდის, მერე ვხვდები, თურმე იმაზე მეტი შემძლებია, ვიდრე მეგონა. ერთხელ კი, ვიფიქრე, სათბურას სამლიტრიან მინის ქილაში ჩავდებ, ისე გავბერავ ცხვირით და გავხეთქავ-მეთქი. ესეც გამომივიდა – ქილა ნაწილებად დავფშვენი. თავიდან 25 წამი დამჭირდა, მეორე ცდაზე 20 წამი, მერე 17 და ასე ნელ-ნელა, ბერვა-ბერვით და ქილის ხეთქვა-ხეთქვით ჩამოვედი საბოლოოდ 12-13 წამამდე. ეს სამლიტრიან ქილაზე, თორემ ორლიტრიან ქილას 7 წამში ვხეთქავ. ისე, დღეში უამრავი სათბურა მაქვს გახეთქილი, დაახლოებით ოცი-ოცდაათი. რა პრობლემაა, თქვენ მომიტანეთ და დახეთქვა ჩემზე იყოს. (იცინის).

– მსოფლიოში კიდევ ვინმე თუ ბერავს სათბურას ცხვირით?

– მე არავინ ვიცი ასეთი. მე პირველი ქართველი ვიქნები მსოფლიოში, ვინც გინესების წიგნში ცხვირით სათბურის გაბერვა-გახეთქვით შევალ. ეს რა არის, ისეთ საშიშ რაღაცეებს ვაკეთებ, ოჯახის წევრები და ახლობლები გადარეულები არიან.

– ამაზე მეტს რას აკეთებ, რომ მათ აოცებ?

– ისეთი ადამიანი ვარ, მიზანს რომ დავისახავ, მერე ვიბრძვი მის მისაღწევად და ამისთვის არც რისკზე ვამბობ უარს. ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარე: ორი მანქანა ჩააბეს „ბუქსირით“, მე შუაში ჩავდექი, ხელი მოვკიდე თოკს, მანქანები დაქოქეს, უკან დახიეს მთელი სიჩქარით და, წარმოიდგინეთ, ისეთი ძალით ვიჭერდი მათ, რომ კარგა ხანს „ვაბუქსავე“. (იცინის).

– ჯემალ, როგორც ვიცი უკრაინის სახელით გამოდიოდი ძიუდოში და წარმატებებსაც მიაღწიე. საქართველოს სახელით არ აპირებ ასპარეზობას?

– მართალია, მე უკრაინაში ვცხოვრობდი გარკვეული ხნის განმავლობაში და ამ ქვეყნის სახელით გამოვდიოდი შეჯიბრებებზე. 2008 წელს მსოფლიო თასის მფლობელი გავხდი. გარკვეული მიზეზების გამო არ გამოვდიოდი საქართველოს სახელით, მაგრამ ახლა აზრი შევიცვალე და ვნახოთ, რა მოხდება, მომავალი გვიჩვენებს. ოლიმპიური ჩემპიონი კი ნამდვილად საქართველოს სახელით მინდა გავხდე, ესეც ჩემი ერთ-ერთი დასახული მიზანია. ამისთვისაც აქტიურად ვემზადები. მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა მინდა ავწიო. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ძიუდოში ჩემი სათქმელი გარკვეულწილად ვთქვი და ახლა გინესის წიგნში მოხვედრისთვის ვემზადები. სათბურა კი არა, მანქანის საბურავის „კამერაც“ კი შემიძლია, პირით გავბერო. „კრაზის“ „კამერის“ გაბერვა-გახეთქვაც შემიძლია. „ჯიპის“ მანქანის „კამერა“ კი უკვე გაბერილი მაქვს. ასე რომ, თუ ჩემთან ერთად მგზავრობთ და საბურავის პრობლემა შეიქმნა, არ შეგეშინდეთ (იცინის). ახლა მინდა, მანქანის ოთხივე საბურავის ქვეშ დავდო სათბურები, გავუკეთო „კლაპანები“, რომ ჰაერი არ გამოვიდეს და პირით გავბერო ოთხივე. ერთხელ კი სათბურაზე დავსვი 120-კილოგრამიანი ადამიანი, პირით გავბერე სათბურა და გავხეთქე. ისე, ამის გაკეთება ცხვირითაც კი შემეძლო. გაოგნებულები მიყურებდნენ დამსწრეები. ერთხელ კი, დიდ მანქანას უკან ჩავაბი თოკი, დაქოქეს და ვერ დაძრეს, წინ ვერ გაწიეს, ისე მაგრად ვექაჩებოდი ჩემკენ. მაგრად „აბუქსავეს“ და ბოლოს ჩააქრეს ძრავა, მიხვდნენ, არაფერი გამოუვიდოდათ და ვერ გამაშვებინებდნენ ხელს.

– როდესაც შენი შესაძლებლობების შესახებ უცხო ადამიანებთან ყვები, დამტკიცებას არ გთხოვენ?

– როგორ არა. ერთ ნაცნობს უთქვამს, ტყუილია, ვერ გაბერავს ცხვირით „გრელკას“, ეტყობა, ბუშტი გახეთქა და „გრელკად“ მოგეჩვენათო. ეს რომ გავიგე, სიმართლე გითხრათ, არ მეწყინა. სულ იმაზე ვფიქრობდი, როდის ვნახავდი და დავუმტკიცებდი სიმართლეს. მერე მნახა, მეც მომენტი არ გავუშვი. იმის თვალწინ მოვიმარჯვე სათბურა, ჩავბერე ცხვირით და გავხეთქე. ვეღარაფერი მითხრა. მის თვალებში კი გაოცება ამოვიკითხე. მეგობრებს სათბურები მოაქვთ საჩუქრად, ჩემთან რომ მოდიან სტუმრად (იცინის).

– პირად საუბარში აღნიშნე, ამერიკაში მინდა ჩასვლა და იქ სანახაობის მოწყობაო. რას გულისხმობდი?

– მართალია, მინდა, ამერიკაში ჩავიდე და იქ „ბოინგი“ გავწიო. 612 ტონას იწონის ის „ბოინგი“ და ვაპირებ, საფრენ ბილიკზე გავწიო 15 მეტრამდე მანძილზე. ტანზე ჩავიცვამ ჟილეტს, მასზე იქნება მობმული ბაწარი, ის მიემაგრება ამ „ბოინგს“ და მე მას აუცილებლად დავძრავ ადგილიდან. ასეთი სანახაობა, დამიჯერეთ, ჯერ არავის უნახავს და მე ამას შევძლებ.

– კი მაგრამ, ამერიკაში რომ არ მოაწყო ასეთი სანახაობა, „ბოინგები“ საქართველოში დაილია?

– საქართველოში პატარა „ბოინგებია“, ამიტომ, მინდა, ამერიკაში ჩავიდე და იქ, საფრენ ბილიკზე, თვითმფრინავის გაწევით დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობა. საერთოდ, უკრაინაში, კერძოდ კი ოდესაში, 850-ტონიანი ცისტერნა მაქვს ადგილიდან დაძრული და 1 150-ტონიანსაც დავძრავ. ამ რეკორდისთვისაც ვემზადები. ჯერ არ გამიკეთებია ის, რისი შესაძლებლობაც მაქვს, ამას სამომავლოდ ვინახავ. აი, ამ თვითმფრინავის და ცისტერნების რეკორდს რომ დაინტერესება მოჰყვება, მაშინ გამოვაჩენ ჩემი ძალების მაქსიმუმს. ერთი სიტყვით, რეკორდსმენობისთვის ვემზადები, გინესის წიგნში შესასვლელად და ოლიმპიურ ჩემპიონობასაც ვგეგმავ სამომავლოდ.

– რეკორდის მოსახსნელად როდის გეგმავ უცხოეთში გამგზავრებას?

– ნოემბერში ვგეგმავ უცხოეთში გამგზავრებას, რეკორდის მოხსნას სათბურის ცხვირით დაბერვა-გახეთქვაში, ცისტერნებისა და ბოინგის გაწევაში. იქ უკვე საქმის კურსში არიან და მელოდებიან.

– ყველაფერ ამას, დამეთანხმები, გარკვეული ფინანსებიც სჭირდება. ამ მხრივ როგორ არის საქმე?

– გეთანხმებით, ყველაფერ ამას გარკვეული ფინანსები სჭირდება, აბა ისე, ფულის გარეშე, რა გამოდის საერთოდ? მე სპონსორიც მყავს, კერძოდ, ბიზნესმენი მამუკა წულაძე იღებს საკუთარ თავზე ჩემს დაფინანსებას. საერთოდ კი, მინდა გითხრათ, რომ არა ჩემი მწვრთნელი, გაიოზ ყაყიჩაშვილი, ვერც ჭიდაობაში მივაღწევდი წარმატებას და ვერც გინესის წიგნში მოხვედრაზე ვიოცნებებდი ოდესმე. ასე რომ, მისი დამსახურებაა ჩემი დღევანდელი წარმატებები და მინდა, ამისთვის მას მადლობა გადავუხადო.



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3