უზმოზე ყავის დალევა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს
ნედლი ყავის მარცვალი ცხიმებს, ცილებს, წყალს, მინერალურ მარილებსა და დაახლოებით ორი ათას სხვა ნივთიერებას შეიცავს. მოხალვის შემდეგ მარცვალი წყლის დიდ ნაწილს კარგავს, მისი შემადგენლობა კი, მოხალვის ხარისხისა და ხანგრძლივობის მიხედვით იცვლება. ყავის მარცვალი მზა სახით შეიცავს 12 პროცენტ ცხიმს, რომელიც ყავის ნალექში მთლიანად რჩება, 25 პროცენტ საქაროზას, ფრუქტოზასა და გალაქტოზას, 8 პროცენტ სხვადასხვა ორგანულ მჟავას. არომატს ყავას ეთეროვანი ზეთი აძლევს, ანუ მასში შემავალი ტერპენები, რომლებსაც ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული მოქმედებაც აქვთ. ქლოროგენის მჟავა ყავას მწკლარტე გემოს აძლევს, თუმცა მოხალვის დროს მჟავის დაახლოებით სამოცდაათი პროცენტი იკარგება. გარდა ამისა, მჟავა აზოტის ცვლას ასტიმულირებს და ცილის მოლეკულის წარმოქმნას უწყობს ხელს. რაც შეეხება ყავის მწარე გემოს, ეს დაკავშირებულია არა კოფეინთან, არამედ ტანინებთან. ამ რთული ორგანული ნივთიერების გასანეიტრალებლად ყავაში რძეს ან ნაღებს ამატებენ.
კოფეინი იწვევს აგზნებას, რომელიც ნელ-ნელა მატულობს და სამ საათს გრძელდება, ორგანიზმში არ გროვდება და ყავის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოიყოფა.
რაც მეტ ყავას სვამს ადამიანი, მით უფრო იშვიათად ფიქრობს თვითმკვლელობაზე – ეს გამოკვლევებმაც აჩვენა. როგორც ჩანს, კოფეინი ტვინის იმ ნაწილებს ასტიმულირებს, რომლებიც ოპტიმალურ განწყობას წარმოქმნის. კოფეინის ძალიან დიდი დოზით მიღება იწვევს ტოქსიკოზს, ადამიანისთვის საშიში დოზა კი მისი ასი გრამია, რაც დღეში ას ფინჯან ყავას უდრის.
ყავა ააქტიურებს გულის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს ფილტვების მუშაობაზე, აუმჯობესებს სისხლით მომარაგებას; შეიცავს ვიტამინ PP-სა და მინერალურ ნივთიერებებს; ასტიმულირებს თირკმელების მუშაობას, აჩერებს სისხლდენას, ზრდის ამტანობას, აფხიზლებს გონებას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციას, კურნავს გაციებას საწყის ეტაპზე.
ქალები, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იღებენ, ყავას უნდა მოერიდონ, რადგან კოფეინი სისხლში სამჯერ უფრო დიდხანს რჩება და გაღიზიანებასა და თავის ტკივილს იწვევს. კრიტიკულ დღეებში კი უმჯობესია, დღეში ერთი ფინჯანი ყავა დალიოთ. ვისაც უძილობა აწუხებს, მან ყავა საერთოდ უნდა ამოიღოს რაციონიდან.
ყავისა და ალკოჰოლის ერთად მიღება არ შეიძლება, რადგან ამ დროს სასმელი ძალიან მალე და ძლიერად მოგეკიდებათ.
უზმოზე ყავის მირთმევა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს, რასაც, შეიძლება, გასტრიტის, წყლულისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადების პროვოცირება მოჰყვეს.
ასევე, მოერიდეთ ყავის დალევის პარალელურად სიგარეტის მოწევას. რადგან, დადგინდა, რომ ქოლესტერინის დონე ორგანიზმში ყავისა და სიგარეტის ურთიერთმოქმედების შედეგად გაცილებით იმატებს.